Home რუბრიკები ისტორია მოსე მდინარაძე: Мой отец воевал, его отец воевал, его отец, его, ...

მოსე მდინარაძე: Мой отец воевал, его отец воевал, его отец, его, его, его, его отец воевал тоже!

1336

ანგრიონ, ანგრიონ! თითოეული წაქცეული ძეგლით მაგ პიროვნებას მხოლოდ ამაღლებენ

_ ბაბუ, ცოტა ხმამაღლა მელაპარაკე! არ მესმის კარგადმეპატიება, 94 წლის, ოთხი თვის და სამი დღისა ვარ! _ მაფრთხილებს ომის ვეტერანი, თადარიგის პოლკოვნიკი, მოსე მდინარაძე.

ერიჰა! 94 წლის ადამიანს დღეებიც ახსოვს! მართლაცდა, იმედი არ გამიცრუა ტიტე ლეპსაიამ, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ, რეკომენდაცია რომ გაუწია ჩემს ახლანდელ რესპონდენტს!

_ რაო, ბაბუ, გაგიკვირდა, რომ კარგი მეხსიერება მაქვს? _ სულ უფრო და უფრო მაოცებს ბატონი მოსე.

_ როგორ მიხვდით ჩემ გაკვირვებას?

_ სახეზე გაწერია და ვკითხულობ! _ მხიარული ტონით მეუბნება პოლკოვნიკი.

ო, ამ კაცს იუმორის გრძნობა ნამდვილად აქვს, _ გაფიქრებასაც ვერ ვასწრებ, რომ ჩემი მასპინძელი ახალ «სიურპრიზს» მიმზადებს: «ერთი სული გაქვს, შემეკითხო, თუ რას ვფიქრობ სტალინის ძეგლის დამხობასთან დაკავშირებით, არა?»

მისტიკური კოშმარი _ ეს ადამიანი ჩემს აზრებსაც კითხულობს!

_ ამ უტვინობასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ კომენტარს გავაკეთებ: აი, აქედან სტალინის ხსოვნას ვერ ამოგვიშლიან (ბატონ მოსეს საჩვენებელი თითი თავთან მიაქვს) არა მხოლოდ ჩვენი, ვეტერანების, არამედ მომდევნო თაობების ხსოვნიდანაც მეორედ მოსვლამდე! ანგრიონ, ანგრიონ! თითოეული წაქცეული ძეგლით მაგ პიროვნებას მხოლოდ ამაღლებენ!

_ განსაკუთრებით, თუ გაითვალისწინებ, ვინ არიან თავად «დამამხობლები!» _ ვეთანხმები ვეტერანს.

მოსე მდინარაძე დაიბადა გურიის ულამაზეს სოფელში, ვაკიჯვარში 1917 წლის 19 ნოემბერს.

_ ხომ გახსოვს ფილმი «ჯარისკაცის მამა»? _ მეკითხება ბატონი მოსე. _ რას ეუბნება გიორგი მახარაშვილი ოფიცერს: « Мой отец воевал, его отец воевал, его отец, его,  его,  его, его отец воевал тоже!»-ო. ასე ვიყავი მეც. ბაბუაჩემი _ საყვარელ სვანიძე მონაწილეობდა 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომში. ახლა წარმოიდგინე, რა ჯარისკაცი იყო, რომ არასრულ ერთ წელიწადში დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით და სამი მედლით! მამაჩემიც _ ჯიმშედი იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში.

1940 წლის 1 იანვარს მოსე მდინარაძემ ჩაიცვა სამხედრო ფორმა.

_ რომ იტყვიან, «обрили», ანუ გადამხოტრეს და ქალაქ პოლოცკთან არსებულ ბარაუხას სამხედრო ბაზაზე «მიკრეს თავი». რადგან რუსული ენა კარგად ვიცოდი, დამნიშნეს პირველი ბატალიონის პირველი ასეულის პირველი ოცეულის პირველი ათეულის უფროსად!

22 წლის მოსესთვის დაიწყო უჩვეულო სამხედრო სამსახური.

_ ვიყავი კომკავშირის აქტივისტი და ექვსი თვის შემდეგ დავაყენე საკითხი პარტიაში კანდიდატად მიღებაზე.

და 1940 წლის 6 ივნისს რიგით მდინარაძეს გადასცეს კანდიდატის ბარათი.

