Home რუბრიკები სამართალი გელა ნიკოლეიშვილი: დღეს პოლიცია ასრულებს იმ ფუნქციას, რომელსაც გესტაპო ასრულებდა ჰიტლერის ფაშისტური...

გელა ნიკოლეიშვილი: დღეს პოლიცია ასრულებს იმ ფუნქციას, რომელსაც გესტაპო ასრულებდა ჰიტლერის ფაშისტური რეჟიმის სასარგებლოდ

1674

6 მაისს სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი ქართული პოლიციის დღეს, უკვე მეოთხე წელია, პომპეზურად აღნიშნავს. თარიღს, რომელიც, რბილად თუ ვიტყვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის საზეიმო ნამდვილად არ არის, ამთავითვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ «ნაცხელისუფლება» წელსაც გრანდიოზული ღონისძიებებით დააგვირგვინებსრამდენად დამოუკიდებელია დღეს ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები და იმსახურებენ თუ არა ისინი საზოგადოების ნდობას _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი.

_ ბატონო გელა, პოლიციის დღე, რომელიც, მოგეხსენებათ, 6 მაისს აღინიშნება, სააკაშვილმა, ფაქტობრივად, ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა. შარშან გამართულ ღონისძიებაზე მან თქვა, რომ ეს არის თარიღი, რომელიც ყველას უნდა უხაროდეს. თქვენი აზრით, რამდენად იმსახურებს ქართული პოლიცია საზოგადოებისგან ამგვარ დამოკიდებულებას?

_ დავიწყოთ იმით, რომ პოლიცია, როგორც მექანიზმი, არის სამართალდამცავი სტრუქტურის ერთ-ერთი ძირითადი დანაყოფი და წესრიგის დაცვის ღონისძიებებზე მთავარი პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე, იდეაში ეს სტრუქტურა, რა თქმა უნდა, კეთილშობილურია, მაგრამ რა ხდება ჩვენს შემთხვევაში? _ ერთის მხრივ, როცა ლაპარაკია კრიმინალის შემცირებაზე, ჩვეულებრივ, ყოფით დონეზე კრიმინალი შეიძლება მართლაც შემცირებული იყოს, მაგრამ იმ თვალსაზრისით, რომ სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებისადმი მოპყრობა ძალიან უხეშია და ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა, ფაქტობრივად, არ არის გარანტირებული, პოლიციის ეფექტიანობაზე, მის მიუკერძოებლობაზე საუბარი, უბრალოდ, ზედმეტია. მეტიც, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ გვყავს პოლიტიკური პოლიცია, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის სამსახურში და რეალურად ასრულებს ფუნქციას, რასაც თავის დროზე ასრულებდა გესტაპო ჰიტლერის ფაშისტური რეჟიმის სასარგებლოდ.

რა თქმა უნდა, ფაშისტურ გერმანიაშიც იყო წესრიგი დაცული, შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე დღევანდელ საქართველოში და იქაც უმაღლეს დონეზე ასრულებდნენ თავის დანიშნულებას სამართალდამცავი სტრუქტურები, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური პოლიცია; ამ თვალსაზრისით, ჩვენ უნდა განვასხვავოთ, რა გვაინტერესებს _ წესრიგი, რომელიც იქნება დათრგუნვისკენ, ადამიანის უფლებების შელახვისა და მოსახლეობის დაბეჩავებისკენ მიმართული, თუ წესრიგი, რომელიც დაემყარება საზოგადოების უსაფრთხოებას, თითოეული მოქალაქის ხელშეუხებლობასა და მის უზრუნველყოფას უსამართლობისგან დაცვით, როგორც ეს ხდება მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებში.

აი, ამ ორი თვალსაზრისით უნდა შევხედოთ საკითხს. სამწუხაროდ, სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია სწორედ იქით, რომ ეს წესრიგი დამყარებული იყოს შიშზე, ტერორზე, რეპრესიებზე, მიკერძოებულ სასამართლოზე და ა. შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრი პრეტენზია გვაქვს პოლიციის, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურის მიმართ; ასე რომ, ბუნებრივია, ყველას გვინდა წესრიგი, კრიმინალის შემცირება და ის, რომ ადამიანებმა ღამით თავისუფლად იარონ ქუჩაში, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება და არ გვინდა გესტაპო _ პოლიცია, რომელიც რეალურად ემსახურება ერთი ადამიანის ინტერესებს და მისი ძალაუფლების შენარჩუნებას, მის დარჩენას, რაც შეიძლება, დიდი ხნით ხელისუფლების სათავეში.

