Home რუბრიკები საზოგადოება 13 წლის შემდეგ…

13 წლის შემდეგ…

1099

სახალხო მოძრაობა «სამეგრელო» იმ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის საპირწონედ შეიქმნა, რომელსაც შევარდნაძის რეჟიმი მიზანმიმართულად ახორციელებდა ძირძველი ქართული კუთხის წინააღმდეგ. სწორედ შევარდნაძის რეჟიმის მიზანმიმართული მავნებლობის შედეგად მოექცა ერთ დროს ძლიერი აგრარული და სამრეწველო ინფრასტრუქტურის მქონე ამაყი კუთხე გეოეკონომიკურ ჩიხში. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ 2003 წელს სამეგრელოს მოსახლეობა, დაინახა რა შევარდნაძის რეჟიმის დამხობის რეალური შანსი, მხარში ამოუდგა ოპოზიციას «ოღონდ შევარდნაძე არა და სხვა, ვინც უნდა, იყოს» პრინციპით და ლომის წილი შეიტანა «ვარდების რევოლუციაში».

სამეგრელოს მოსახლეობა ფიქრობდა, რომ ის დრო, როდესაც ხელისუფლებას კუთხის მიმართ ერთადერთი ინტერესი _ ამომრჩეველთა ხმები ამოძრავებდა, წარსულს ჩაბარდებოდა.

სამეგრელოს მოსახლეობა ფიქრობდა, რომ ფარისევლური წინასაარჩევნო დაპირებების, არაფრისმომტანი დემოკრატიული ცვლილებების ეტაპი დასრულდებოდა.

სამეგრელოს მოსახლეობა ფიქრობდა, რომ დაიწყებოდა ქვეყნის, მათ შორის მათი მშობლიური კუთხის, ჩიხიდან გამოყვანისა და აღმშენებლობის ხანა. იმედოვნებდა, რომ ეყოლებოდა ხელისუფლება, რომლისთვისაც ხალხი იქნებოდა მიზანი და არა საშუალება. ამ იმედითა და ოცნებებით, როგორც ყოველთვის საუკუნეების მანძილზე, უკვე მერამდენედ გადაეშვნენ სამშობლოს გადარჩენისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში. გაუმართლდათ თუ არა იმედები, ეს სხვა თემაა და ამაზე საუბარი  სხვა დროისთვის გადავდოთ.

დიახ, 1999 წლის მარტიდან, როცა . ფოთში ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას ინიციატივით დაარსდა სახალხო მოძრაობა «სამეგრელო», 13 წელი გავიდა. ეს ერთი შეხედვით და რეალურადაც მშვიდი, წყნარი, რეგიონისთვის სასიკეთო აქტი პირველივე დღიდან მტრულ გარემოცვაში მოექცა.

მმართველმა ძალებმა მაშინვე შეუტიეს «სამეგრელოს». ამ დაპირისპირებაში განსაკუთრებით აქტიურობდა «მოქკავშირი» და მისი ახალგაზრდული ფრთა. მოსალოდნელი იყო, რომ ასეთი სახელწოდების მქონე, თუნდაც არაპოლიტიკური საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნა შეაშფოთებდა ქართული საზოგადოების ნაწილს, მაგრამ იმ ისტერიამ, შეთითხნილი ბრალდებების ნიაღვარმა ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა. სახალხო მოძრაობის ლიდერს დააბრალეს «სეპარატიზმი», ქვეყნის გახლეჩის სურვილი, ქართველი ერის, როგორც ერთიანი ორგანიზმის, უარყოფა და ბევრი სხვა სისულელე, თუმცა უკვე იყო დაფუძნებული საზოგადოებები «რაჭა», «ლემი», «თბილისელი», რომლებიც გარკვეული წარმატებითაც კი ფუნქციონირებდნენ სეპარატიზმთან ყოველგვარი ასოციაციის გარეშე.

ბრალდებები მოდიოდა იმ ძალებიდან, იმ პიროვნებებიდან, იმ ხელისუფლების  წარმომადგენლებიდან, იმ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის თავკაცებიდან, რომლებიც თავიანთი საქმიანობით თითქმის ათი წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ანგრევდნენ ჩვენს სამშობლოს, შლიდნენ ქვეყანას, ყიდდნენ ისტორიულ ტერიტორიებს. ხელისუფლების დავალებით, მათთან დაახლოებულმა მეგრელებმა ჩამოაყალიბეს სხვადასხვა სახის ორგანიზაციები სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» საპირისპიროდ. თანდათანობით აშკარად გამოიკვეთა «მოქალაქეთა კავშირისა» და მისი ამფსონების უაღრესად რეაქციული დამოკიდებულება «სამეგრელოს» შექმნისა და მისი ორგანიზატორებისადმი.

ალექსანდრე ჭაჭიას დაუწვეს მანქანა და აეროპორტში კინაღამ დააპატიმრეს. არსებობს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, მოქკავშირელი რეჟისორი ელდარ შენგელაია ხმის ჩახლეჩამდე როგორ ყვიროდა აეროპორტში, რომ დაეკავებიათ ბატონი ალექსანდრე. ძირითადი ბრალდება იყო სეპარატიზმი და ნაციონალიზმი, რაც თითქოს გამოსჭვიოდა «სამეგრელოს» დამფუძნებელთა გამოსვლებში. აბსურდული ბრალდებები იფრქვეოდა გაზეთებიდან, რადიოდან, ტელევიზიიდან, აბრალებდნენ რუსეთის აგენტობას და ამას აკეთებდნენ «მოქკავშირის» ის აქტივისტები, რომლებიც თავად ფინანსდებოდნენ და იმართებოდნენ რუსეთის აგრესიული წრეების მიერ. ალბათ, ბევრს დღესაც ახსოვს ზურაბ ჟვანიას მიერ ჩამოტანილი მილიონები არჩევნებისთვის (რკინიგზის მინისტრისგან).

ძნელი იყო ასეთ პირობებში საზოგადოება «სამეგრელოს» გაძლიერებაზე ფიქრი, მაგრამ ალექსანდრე ჭაჭიას ძალისხმევამ, მისი გუნდის მონდომებამ და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მხარდაჭერამ განაპირობა «სამეგრელოს» შემდგომი არსებობა და საქმიანობა დღემდე და ასე იქნება მომავალშიც.

 ხელისუფლების მიერ ჩვენ წინააღმდეგ მაშინ შექმნილი ორგანიზაციების დასახელებებიც კი არ ახსოვს დღეს სამეგრელოს მოსახლეობას.

1999 წელსვე დაარსდა სახალხო მოძრაობის გაზეთი «ილორი», რომლის უცვლელი რედაქტორია ბატონი როლანდ ჯალაღანია და რომელიც გამოდის  სამშაბათობით.

2001 წლის 12 ოქტომბერს ქ. ზუგდიდში გაიმართა სახალხო მოძრაობის მეორე ყრილობა. ყრილობამ დაამტკიცა მოძრაობის ხელმძღვანელობის სტრატეგიისა და ტაქტიკის აბსოლუტური სისწორე _ დადასტურდა, რომ «სამეგრელო» არის რეალური ძალა, რომელიც უყვარს სამეგრელოს მოსახლეობას, და მას ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის თითქმის ყველა მიმდინარეობა სცემს პატივს.

