Home რუბრიკები პოლიტიკა შენ ასე ვერ შეძლებ, მიშა!

შენ ასე ვერ შეძლებ, მიშა!

738

«სულ ტყუილად გვაკრიტიკებენ, თუ რატომ ვიღებთ განვითარების აზიურ მოდელს.  ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო სამხრეთ კორეასთან თუნდაც ხალხებს შორის ხასიათის მსგავსებაში», _ ამ წინადადებაში მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მკაფიოდ და გასაგებად თქვა ის, რაზეც მისი თანაგუნდელები ადრე მხოლოდ მინიშნებებით საუბრობდნენ. დიახ, აზიური მოდელი! ეს მოდელი კი, როგორც ცნობილია, პირველ, ხანდახან კი მომდევნო ეტაპებზე, ე.წ. განვითარების დიქტატურის დამყარებას გულისხმობს. ის, რომ სააკაშვილს გული სწორედ ამ მიმართულებით მიუწევს, საიდუმლო, ალბათ, არავისთვის არის, თუმცა ეს რეპლიკა, ალბათ, კარგი საწყისი წერტილია იმისთვის, რომ დავადგინოთ, რით ვგავართ სამხრეთ კორეას და რით განვსხვავდებით მისგან, რა არის «განვითარების დიქტატურა» და რით განსხვავდება ის ჩვენებური «დეგრადაციის დიქტატურისგან», რომლის მორევში საქართველო სულ უფრო ღრმად იძირება.

ბრინჯი მათი არსობისა

გენერალი პაკ ჩონ ხი, რომელიც სამხრეთ კორეას 60-იანების დასაწყისიდან 70-იანების ბოლომდე მართავდა, ნიჭიერი და მამაცი პიროვნება იყო. ბევრი დიქტატორისგან განსხვავებით, სისასტიკის გარდა, მას გამჭრიახი გონება და წინდახედულობა ახასიათებდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების სათავეში თითქმის ოცი წელი გაატარა, მაინც მომჭირნე გლეხკაცად და უბრალო ჯარისკაცად დარჩა; თავის რეზიდენციაში მუდამ ადევნებდა თვალს წყლის ეკონომიას, ძვირადღირებული პროდუქტებისგან დამზადებულ კერძებს არ ჭამდა, ხოლო თავისუფალ დროს სოფელში პაპისეულ ნაკვეთს ამუშავებდა (ყოველგვარი ტელეკამერების გარეშე). მას ქვეყნისთვის არც ერთი ცენტი არ მოუპარავს და ამას მისი მოსისხლე მტრებიც კი აღიარებენ.

რა თქმა უნდა, პაკ ჩონ ხი დიქტატორი გახლდათ და ბევრი ცუდი რამ ჩაიდინა, მაგრამ მის თავისებურ გულწრფელობასა და პატიოსნებას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს. ჩვენ არ დავკარგავთ დროს მიხეილ სააკაშვილის მოკლე დახასიათებაზე, რადგან აქ ყველაფერი ისედაც გასაგებია და, უბრალოდ, აღვნიშნავთ, რომ ამ ორ პოლიტიკოსს შორის რაიმე მსგავსების მოძებნა წარმოუდგენლად რთულია.

პიროვნების როლი ისტორიაში, ცხადია, საინტერესო სასაუბრო თემაა, თუმცა ურიგო არ იქნება, თვალი ეკონომიკურ ბაზისსაც შევავლოთ. სამხრეთ კორეას პაკ ჩონ ხის რეფორმების დაწყების წინ, მარტივად რომ ვთქვათ, არაფერი ჰქონდა: არც ბუნებრივი რესურსები, არც რამდენადმე ღირებული ინდუსტრია და ამას ჩრდილოეთთან გამანდგურებელი ომის (1950-1953) უმძიმესი შედეგები ემატებოდა. სამხრეთ კორეის ერთადერთი სტრატეგიული რესურსი დიდი რაოდენობის იაფი მუშახელი იყო. როდესაც ამ აქტივზე ვსაუბრობთ, ხანდახან გვიკვირს, თუ რატომ ახდენს ის სასწაულებს ზოგიერთ ქვეყანაში, ხოლო ზოგისთვის განსაკუთრებული არაფერი მოაქვს. როგორც ჩანს, მხოლოდ სიიაფე ან დიდი რაოდენობა წარმატებისთვის საკმარისი არ არის.

