Home რუბრიკები პოლიტიკა პატრონ-ყმობა დემოკრატიის ქურქში

პატრონ-ყმობა დემოკრატიის ქურქში

886

ერთი თვის წინ, როდესაც სტატია «ლიბერალიზმის დასასრული და უკანასკნელი ლიბერალი» შევთავაზე «საქართველო და მსოფლიოს» მკითხველს, ჩვენსავე საიტზე ამგვარი კომენტარი გაჩნდა: «ნანა დევდარიანი, არჩევნები რომ გააყალბა, ის არაა? უკვე კომუნისტი გამხდარა. ჯერ ეთნონაციონალისტი გახდა, მერე კომუნისტი, ბოლოს, ალბათ, ლიბერტარიანელობაზეც უარს არ იტყვის. ისე, ამ სტატიაში ინტერნეტის მიერ შექმნილ ახალ საზოგადოებაზე და მის აბსოლუტურ თავისუფლებაზე არც არაფერი წერია და რაღაც «გლობალიზმზე» წერს და ტრანსნაციონალურ კომპანიებზე, ვითომ აიფონზე უარს იტყვის».

არჩევნების გაყალბებაზე არ შევჩერდები; ამ თემით  აღარავინ ტყუვდება მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ 2003 წლის არჩევნებში არასრული 22 პროცენტი მიიღო, ხოლო მას შემდეგ ყველა არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებენ არჩევნების გაყალბების გამო აჯანყებული რევოლუციის რაინდები. აიფონს რაც შეეხება, რა კავშირშია იგი თანამედროვე ლიბერტარიანობის კრიტიკასთან, ამას ვერც თავად კომენტარის ავტორი ახსნის. ინტერნეტსა და «ახალ საზოგადოებაზე», გპირდებით, უთუოდ დავწერ, ახლა კი იმას მივხედოთ, კომუნისტობაა ცუდი თუ ლიბერტარიანელობა.

მართალია, ჩემს «გულშემატკივარს» ჰგონია, რომ ჯერ ეთნონაციონალისტი ვიყავი, ხოლო შემდეგკომუნისტი, მაგრამ ესეც ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, რომ გლობალიზაცია «რაღაც» მოგონილი რამ არის, ხოლო «ვარდების რევოლუციის» საბაბიარჩევნების მითიური გაყალბება. ეს კომენტარი უფრო იმ ეჭვს ბადებს, რომ მის ავტორს ლიბერტარიანობა აიფონის მიღების სანაცვლოდ უღიარებია. თუმცა ისევ კომუნისტებს მივუბრუნდეთ. მოტანილი კომენტარი ვრცელი სტატიის იმ მონაკვეთმა გამოიწვია, რომელშიც ვწერდი:

«ბედის ირონიით, გლობალიზაცია, რომელიც განვითარებული ქვეყნების, უფრო სწორად, მათი ფინანსური ელიტების იარაღად იყო ჩაფიქრებული, მათვე მოუტრიალდა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ ბაზრის გაფართოება, როგორც კაპიტალიზმის კრიზისის წამალი, აღარ არსებობს. ბაზარი უკვე გლობალურია და მეტად ვეღარ გაფართოვდება. სწორედ ამით აიხსნება მემარცხენე იდეოლოგიური ალტერნატივის მოთხოვნა ამერიკაში.

საქართველოში კი, როგორც არაერთხელ მომხდარა, ადგილობრივი ლიბერალდემოკრატები დეპოში მდგომი მატარებლის საფეხურზე არიან შემხტარნი, საბაზრო ფუნდამენტალიზმს ქადაგებენ და ჯერაც იმის გაყიდვით ირჩენენ თავს, რაც სოციალური სახელმწიფოს მიერ შეიქმნა. ისინი ხშირად იმეორებენ, რომ არ სჭირდებათ საბჭოთა გამოცდილება, მაგრამ მათ არც ლიბერალური დემოკრატიის გამოცდილება სჭირდებათ, რომელიც საკუთარი კრიზისიდან გამოსვლას მემარცხენე იდეოლოგიის მეშვეობით ლამობს. მათ მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნა აინტერესებთ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, _ უმცირესობამ საკუთარი ნება მოახვიოს უმრავლესობას.