ყრილობაზე ძირითადი მოხსენებით გამოვიდა «სამეგრელოს» დაფუძნების ინიციატორი, პოლიტოლოგი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე ჭაჭია. მოხსენებაში თავიდანვე სათანადო ყურადღება დაეთმო პასუხს კითხვაზე, თუ რა სახის მოძრაობა, რა სახის ძალა არის «სამეგრელო». მოხსენებაში ორატორმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ არ ვქმნიდით მორიგ პარტიას, არამედ ჩვენ ვქმნიდით საზოგადოებრივ ძალას, რომლის მიზანია ჩვენი სამშობლოს სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარება, სამეგრელოს საზოგადოების რეალურ ძალად გადაქცევა. მოძრაობის როლისა და ფუნქციების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საკითხი, თუ ვინ უნდა იყოს მისი წევრი.

«…მე მიმაჩნია, რომ ჩვენი კარი უნდა იყოს ღია ნებისმიერი  პიროვნებისთვის, რომელსაც სამეგრელოს განვითარება, მისი ჩიხიდან გამოყვანა სურს, რომლისთვისაც მეგრული კულტურა, ენა, ტრადიციები, თვითმყოფადობა, სპეციფიკა ძვირფას და სანუკვარ განძს წარმოადგენს და ყველაფერ ამას ზოგადქართული მნიშვნელობის ფასეულობად მიიჩნევს. ჩვენთვის არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა იმას, თუ რომელი პარტიის წევრია ესა თუ ის პიროვნება, რა პარტიული თუ იდეოლოგიური დოქტრინის მატარებელია იგი. სამშობლოს სიყვარულში წარსულისა და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ. თუ ჩვენ ამ პრინციპს დავიცავთ, მაშინ შესაბამისად დაცული იქნება ერის არსებობისა და განვითარების მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპიც _ მემკვიდრეობითობა

ახლანდელ პერიოდშიც, როდესაც ქართველებისთვის ყველაზე ამაზრზენი, მიუღებელი, ანტიქართული ხელისუფლება გვყავს, უნდა გვახსოვდეს, რომ იმავე «მოქალაქეთა კავშირში» გაერთიანებულია ბევრი ნორმალური, წესიერი, შეიძლება მიამიტი, შეიძლება რაღაცით დაინტერესებული პიროვნება, მაგრამ ისიც ჩვენი ერის ნაწილია. მათი უარყოფა დაუშვებელია. ვიმეორებ, რა პოლიტიკური მრწამსი, რა მსოფლმხედველობითი პრინციპის მქონეც არ უნდა იყოს ესა თუ ის პიროვნება, თუ იგი პატრიოტია, თუ მას სამშობლო უყვარს, თუ მას ერის ნათელი მომავალი სურს, მაშინ იგი ჩვენი თანამოაზრე, პარტნიორი, ჩვენი თანამებრძოლია».

ძნელია, დაასაბუთო, საქართველოს ისტორიამ დაავალა თუ თავად სამეგრელომ გამოკვეთა თავისი ადგილი და როლი ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ნათლად ჩანს, რომ «საქართველოს  მთელი ისტორიის მანძილზე სამეგრელოს მხოლოდ და მხოლოდ გამაერთიანებელი ფუნქცია ეკისრა. მეტიც, ისტორიაში ჩახედულმა ადამიანმა იცის, რომ საქართველოს დაქუცმაცების პერიოდში (არადა, ეს პერიოდი თითქმის მთელ ისტორიას მოიცავს, 200-250 წლის გამოკლებით) არსებობდა კახეთის, ქართლის, იმერეთის სამეფოები, მაგრამ, სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიუხედავად, დადიანებს არასოდეს უცდიათ სამეგრელოს სამეფოდ გამოცხადება, იმდენად ძლიერი იყო ყოველთვის მეგრულ საზოგადოებაში ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობისკენ ლტოლვა.

 დამისახელოს ვინმემ ისეთი პიროვნება, რომელსაც ქართველთა სულიერი განვითარებისათვის უფრო მეტი გაუკეთებია, ვიდრე გიორგი ჭყონდიდელს. დამისახელოს ვინმემ ისეთი პიროვნება, რომელსაც საქართველოს, მათ შორის, თბილისის, აფხაზეთის გაქართველებისთვის მეტი გაუკეთებია, ვიდრე ლავრენტი ბერიამ გააკეთა. დამისახელოს ვინმემ პიროვნება, რომელსაც ქართველთა სულიერი გაერთიანებისთვის, ქართული ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებისთვის, ქართულის სულის ამაღლებისთვის უფრო მეტი გაუკეთებია, ვიდრე ეს ზვიად გამსახურდიამ გააკეთა. ნუთუ არ რცხვენია ვიღაც პოეტსა თუ მსახიობს ამის შემდეგ სამეგრელოსთვის სეპარატიზმის დაბრალება?..»

ქართულ სახელმწიფოში პირველად ქ. ზუგდიდში 2001 წლის 12 ოქტომბერს, სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ყრილობაზე, ბატონმა ალექსანდრე ჭაჭიამ განაცხადა, რომ დედაქართულთან ერთად სახელმწიფოებრივი ზრუნვა, მოვლა, გაფრთხილება სჭირდება ქართული კულტურისა და სულიერების ორ ისეთ უმშვენიერეს და უბრწყინვალეს ძეგლს, როგორებიც მეგრული და სვანური ენებია. ზრუნვასა და მოვლა-პატრონობას ვინ ჩივის, ლამის სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასთან გააიგივეს ჭკვიანი მტრისგან შემოგდებული დემაგოგია, რომლის მიხედვითაც სამეგრელოს კუთხის შვილების ნებისმიერი გააქტიურება, გნებავთ, მეგრული ენისადმი ხაზგასმული პატივისცემის გამოხატვა, მყისვე სეპარატიზმად ინათლებოდა, რითაც მოხერხებულად ხდებოდა სამეგრელოს რეგიონში ოდითგანვე ჭარბად არსებული საერთო სახელმწიფოებრივი ენერგიის ჩახშობა და დათრგუნვა. ამ დემაგოგიური კომპლექსის დამნერგავებს, ანტიეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკოსებს, ფსევდოინტელიგენტებსა და ცრუ მეცნიერებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სამეგრელო ქართული სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და აკვნის დამრწევია, მეგრელებისგან შორს დგას სეპარატიზმი.

«ისტორიის მამად» წოდებული ჰეროდოტე ძვ. წელთაღრიცხვის V საუკუნეში წერდა: «კოლხებს ოდესღაც დამწერლობა ჰქონდათო», რომელზეც აპოლონიოს როდოსელი IV საუკუნეში წერდა: «კოლხებს შენახული აქვთ მამათაგან ნაწერი კვირბები, რომლებზეც ირგვლივ მოგზაურთათვის ნაჩვენებია ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი». იოანე ანტიოქიელი, ძვ.წელთაღრიცხვით VII საუკუნეში წერდა: «იაზონმა და მისმა მხლებლებმა, პონტოს ზღვით კოლხეთს მიღწეულებმა, მოიპოვეს მედეა და ეგრეთ წოდებული ოქროს საწმისი. ეს ის კი არ იყო, როგორც პოეტურად გადმოგვცემენ, არამედ იყო წიგნი ტყავზე ნაწერი, რომელიც შეიცავდა იმის აღწერას, თუ როგორ შეიძლება მიიღოთ ოქრო ქიმიის საშუალებით».

