Home რუბრიკები პოლიტიკა აგასი არაბიანი: ჩვენ არაერთხელ გვქონდა შესაძლებლობა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი საქართველოსთვის ჩამოგვეშორებია…

აგასი არაბიანი: ჩვენ არაერთხელ გვქონდა შესაძლებლობა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი საქართველოსთვის ჩამოგვეშორებია…

989

სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რუსეთში ჯავახეთის დიასპორის პრეზიდენტმა, აგასი არაბიანმა, კონორეჟისორ სტანისლავ გოვორუხინს წერილი გადასცა, რომელშიც ის წერს: «საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ეროვნული უმცირესობის, კერძოდ კი, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ძირძველი სომხური მოსახლეობის უფლებების შელახვას. ვსარგებლობთ რა შემთხვევით, მოგმართავთ თხოვნით, გადაეცით ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს, რომ ჩვენ მას დახმარებას და ხელშეწყობას ვთხოვთ». თუ რატომ ფიქრობს და რით ადასტურებს აგასი არაბიანი, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უფლებები ირღვევა, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

_ ბატონო აგასი, თქვენ გაუგზავნეთ წერილი რუსეთის პრეზიდენტს და მას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომხების უფლებების დაცვა სთხოვეთ. რატომ ფიქრობთ, რომ საქართველოში მათ უფლებებს ვინმე არღვევს და საქართველო სომხების წინააღმდეგ დისკრიმინაციულ პოლიტიკას აწარმოებს?

_ ცოტა ხნის წინათ, როდესაც რუსეთში წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა, პრეზიდენტობის კანდიდატები, აგრეთვე, მათდამი ნდობით აღჭურვილი პირები, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს ხვდებოდნენ. ასე შევხვდი ვლადიმერ პუტინის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, კინორეჟისორ ვლადიმერ გოვორუხინს. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ რუსეთში სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები, სომეხთა კავშირის ხელმძღვანელი რუსეთში, არა აბრამიანი, სომხური წარმოშობის ცნობილი გმირი  არტურ ჩილინგაროვი, ცნობილი ბიზნესმენი მიხეილ ბაღდასაროვი და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მოძრაობის ხელმძღვანელები, სტუდენტები, ცნობილი სომეხი საზოგადო მოღვაწეები. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, შეხვედრაზე მეც მიმიწვიეს და სხვებთან ერთად მეც გამოვედი სიტყვით. ჩემი სიტყვის დასასრულს კი, გადავეცი გოვორუხინს წერილი-თხოვნა, რომლის ტექსტიც შემდგომში  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გამოაქვეყნეს.

ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, ამ არჩევნებზე ვლადიმერ პუტინის კანდიდატურისთვის დაეჭირა მხარი და ჩვენს თანამემამულეებსაც მოვუწოდებდით, პუტინისთვის მიეცათ ხმა. თავისუფალი არჩევანი ხომ ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა და ჩვენი ქმედება რა, ქართველი ერის წინააღმდეგ გამოსვლას ნიშნავდა?

ჩვენ ჩვენი დანაპირები შევასრულეთ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს თხოვნას პუტინიც შეასრულებს.

_ თქვენ მიმართეთ პირადად გოვორუხინს და განუცხადეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ეროვნული უმცირესობების, კერძოდ კი, სამცხეჯავახეთში მცხოვრები სომხური მოსახლეობის უფლებების შელახვას: «მოგმართავთ თხოვნით, გადაეცით ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს, რომ ჩვენ მას დახმარებას და ხელშეწყობას ვთხოვთ»…

ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი, რომ თქვენ საქართველოს ხელისუფლებას პუტინთან უჩივლეთ?