მარქსის შემდეგ (მანამდეც) არავის შეუქმნია ისეთი სისტემური მოძღვრება, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მხარეს მოიცავდა. ლიბერალიზმი, რომელიც ჩვენში უმცირესობათა დაცვის ცალმხრივ მოძღვრებას დაამსგავსეს, მუდმივი კორექციის პირობებში ინარჩუნებდა თავს. სოციალური სახელმწიფოს განადგურებამ მას ახალი ბაზარი გაუხსნა, მაგრამ ამოსუნთქვა დროებითი აღმოჩნდა.

ფუკუიამამ მხოლოდ გაახმოვანა ის საფრთხეები, რომლებიც ლიბერალური დასავლეთის წინაშე, კარგა ხანია, დგას. ახლა შეადარეთ ერთმანეთს საქართველოს მდგომარეობა თუნდაც 20 წლის წინანდელი და ის ადგილი, რომელზეც იგი დღეს აღმოჩნდა, შემდეგ კი საკუთარ თავს ჰკითხეთ: ღირდა ყველა სოციალური სიკეთის დაკარგვა და სრული გაღატაკება იმის ფასად, რომ ხელისუფლებაში დემოკრატიის სახელით მოსული ნეობოლშევიკები გვყოლოდა? ღირდა დამოუკიდებლობის პირობებში საკუთარი სუვერენიტეტის ოკეანის გაღმა გადაბარება? ღირდა საბჭოთა კავშირში აღიარებულ საზღვრებში მყოფი ორი ავტონომიის დაკარგვა?

ეს ყველაფერი ადამიანთა მხოლოდ იმ მცირე ჯგუფს უღირდა, რომელთაც თანამედროვე ლიბერალიზმის მამა _ ფრენსის ფუკუიამა უმრავლესობის კეთილდღეობის მოსპობისთვის და მდიდართა კიდევ უფრო გამდიდრებისთვის ედავება. ასეთები კი ოკეანის გაღმაც არიან და აქაც _ საქართველოში».

თუმცა ამას ვერ აუხსნი იმას, ვისთვისაც ოცნების ზღვარი და იდეოლოგიის განმსაზღვრელი აიფონია. სამაგიეროდ, ამის გაგება არ გაუჭირდებათ იმ ადამიანებს (ასეთები კი საქართველოში უმრავლესობას შეადგენენ), რომელთათვისაც აიფონი კი არა, ექიმი, წამალი, ბავშვების თუ მოხუცი მშობლების გამოკვება აიფონივით მიუწვდომელი ხილია. სახელმწიფო მათ დღენიადაგ ჩააგონებს, რომ არავითარი ვალდებულება არა აქვს მათ მიმართ, რადგან ვალდებულებები «კომუნისტობაა». საფრთხე და გამოწვევა _ ეს თანამედროვე ტერმინები არ მოიცავს შიმშილს, ჯანდაცვის მიუწვდომლობას, უმუშევრობას. საქართველოსთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა ავღანეთში დემოკრატიის დამყარებაა და არა კვაზიგანათლება, რომელსაც ჩვენს ბავშვებს სთავაზობენ.

ყველაზე მთავარ გამოწვევას _ უმუშევრობას აიფონების მფლობელები 11-დან 16 პროცენტამდე ანგარიშობენ, თან იმასაც ამატებენ, რომ სოფლად თურმე ეს ციფრი 3-4 პროცენტია. საკარმიდამო ნაკვეთის მფლობელი უკვე დასაქმებულად ითვლება. მერე რა, რომ მასზე მოწეული ბოსტნეულით თავს ვერ გაიტანს და საქონლის ყოლაც მხოლოდ სასაკლაოებისა და ხორცის მაღაზიების ქსელის პატრონ გუბერნატორს ამდიდრებს! მთავარია, რომ ჩვენ კომუნისტები არ გვეძახონ, დანარჩენი უმნიშვნელოა.