«ჩვენ, ქართველებს, კიდევაც შეგვიძლია ვიამაყოთ სხვა ხალხთა პირისპირ, რომელთაც ასეთი შესხეულება ერისა და ტომისა იშვიათად მოეპოვებათ. საქართველოს სიძლიერე სწორედ მის ტომთა ცოცხალ თავისებურებაშია, მე იმის მომხრეც ვიქნებოდი, მწერლობა აყვავებულიყო მეგრულად, რასაკვირველია, არა «მაფალუს» ხაზით. არსებობს ხომ პროვანსალური მწერლობა გვერდით ფრანგულისა ენისა. მთლიან რკალში საფრანგეთისა. ქართული მწერლობა ამით არას დაჰკარგავს რა _ პირიქით: კიდევაც მოიგებს. მეგრულში მრავალი სიტყვაა ზედგამოჭრილი და მრავალი თქმა მოხდენილი. ეს, შესაძლოა, საზრდოდ იქცეს ქართულისათვის. სვანურზეც ესევე ითქმის».  (გრიგოლ რობაქიძე).

«…გეკითხებით თქვენ და ვეკითხებით ქართულ ინტელიგენციას, ფილოლოგებს, ისტორიკოსებს: რატომ უნდა დაიკარგოს ეს ზოგადქართული, ზოგადეროვნული სიმდიდრე? ვის ინტერესებშია ამ უმდიდრესი საუნჯის დაკარგვა? დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერის, ჩვენი ეროვნული კულტურის, ქართველთა მომავალი თაობის ინტერესებში ეს დანაშაულებრივი ქმედებანი არ შეიძლება შედიოდესამიხსენით, რატომ არ უნდა იყოს ეს სფერო საქართველოს ხელისუფლების, ქართული ინტელიგენციის ზრუნვის საგანი? კატალონიურ ენაზე წერენ მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლები _ ესპინასი, ტორესი, პორსელი, მაგრამ ისინი გამოჩენილ ესპანელ მწერლებად ითვლებიან. იმავე ესპანეთში არსებობს და წარმატებით ვითარდება გალისიური ლიტერატურა _ ვარელა, კასარესი, მაგრამ ეს ესპანური კულტურის განუყოფელი ნაწილია. რატომ არ შეიძლება მეგრულ ენაზე შექმნილი ლექსი თუ რომანი იყოს ქართული ლიტერატურის ღირსეული ნაწილი?

ჩვენი მოძრაობის ერთერთ ამოცანად მიმაჩნია მეგრული ენობრივი კულტურის შენარჩუნება და განვითარება, მათ შორის, შესაბამისი ბეჭდვითი პროდუქციის გამოშვება. სწორედ ეს მიდგომა უნდა იყოს მისაღები იმ ხალხისთვის, იმ ცენტრალური ხელისუფლებისთვის, იმ ცალკეული პირებისთვის, ვისაც ნამდვილად სურს ქართველი ერის, როგორც ისტორიულკულტურული ერთობის, შენარჩუნება, მრავალსაუკუნოვანი ქართული ეროვნული კულტურის განვითარება და ქვეყნის ტერიტორიული და სულიერი მთლიანობის აღდგენა. ყველამ უნდა გაიგოს, რომ სამეგრელოს, მეგრელების, მეგრული ენის, კულტურის, ტრადიციული თვითმყოფადობის, სპეციფიკური თავისებურებების დაცინვა, აუგად ხსენება, შეურაცხყოფა, ქართველობის მტრობას ნიშნავს, ქვეყნის დაშლას, ერთიანი ქართული ეროვნული სხეულის დანაწევრებას ნიშნავს. ეს «მოღვაწეები» _ ერის მტრებად უნდა გამოცხადდნენ». (ალექსანდრე ჭაჭია).

ბატონი ალექსანდრე ჭაჭია «სამეგრელოს» II ყრილობაზე შეეხო კიდევ ერთ მთავარ თემას, რომელიც ძალზე აქტუალურია და გარკვეულ ახსნას მოითხოვდა, ეს იყო აფხაზეთის თემა:

«თქვენ იცით, რომ მე აფხაზეთის მკვიდრი ვარ. მართალია, იქ აღარაფერი დამრჩა, ყველაფერი გადაწვეს და გადაბუგეს, მაგრამ მამაჩემისა და ბაბუაჩემის საფლავები იქ არის, ისევე, როგორც ჩემი ნათესავების დიდი ნაწილისა. და იმ წმინდა მიწის დაბრუნება ჩემი არა მხოლოდ ოცნებაა, არამედ მტკიცე გადაწყვეტილება. როცა ეს მოხდება, მე ჩავთვლი, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი მიღწეულია. მეტიც, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩემი ჩართვა სწორედ ამ მიზნითაა განპირობებული.

მე არ შემიძლია იმ კაცის კეთილი ზრახვების დავიჯერო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აფხაზეთი დაკარგულიყო, რომელმაც ყველა პირობა შექმნა, რომ ჩემი ხალხი გაუბედურებულიყო, რომელმაც არა მარტო აფხაზეთში მცხოვრები ქართველები გაყიდა, არამედ თვით სამეგრელო არაერთხელ, არა ორჯერ, არამედ ხუთჯერ ზედიზედ გადაბუგა, დაამცირა და შეურაცხყო, რომელსაც ტელეფონით ურეკავდნენ და სამეგრელოს მშიერი მოსახლეობისთვის ფქვილის გამოყოფას სთხოვდნენ, პასუხად ესმოდათ: დაიხოცონ შიმშილითო! ამ კაცს აფხაზეთის დაბრუნება და სამეგრელოს აყვავება შეიძლება უნდოდეს? მე არ შემიძლია, აგრეთვე, იმ ჩეჩენის კეთილი ზრახვების დავიჯერო, რომელიც აფხაზეთში ჩემს ძმებს თავებს კვეთდა, სისხლით ჭიქას ავსებდა და ჩემი თანამოძმის სისხლს სვამდა, ხოლო დღეს აფხაზეთის დამბრუნებლად და მხსნელად გვევლინება.

კარგად მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული კიდევ ერთი, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობა ჰქვია.

ალბათ, ბევრჯერ გსმენიათ, რომ მე რუსული ორიენტაცია მახასიათებს, რომ კრემლის აგენტი ვარ და ა. შ. აქ ჩვენ საერთოდ საოცარ პარადოქსთან გვაქვს საქმე. როგორც კი ვიწყებ ლაპარაკს ქართველი ერის შენარჩუნებაზე, საქართველოს რეალურ ეკონომიკურ განვითარებაზე, მაშინვე «კრემლის აგენტობას» მაბრალებენ. მაბრალებენ ისინი, ვინც წლების განმავლობაში მიზანმიმართულად, დაუმალავად სპობენ ქართველობას, ღიად უპირისპირდებიან ქართულ მართლმადიდებლობას თუ ქართულ ეროვნულ თვითშეგნებას, უარყოფენ ქართულ ეროვნებას, ანადგურებენ ქართულ კულტურას და ცვლიან მას ამერიკული კულტურის სუროგატით.

რაც შეეხება ჩემს «პრორუსულობას», მითქვამს და დღესაც ვიმეორებ, რომ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტერს შეუძლია ისურვოს რუსეთთან ჩვენი მტრული ურთიერთობა. მხოლოდ და მხოლოდ იდიოტს შეუძლია იმ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება, რომლის ბაზარს მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, სადაც ჩვენი ერის ერთი მესამედი ნაწილი იძულებითაა გადასახლებული, იქ მუშაობს და იქ ნაშოვნი ფულით კიდევ ერთ მესამედს სამშობლოში ინახავს.

რა არის ჩვენი ხელისუფლების რუსეთთან მიმართებაში პოლიტიკის არსი? ლანძღვა და გინება, შეურიგებლობა, ხოლო კრიტიკულ მომენტში აბსოლუტურად ყველაფრის დათმობა და ქვეყნის ჩაგდება კიდევ უფრო დიდ გასაჭირში. შეიძლება ეს პოლიტიკად ჩაითვალოს? დამისახელეთ ერთი ფაქტი მაინც, როდესაც შევარდნაძემ და მისმა გაუნათლებელმა მოლაყბე გუნდმა რამეში რუსეთს მოუგო ან მცირე ზარალი მაინც მიაყენა, მიუხედავად იმ სისტემატიური მუქარისა, ლანძღვა-გინებისა, სასაცილო და სამარცხვინო ულტიმატუმებისა, რომლებიც მუდმივად ისმის მათი მხრიდან.

ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს არა ვიწრო პარტიულმა ინტერესებმა, არა პარტიულმა მსოფლმხედველობამ, არა რომელიღაც უცხო იდეოლოგიურმა დოქტრინამ, არამედ ქართულმა ეროვნულსახელმწიფოებრივმა პოზიციამ, რომელიც ორი სიტყვით გამოიხატება _ «სამშობლოს გადარჩენა». ყველაზე ავტორიტეტული, ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა სამეგრელოში სწორედ სახალხო მოძრაობა «სამეგრელო» უნდა იყოს. ეს ისეთი ძალა უნდა იყოს, რომელიც მთელ მოსახლეობას გააერთიანებს, მთელი სამეგრელოს ინტერესების გამომხატველი იქნება.

 ეს უნდა იყოს ისეთი ძალა, რომელიც თვითონ, დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ პარტიას უნდა დაუჭიროს მხარი საპარლამენტო არჩევნების დროს, ანუ ეს უნდა იყოს ძალა, რომლის გადაწყვეტილება მთელი სამეგრელოს მხარდაჭერას ნიშნავს და იმ პარტიამ, იმ საარჩევნო ბლოკმა, პრეზიდენტობის იმ კანდიდატმა, რომელსაც სამეგრელოს მოსახლეობის სრული მხარდაჭერა დასჭირდება, სწორედ ამ სახალხო მოძრაობასთან უნდა დაამყაროს ურთიერთობა და სწორედ მას უნდა მისცეს შესაბამისი გარანტიები, იქნება ეს საარჩევნო სიაში ადგილების რაოდენობა თუ სამეგრელოში კონკრეტული ეკონომიკური პროექტების რეალიზება. ყველა სხვა შემთხვევაში, სამეგრელოს ხმებით ისარგებლებენ და შემდეგ არჩევნებამდე ისევ დაივიწყებენ ჩვენს გასაჭირს, რაც უკვე არაერთხელ მომხდარა…»

თუ შევეცდებით, შევაჯამოთ სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» მიერ განვლილი გზა დაფუძნებიდან (1999 წლის მარტი) მეორე ყრილობამდე (2001 წლის ოქტომბერი), რომელიც მოიცავს 2 წელსა და 7 თვეს და თვით მეორე ყრილობის შედეგებს, გაწეულმა მუშაობამ თვალნათლივ დაადასტურა მისი დაფუძნების ისტორიული აუცილებლობა, მისი როლის თანდათანობითი გაფართოება და ზრდა, მისი ავტორიტეტის უწყვეტი ამაღლება. მოძრაობის მეორე ყრილობაზე ყოველივე აღნიშნულს მიეცა თეორიული გამართლება, თეორიული დასაბუთება და ნათელი გახდა, რომ დროის შემდეგი სვლა მხოლოდ დაასაბუთებდა ყოველივე ამას და ამავე დროს «სამეგრელო» ახალ-ახალ ნაბიჯებს გადადგამდა ქვეყნის საკეთილდღეოდ.

მეორე ყრილობამ სათავე დაუდო სამეგრელოს მოსახლეობის გამოფხიზლებას, მეტიც, ხალხმა განსაზღვრა, თუ ვინ მიიყვანა ქვეყანა დაღუპვის პირას და ვის ძალუძდა ჯერ კიდევ მისი გადარჩენა. ხალხმა საბოლოოდ გამოუცხადა ალექსანდრე ჭაჭიას და მის გუნდს ნდობა. ძირითად ხაზად აირჩია ალექსანდრე ჭაჭიას მიერ შემუშავებული «საქართველოს ეროვნულსახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგიისა და ეროვნული იდეის» მიერ დასმული ამოცანები, ნაშრომისა, რომელიც ღრმა ეროვნული შინაარსისაა და ქვეყნის წინსვლის პროგრამას წარმოადგენს.

სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» მესამე ყრილობა გაიმართა 2003 წლის 18 ივლისს ნოქალაქევის (ქ. სენაკის რაიონი) ისტორიულ-არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე, რომელიც ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ ძვ.წ. III საუკუნის დასაწყისში ააგო (მაშინ ციხეგოჯი ერქვა). ყრილობის მუშაობა არ იყო მომწყვდეული თუნდაც ძალიან დიდი დარბაზის არტახებში. ის ჩატარდა ღია ცის ქვეშ, ისტორიული ნანგრევების გვერდით და სახალხო ზეიმის ვითარებაში, შესაშურ სიწყნარესა და სოლიდური მუშაობის ატმოსფეროში. თითქმის ათი წელი გავიდა მესამე ყრილობის შემდეგ და დღესაც ახსოვს სამეგრელოს მოსახლეობას ეს მასშტაბური ღონისძიება.

«ის ენთუზიაზმი, რომლითაც სამეგრელოს მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა ყრილობის მომზადებასა და ჩატარებაში, ის მზადყოფნა, რომელიც ხალხმა გამოხატა ჩვენი რეგიონის პრობლემების, მოსახლეობის გაერთიანების საკითხების გადასაჭრელად მოწმობს იმას, რომ ათწლიანმა სიდუხჭირემ, ომმა, უბედურებამ, შეურაცხყოფამ, ათასნაირმა ბრალდებამ ვერ მოსპო მეგრელ კაცში სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი, სამშობლოს სიყვარული, ქვეყნის მომავალზე ზრუნვა, ისტორიისა და წინაპართა წინაშე პასუხისმგებლობა»… (ალექსანდრე ჭაჭია).

«სამეგრელოს» მესამე ყრილობის შესახებ ბევრი დაიწერა. მისი შინაარსი დიდხანს იყო მსჯელობის, ანალიზის, დასკვნების ობიექტი. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, მას ხომ 8000 დელეგატი და 1000 მოწვეული სტუმარი ესწრებოდა. ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს იმ უფლებებით შექმნის შესახებ, რომელიც ყოველწლიურად მოიწვევს სახალხო კრებას და რომელიც მოაწესრიგებს ყოველდღიურ სოციალურ-ფსიქოლოგიურ პრობლემებს, დაგმობს ყოველგვარი სახის დანაშაულს. საბჭოსა და კრების გადაწყვეტილებები აუცილებელი უნდა იყოს რეგიონის თითოეული ადამიანისთვის. ამ გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობა უნდა იწვევდეს საზოგადოებრივი აზრის საჭირო რეაქციას. იმედია, რომ მსგავსი ნაბიჯები გაზრდის თითოეული ოჯახის, გვარის, ქალაქის პასუხისმგებლობას რეგიონის წინაშე.

შეიქმნა «კოლხურ-ლაზური კულტურის აღორძინების ასოციაცია», რომლის მიზნებისა და ამოცანების სწორად განზრახვა და რეალიზება სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს.

«ჩვენ განვაცხადეთ: ყველა მეგრელის ვალია სამეგრელოსა და მის მოსახლეობაზე ფიქრი და ზრუნვა, მისი გაჭირვების გაზიარება, მისთვის მხარდაჭერისა და დახმარების გაწევა. მეგრელს, რომელსაც სამეგრელოს ბედი არ აწუხებს, მას არც საქართველო უყვარს და არც ქართველობისა სწამს. ამ მოწოდებით ჩვენ იმ თანამემამულეებს მივმართავთ, რომელთაც საკუთარი წარმოშობა მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა დედაქალაქში თბილი სავარძლიდან ამოაგდებენ ან როდესაც დეპუტატის სტატუსი მოესურვებათ.