_ ხელისუფლება განსაკუთრებით საპატრულო პოლიციით ამაყობს. სააკაშვილი მუდმივად ხაზს უსვამს იმას, რომ ამ სფეროში და მთლიანად ქვეყანაში კორუფცია მოისპო.

_ ნებისმიერ პროფესიას, სფეროს აქვს თავისი გარკვეული სამსახურეობრივი ჩარჩოები, რომელთაც ამ სფეროში მომუშავე ადამიანმა არ უნდა გადააბიჯოს. ძალოვანი სტრუქტურების შემთხვევაში მსგავსი რამ არ არსებობს, ხელისუფლებამ მოხსნა ეს ჩარჩოები და, ფაქტობრივად, სახეზე გვაქვს პოლიცია, რომლის უფლებებიც არა თუ განსაზღვრული არ არის, არამედ მას ყველაფერი შეუძლია. მოკლედ, სააკაშვილს პირდაპირ არ უთქვამს ძალოვანებისთვის, _ დახოცეთ ხალხი ქუჩაშიო, თორემ სხვა მხრივ, რასაც ვხედავთ, მათ რეალურად მწვანე შუქი აქვთ ანთებული ხელისუფლებისგან აბსოლუტურად ყველაფერზე, მათ შორის ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზეც. ამის უმთავრესი მაგალითი ვიცით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ ყოფილა შემთხვევა, რომ რამე სამსახურეობრივი გადაცდომის გამო თუნდაც რიგითი სამართალდამცავის პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს სტრუქტურა მართლა საათივით აწყობილი კი არ არის, როგორც სააკაშვილი წარმოგვიდგენს, არამედ, ალბათ, ეს არის ერთერთი ყველაზე მახინჯი სისტემა, რაც დღესდღეობით არსებობს ქვეყანაში.

რაც შეეხება კორუფციის აღმოფხვრას, ჯერ ერთი _ ის, რომ პატრული ქრთამს არ იღებს და მოქალაქე ჯიბეში ფულს არ უტენის პოლიციელს,  კორუფციის არარსებობას არ ნიშნავს, მაგრამ დავანებოთ ამასაც თავი. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, დააკვირდით, რამხელა ჯარიმებია ელემენტარულ დარღვევაზე. ყველაზე უმნიშვნელო რამეზე მინიმუმ 20 ლარია. წინა ხელისუფლების დროს კი, როცა თურმე, სააკაშვილს რომ ჰკითხო, კორუფცია ყვაოდა და ხალხი წელში ვერ იმართებოდა, 20-30 ლარით რომ დაეჯარიმებინე, რაღაც სასწაული უნდა გაგეკეთებია. მართალია, მაშინ იმ ოც ლარს პოლიციელს პირდაპირ ჯიბეში უდებდი და ეს იყო მექრთამეობის, ალბათ, ყველაზე უხეში, მე ვიტყოდი, გულისამრევი ფორმა, მაგრამ, რეალურად რომ ვთქვათ, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, 2 ლარს გამომართმევს პოლიციელი და ჯიბეში ჩაიდებს თუ 20 ლარით დამაჯარიმებს პატრულის თანამშრომელი და იმ 20 ლარის გადახდა ბანკში მომიწევს. საბოლოო ჯამში ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე რომელი მოქმედებს უფრო ცუდად? მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მექრთამეობა კი არ მოისპო საქართველოში, არამედ მექრთამეობა გარდაიქმნა, შეინიღბა, ხოლო იმის გამუდმებული აფიშირებით, რომ თურმე კორუფცია აღმოიფხვრა, ხშირად იმალება ის ელიტური კორუფცია, რომელიც რეალურად არსებობს და რომელიც არის «გაპრავებული», ისევე, როგორც ეს არის, ვთქვათ, იგივე საპროცესო შეთანხმება.

ერთი სიტყვით, განსხვავება წინა ხელისუფლებისდროინდელ კორუფციასა და ახლანდელს შორის არის მხოლოდ ორ რამეში: ერთი _ ის, რომ დღესდღეობით მოქალაქეებს ქრთამის სახით უწევთ გაცილებით უფრო სოლიდური თანხის გადახდა, და მეორე _ ის, რომ ამ ქრთამს მიცემული აქვს ოფიციალური სახე, ანუ სააკაშვილმა, ფაქტობრივად, დააკანონა კორუფცია და იმას, რასაც ადრე ერქვა ქრთამი, ახლა ჰქვია ჯარიმა, გადასახადი, გაძვირებული მომსახურება და ა.შ. შედეგი კი არის იგივე და, შეიძლება ითქვას, უარესიც, იმიტომ, რომ დღესდღეობით ყველაფერი ხუთჯერ და ათჯერ უფრო გაძვირებულია, რაც, ბუნებრივია, თითოეული მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს.