უხსოვარი დროიდან კორეის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურა ბრინჯი იყო. ერთი ოჯახი ბრინჯის მოყვანისას პრაქტიკულად ვერაფერს მიაღწევს. უხვი, სტაბილური მოსავლის მიღებას, რომელსაც მჭიდროდ დასახლებულ პროვინციებში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ მძიმე, არამედ კარგად ორგანიზებული კოლექტიური შრომაც სჭირდება. ერთი სოფლის (ან რამდენიმე მეზობელი სოფლის) გლეხების ნაკვეთებს ერთიანი სარწყავი სისტემა კვებავდა. ამ ერთიანი სისტემის ფარგლებში არ შეიძლება, ერთსა და იმავე დროს, წყალი ერთ ნაკვეთს მიეწოდოს, ხოლო მეორეს _ არა, იმიტომ, რომ მისმა პატრონმა მუშაობის განსხვავებულ გრაფიკზე გადასვლა გადაწყვიტა. ჩვენ არ აღვწერთ დეტალურად, თუ რა ეტაპებისგან შედგებოდა ბრინჯის მოყვანის პროცესი ძველ აზიაში, უბრალოდ, აღვნიშნავთ, რომ წყლის დროულ მიწოდებას, უფრო მეტად კი დროის ფაქტორს კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა. ყოველივე ეს გლეხების მუშაობას (მუხლამდე ტალახში) ურთიერთშეთანხმებულს და ურთიერთდამოკიდებულს ხდიდა.

რთული საირიგაციო სისტემა მუდმივ მოვლა-პატრონობას მოითხოვს, და, ზოგადად, პროდუქტიულ შრომას ასეთ პირობებში ორგანიზაცია და სტაბილურობის უზრუნველყოფა სჭირდება. ეს კი ძლიერი ხელისუფლების გარეშე შეუძლებელია. იმ ქვეყნებში, სადაც ბრინჯი დომინანტი კულტურა არ იყო და გლეხი შედარებით «ავტონომიური» გახლდათ, ჩინოვნიკი განიხილებოდა როგორც ლეგალიზებული ბანდიტი, ხოლო ადგილობრივი ფეოდალი _ როგორც ძნელად ასატანი, თუმცა დროდადრო აუცილებელი (უსაფრთხოების დაცვა) ბოროტება. «ბრინჯის ქვეყნებში» კი ხელისუფლების წარმომადგენელს გაცილებით უფრო დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ (ეს სხვაობა კარგად  ფიქსირდება ფოლკლორში), რადგან მის გარეშე ერთიანი საირიგაციო სისტემა თავისი წყალსცავებით, არხებითა და სხვადასხვა ობიექტით ადრე თუ გვიან განადგურდებოდა, რაც გლეხებისთვის სამყაროს დასასრულის ტოლფასი იყო. 

ამგვარად, სამხრეთ კორეის შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ არა უბრალოდ იაფ მუშა ხელზე, არამედ ადამიანებზე, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ ორგანიზებულ, ჯგუფურ, ძალიან ინტენსიურ შრომას; მცირედით კმაყოფილდებოდნენ და სახელმწიფოს, ისევე, როგორც უშუალო უფროსის მიმართ, მეტად ლოიალურები იყვნენ. სწორედ ეს ხალხი წარმოდგენდა გენერალ პაკ ჩონ ხის ერთადერთ სტრატეგიულ რესურსს, როდესაც მან თავისი რეფორმები დაიწყო; ეს იყო მისი «არმია» _ მისი მშიერი ფეხშიშველი ქვეითები, რომლებმაც XXI საუკუნის კარიბჭე შეანგრიეს. საინტერესოა, აქვს თუ არა საქართველოს ასეთი რესურსი დღეს? ალბათ, არა, თუმცა ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არანაირი სასტარტო აქტივი არ გაგვაჩნია.