გასულ პერიოდში მოძრაობა «სამეგრელოს» საქმიანობა ძირითადად კულტურულსაგანმანათლებლო ფუნქციით შემოიფარგლებოდა. გამოცემულია რამდენიმე მეგრული ლექსიკონი, რამდენიმე წიგნი სამეგრელოს ისტორიასა და კულტურაზე. ჩატარებულია ცნობილი პოეტების, მწერლების, მეცნიერების ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენციები. პერიოდულად გამოდის ჟურნალი «აია», მოძრაობა «სამეგრელოს» გაზეთები «ილორი» და «ფარტაზის სამრეკლო». უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიმაჩნია მოძრაობა «სამეგრელოს» ინიციატივითა და სახსრებით . ზუგდიდში ერთიანი საქართველოს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას ძეგლის აღმართვა. ეს ძეგლი არ არის უბრალოდ ქანდაკება და არც უბრალოდ ხსოვნის სიმბოლო, ეს არის სიმბოლო ქართველი ერის სულიერი სიძლიერისა და მადლიერებისა, ქართული სულის უკვდავებისა, ეროვნული ღირსებისა, ეს არის სიმბოლო ქართველთა პატივისცემისა იმ პიროვნების მიმართ, რომელმაც შეძლო ქართული სულის აღორძინება და ამაღლება, რომელმაც სცადა, წაეყვანა ჩვენი ერი განვითარების იმ გზით, რომელიც ეფუძნებოდა ქართულ ზნეობრივ, მორალურ, ისტორიულ ღირებულებებს, ტრადიციულ თვითმყოფადობას, ეროვნულ შეგნებას და მისწრაფებებს.

ასრულებს თუ არა მოძრაობა «სამეგრელო» მასზე დაკისრებულ მოვალეობას? ჯერჯერობით ვერ ასრულებს, ვინაიდან დღემდე არ არის მიღწეული მოძრაობის ძირითადი მიზანი _ სამეგრელოს მოსახლეობის საერთო იდეის გარშემო გაერთიანება. სწორედ ამ ისტორიული მნიშვნელობის იდეა-მიზნის რეალიზაციას უნდა ჩაეყაროს საფუძველი დღევანდელ მესამე ყრილობაზე. მე ვთავაზობ ყრილობას, მოძრაობა «სამეგრელოს» ბაზაზე დავაწესოთ და რეგულარულად, წელიწადში ერთხელ მაინც, ჩავატაროთ სამეგრელოს სახალხო კრება. ასევე უნდა შეიქმნას სამეგრელოს უხუცესთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევა სამეგრელოს ამა თუ იმ რაიონისა და ქალაქის 10-10 ყველაზე ავტორიტეტული, გამოცდილი პიროვნება, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრებით დაამტკიცეს სამშობლოსადმი სიყვარული და თავდადება. ნუთუ სამეგრელოს არ უნდა ჰქონდეს კონსოლიდირებული აზრი აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით? ხომ ყველასათვის გასაგებია, რომ სწორედ სამეგრელომ უნდა შეასრულოს ამ კონფლიქტის მოგვარებაში გადამწყვეტი როლი! ჩვენი მონაწილეობის, ჩვენი კეთილი ნების, ჩვენი მზადყოფნის გარეშე, ვერც ერთი ძალა მსოფლიოში ვერ გადაწყვეტს აფხაზეთის კონფლიქტს.

სამეგრელოში ადრე რომ ყოფილიყო სახალხო კრების, უხუცესთა საბჭოს ან სხვა სახით საყოველთაოდ აღიარებული, ავტორიტეტული სტრუქტურები, მაშინ ვერ გაგვიბედავდნენ ჩვენი მხარის აგდებას, ჩვენი ხალხის დაცინვას და შეურაცხყოფას. ვერ გაგვიბედავდნენ პრივატიზაციის ისეთი ფორმით ჩატარებას, როგორითაც ფოთის გემშენებელი ქარხანა, სადაც 8 ათასი კაცი მუშაობდა, მთელი მისი მრავალმილიონიანი ღირებულების დანადგარებითა და მზა პროდუქციით, ერთი «ჯიპის» ფასად გაიყიდა. ვერ გაგვიბედავდნენ ფოთის პორტის, ფაქტობრივად, წართმევას, როდესაც დღეს ფოთის პორტის სიკეთით არა თუ სამეგრელო, მარტო ქალაქიც ვერ სარგებლობს.

დავუბრუნოთ ნოქალაქევს ის სიმბოლური მნიშვნელობა, რომლის ღირსიცაა ეს წმინდა ადგილი. ნოქალაქევი არის საქართველოს გაერთიანების, ქართველთა თავდადების სიმბოლო, რომელიც ნებისმიერ ქართველს შეახსენებს იმ ისტორიულ ვალს, რომელიც ქართველებს ეკისრება ჩვენი ერის მთელი არსებობის განმავლობაში და რომელმაც დღემდე მოიყვანა საქართველო. ეს ვალი არის სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და თავდადება საქართველოს შენარჩუნება-განვითარებისთვის, მისი მთლიანობისთვის, ქართველთა მომავლისთვის.

 ნოქალაქევი უნდა იყოს ადგილი, რომლიდანაც ჩვენ ერთად მივმართავთ ქართველ პოლიტიკოსებს, საქართველოს თავკაცებს, გაიხსენონ ქართველთა ის დიდებული წარსული, ის ისტორიული გამოცდილება, რომლითაც ამაყობს ყოველი ქართველი. სწორედ ნოქალაქევს აქვს უფლება, შეახსენოს ყველას ფარნავაზისა და ქუჯის უკვდავი მაგალითი. სწორედ აქედან უნდა გაისმას მკაცრი მოწოდება _ მიბაძეთ ამ ისტორიულ გმირებს, გიყვარდეთ საქართველო» (ალექსანდრე ჭაჭია, 2003 წლის 18 ივლისი, ნოქალაქევი).

«ვარდების რევოლუციის» ორ წლისთავზე 2005 წლის 29 ნოემბერს ჩატარდა სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» მეოთხე ყრილობა. მასზე განხილულ იქნა ხელისუფლების ორწლიანი მუშაობის შედეგები და დაისახა სამეგრელოს კულტურულ-ეკონომიკური განვითარების გზები. მიუხედავად იმისა, რომ ყრილობა კონსტრუქციული კრიტიკის გარემოში ჩატარდა, რიგ საკითხებს უკიდურესად მწვავე რეაქცია მოჰყვა როგორც მედიაში, ასევე სახელისუფლო წრეებში.

ყრილობაზე წაკითხულ იქნა ლაზური ენისა და კულტურის დაცვის საზოგადოება «ლაზებურას» მიმართვა ყრილობის დელეგატებისადმი, რომელსაც «ლაზებურას» თავმჯდომარე მუსტაფა ჯიბარიში აწერდა ხელს, ლიტერატორ თემურ ქორიძის მისალმება ყრილობისადმი, რომელიც ავადმყოფობის გამო ვერ ესწრებოდა ყრილობას. მოხსენებით გამოვიდა სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» თავმჯდომარე, ბატონი ალექსანდრე ჭაჭია. სიტყვით გამოვიდნენ: ენათმეცნიერი, მეგრული ენის მკვლევარი მამანტი ძაძამია, პოეტი ვახტანგ ხარჩილავა, ვეტერანი ხუტა ხუფენია, გაზეთ «ილორის» რედაქტორი როლანდ ჯალაღანია.