ვისაც ბედმა გაუღიმა და სამუშაო იშოვა, იმდენად დაუცველია, რომ მზად არის, პატრონის (პატრონ-ყმურია ეს ურთიერთობა _ სხვას ვერ დაარქმევ) ნებისმიერ სისულელეს თავი დაუკრას. საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებელს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე შეუძლია გაათავისუფლოს დასაქმებული როგორც კერძო სექტორში, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში.

დამსაქმებელს შეუძლია, ღამითაც ამუშაოს ადამიანი და გადაბმულ ცვლებშიც, დამატებითი ანაზღაურების გარეშე. გაბედავ პროტესტის გამოხატვას? შრომის კოდექსის 51- მუხლის მე-4 პუნქტი გიპასუხებს: «უკანონოდ ჩაითვლება იმ დასაქმებულთა გაფიცვა, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ ინფრომირებულნი იყვნენ დავის წარმოშობამდე».

 ერთი სიტყვით, გაფიცვის უფლებაც აღარ არსებობს.

ჩვენში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ადამიანებს პროტესტის უნარი დაუჩლუნგდათ, მაგრამ რა მდგომარეობაში აგდებენ იმ ადამიანებს, რომლებიც არამცთუ პოლიტიკური, საკუთარი სოციალური პირობების გამო იღებენ ხმას, ამაზე ჩვენი პოლიტიკოსები ან არ ლაპარაკობენ, ან, თუ ამბობენ, მორცხვად დუმან შრომის კოდექსის მონათმფლობელურ შინაარსზე. რა ქნან, არ უნდათ, კომუნისტები უძახონ!

შრომის ინსპექცია საქართველოში ხუთი წლის წინ გაუქმდა. ესეც «კომუნისტური» დანამატია, რადგან «სამეწარმეო საქმიანობის შემაფერხებელი მექანიზმია»! ამასობაში საქართველოში სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობამ 5-6-ჯერ გადააჭარბა ევროპის მაჩვენებლებს. თუ 2009 წელს სამუშაო ადგილზე 37 ადამიანი დაიღუპა, 2010-ში ეს ციფრი 81-მდე გაიზარდა. დაღუპულთა ოჯახები კი ამაოდ ელიან სოციალურ პაკეტს. 10 ათასი ლარი, რომელიც, მაგალითად, დაღუპული მეშახტის ოჯახმა უნდა მიიღოს, სხვადასხვა საბაბით არ ეძლევათ, როგორც დაზღვევის შემთხვევაში, როცა კომპანია ყველა ხერხით არიდებს თავს პაციენტის ან დაზარალებულის დაფინანსებას.

ფილმ «იღბლიანში» მალკოლმ მაკდაუელის გმირს დაკითხვას უწყობენ. შეკითხვაზე _ მიაჩნია თუ არა, რომ ბავშვები ჩვენი ცხოვრების ყვავილებია, _ გმირი უყოყმანოდ დადებითად პასუხობს. გამომძიებლის დასკვნა ასეთია: «კომუნისტია»!

გჯერათ, რომ შრომა ისეთივე ფასეულია, როგორც კაპიტალი და მიწა? _ ესე იგი კომუნისტი ხართ!

გჯერათ, რომ სახელმწიფოს მომავალი თითოეული ადამიანის ბედნიერებას ეფუძნება? _ ესე იგი კომუნისტი ხართ!

გჯერათ, რომ ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობისა და შობადობის გაზრდაზე უნდა ზრუნავდეს? _ ესე იგი კომუნისტი ხართ!

გჯერათ, რომ შრომის მსურველმა ნებისმიერ ასაკში უნდა შეძლოს მუშაობა საკუთარი არჩევანით? რომ ადამიანები ჩვეულ გარემოში უნდა ხვდებოდნენ სიბერეს? რომ ქალებმა ხვალინდელი დღის შიშის გარეშე უნდა გააჩინონ შვილები? _ ესე იგი თქვენ კომუნისტი ხართ!