დიდი გზა პირველი ნაბიჯით იწყება

ყველაფერი მსუბუქი მრეწველობით დაიწყო _ პერანგებით, შარვლებით, რბილი სათამაშოებით; სამხრეთ კორეა თანდათან გადაიქცა ერთ დიდ ფაბრიკად, რომელიც საზღვარგარეთიდან შემოტანილი ნედლეულის გადამუშავებას ახდენდა და საექსპორტო პროდუქციას ქმნიდა. ამან ფუნდამენტი შექმნა, შემდეგ დაიწყო კვალიფიციური კადრების მომზადება და ერთი მეორეს მიყოლებით მეტალურგიის, გემთმშენებლობის, ქიმიური მრეწველობის განვითარება, შემდეგ საქმე ავტომობილებზე და ელექტრონიკაზე მიდგა. წარმატებას კიდევ ორი ფაქტორი განაპირობებდა: მეტად შეღავათიანი კრედიტები, რომელთაც დასავლეთი სამხრეთ კორეას, მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, აძლევდა და მეორე: სახელმწიფოს მუდმივი, თუმცა ამავე დროს საკმაოდ გონივრული ჩარევა ეკონომიკაში.

სხვათა შორის, სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც იყო მომენტი, როდესაც უცხოურ დახმარებასა და მხარდაჭერას ეკონომიკის სტარტერის როლის შესრულება შეეძლო. მეორე ასეთი შანსი, შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ მოგვეცეს. სად არის ახლა ის ფული ან ის მხარდაჭერა? რა გვიჭირავს ხელში დღეს უზომოდ გაზრდილი საგარეო ვალის და აბსოლუტურად კოშმარული სავაჭრო ბალანსის გარდა

მმართველობის პირველ რვა წელიწადში პაკ ჩონ ხიმ სამხრეთ კორეა მსუბუქი მრეწველობის გლობალური მნიშვნელობის საწარმოდ გადააქცია, მომდევნო რვა წელიწადში კი _ მძიმე მრეწველობის, შემდეგ მოვიდნენ სხვები და უფრო შორს წავიდნენ. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, ვხედავთ რით დაგვირგვინდა სააკაშვილის მმართველობის 8 წელიწადი და, როგორც წესი, იმის წარმოდგენაც კი გვზარავს, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მისი მომდევნო რვაწლედი.  

საბოლოო ჯამში, მთელ ამ მინიშნებებს იმაზე, რომ საქართველოს აზიური ტიპის «განვითარების დიქტატურა» სჭირდება, სააკაშვილი, სავარაუდოდ, იმიტომ აკეთებს, რომ საკუთარი დიქტატურის გამართლებას ცდილობს. თუმცა ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, რომ მას არა განვითარება, არამედ მისი მუდმივი იმიტაცია სურს, რადგან აზიის ქვეყნების, მათ შორის სამხრეთ კორეის, მაგალითი გვიჩვენებს, რომ «განვითარების დიქტატურა» დროებითი მოვლენაა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ავანსცენაზე გამოდის ახალი, «მაძღარი» თაობა, რომელიც ძველ შეზღუდვებს აღარ ეგუება და სრულფასოვან დემოკრატიას მოითხოვს. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი ალბათობით, ისევ და ისევ მელოდრამატულ თეატრალურ წარმოდგენაზე და არა შეგნებულ პოლიტიკურ არჩევანზე ვსაუბრობთ.

ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ სააკაშვილმა დიქტატორული მეთოდების გამოყენებით მართლა ააყვავა და გაამთლიანა საქართველო, განა ეს იმას ნიშნავს, რომ ის მმართველობაში სამუდამოდ უნდა დარჩეს? პირიქით, რაც უფრო ახლოა ქვეყანა დასახულ მიზნებთან, მით უფრო სწრაფად იწურება დიქტატორის დრო და მისი წასვლა გარდაუვალი ხდება (ყოველივე ამაში პიროვნული ტრაგედიის ელემენტიც არის). თუმცა ყოველივე ეს მხოლოდ თეორიული წიაღსვლებია, რადგან სააკაშვილს, როგორც ცნობილია, არაფერი არ აუყვავებია და არც გაუმთლიანებია

ის, რომ «ჩუჩხე» ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო იდეოლოგიაა,  საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რას ნიშნავს სიტყვა «ჩუჩხესონი». პაკ ჩონ ხის მმართველობის წლებში ჩუჩხესონი სამხრეთ კორეის სახელმწიფო იდეოლოგია იყო. ძალიან ბევრი რამ მასში რეჟიმის არსებობის გამართლებას ემსხურებოდა და წარსულს მასთან ერთად ჩაბარდა, თუმცა ზოგიერთი ელემენტი დარჩა, მაგალითად, საკუთარ ძალებზე დაყრდნობა და მუდმივი სწრაფვა ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის  გაფართოებისკენ. იმ პერიოდის სამხრეთ კორეა ხშირად აშშ-ის მარიონეტულ სახელმწიფოდ აღიქმება. ცხადია, არც უამისობა იყო, მაგრამ მოდით, ერთ საინტერესო სტენოგრამას გადავხედოთ; 1972 წლის მაისში ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთის დაზვერვის შეფი ლი ხუ რაკი ჩავიდა, რათა კიმ ირ სენისთვის სამხრეთ კორეის პრეზიდენტის გზავნილი ჩაეტანა. ეს სტენოგრამა ცხადყოფს, რომ იმ დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან არა პროამერიკელები და პრორუსები, არა კომუნისტები და კაპიტალისტები, არამედ, უპირველეს ყოვლისა, კორეელები ისხდნენ.

ციტატა:

კიმი: _ ჩვენი პოზიციაა, რომ ქვეყნის გაერთიანების საკითხში უცხო ძალებზე დაყრდნობა გამოვრიცხოთ, ამაში მე პაკ ჩონ ხის ვეთანხმები.

ლი: _ პრეზიდენტი პაკი უცხო ძალების ჩარევას ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება.

კიმი: _ თუ ეს ასეა, წინ წავალთ. მოდით გამოვრიცხოთ უცხო ძალები. აღარ ვიბრძოლოთ. გავერთიანდეთ როგორც ერი. ნუ დავიციკლებით კომუნიზმსა და კაპიტალიზმზე.

ლი: _ 40-50 მილიონიანი ერი ძლიერ ქვეყანას ნიშნავს. ასი წლის წინ ჩვენ იძულებულნი ვიყავით, მფარველი ზესახელმწიფოები გვეძებნა, იმიტომ, რომ სუსტები ვიყავით, მაგრამ მომავალში დიდი ქვეყნები ჩვენ გვთხოვენ მფარველობას. მე მინდა, კარგად გაიგოთ, რომ ზესახელმწიფოები მხოლოდ სიტყვიერად უჭერენ მხარს ჩვენს გაერთიანებას, სინამდვილეში კი მათ ეს არ სურთ.

კიმი: _ ზესახელმწიფოებსა და იმპერიალიზმს ურჩევნიათ, ერი რამდენიმე პატარა ერად დაჰყონ

ეს ძალზე დრამატული დიალოგია. ამ დროს მიდის ომი ვიეტნამში, 38-ე პარალელზე სამხრეთ და ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები ერთმანეთის პირისპირ დგანან, მთელი პლანეტა ზესახელმწიფოების ბრძოლის ველია, მაგიდასთან კი ორი კორეელი ზის და იმ დიდ მიზანზე საუბრობს, რომელიც მათ აერთიანებს; «არც ერთი იყო კომუნისტი და არც მეორე _ კაპიტალისტი…»

შეუძლიათ თუ არა დღევანდელ ქართველ პოლიტიკოსებს აი ასე, დროებით მაინც, თუნდაც გულახდილი საუბრის დონეზე, თავი დაანებონ უცხო ქვეყნების (და საკუთარი მერკანტილური) ინტერესების გატარებას და წინა პლანზე საქართველო დააყენონ? _ ალბათ, არა.

