Home რუბრიკები პოლიტიკა ეშმაკის ადვოკატი, ანუ «ბრიტვა დააგდე, ბიჭო!»

ეშმაკის ადვოკატი, ანუ «ბრიტვა დააგდე, ბიჭო!»

1730

გასული კვირის მთავარ ანტიგმირად ლუის ნავარო იქცა. მან უკან კოლმეურნეობის თავმჯდომარეც კი ჩამოიტოვა, რომელსაც ბოლო დღეებში განსაკუთრებული არაფერი გაუფუჭებია; იყო თავისთვის სამხრეთ კორეაში და მომხიბვლელ სუ იონ ლისთან ერთად საქართველოში პინგ-პონგის საყოველთაო გავრცელებაზე ოცნებობდა. თან იქვე, სეულში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის კულუარებში, ისე გოროზად მიმოიქცეოდა, თითქოს კინგ-კონგი ყოფილიყოს, რომელიც მალე ყველა ბალისტიკურ რაკეტას შახტებიდან ამოგლეჯს და პლანეტაზე სამარადჟამო მშვიდობას დაამყარებს. თვითგამოცხადებული კინგ-კონგის პინგ-პონგმა საქართველოში დიდად არავინ დააინტერესა და ნეგატიური განწყობის მთავარ სამიზნედ, როგორც უკვე ვთქვით, ლუის ნავარო იქცა, მითუმეტეს, რომ საბაბი ამისთვის NDI-ს თბილისის ოფისის თავკაცმა საკუთარი ხელით გამოძერწა.

თუ შევაჯამებთ ყველა იმ შეფასებას, რომელიც NDI-ს რეიტინგთან დაკავშირებით გაკეთდა, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ზოგიერთ ნაწილში მაინც, ის აშკარად ბოდვით ხასიათს ატარებდა. ამის გამო გასული კვირის განმავლობაში უამრავი კომენტატორი ნავაროს ისეთივე შემართებით უტევდა, როგორც ფორმის პიკზე მყოფი მუჰამედ ალი დაქანცულ ჯო ფრეიზერს. ეს სავსებით ლოგიკური იყო, რადგან ამ ციფრების გამოქვეყნება («ნაცმოძრაობა» _ 47%, «ქართული ოცნება» _ 10%; ან კიდევ ის დაუვიწყარი მონაკვეთი, სადაც «სიმპათიის რეიტინგში» გიორგი თარგამაძემ ბიძინა ივანიშვილს თურმე 14%-ით გაუსწრო და ა. შ.) სხვა შედეგს ვერ მოიტანდა. მაგრამ თითქმის არავინ დაფიქრებულა იმაზე, რომ ამ, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური ციფრების მიღმა, შესაძლოა, მეტად პარადოქსული პოლიტიკური ქვეტექსტი დგას.

იყო ძველად (1587 წლიდან 1983-მდე) ასეთი თანამდებობა Advocatus  Diaboli, ჩვენებურად რომ ვთქვათ, «ეშმაკის ადვოკატი»; კათოლიკურ ეკლესიაში მისი ფუნქცია იმ ფაქტების შეგროვება იყო, რომლებიც ამა თუ იმ ადამიანის კანონიზაციას ხელს უშლიდა. დროთა განმავლობაში დატვირთვა, რომელსაც ფართო მასები ამ ტერმინს ანიჭებდა, შეიცვალა; დღეს «ეშმაკის ადვოკატებს» უწოდებენ მათ, ვინც იცავს პოზიციას, რომელსაც არ იზიარებს ან პრობლემის მხოლოდ ნეგატიურ მხარეს წარმოაჩენს და მის გადაწყვეტას ხელს უშლის (არსებობს ამ ტერმინის სხვა ინტერპრეტაციებიც, თუმცა დღეს ისინი არ დაგვჭირდება). მას შემდეგ, რაც 1997-ში ეკრანებზე გამოვიდა ცნობილი ფილმი კიანუ რივზისა და ალ პაჩინოს მონაწილეობით, ეს სიტყვები ხშირად საშინელი, შეუწყნარებელი ბოროტმოქმედის დამცველის დახასიათებისთვისაც გამოიყენება. ამჯერად ამ ტერმინს მხოლოდ მისი გამარტივებული, «ჰოლივუდური» მნიშვნელობით გამოვიყენებთ. იმისთვის, რომ დავადგინოთ, დააშავა თუ არა რაიმე NDI-მ და პირადად ნავარომ, ურიგო არ იქნება დროებით «ეშმაკის ადვოკატის» მანტია მოვირგოთ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ეპიზოდში ლუის ნავაროს დაცვა შეიძლება ისეთივე რთული გამოდგეს, როგორც ალ პაჩინოს გმირის. დასაწყისისთვის ერთი ექსპერიმენტის ჩატარება დაგვჭირდება:

წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ შორიდან ორი ადამიანის სილუეტს ვხედავთ და სიმარტივისთვის დავუშვათ, რომ ერთი დაბალია, მეორე კი _ მაღალი. დაბალის ჟესტები მეგობრულია, ის, როგორც ჩანს, რაღაც საინტერესოს უყვება მაღალს და უღიმის მას. მაღალი გაშტერებული უსმენს; ამ დროს იმ დაბალი კაცის ამფსონები მას ზურგიდან ეპარებიან, ძირს ანარცხებენ და კოჭავენ. ცხადია, ჩვენ ვიფიქრებთ, რომ დაბალი პერსონაჟი არამზადა და ბანდიტია.

მეორე ჯერზე წარმოვიდგინოთ, რომ ქარს ჩვენამდე თანამოსაუბრეთა რეპლიკები მოაქვს. ჩვენ ვიგებთ, რომ მაღალი რაღაც ძალზე უცნაურს ამბობს, მაგალითად, ასეთ რამეს: «მე ჰანიბალის საბრძოლო სპილო ვარ და ახლა რომაელებს უნდა შევუტიო!», დაბალი კი პასუხობს: «როგორც გენებოთ, გეთაყვა, ოღონდაც იქნებ ერთი წამი შეყოვნდეთ და თქვენი გენიალური ტაქტიკური ჩანაფიქრის შესახებ მოგვითხროთ» და სცენა ფრიად ორაზროვანი ხდება.

და ბოლოს, წარმოვიდგინოთ, რომ ყოველივეს ახლოდან, ფსიქიატრიული კლინიკის ეზოში ვხედავთ. მაღალი ზოლებიან პიჟამოშია და ხელში სამართებელი უჭირავს, დაბალს კი, ისევე როგორც მის კოლეგებს, რომლებიც ცდილობენ, ფსიქოპათს უკნიდან მიეპარონ, თეთრი ხალათი აცვია. ამ შემთხვევაში, პირველადი დასკვნა იმის თაობაზე, რომ დაბალი მატყუარა და არამზადაა, ალბათ, წარსულს ჩაბარდება და ჩვენ მას, უბრალოდ, კარგ პროფესიონალს ვუწოდებთ, რომელმაც საშიში სიტუაცია უდანაკარგოდ განმუხტა. აბა, რა უნდა ექნა? ეყვირა «ბრიტვა დააგდე, ბიჭო!» თუ თავქუდმოგლეჯილი გაქცეულიყო?

სააკაშვილის ხელისუფლება დღეს ერთობ მოგვაგონებს იმ გაქცეულ პაციენტს სამართებლით ხელში, რომელსაც თავი ჰანიბალის მოიერიშე სპილო ჰგონია. რა უნდა ქნან ამ ვითარებაში ამერიკელებმა? ყველას დასანახად ცხვირწინ რეალური რეიტინგები აუფრიალონ? ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლება (ან, როგორც მინიმუმი, საკმაოდ წარმომადგენლობითი ჯგუფი მის შიგნით), 99%-იანი ალბათობითმიემხრობა არჩევნების ტოტალური გაყალბების იდეას ან სკამების შენარჩუნების კიდევ უფრო მანიაკალური, ძალისმიერი სცენარების ხორცშესხმას დაიწყებს. უფრო შორს თუ წავალთ, აქ საუბარია იმაზე, რომ ეს ამერიკული რეიტინგები (NDI- და IRI-) საქართველოში ბოლო დროს აღიქმება, როგორც ინდიკატორი იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ვაშინგტონს ამა თუ იმ ქართული პარტიის მიმართ, რამდენად (უხეშად რომ ვთქვათ, «რა დოზით») მზად არის ის, თვალი დახუჭოს ხელისუფლების ავკაცობაზე და მისი ნამოქმედარი «გააპრავოს».