ყრილობამ მიიღო რეზოლუცია:

_ შემუშავდეს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანილ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის კანონპროექტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება საქართველოს რეგიონების კონსტიტუციური სტატუსი;

_ შეიქმნას სამეგრელოს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის აღორძინების პროგრამა, ამ გზით შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობის მითითებით;

_ შემუშავდეს და განხორციელდეს სამეგრელოს ტერიტორიაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის პროექტი, გაიმართოს მოლაპარაკება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში გალის რაიონის ჩართვის შესახებ;

_ ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური ჩიხიდან გამოსაყვანად სასწრაფოდ მომზადდეს კანონი ინვესტიციების შესახებ, სათანადოდ, საშეღავათო პირობების დაწესებით მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის აღდგენისკენ მიმართული როგორც უცხოური, ისე სამამულო კაპიტალისთვის;

_ განისაზღვროს მყარი პროცენტი ფოთის პორტის შემოსავლიდან საკუთრივ ფოთისა და სამეგრელოს საჭიროებისთვის წარსამართავად;

_ დაჩქარდეს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება და აღნიშნული საქმის დეტალების საზოგადოებისთვის გაცნობა, მომზადდეს ზვიად გამსახურდიას ძეგლის პროექტი საქართველოს დედაქალაქში აღსამართავად;

_ მომზადდეს და განათლების ეროვნულ პროგრამაში ჩაიდოს საშუალო სკოლებში მეგრული და სვანური ენების ერთსემესტრიანი გაცნობითი კურსი;

_ შესაბამისი საზოგადოებრივი შეფასება მიეცეს ედუარდ შევარდნაძის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, მათ შორის, სამეგრელოს მრავალგზის ეგზეკუციას;

_ გადაისინჯოს ახალი ხელისუფლების მიერ მიღებული საკანონმდებლო ნოვაციები, რომლებიც ტოტალიტარული რეჟიმისთვის არის დამახასიათებელი, ანტიდემოკრატიულია და საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს;

_ უმოკლეს ვადაში რეგიონების გუბერნატორების, ქალაქებისა და რაიონული ადმინისტრაციების პირველ პირთა პირდაპირი არჩევითობის უზრუნველყოფა;

_ შეწყდეს მართლმადიდებლური ეკლესიის როლის დაკნინების, ქართული ეროვნული ტრადიციების, თვითმყოფადობის, სპეციფიკური ადათ-წესების უგულებელყოფის, დაცინვის, დამცირების მავნე პრაქტიკა;

_ შემუშავდეს სათანადო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს სამეგრელოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რუსეთისა და სხვა ქვეყნების ბაზრებზე შეუფერხებლად გატანას.

* * *

29 ნოემბერს გამართული ყრილობის მიერ მიღებულ რეზოლუციას, მოძრაობის ლიდერის _ ალექსანდრე ჭაჭიას მოხსენებას, თანამომხსენებლების, ბატონების _ მამანტი ძაძამიასა და ვახტანგ ხარჩილავას გამოსვლას მოჰყვა პროფესორების: ანანია ჯაფარიძის, გონელი არახამიას, ნომადი ბართაიას, თეიმურაზ გვანცელაძის, რეზო შეროზიას, მერაბ ნაჭყებიას, მანანა ტაბიძის, ტარიელ ფუტკარაძის კოლექტიური წერილი პრეზიდენტისადმი, იყო სხვა გამოხმაურებებიც როგორც დადებითი, ისე კრიტიკული.

აქვე გთავაზობთ ამ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარს, რომელიც გააკეთა სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» თავმჯდომარემ, ბატონმა ალექსანდრე ჭაჭიამ:

«_ ყრილობის შედეგებით კმაყოფილი ვარ. განხილული საკითხები აქტუალურია არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ სრულიად საქართველოსთვის, თუმცა საზოგადოების ერთი ნაწილი ზოგიერთი ტელეარხის პროვოკაციის შედეგად საკმაოდ შეშფოთდა. საქმე ისაა, რომ ყრილობამ ქართულ სკოლებში მეგრული და სვანური ენების ერთსემესტრიანი გასაცნობი კურსის შემოტანა მოითხოვა, მეორე დღეს კი პრესაში გამოქვეყნდა მეცნიერთა ერთი ჯგუფის ხელისუფლებისადმი მიმართვა, რომელშიც ამ ენებს კუთხურ კილოკავებს უწოდებდა და მათ შესწავლას ქვეყნის დანგრევასთან აიგივებდა.

მე არა ვარ ფილოლოგი, მეგრულს ან სვანურს რაიმე კვალიფიკაცია რომ მივანიჭო, მაგრამ მინდა შეგახსენოთ აკაკი წერეთლის სიტყვები: «მეგრული დღეს სალაროა ნამდვილი ქართული სიტყვებისა. აღმოსავლეთ საქართველოს დაჰკარგვია ნამდვილი ქართული სიტყვები. მათ ნაცვლად სომხურ-თათრულ-სპარსული შემოუღია, რომელიც ქართველის ყურს ცუდად ეჩხირება და გულს სწყინს. მეგრულ ენაში კი შენახულან მარგალიტად ეს ძველი სიტყვები. ჩვენ ვურჩევთ ჩვენს მწერალ-მწიგნობრებს, მეტი ყურადღება მიაქციონ მეგრულს, რომ იქიდან ამოკრებილი სიტყვებით შეივსოს დღეს მათი შელახული ქართული ლექსიკონი».

ეს არის დიდი აკაკის რჩევა, რომელიც მეგრულს ენად და ქართული ენობრივი კულტურის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ასევე ჩანს, თუ ვის შეიძლება «ეწყინოს» და «ყურში ცუდად გაეჩხიროს» მეგრულ ენაზე ზრუნვა.

ჩემის აზრით, ნებისმიერი ქართველი უნდა ამაყობდეს იმით, რომ არსებობს უდიდესი ფენომენი _ ქართველური ენობრივი კულტურა, რომელიც მოიცავს თვით ქართულ, მეგრულ და სვანურ ენობრივ კულტურებს. საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა უმდიდრესი მეგრული და სვანური ფოლკლორი, იწერებოდა და დღესაც იწერება მშვენიერი ლექსები, პატრიოტი და მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები მეგრულს მეცნიერულად იკვლევენ, როგორც უმდიდრესი ლექსიკური მარაგის მქონე ენას.

მინდა ვკითხო დღევანდელ მეცნიერებს: რატომ უნდა დაიკარგოს ეს ზოგადქართული, ზოგადეროვნული სიმდიდრე? ვის ინტერესებში შედის ამ საუნჯის იგნორირება და აბუჩად აგდება? დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერის, ჩვენი ეროვნული კულტურის, ქართველთა მომავალი თაობის ინტერესებში ეს არ შეიძლება შედიოდეს.

რაც შეეხება სკოლებში მეგრული და სვანური ენების გასაცნობი კურსის შემოღებას, მითხარით, რა არის ცუდი იმაში, თუკი ქართველი ბავშვი ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან სამეგრელოს ან სვანეთის სოფლებში მოხვედრისას, ან ქუჩაში მეგრულს თუ სვანურს რომ მოჰკრავს ყურს, უცხო საუბრად არ აღიქვამს და იფიქრებს: ეს ჩემი ძირძველი ენაა, ეს ქართულია, მშობლიურია. შეუწყობს თუ არა ეს ხელს ქართველი ერის გამთლიანებას?

