Home რუბრიკები პოლიტიკა შალვა ნათელაშვილი: სააკაშვილს რევოლუციას არა რუსები ან შრი-ლანკელები, არამედ ქართველი ხალხი მოუწყობს

შალვა ნათელაშვილი: სააკაშვილს რევოლუციას არა რუსები ან შრი-ლანკელები, არამედ ქართველი ხალხი მოუწყობს

1307

ლეიბორისტების ლიდერი გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. რამდენიმე დღის წინ შალვა ნათელაშვილმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა და განაცხადა, რომ დროა, ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და მიხეილ სააკაშვილს თანამდებობის დატოვება აიძულოს. «ასიათასობით კაცმა უნდა შემოარტყას ალყა სააკაშვილის სასახლეს და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს კვირები, თვეები, წელიწადიც კი, რამდენიც საჭირო იქნება, სანამ სააკაშვილი არ წავა», _ ამბობს ლეიბორისტების თავმჯდომარე. თუ როგორ აპირებს ხალხის ქუჩაში გამოყვანას და ამ გზით ხელისუფლების შეცვლას, «საქართველო და მსოფლიოს» ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ესაუბრა.

_ ბატონო შალვა, თქვენ ყოველთვის მკვეთრი განცხადებებით გამოდიხართ, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. გარდა განცხადებებისა, რას აპირებთ, როგორია ხელისუფლების შეცვლის თქვენი გეგმა?

_ უახლოეს დღეებში პარლამენტს წარვუდგენთ მოთხოვნას, საგანგებო სესიის მოწვევისა და ახალი საარჩევნო კანონმდებლობის მიღების თაობაზე, ვინაიდან, არსებული საარჩევნო კანონმდებლობით, ოქტომბერში არჩევნების ჩატარება ხელისუფლების გარანტირებულ გამარჯვებას და ქვეყანაში სამოქალაქო ომის საშიშროებას ნიშნავს. მერე არ დაიწყონ ტირილი სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და ადეიშვილმა, რომ რუსებმა ან შრი-ლანკელებმა მოუწყვეს რევოლუცია, რადგან არჩევნების გაყალბებით ისინი საკუთარ თავს სამოქალაქო ომს თავად მოუწყობენ. არჩევნების გაყალბება კი აუცილებლად მოხდება, თუ დღეს არსებული კანონმდებლობა არ შეიცვალა.

29 მარტს ჩვენ უკვე გავმართეთ საპროტესტო აქცია. ოფისებში მხოლოდ შედეგები ჯამდება და ზოგიერთები კი, ჯერ შედეგი არ აქვთ, მაგრამ ახლავე ოფისებში დასხდნენ. სწორედ ქუჩის აქციებზე იწერება საქართველოს ისტორია, ვისაც ეს არ სჯერა, კარგად გაიხსენოს ეროვნული მოძრაობის კადრები, როდესაც ზვიად გამსახურდიამ, აქციების გზით, 1990 წელს არჩევნები არჩევნებამდე მოიგო. ვისაც ეს არ სჯერა, გადახედოს «არაბულ გაზაფხულს», საფრანგეთის ბურჟუაზიულ რევოლუციას, გაიხსენოს ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია, ამერიკელების ბრძოლა კოლონიზატორების წინააღმდეგ, საერთოდ, გაიხსენოს კაცობრიობის ისტორია.

_ საპროტესტო აქციებს გააგრძელებთ?

_ რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევწყვეტთ მიტინგებს. უახლოეს დღეებში ახალი აქციის გამართვის თარიღი გამოცხადდება და ამ მიტინგებს ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ. იმდენ ხალხს გამოვიყვანთ, იქვე ჩატარდება არჩევნები და იქვე ავირჩევთ ხელისუფლებას, ამიტომ ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს ამბობს, რომ ჯერ მიტინგები არ გვინდა, არჩევნებს დაველოდოთ და მერე გავმართოთ აქციებიო, სააკაშვილზე უარესი სააკაშვილია. ის პირდაპირ უბიძგებს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებისკენ. არადა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, მომავალი საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბდეს. ეს არის ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი.

სანამ «ოცნების» წევრები თავიანთ ოფისებში ისხდებიან და იოცნებებენ, როგორ ჩაუვარდებათ პირში ხელისუფლების «პორტფელები», სააკაშვილი დროს არ კარგავს და არჩევნების გასაყალბებლად სერიოზულად ემზადება.

დამერწმუნეთ, სანამ სააკაშვილს არ დავამხობთ, ხალხი არ დაგვანებებს თავს.  სააკაშვილს რევოლუციას არა რუსები ან შრი-ლანკელები, არამედ ქართველი ხალხი მოუწყობს. მისი მშვიდობიანად წასვლა შეუძლებელი ხდება.