ცხადია, ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ლუის ნავარო დაჯდა, ფანქარი აიღო და მონაცემების გაყალბება დაიწყო. თანამედროვე სოციოლოგიის ტექნოლოგიები უხეში გაყალბების გარეშეც, პრაქტიკულად, ნებისმიერი შედეგის «დადების» შესაძლებლობას იძლევა. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია კვლევის მეთოდოლოგიაზე, კითხვის ფორმულირებაზე, კვლევის ჩატარების პირობებზე, უშუალოდ მოსახლეობასთან მომუშავე კონტრაქტორი ორგანიზაციის პატიოსნებაზე (ან მის არარსებობაზე) და რიგ სხვა ფაქტორებზე.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დღეს საქმე ძია სემის შემდეგ ტაქტიკასთან გვაქვს: ამერიკელები, ერთის მხრივ, საკმაოდ ხისტად, ლამის უხეშად «აწვებიან» სააკაშვილს და მის გარემოცვას, რათა მათ რეპრესიულ მეთოდებზე ხელი აიღონ, ხოლო მეორე მხრივ, უნერგავენ იმედს (მათ შორის, NDI-ს განხილულ რეიტინგზე დაფუძნებულს), რომ ხელისუფლების შენარჩუნებას ისინი არჩევნებში (ცხადია, შედარებით) სუფთა ტექნოლოგიების გამოყენებითაც მოახერხებენ. ერთია რამდენიმე ათეული ბიულეტენის ფარული ჩაყრა და «კარუსელების» ეპიზოდური გამოყენება და სულ სხვაა საარჩევნო ურნების გატაცება და ოქმების გადაწერა; ან კიდევ, ყველაზე მძიმე სცენარს თუ განვიხილავთ, პირდაპირი ტერორი ოპოზიციის წინააღმდეგ და ზონდერ-ჯგუფების მეშვეობით სისხლიანი დაპირისპირების პროვოცირება. ამ კონტექსტში, ამერიკელების მთავარი ამოცანა, შესაძლოა, ის გახლავთ, რომ დაარწმუნონ მმართველი ჯგუფი იმაში, რომ პირველი, შედარებით «სუფთა” ვარიანტი მას სკამების დაკარგვის საფრთხეს არ შეუქმნის.

მარტივად რომ ვთქვათ, მედიცინის ერთი მუშაკი მეგობრულად ესაუბრება აღგზნებულ პაციენტს, დანარჩენები კი ზურგიდან ეპარებიან, რათა სამართებელი წაართვან. ამ ვერსიის ფარგლებში, ლუის ნავარო, თავის NDI-სთან ერთად, ერთ-ერთი რიგითი სანიტრის როლში გვევლინება. გარკვეული პროგრესი სახეზეა, ხელისუფლებამ (ისევ და ისევ შედარებით) დაამუხრუჭა რეპრესიებისა და დრაკონული საკანონმდებლო ნორმების შემოღების კუთხით, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა შაბათს საკუთარი პირით თქვა: « ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება ბევრი უცხოელი დამკვირვებელი, არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ დღეს» (ეს საკვანძო რეპლიკა იყო; იმისთვის, რომ სააკაშვილს ეს ეთქვა, მისთვის, იდეაში, ნებისმიერი სატყუარის შეთავაზება შეიძლებოდა) და ერთობ გულდამშვიდებულმა დასძინა: «ჩვენი სურვილია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ბევრი კვლევა ჩაატარონ და საფუძვლიანად გამოიკითხონ საზოგადოებრივი აზრი». მან, შესაძლოა, ჯერ კიდევ არ იცის, რომ ციფრებს რეიტინგებში შეცვლა სჩვევიათ და ვერ აცნობიერებს, რომ NDI-ს რეიტინგი მის პირად ბრჭყვიალა სათამაშოდ იქცა, ხოლო საზოგადოებრივ აზრზე ის არსებით გავლენას ვეღარ მოახდენს, სხვა (მათ შორის, ამერიკული წარმოების) რეიტინგებისგან განსხვავებით, რომელთაც, სავარაუდოდ, მალე ვიხილავთ.