_ თუ ჩვენი მიმართვის ტექსტს კარგად გაეცნობით, თქვენთვის ცხადი გახდება, რომ ჩვენ ვინმეს კი არ ვუჩივით, არამედ რუსეთის ხელისუფლებას, უბრალოდ, ვთხოვთ დაგვეხმაროს  და ხელი შეუწყოს ჩვენს გასვლას ისეთ საერთაშორისო ავტორიტეტულ ტრიბუნებზე, როგორიცაა, მაგალითად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა,  დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ბიურო, ეუთო (ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია), გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ასე შემდეგ… საიდანაც ჩვენ შევძლებთ, პროგრესულ მსოფლიო საზოგადოებას სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის პრობლემების შესახებ ვაცნობოთ.

ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია, 4 წელზე მეტია, ყველა გზით ცდილობს, მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, მიაქციოს ყურადღება, სამცხეჯავახეთის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების სფეროში არსებულ ნაკლოვანებებს, მაგრამ, სამწუხაროდ, შეურაცხყოფის მეტი საქართველოს ხელისუფლებისგან არაფერი კონსტრუქციული არ მოგვისმენია. ისმება კითხვა: აბა, ვის მივმართოთ, თუ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, მოგვისმინოს?

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და ახლაც ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, შევხვდეთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა საკითხი მასთან ერთად განვიხილოთ. კონსტრუქციული დიალოგის გზით ჩვენ შეგვეძლო შეგვემუშავებია გეგმა და ეტაპობრივად აღმოგვეფხვრა ის ნაკლოვანებები, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში არსებობს, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ამის სურვილი არ აქვს; როგორც ჩანს, მას რეგიონში არასტაბილურობის შენარჩუნება უფრო აძლევს ხელს.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ვიმეორებთ, საქართველოში ავტორიტარულპოლიციური რეჟიმი მოქმედებს. ქართველებსაც კი ეშინიათ, ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე და აღარაფერს ვამბობ ეროვნულ უმცირესობებზე. საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სიტყვის თქმას ვერავინ ბედავს. ამიტომაც იძულებულები ვართ, საქართველოს გარეშე ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რომლებიც სამცხეჯავახეთში არსებობს და რომელთა შესახებაც დასავლეთისთვისაც კარგადაა ცნობილი.

_ თქვენმა განცხადებებმა საქართველოში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. არ ფიქრობთ, რომ თქვენი გამონათქვამები სეპარატიზმის ნიშნებს შეიცავს?

_ ჩვენ არასდროს მოგვიწოდებია სეპარატიზმისკენ და ამგვარი მიზნები არ გვაქვს. ჩვენ გვიყვარს საქართველო და გვსურს საქართველოში ცხოვრება. მე ამას ვაცხადებ ოფიციალურად და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის საქციელმაც არაერთხელ დაამტკიცა ეს. მაგრამ ზოგიერთები, სპეციალურად აძლევენ სეპარატიზმის ელფერს ჩვენს გამონათქვამებს, ვინაიდან ისინი ან განზრახ ასრულებენ ვიღაცის დაკვეთას, ან საკუთარი შოვინისტური აზროვნებიდან გამომდინარე იქცევიან ასე.

ღიად ვიტყვი: ჩვენ არაერთხელ გვქონდა შესაძლებლობა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ჩამოგვეშორებია საქართველოსთვის. დამიჯერეთ, ახლაც არსებობს ასეთი შესაძლებლობა, მაგრამ ვიმეორებ _ ჩვენ არ გვაქვს ასეთი ამოცანა და გარწმუნებთ, რომ ამ მიზნისკენ არ ვისწრაფვით. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვინდა, საქართველოში მცხოვრებ სომხებს სხვების თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები ჰქონდეთ, რათა საკუთარი იდენტობა შეინარჩუნონ.

_ თქვენ განაცხადეთ, რომ სამცხეჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომხების უფლებებს არღვევს საქართველოს ხელისუფლება, თუმცა საქართველო, ალბათ, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც 140-ზე მეტ სომხურ სკოლას სახელმწიფო აფინანსებს და ამას გარდა, ეთნიკურ სომხებს აქვთ უფლება, უმაღლეს სასწავლებელში გამოცდები მშობლიურ ენაზე ჩააბარონ. თუნდაც ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ მათი უფლებები საქართველოში დაცულია?