_ ბატონო შალვა, ხელისუფლების დამხობას როგორ აპირებთ?

_ ასი ათასობით კაცმა უნდა შემოარტას ალყა სააკაშვილის სასახლეს და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, კვირები, თვეები, წელიწადიც კი, რამდენიც საჭირო იქნება, სანამ სააკაშვილი არ წავა. ეს არის ისტორიის კანონი, ვერ ხედავთ, რა ხდება სირიაში? ღმერთმა დაგვიფაროს! 9 თვეა, იქ სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და უკვე 9 ათასი კაცი დაიღუპა. მათი ლიდერი კი მაინც არ მიდის. თქვენ გგონიათ, სააკაშვილი ასადზე ნაკლები გიჟია? ასე იოლად, ერთი-ორი მიტინგით და თუნდაც ასი ათასი კაცის ქუჩაში გამოსვლით არც სააკაშვილი წავა.

_ გამოდის, რომ მზად ხართ რევოლუციისთვის?

_ ძალიან სერიოზული ბრძოლა გველოდება და ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. მთავარია, ხალხი იყოს მზად. იქამდე უნდა მივიყვანოთ საზოგადოებრივი დაძაბულობა, რომ თავად ამერიკელებმა მოჰკიდონ ხელი და წაიყვანონ. ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს თოფითა და ჭიდაობით. სააკაშვილივით იქცეოდა იემენის პრეზიდენტი სალეჰი, რომელიც თავის სასახლეში დაამწყვდიეს აჯანყებულებმა, მაგრამ ის მაინც არ მიდიოდა, სანამ ამერიკელებმა არ უთხრეს, _ წადი, მოცილდიო. სააკაშვილს ამერიკა უჭერს მხარს და იმიტომაც დგას მაგრად. ამერიკელების მხარდაჭერა რომ მოეხსნება, მისი «ბუნდღა აღარ იქნება».

_ თქვენ მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე ისმოდა ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა, თუმცა თქვენ ისიც განაცხადეთ, რომ წყენა უნდა დავივიწყოთ და არ გავიხსენოთ შეცდომებიო. მომავალში ივანიშვილთან ყველანაირ ურთიერთობას ისევ გამორიცხავთ თუ შემოთავაზებისა და მთელი ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში მაინც მზად ხართ, ერთად იბრძოლოთ არჩევნების მოსაგებად?

_ არ შეიძლება პოლიტიკურ ლიდერს ფულის გამო დაუჭირო მხარი. პროხოროვს 14 მილიარდი აქვს, მაგრამ რუსეთში არჩევნები წააგო. იმის გამო, რომ მილიარდერია, ხალხმა ხმა არ მისცა.

მე მაქვს ურთიერთობა ჩემს ხალხთან და ჩემს ქვეყანასთან და, ვინც ამ ურთიერთობას გადაეღობება წინ ბარიერად ან ჩინეთის კედლად, ის ჩემთვის ისეთივე მტერი იქნება, როგორც არაბი, თურქი, სპარსი, მონღოლი და სხვა მტრები იყვნენ. ხოლო, ვინც მოვა და ჩემთან ერთად კი არა, ხალხთან ერთად დადგება, მე მხოლოდ და მხოლოდ ტაშს დავუკრავ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მე მასთან გავერთიანდები და ბლოკს ან კოალიციას შევქმნი, ან ფულს გამოვართმევ.

_ ითანამშრომლებთ მათთან?

_ არ ვითანამშრომლებ. ბიძინა ივანიშვილმა უნდა ითანამშრომლოს საკუთარ ხალხთან და საკუთარი რესურსი ხალხს მოახმაროს. ის მილიონები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა უსაქმურ, უპასუხისმგებლო პარტიებს ჩაურიცხა, რეგიონებიდან ხალხის ჩამოსაყვანად რომ დაეხარჯა, დღეს ხელისუფლება უკვე დამხობილი იქნებოდა. ჩვენს აქციაზე, იცით, რატომ იყო ცოტა ხალხი? განა მოსვლა არ უნდათ? გზის ფულიც არ აქვთ, რომ მიტინგზე მოვიდნენ.

_ ანუ ამბობთ, რომ ივანიშვილი არა გამარჯვებისთვის, არამედ მეორე ადგილისთვის იბრძვის?