საინტერესოა, რომ «ინტერპრესნიუსის» ვებსაიტზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კითხვას _ «თქვენი აზრით, NDI-ს ბოლო კვლევა სრულად ასახავს თუ არა არსებულ რეალობას?» _ გამოკითხულთა 68,6%-მა უპასუხა, რომ კვლევა რეალობას საერთოდ არ ასახავს. სხვა პოპულარულ საიტებზე, სადაც ამ სტატიის დასრულების მომენტისთვის ანალოგიური გამოკითხვები ჯერ კიდევ გრძელდებოდა, NDI-სთვის კიდევ უფრო სავალალო შედეგები ფიქსირდებოდა.

NDI- მონაცემები საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ განიხილება მხოლოდ როგორც მანიპულაციის ინსტრუმენტი პოლიტიკურ თამაშში, რომლის ერთერთი მთავარი მიზანი დღეს, შესაძლოა, იმაში მდგომარეობს, რომ რეჟიმმა «სამართებელი» დროებით გვერდზე გადადოს, ხოლო როდესაც ისევ მის აღებას დააპირებს, ის ძველ ადგილას არ დახვდეს. ამ ვერსიის თანახმად, ჩვენ საქმე გვაქვს არა წინასაარჩევნო პროცესთან, არამედ საშიში მანიაკის განიარაღების სპეცოპერაციასთან. თუმცა ამ მედალს მეორე მხარეც აქვს: NDI- რეიტინგი, ასეთი სახით, ირიბად უბიძგებს ოპოზიციას, ამერიკულ მოედანზე სულ უფრო აქტიურად ითამაშოს.

ყოველივე თქმული «ეშმაკის ადვოკატის» ვერსიას წარმოადგენდა. მეორე, ფართოდ გავრცელებული ვერსიის მიხედვით კი, NDI-ს რეიტინგი არის ერთგვარი ინდიკატორი იმისა, რომ გარკვეულ ძალებს ვაშინგტონში სააკაშვილის რეჟიმის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად სურთ. შესაძლოა, სწორედ ამ ორ ვერსიას შორის მდებარეობს მოედანი, რომელზეც ზემოხსენებული თამაში მიმდინარეობს.     

«This game has no name, it will never be the same» (ამ თამაშს არ აქვს სახელი, ის ერთი და იგივე არასდროს იქნება)… თამაში მიდის, სადღაც იქ, ვაშინგტონში, სადაც ვიწრო დერეფნებში ეჯახებიან ერთმანეთს მონდომებისგან ენაგადმოგდებული ლობისტები და დინჯად მიაბიჯებენ დაკვირვებული ადამიანები, რომელთა სახელებს ან თუნდაც პირად ნომრებს ვერასოდეს შევიტყობთ. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ მომავალი არჩევნების და, შესაბამისად, საქართველოს ბედი სულ უფრო მეტად ხდება იმ თამაშის ნაწილი და სულ უფრო ნაკლებად _ ჩვენი გადასაწყვეტი საქმე; ამომრჩეველი გრძნობს ამას და, სავარაუდოდ, სულ უფრო ღიზიანდება.

ეს საინტერესო საყურებელი, მიმზიდველი თამაშია, სადაც ფსონი, ძველად რომ იტყოდნენ, სიცოცხლეზე მეტია, მაგრამ ეს ჩვენი თამაში არ არის. მას, ალბათ, ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ, ხოლო ოქტომბერში (თუ როცა იქნება), უბრალოდ, მივიდეთ არჩევნებზე და საქართველოს ბედი გადავწყვიტოთ, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ ამაზე ამერიკელები, რადგან, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და არა მათ!

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here