ბატონი გიორგი სიჭინავა მის მიერვე შედგენილ მეგრული ენის თვითმასწავლებელში წერს: «ჩემო პატარა მკითხველო, უნდა იცოდე, რომ მეგრული და სვანური ქართველური ენებია და ჩვენი საყვარელი სამშობლო საქართველო კოლხიბერთა ქვეყანაა. კოლხებს და იბერებს ერთი წინაპარი ჰყავდათ, დღესაც სხვადასხვა კუთხედ გატოტვილი, ისე, როგორც ხეთა შტოები, ერთი ფესვიდან იკვებებიან. ქართველი ერის აკვანი შორეულ აიაში დაირწა და დღესაც შორეული წარსულიდან ისმის საყვარელი მელოდია: «იავნანა, მარდუ ნანა, იავნანინა». თავდაპირველად იქნებ გეუცხოოთ მეგრული სიტყვები, მაგრამ უცხო არ არის, ის ძველისძველია, თქვენი სისხლით ნათესავების, თქვენი აიელი წინაპრების ხმებია».

ჩემის აზრით, სწორედ ეს მიდგომა უნდა იყოს მისაღები იმ ხალხისთვის, იმ ხელისუფლებისთვის, იმ ცალკეული პირებისთვის, რომელთაც ნამდვილად სურთ ქართველი ერის, როგორც ისტორიულ-კულტურული ერთიანობის შენარჩუნება, მრავალსაუკუნოვანი ქართული ეროვნული კულტურის განვითარება და ქვეყნის ტერიტორიული, სულიერი მთლიანობის აღდგენა. მე არ მიკვირს, როცა ასეთ მიდგომას გმობს პრეზიდენტის აპარატში მოკალათებული ვიღაც კარაპეტა, მაგრამ ქართველ მეცნიერთაგან იმავეს მოსმენა, მართლაც, გასაკვირია.

ჩემის აზრით, არა მარტო მეგრული და სვანური, არამედ აფხაზური ენის გასაცნობი კურსიც შემოსაღებია ქართულ სკოლებში, რადგანაც ეს ენა ხელისუფლებამ საქართველოს სახელმწიფო ენად აღიარა, სახელმწიფო ენას კი ყველა მოქალაქე უნდა იცნობდეს.

ზოგიერთი პროვოკატორის გარდა, ყველამ ჩინებულად იცის, ჩვენ ვითხოვთ მთელ საქართველოში მეგრული და სვანური ენების ერთსემესტრიანი გაცნობითი კურსის შემოღებას და არა სამეგრელოში მეგრულად სწავლებას. ყველა, ვინც ცდილობს, ასეთი კუთხით წარმოაჩინოს ჩვენი მოთხოვნა, ეწევა შეგნებულ პროვოკაციას შორსმიმავალი მიზნებით.

იმ პროფესორებს კი, რომლებიც მეგრულისა და სვანურის ლამის აკრძალვას მოითხოვენ, ასევე მინდა შევახსენო, რომ დამთავრდა კომუნისტური რეჟიმის პერიოდი, როდესაც შეიძლებოდა მეგრულ ენაზე დაწერილი ლექსის ავტორის დახვრეტა, გადასახლება ან თუნდაც პარტიულ ორგანოებში გამოძახება და მეგრულად ლექსის დაწერის აკრძალვა.

არ ვაპირებ პოლემიკას იმ მეცნიერებთან, რომლებმაც ხელისუფლების სახელზე სასწრაფოდ აფრინეს უსტარი და ლამის ჩემი დაჭერა მოითხოვეს, მით უფრო, რომ დღეს ქვეყნის წინაშე გაცილებით მძიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემები დგას. უბრალოდ, მინდა ვკითხო მათ:

როგორ აპირებთ, ვთქვათ, ბატონებს _ გიორგი სიჭინავას, ვახტანგ ხარჩილავას, რინოს კვარაცხელიას და სხვებს აუკრძალოთ მეგრული ლექსების წერა: პარტიულ ორგანოში დაიბარებთ, გადაასახლებთ თუ სულაც ჩეკას სამეულივით სასამართლოს გარეშე დახვრეტთ?

როგორ გინდათ, დაარწმუნოთ მეგრელები და სვანები, რომ ენა, რომელზეც ისინი საუბრობენ, არ არსებობს?

ვინ იქნება იმავე მეგრელებისთვის მისაღები _ ცნობილი ენათმეცნიერი, აფხაზების სიძე ჰიუიტი, რომელიც მეგრულს ერთერთ უმდიდრეს ენად მიიჩნევს და მთელს ევროპაში უწევს მას პოპულარიზაციას, თუ ის ქართველი მეცნიერები, რომლებიც ამ ენის არსებობას უარყოფენ და კნინობით, შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ?

ნუთუ გგონიათ, რომ რომელიმე ლაზში (ასეთი ორ მილიონამდეა და მათთან ნათესაური კავშირების აღდგენა თუნდაც იმიტომ შედის სახელმწიფოს ინტერესებში, რომ ისინი თურქეთში პოლიტიკურ ამინდს ქმნიან) სიმპათიას გამოიწვევთ, თუკი მათ ენას კუთხურ კილოკავს უწოდებთ? ხომ არ აჯობებს, ვუთხრათ მათ, რომ ლაზური ენა ქართული ენობრივი ოჯახის განუყოფელი ნაწილია?!

როგორ დაუსახელებთ იმ ევროსტრუქტურებს, რომლებშიც გაერთიანებას ასე ცდილობს ხელისუფლება, რომ მეგრული და სვანური ენები უნდა აიკრძალოს მაშინ, როდესაც ესპანეთში არსებობს კატალონიური ენა ბრწყინვალე ლიტერატურით (მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლები ესპინასი, ტორესი), არსებობს ხალისიური ენა და ლიტერატურა (კასარესი, ვალესა) და ყოველივე ეს ესპანური ლიტერატურის განუყოფელი ნაწილია. იგივე შეიძლება ითქვას ბრეტონულ და კორსიკულ ენებზე საფრანგეთში. ანალოგიური მდგომარეობაა იტალიაში, სადაც დიალექტებიც კი ისწავლება სკოლებში. ვის და როგორ აუხსნით, რომ ის, რაც ევროპულ ქვეყნებში ერის კონსოლიდაციას ემსახურება, საქართველოს დაშლით ემუქრება?

და ბოლოს, შევახსენებ ჩემს ოპონენტებს, რომ პოლიტიკოსთა და ვაიმეცნიერთა დაუღალავმა მტკიცებამ, თითქოს არც აფხაზური ენა არსებობს, არც აფხაზური ლიტერატურა და კულტურა, აფხაზეთის სახით ერთი მშობლიური კუთხე უკვე დამაკარგვინა!!!»