_ ივანიშვილს უნდა, გადაარჩინოს საკუთარი ბიზნესი და მილიარდები. ეს არის მილიარდერის ბუნებრივი ინსტინქტი. იმიტომ, რომ შეესივნენ და დაუწყეს მილიარდების წართმევა. რა აღარ ააშენებინეს, ბიუჯეტი შეავსებინეს, ხან დელფინარიუმი გაახსნევინეს და ხან თხილამურების ცენტრები. წელიწადში 200 მილიონი მიჰქონდა ხელისუფლებას და ამოუვიდა ყელში. მისიც მესმის, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, თუ სააკაშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდა, მე რატომ მებრძვის? ეს იწვევს ეჭვს. ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად, ამერიკამ შექმნა მეორე ალტერნატიული პოლიტიკური ძალა.

_ თქვენს აქციაზე «თავისუფალი საქართველოს» ლიდერი კახა კუკავა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოვიდნენ. თქვენ ყოველთვის დამოუკიდებლად ბრძოლას ამჯობინებთ, ამჯერად მათთან თანამშრომლობას მაინც თუ აპირებთ?

_ სწორედ ამან გადაარჩინა ჩვენი პარტია. ჩვენ რომ გავერთიანებულიყავით აქამდე არსებულ პოლიტიკურ ბლოკებსა და კოალიციებში, დღეს ლეიბორისტული პარტია აღარ იარსებებდა. ჩვენ ვიქნებოდით მრავალპატრონგამოცვლილი, მრავალჯერ ხალხის მომტყუებელი, სახეზე ნიღაბჩამოფარებული პარტია. მე არ მინდა ეგეთი არც ძალაუფლება, არც ხელისუფლება და არც ცხოვრება.

თქვენ ხედავთ, რომ დაუმორჩილებლობის და გაყალბების წინააღმდეგ მიმართულ ჩვენს აქციებს, რომლებიც ნოემბერში დავიწყეთ, თანდათან ემატებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ცალკეული საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკური პარტიები, ცნობილი სახეები. კახა კუკავა მობრძანდა ჩვენს აქციაზე და ამით ძალიან დიდი ეროვნული საქმე გააკეთა, არა ჩვენი ან თავისი პარტიის სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის სასიკეთოდ.

რაც შეეხება თანამშრომლობას, ვინმეს ვუშლით? ვინც მოვიდა და გვერდით დაგვიდგა, ყველას მოვეფერეთ.

_ მაგრამ სხვა პოლიტიკური პარტიების მიერ გამართულ აქციებზე თქვენ არ მიდიხართ

_ როგორ არ მივდივარ?! 2009 წლის 26 მაისს ეროვნულ სტადიონზე ხომ ვიყავით; შარშან, 26 მაისს, ნინო ბურჯანაძის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ჩვენი აქტივისტები დაიხოცნენ. ერთი ჩვენი ზესტაფონელი აქტივისტი გარდაიცვალა, ერთიც დაიჭრა და ზოგიერთები დაიჭირეს. ჩვენ არ ვიყავით ერთადერთ აქციაზე, ეს იყო «ვარდების რევოლუციის» აქცია და მაშინ ვთქვი, ჩემს გვამს უფრო მალე მიიტანენ მანდ, ვიდრე მე მივალ-თქო, იმიტომ, რომ ვიცოდი, ქვეყანა იღუპებოდა. მაშინ ნახევარი საქართველო მაგინებდა, მაგრამ დღეს აღიარებენ, რომ მართალი ვიყავი.

_ NDI კვლევების მიხედვით, მეოთხე ადგილი და 4 პროცენტი გერგოთ. შედეგებით კმაყოფილი ხართ?

_ მე პირადად ვიცნობ NDI-ის დირექტორს. მართლა კარგი კაცი იყო ნავარო, როცა საქართველოში ჩამოვიდა, სანამ ესენი გააფუჭებდნენ. ის პერუელ-ინდიელთა შთამომავალია და გაიხსენოს, რა უქნეს მის წინაპარ ინდიელებს ამერიკელმა იანკებმა, როგორ გაანადგურეს და შეყარეს რეზერვაციებში. როცა ჩვენ აქ რეზერვაციებს გვიმზადებს, ბატონმა ნავარომ ეს გაიხსენოს კარგად.

_ განაცხადეთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მიიღებთ «კანონს ნატოში არშესვლის თაობაზე» და აუცილებლად დაალაგებთ რუსებთან ურთიერთობას. როგორია თქვენი საგარეოპოლიტიკური სტრატეგია?

_ ორი ზესახელმწიფოს ბრძოლაში ჩვენ დავზარალდით, იმიტომ, რომ მოღალატე ხელისუფლება გვყავს. «ოქროს შუალედი» არ უნდა დავარღვიოთ, თორემ ამერიკა უარესს გააკეთებს. რუსი მოგვენატრება, ამერიკა ისეთ რამეს გვიზამს.

ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა ტერიტორიების დაბრუნების შანსს მოგვცემს. მთავარია, სააკაშვილი წავიდეს და ყველაფერი მოგვარდება.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here