დიქტატორის უკანასკნელი ვახშამი      

1979 წლის 26 ოქტომბერს პრივატული ვახშმის დროს სამხრეთ კორეის დაზვერვის ახალმა შეფმა კიმ ჩე გიუმ რამდენიმე გასროლით პრეზიდენტი პაკ ჩონ ხი მოკლა. მისი მოტივებთან დაკავშირებით ბევრი ვერსია არსებობს, პირადი განაწყენებიდან დაწყებული, დამთავრებული სამხრეთკორეული ელიტის შეშფოთებით აშშთან ურთიერთობის გაფუჭების გამო. ერთერთი მთავარი ეჭვმიტანილი (კონსპიროლოგიის დონეზე), როგორც ყოველთვის, ძია სემი იყო, რადგან მას ძლიერ აღიზიანებდა პაკ ჩონ ხის მზარდი თავნებობა და მისი დიქტატურის ზღვარგადასული სისასტიკე.

 სასამართლოზე კიმ ჩე გიუ ირწმუნებოდა, რომ დემოკრატიის აღდგენის სურვილი ამოძრავებდა, თუმცა სასამართლომ ჩათვალა, რომ მას, უბრალოდ, ძალაუფლება სწყუროდა. კიმ ჩე გიუ სამ ხელქვეითთან ერთად 1980 წლის მაისში ჩამოახრჩეს.

პაკ ჩონ ხის მმართველობის პირველ ეტაპზე სამხრეთ კორეა კლასიკური «ფასადური დემოკრატია» იყო, ბოლოს კი გენერალმა ეს დეკორაციებიც გაანადგურა და უაღრესად სასტიკი რეჟიმი დაამყარა. მიჩნეულია, რომ მან არაერთი ადამიანის მოკვლის ბრძანება გასცა. სასწორის ერთ მხარეს რეჟიმის უამრავი დანაშაული დევს, მეორე მხარეს კი _ ფეხზე დამდგარი, ძლიერი ქვეყანა, რომელიც დღეს გარე გავლენისგან გაცილებით დამოუკიდებელია (ცხადია, ყველაფერი ფარდობითია), ვიდრე რამდენიმე ათწლეულის წინ და თავისი მიღწევებით მსოფლიოს აოცებს; ეკონომიკური (და არა მხოლოდ) საფუძველი ამას სწორედ პაკ ჩონ ხიმ ჩაუყარა.

საქართველოში დღეს არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მსგავსი გზა უნდა გაიაროს, რომ ალტერნატივა ჩვენ, უბრალოდ, არ გვაქვს. სააკაშვილის რეპლიკა, რომელიც წერილის დასაწყისში მოვიყვანეთ, პრინციპში, მათ ყულაბაში ჩაგდებული მონეტაა.

პირადად სააკაშვილისგან, როგორც ჩანს, უკვე აღარაფერი გამოვა: არც პაკ ჩონ ხი, არც პინოჩეტი, თუმცა პრობლემა გაცილებით უფრო ფართო და საინტერესოა. შესაძლებელია თუ არა, საქართველო სწრაფად წავიდეს წინ, მაგრამ ისე, რომ ამ გზაზე «განვითარების დიქტატურის» ეტაპის გავლა გამოირიცხოს? ჩვენ, ალბათ, უნდა მოვძებნოთ ისეთი ფორმულა, რომელიც, ერთის მხრივ, ქვეყნის სწრაფ წინსვლას უზრუნველყოფს, ხოლო, მეორე მხრივ, «განვითარების დიქტატურის» კოშმარს აგვარიდებს, რაც ტრივიალური ამოცანა სულაც არ არის.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here