* * *

დროა ყველამ შეიგნოს, კიდევ ერთხელ გადახედოს საქართველოს ისტორიას, ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას ნაშრომებსა და წერილებს, ისინი ვერსად აღმოაჩენენ სეპარატიზმის კვალს როგორც მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე, ასევე იმ 13-წლიან პერიოდში, რაც დაფუძნებულია სახალხო მოძრაობა «სამეგრელო». მისი ლიდერის მუდმივი საფიქრალი და ტკივილი იყო ერთიანი საქართველო, ამიტომ ებრძოდა ის შევარდნაძეს, მის მოქალაქეთა კავშირს, ამიტომ აკრიტიკებდა და დღესაც მკაცრად აკრიტიკებს დღევანდელ ხელისუფლებას, ყოველთვის უთითებდა მათ იმ მცდარ გზაზე, საითაც მიყავდათ საქართველო. წაიკითხეთ, ბატონებო, ბატონ ალექსანდრეს ნაშრომი «საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგია და ეროვნული იდეა». წაიკითხეთ მისი ახალი შრომა, დიახ თამამად შეიძლება იმ ინტერვიუს, რომელიც ბატონმა ალექსანდრე ჭაჭიამ მისცა გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს», შრომა ეწოდოს. ყველგან ჩანს, რომ მას სტკივა სამშობლო, მას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე საქართველო საქართველოდ არ მიაჩნია, ამას ვინც ვერ ხედავს და ძალით იბრმავებს თვალს, «…ან ჭკვიანი მტერია, ან უგნური მოყვარე». ასეთი მტრებისა და მოყვრების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მეგრელებში სეპარატიზმის გრძნობა მაშინ არ დაბადებულა, როცა შევარდნაძე ებრძოდა მათ, დიახ ებრძოდა, სხვა რა შეიძლება ეწოდოს სამეგრელოს ხუთგზის დალაშქვრას. მან მშვენივრად იცოდა, ჯერ სამეგრელო უნდა გაენადგურებია, რადგან ისე ვერ გაყიდდა აფხაზეთს. მას კარგად ახსოვდა, ვოვა ვეკუას სიკვდილზე რა რეაქცია ჰქონდათ მეგრელებს. რაც უნდა ძნელი წასაკითხი იყოს, მაინც უნდა შევახსენო ზოგიერთებს, რა გადაიტანეს მეგრელებმა: «დიალოგი მეგრელებთან არ შეიძლება, რაზე უნდა ელაპარაკო მათ… უბრალოდ, უნდა ამოწყვიტო და იმ მიწაზე სხვები დაასახლო» (ჯაბა იოსელიანი). «მე მინდოდა, ყველა დამეხვრიტა, გამეწმინდა საქართველო» (ანზორ ბალუაშვილი). «ისინი უნდა აილაგმონ, უნდა დავიჭიროთ… მე თვითონ ავიღებ დანას, დავსერავ და მარილს ჩავაყრი ჭრილობაში». ამ გამონათქვამებში ხომ აშკარად ჩანს, რომ შევარდნაძე და მისი დამქაშები ებრძოდნენ არა კრიმინალებს ან თუნდაც მათთვის მიუღებელ პიროვნებებს, არა ისინი ებრძოდნენ მთელ რეგიონს, დიდსა და პატარას, ამიტომ, ვინც გადარჩა, მათ მოუშალეს  ბუდე და გაფანტეს მთელ საქართველოში. ასეთი ბოროტების ჩადენის, ასეთი სითამამის მიზეზი ისიც იყო, რომ ვერც ეკლესიამ, ვერც მწერალთა კავშირმა, ვერც მეცნიერებათა აკადემიამ და საერთოდ, მცირედი გამონაკლისის გარდა, მთელმა ინტელიგენციამ ვერ შეასრულა თავისი მისია ერის წინაშე, ვერ ჩადგა ძმებს შორის, პირიქით აქეთ-იქით გადანაწილდნენ და დაუწყეს ერთმანეთს ტყვიების სროლა ზოგმა ავტომატიდან, ზოგმაც ავტოკალმიდან. მაგონდება მამა ზენონის ერთი ინტერვიუ. ჟურნალისტის შეკითხვაზე; ეკლესია რატომ არ ჩადგა სამოქალაქო ომში გამშველებლის როლშიო, პასუხობს: «ჩვენ არ გვქონდა გარანტია, რომ არ გვესროდა ან ერთი, ან მეორე მხარეო». რა ჰქვია ამას? ინტელიგენციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, პროფესორ ნოდარ ლომოურს ეკუთვნის ეს სიტყვები: «ზვიად გამსახურდია ცოცხალი რომ იყოს, დღესაც ვესროდიო». მათთვის მთავარი იყო, შევარდნაძეს არ მოკარებოდა ცივი ნიავი, სამშობლოს კი ვინ დაგიდევდა. ასეთმა ხალხმა და მიდგომამ დაღუპა საქართველო, დაიკარგა ტერიტორიები.

რადგან სახალხო მოძრაობა «სამეგრელომ» თავისი არსებობის 13 წლის მანძილზე დაამტკიცა, რომ იგი არის ის რეალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალა, რომელსაც ენდობა და მხარს უჭერს არა მარტო სამეგრელოს მოსახლეობა; მოძრაობას გააჩნია დიდი ინტელექტუალური პოტენციალი, რომლის დასტურიცაა თუნდაც მოძრაობის ხელმძღვანელობის მიერ შექმნილი პოლიტიკური ნაშრომი, «საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრივი სტრატეგია და ეროვნული იდეა» და ახლახან გაზეთ «საქართველო და მსოფლიოში» გამოქვეყნებული ინტერვიუ. მას არასოდეს ჰქონია საქმიანი ურთიერთობები არც შევარდნაძის კორუმპირებულ ხელისუფლებასთან და არც მის მემკვიდრეებთან; უანგარო დახმარებას უწევს ჭეშმარიტ მამულიშვილებს.

სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს», მის ლიდერს არაერთხელ განუცხადებია, რომ, შიდაპოლიტიკურ გაუმართლებელ მიდგომებთან ერთად, რეგიონის განვითარნებას აფერხებს ხელისუფლების მიერ არჩეული არასწორი საგარეოპოლიტიკური და ეკონომიკური კურსი, რომელიც დამღუპველად აისახება როგორც სამეგრელოს, ისე მთელი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ასევე აშკარად ჩანს და ნათელია, რომ  სამეგრელოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ გაუცრუვდა იმედი, იგი კიდევ ერთხელ დარჩა ცარიელი დაპირებებისა და ფარისევლური ქათინაურების ამარა.

ზაურ გახარია,

სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» კოორდინატორი

 


1 COMMENT

  1. საოცრად დიდ პატივს ვცემ ბატონ ალ.ჭაჭიას.როცა მესმოდა,რომ იგი სამეგრელოს საქართველოდ არ თვლისო და სხვა.,ძალიან მიჭირდა ამის დაჯერება ასეტი განათლებული ადამიანისაგან.10 წელია შორს ვარ საქართველოდან და მხოლოდ ამ წერილის წაკითხვის მერეგავიგე საქმის არსი.არაჩვეულებრივი აზრია.როცა მეგრულ ენაზე მესმის საუბარი და არ მესმის აზრი,საოცრად მწყდება გული.ამაყი ვიქნები თუ ცემს შვილიშვილს ეცოდინება მეგრული,სვანური,ლაზურუ და აბხაზური ენების ძირითადი სიტყვათა მარაგი.ვცოფდები,როცა არ შემიძლია ძველი ქართულის წაკითხვა.და მიმაჩნია,რომ ქართულ სკოლაში აგიოგრაფიული და სხვა უამრავი ძველი მწერლობის ლიტერატურული ნიმუშები იმ დამწერლობით უნდა
    ისწავლებოდეს,რომელზეც დაიწერა.მაშინ არ გაუცხოვდებოდნენ აფხაზები და ლაზები ქართველებისაგან და ეხლა იგივე ხდება მეგრელებთან დაკავშირებით.ინგლისურს,რუსულს ფრანგულს და ა. შ გაზრდილი პიროვნება მერეც ისწავლის თუ დასჭირდება.მშობლიური კულტურა კი ,რომ იტყვიან დედის რძესთან ერთად უნდა შეითვისოს ყველამ და მაშინ აღარ გადააყოლებს თავის სამშობლოს თავის ჯიბის ინტერესებს.და გაძლიერდება ისევ საქართველო და გამრავლდება,გაამაყდება დაგახდება სხვებისტვის მისაბაძი ქვეყანა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here