_ მთავარი, ალბათ, მაინც ისაა, რომ უშუალოდ პოლიციელი არ არის მექრთამეობაში გასვრილი.

_ რიგით პოლიციელს, უბრალოდ, ეუბნებიან: დააჯარიმებ 20 ლარით? იმ ოცი ლარიდან ხუთი შენია. პროკურორს კიდევ პირდაპირი მითითება აქვს ასეთი, _ ათი და ოცი ათასი კი არ აიღო ქრთამის სახით, დააჯარიმე 100 ათასით პატიმარი და იქიდან 30-40 ათასს მოგცემ ოფიციალურად. ყველანაირად მოგებული იქნები, შემოსავალიც მეტი გექნება და თან ვერავინ წამოგაძახებს, რომ ქრთამი აიღე. აი, ესაა ამათი პოლიტიკა და სხვათა შორის, ეს პოლიტიკა ძალიან წააგავს ქურდულ მენტალიტეტს, კერძოდ, . . ობშიაკის პრინციპს, რომლის თანახმადაც, თუ ვინმე რამეს იშოვის ან მოიპარავს, პირველ რიგში, მთავარ ქურდს უნდა მიუტანოს, რომელიც შემდეგ იმ ნადავლს ანაწილებს. მთავარი ქურდი ამ შემთხვევაში არის სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა, ხოლო ის რიგითი პოლიციელები თუ სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ხელისუფლების სამსახურში იმყოფებიან, არიან ჩვეულებრივი, წვრილი ქურდბაცაცები, რომელთა დანიშნულებაც ჯიბეებში ხელის ჩაყოფა და მოსახლეობის გატყავებაა.

_ ამასწინათ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, პოლიციას უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე «ნაცმოძრაობასო». თქვენი აზრით, ეს განცხადება უსაფუძვლოა?

_ მე მგონი, საერთოდ არ ღირს ამ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება, იმიტომ, რომ, რა რეიტინგიც აქვს დღესდღეობით ქართულ პოლიციას და თვითონ მერაბიშვილზეც რა აზრისაა ჩვენი საზოგადოება, ყველათვის ცხადია. რომელ ნდობაზე და რეიტინგზეა საუბარი, როცა, მოვიდნენ თუ არა ესენი ხელისუფლების სათავეში, ქვეყანაში იმ დღიდან მკვლელობების სერია დაიწყო; როცა პოლიცია, რომელიც  მიუკერძოებელი უნდა იყოს და იცავდეს კანონს, «მიშა, მიშას» სკანდირებს და მშვიდობიან მომიტინგეებს ტყვიას უშენს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმის შემდეგ, რაც ამათ 7 ნოემბერსა და 26 მაისს გააკეთეს, შეიძლება, კიდევ ნდობაზე ილაპარაკო? ან იმის შემდეგ, რაც ამ ხელისუფლებამ დევნილებს გაუკეთა, რა უბედურებაც გარემოვაჭრეებს დამართა და რასაც მსჯავრდებულებს უშვება, საერთოდ რაზეა საუბარი? კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო.

ასე რომ, ის, რაც მერაბიშვილმა ბრძანა _ პოლიციას უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე «ნაცმოძრაობასო» _ შეიძლება მართალიცაა, მაგრამ ეს არ არის მათთვის ნუგეში, რადგან, თავის მხრივ, «ნაცმოძრაობის» რეიტინგი დღეს იმდენად დაბალია, რომ მასზე მაღლა დგომა არაფერს ნიშნავს. ამას ყველაზე უკეთ თვითონ ხვდებიან და ამიტომაც არიან მუდმივად ასეთ ისტერიკაში.

_ თქვენ თქვით, რომ პოლიციას ყველაფრის უფლება აქვს და ხელისუფლება მას, ფაქტობრივად, არაფრის გამო არ სჯის. როგორც ვიცი, მატროსოვის ქუჩაზე არსებულ სასჯელაღსრულებითს დაწესებულებაში დღესდღეობით უამრავი ყოფილი თანამშრომელი იხდის სასჯელს.