_ ეს ძალიან დიდი და მტკივნეული საკითხია. თუ გნებავთ, როგორმე ცალკე ვისაუბროთ ამ საკითხზე. ერთს კი ვიტყვი: სომხები საქართველოს ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც სხვები. სომხებიც იხდიან გადასახადებს და აქვთ უფლება, ჰქონდეთ საკუთარი უფასო სკოლები და არ არის საჭირო საყვედურები და ბრალდებები, რომ თურმე სახელმწიფოს ხარჯზე ფინანსდება სომხური სკოლები. ამას გარდა, გთავაზობთ, ნახოთ რა პრობლემებია საქართველოს სომხურ სკოლებში და შეადაროთ გალში არსებული ქართული სკოლების მდგომარეობას.

_ თქვენი განცხადებებიდან გამომდინარე, ეწინააღმდეგებით საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. რატომ ფიქრობთ, რომ ეს რამენაირად შელახავს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უფლებებს? და თუ მაინც გახდა საქართველო ნატოს წევრი, თქვენ აცხადებთ, რომ ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე, სამცხეჯავახეთის სახით, შესაძლოა კიდევ ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბდეს?

_ ხშირად ჩვენს გამონათქვამებს განზრახ ინტერპრეტირებას უკეთებენ, კონტექსტიდან სპეციალურად იღებენ გარკვეულ სიტყვებს და შემდეგ საკუთარ ფანტაზიებს ავრცელებენ.

ჩვენ ჯერ კიდევ შარშან, დეკემბერში განვაცხადეთ, რომ 2008 წელს, ნატოს შესახებ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩატარებული პლებისციტი იყო ფალსიფიცირებული. ჩვენ ობიექტურად ავხსენით, თუ რატომ ვფიქრობდით ასე და ჩვენი ნათქვამის სიმართლეში ნებისმიერი დარწმუნდება, თუ ადგილობრივი მოსახლეობის დამოუკიდებელ გამოკითხვას ჩაატარებს. შესაბამისად, ჩვენ გავაფრთხილეთ ხელისუფლება, ადგილობრივი მცხოვრებლების აზრი გაითვალისწინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან, შესაძლოა, მომავალში ძალიან საშიში შედეგები გამოიწვიოს. ჩვენ კი არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ხალხი შესაძლო კონფლიქტში გაებას.

თუ საქართველო ნატოში სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლად გაწევრიანდება, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, მოსახლეობას სეცესიისკენ მოვუწოდოთ.

_ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, ვან ბაიბურთმა, განაცხადა, რომ თქვენ ყოფილი ტაქსის მძღოლი ხართ, რომელიც სპეცსამსახურებმა «დაავერბოვკეს». ამაზე რა პასუხს გასცემდით?

_ ჩემთვის ცნობილი არ არის, მისი ამგვარი გამონათქვამის შესახებ, მაგრამ გამოგიტყდებით და მისი პიროვნების განხილვაც კი არ მინდა, ვინაიდან ბაიბურთი იმად არ ღირს, რომ ისეთ ღირსეულ გამოცემაში, როგორიც თქვენი გაზეთია, მასზე ვისაუბროთ.

შევეცდები, თქვენს კითხვას მოკლედ ვუპასუხო. მე ბევრი მიცნობს არა მარტო ახალციხესა და სამცხე-ჯავახეთში, არამედ მთელ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. დაე, მათ განსაჯონ, რას ვსაქმიანობ და რა ცხოვრებისეული პრინციპებიც მაქვს.