თქვენ გენატრებათ ის დრო, როცა დედა ბავშვს სამ წლამდე დეკრეტული შვებულების პირობებში უვლიდა? _ ესე იგი კომუნისტი ხართ! ივანიშვილიც კომუნისტია, მერე რა, რომ ოლიგარქია _ ერთერთ პირველ სატელევიზიო ინტერვიუში იგი ასაბუთებდა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვილისთვის სიცოცხლის პირველ წლებში დედასთან უშუალო კონტაქტს!

თქვენ ჯერ კიდევ გახსოვთ, რომ ვერავინ გაბედავდა თქვენს უმუშევრად დატოვებას? ისიც გახსოვთ, რომ უშვილობის გადასახადი არსებობდა? ისიც, რომ გარანტირებული ანაზღაურებული შვებულებისას სანატორიუმის საგზურებში მათი ღირებულების მეათედს იხდიდით?

კომუნისტი ხართ, კომუნისტი და კომუნისტზე უფრო კომუნისტი!

კაპიტალიზმის ფორმულა _ ადამიანი ადამიანისთვის მგელია, კინოფილმ «ლონდრეს» გმირმა, ვაჭარმა გეომ თავისებურად მოთარგმნა: «მგელი უნდა იყო, მგელი და მგელზე უფრო მგელი»! თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ გულის სიღრმეში იმედი, რომ ადამიანი ადამიანისთვის ძმა და მეგობარია? ხომ გითხარით, კომუნისტი ხართ, მაგრამ ვერ მიმხვდარხართ-მეთქი!

ძმობა და მეგობრობა შეიძლება მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორთან, ისიც _ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. კომუნისტები ავღანეთის ოკუპანტები იყვნენ, ლიბერალები _ მისი განმათავისუფლებელი და დემოკრატიზატორები.

ცხოვრება კონკურენციაა, თუ დამარცხდები, ეს მხოლოდ შენი ბრალია. მართლმადიდებლობა ჩამორჩენილობაა, რადგან კაცობრიობის ყველაზე დიდი «ლუზერის» _ მაცხოვარის სწამს.

წარმატებისთვის ყველაფერი ნებადართულია, მთავარია, მოიგო. ფული მართავს სამყაროს და წერს ისტორიას. ფული, ნედლეული, მიწა _ ეს ყველაფერი ერთ მუჭა ადამიანებს უნდა ეკუთვნოდეთ, ყველა დანარჩენი ბალასტია. გადარჩება ის, რომელიც მონად გამოდგება. ვინც ვერა _ უნდა ჩაირეცხოს.

პრობლემა შრომის კოდექსში როდია. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ვიღაცის ნაკარნახევ შეფასებებს ვუფრთხით. არ გვინდა კომუნისტები, ჩამორჩენილები, ჩასარეცხები და ჩარეცხილები გვეძახონ. გვსურს, შეგვაქონ მათ, ვისაც ჩვენი არსებობაც კი არ აინტერესებს. თუ ისინი შეგაქებენ, იცოდე, რომ საქმე კიდევ უფრო ცუდადაა, ვიდრე გეგონა.

რამდენიმე წლის წინ, როცა სარკოზიმ საპენსიო ასაკის 1 (!) წლით გაზრდა განიზრახა, მთელი საფრანგეთი ქუჩებში გამოვიდა. წითელი დროშების სიუხვით პარიზი საპირველმაისო წითელ მოედანს დაემსგავსა. ჩვენთან კი მაშინ იმით ამაყობდნენ, რომ რუსთაველზე ფოთოლი არ ჩამოვარდნილა.

როდესაც ეს სტრიქონები იწერებოდა, ნიკოლა სარკოზიმ არჩევნებში დამარცხება აღიარა. საფრანგეთმა სოციალისტ ფრანსუა ოლანდს მისცა ხმა. ფრანგებს არ ადარდებთ, რომ რომელიმე აიფონის მფლობელი მათ კომუნისტებს დაუძახებს. მათთვის მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ იცხოვრებენ თვითონ და მათი შვილები.

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here