_ უამრავი, ალბათ, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ არიან, რა თქმა უნდა, ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც სასჯელს იხდიან. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ხანდახან ისინიც ისჯებიან, მაგრამ ეს ხდება მაშინ, როცა სამართალდამცავის მხრიდან კანონის დარღვევა არის თვითშემოქმედება და არა ზემოდან წამოსული ბრძანება, მითითება. იმ შემთხვევაში კი, როცა არსებობს პოლიტიკური ნება, რომ პოლიციელმა დიახაც უნდა მოკლას, დიახაც უნდა დათრგუნოს, აწამოს და ა.შ., მაშინ მისი დასჯა, როგორც წესი, არ ხდება ხოლმე. მიზეზიც მარტივია, _ ასეთ შემთხვევაში შეიქმნება დასჯის პრეტენდენტი და ხვალ-ზეგ, როცა ხელისუფლებას ისევ დასჭირდება თავზეხელაღებული, ყველაფერზე წამსვლელი პოლიციელის დახმარება, მან შეიძლება, აღარ შეასრულოს ბრძანება.

_ თვითშემოქმედებას რაც შეეხება, თქვენი აზრით, ხაშურში, პოლიციის შენობაში მომხდარი მკვლელობაც პოლიტიკური ნება იყო? ამ საქმეზე, ფაქტობრივად, არავინ დასჯილა.

_ ქიმერიძის მკვლელობას გულისხმობთ, ალბათ. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო პოლიტიკური მკვლელობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას სხვა ინტერესი ჰქონდა. ვფიქრობ, ეს რომ არ მომხდარიყო იმ შუშის შენობაში, რომელიც გააფეტიშა ამ რეჟიმმა, დარწმუნებული ვარ, პოლიციელს, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, სამაგალითოდ დასჯიდნენ და ამით სააკაშვილი ქულებსაც დაიწერდა.

_ ფაქტია, რომ დღესდღეობით ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ნაწილი უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სამსახურს პოლიციაში იწყებს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ პოლიცია, როგორც ინსტიტუტი, ქვეყანაში პოპულარულია. თქვენი აზრით, რითაა ეს განპირობებული?

_ საქმე ისაა, რომ, როდესაც ქვეყანაში ასეთი მძიმე სოციალური ფონია, როცა არ არის სამუშაო ადგილები და ხალხს უკიდურესად უჭირს, ყველა ცდილობს, მოხვდეს იქ, სადაც მაღალი ანაზღაურება და კარგი პირობებია. მსგავსი სამსახური კი დღეს, ფაქტობრივად, მხოლოდ და მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებშია. ასეთი პირობები ამ ხელისუფლებამ ხელოვნურად, მიზანმიმართულად შექმნა და დღეს სწორედ ეს პირობებია ის მთავარი კოზირი, რითაც სააკაშვილის რეჟიმს, ძალოვან უწყებებში დასაქმებული თითოეული ადამიანი, ასე ვთქვათ, კუდით ჰყავს დაჭერილი. სწორედ ეს იზიდავთ ახალგაზრდებსაც პოლიციაში და ზოგადად ძალოვან სტრუქტურებში, მათ შორის ჯარშიც, ვინაიდან, მოგეხსენებათ, სამხერო სავალდებულო სამსახურის გარეშე პოლიციაში მუშაობის დაწყება შეუძლებელია.

გარდა ამისა, თავისას შვრება პროპაგანდაც, _ როცა ახალგაზრდებს მუდმივად ესმით, რომ თურმე ეს პოლიცია არის ყველაზე არაკორუმპირებული, ღირსეული და საამაყო პოლიცია, რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე. ბუნებრივია, ზოგი ამას იჯერებს და უჩნდება სურვილი, რომ თვითონაც პოლიციელი გახდეს. ამასთან, ზოგს მაგარი ბიჭობის მომენტიც აქვს _ როცა იარაღს მოგცემენ და გეტყვიან, ახლა, ვისაც გინდა, შუბლი გაუხვრიტე ან ფეხები მოამტვრიეო, ბევრი ამ ცდუნებას ვერ უძლებს…

აი, ეს მომხიბვლელობა გააჩნია პოლიციას, მაგრამ ამ ადამიანებს ერთი რამ უნდა ესმოდეთ: სააკაშვილი ყოველთვის ვერ იქნება პრეზიდენტი და, შესაბამისად, მისი პოლიტიკაც ყოველთვის ვერ გაგრძელდება, ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს, როცა ეს რეჟიმი დასრულდება, ისინი შეიძლება ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მეტიც, ზოგს, ალბათ, ძალიან დიდი ხნით მოუწევს ციხეში ჩაჯდომა, იმიტომ, რომ ბევრ მათგანს ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაული, რაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია და, ბუნებრივია, ეს ყველაფერი დაუსჯელი არ დარჩება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here