როცა ახალციხეში შარლ აზნავურის სახელობის საზოგადოებრივი საქველმოქმედო ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, მე თავიდანვე ვიყავი ერთ-ერთი ორგანიზატორი. იმ დროს, ბაიბურთი მოდიოდა ხოლმე ჩვენთან და ცდილობდა, ჩარეულიყო ჩვენს საქმეებში და ჩვენ ირგვლივ ტრიალებდა, მაგრამ ჩვენ ის კინწისკვრით გამოვაგდეთ რაიონიდან. მას მერე მან კურსი ახალქალაქისკენ აიღო, მაგრამ იქაც მალე შეიტყვეს, ვინც იყო ის სინამდვილეში და იქიდანაც გამოაგდეს. შემდეგ დაიწყო მოსკოვში სიარული და საკუთარი თავის შეთავაზება. რუსეთში ეძებდა, ასე ვთქვათ, «თბილ ადგილს», მაგრამ რუსეთში ისეთები, როგორიც ვან ბაიბურთია, არავის სჭირდება. ბოლოს, როგორც იქნა, თავისი დაუზარლობისა და კოლაბორაციონიზმის წყალობით, იპოვა თავისი ადგილი იქ, სადაც დღეს არის. რას ვიზამთ! როგორც ჩანს, მისნაირები საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება… მაგრამ ჩვენ ის ნამდვილად არ გვჭირდება! მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვან ბაიბურთს სამცხე-ჯავახეთში, კულისებში «აზგი დავაჯანს» უწოდებენ, რაც სომხურად ერის მოღალატეს ნიშნავს. ასე რომ, მას არანაირი უფლება არ აქვს, ჩვენი ამაყი და წესიერი ხალხის სახელით ისაუბროს.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ გამოგაცხადათ პერსონა ნონგრატად საქართველოს ხელისუფლებამ?

_ მიზეზი ჩემთვის უცნობია. შემოდგომაზე ერევანში ვიყავი და მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ავტომანქანით წავსულიყავით სამცხე-ჯავახეთში, მოგვენახულებინა მეგობრები, მშობლების საფლავები, შემდეგ კი აჭარაში გადავსულიყავით დასასვენებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შემიშვეს. ჩემს კითხვაზე, თუ რატომ არ მიშვებდნენ, მიპასუხეს, რომ მიზეზი მათ არ იციან.

გულწრფელად ვწუხვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს «მტრად» მთვლის. შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არაფერი მტრული არც მე და არც ჩემს მეგობრებს არ გაგვიკეთებია. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მწვავე საკითხებზე, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო გვძულს. ასეთ შემთხვევაში ისღა დამრჩენია, ვთქვა, რომ მე მაინც ქართველი ხალხის გონებასა და საღ აზროვნებაზე ვამყარებ იმედს და ასევე ვიმედოვნებ, რომ ახლანდელ თუ საქართველოს მომავალ ხელისუფლებას ეყოფა სიბრძნე და ამ უსამართლო გადაწყვეტილებაზე უარს იტყვის.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

* სეპარატიზმის უკიდურესი ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეული ტერიტორიის სრულ პოლიტიკურ გამოყოფას არსებული სახელმწიფოდან და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. სეცესია სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების უცვლელობის პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და ეთნიკური მინინაციონალიზმის მთავარ მიზანს გამოხატავს. შესაბამისად, ისაკენ სწრაფვა, თუ ამის ობიექტური მიზეზები არ არის (ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობა განიცდის შევიწროებას და რეალურია მისი, როგორც ეთნოსის, გაქრობა), საერთაშორისო სამართლის მიერ დაიგმობა, თუ, რა თქმა უნდა, თვით არსებული სახელმწიფო არ დაეთანხმა მისი ტერიტორიის ნაწილის გამოყოფას და იქ სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.

 

1 COMMENT

  1. სანამ თურქეთში არსებულ "არარატის"მთას თავს არ გაანებებთ და დღესაც სომხეთის ტერიტორიად აცხადებთ როგორც უველაფერს, არაფერი არ გეშველებათ. საქართველომ თქვენ შეგიფარათ როცა თურქეთში, სომხურ გენოციდზე საუბრობდით, ეხლა მზად ხართ საქართველოს შეეცილოთ მის ტერიტორიებზე. დროა სიმართლის თქმა ისწავლოთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here