_ მეათე დივიზიის მსროლელთა პოლკში ბევრი ქართველი მსახურობდა მათგან თითქმის არავინ იცოდა რუსული. მეძახის პოლკის კომისარი და მეკითხება: « Что будем делать? Как будем принимать присягу?»

არ დაბნეულა მოსე და ერთ ხერხს მიაგნო.

_ რუსული სიტყვები ქართული ასოებით დავწერე და წავაკითხინე თანამემამულეებს. ასე მივიღეთ ფიცი. ხელისმოწერა კი რუსულად ყველამ იცოდა.

სურათიდან მკაცრი მზერით მიყურებს ლამაზი, ტანადი, მხარბეჭიანი ბიჭი შინელში.

_ აი, ასეთი ვიყავი დიდი სამამულო ომის დაწყების წინ!..

1941 წლის 22 ივნისს ასეულის ზემდეგი მოსე მდინარაძე ჩაერთო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ ომში.

_ 1941 წლის აგვისტოში დივიზიას ესტუმრა გენშტაბის პოლკოვნიკი. მის მიერ ამორჩეულ 500 კაცში მეც აღმოვჩნდი და სექტემბრის ბოლოს გაგვაგზავნეს ქალაქ არხანგელსკში, ეგრეთ წოდებულ მცირე აკადემიაში, რომელსაც ერქვა «Выстрел»-. იქ ვსწავლობდი ნოემბრის ბოლომდე, ხოლო 1942 წლის 5 იანვარს, ვადაზე ადრე მომანიჭეს უფროსი ლეიტენანტის წოდება. დამნიშნეს მეტყვიამფრქვევეთა ასეულის უფროსად და გვარდიის 28- მსროლელთა დივიზიის შემადგენლობაში, გაგვაგზავნეს ფრონტის წინა ხაზზე.

აქ დავუმატებ, რომ «მცირე აკადემიაში» სწავლა ერთწლიანი იყო, მაგრამ ახალგაზრდა ქართველმა სამხედრო თეორიის ისეთი ცოდნა გამოავლინა, ისე ადვილად ხსნიდა ტაქტიკურ ამოცანებს, რომ აკადემიის ხელმძღვანელობამ სავსებით საკმარისად ჩათვალა მდინარაძისთვის სწავლის ორი თვეც!

1944 წლის დასაწყისში 39-ე არმიის სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაიორი მდინარაძე დაინიშნა გვარდიის 279-ე მსროლელთა პოლკის მეთაურად! ეს იყო თავბრუდამხვევი სამხედრო კარიერა. რაღაც არასრულ 3 წელიწადში, უფრო ზუსტად, ორ წელიწად-ნახევარში მოსე მდინარაძე ასეულის ზემდეგიდან პოლკის მეთაური გახდა! ეს, საბჭოთა ჯარში, უიშვიათესი შემთხვევა იყო!

სტალინის უსაყვარლესი მხედართმთავარი, ყველაზე ახალგაზრდა არმიის გენერალი, მესამე ბელორუსიის ფრონტის მთავარსარდალი ივანე ჩერნიახოვსკი ეწვია მდინარაძის პოლკს, რათა პირადად გაცნობოდა მის მეთაურს.

_ ივან ჩერნიახოვსკი ულამაზესი ვაჟკაცი იყო! არაფერი სჯობდა მის ნახვას! ჯარი მას აღმერთებდა! მკაცრი იყო, მაგრამ გულისხმიერი. სხვა მთავარსარდლებისგან განსხვავებით, მის გამოჩენაზე ხელქვეითებს «მუხლები არ უკანკალებდათ» და სარდლის ბრძანებებს სიხარულით ასრულებდნენ! ორი საათი დაჰყო პოლკში ივან დანილოვიჩმა, ძალზე კმაყოფილი დარჩა, წასვლისას მეუბნება: «Я командиром полка стал в 32 года, а вам — только 26! Вот и приехал, чтобы лично познакомиться. Быть вам маршалом!»

თავად ჩერნიახოვსკი მარშლობას ვერ მოესწრო. 1945 წლის 3 თებერვალს, კენიგსბერგის აღებისას, სასიკვდილოდ დაიჭრა. არადა, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს _ კალინინს უკვე ხელი მოწერილი ჰქონდა ბრძანებაზე, ჩერნიახოვსკისთვის მარშლის წოდების მინიჭების თაობაზე. იგი მხოლოდ 38 წლის იყო…

_ მე დარწმუნებული ვარ, ჩერნიახოვსკი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ის ისეთ სიმხდალეს არ ჩაიდენდა, რაც ჩაიდინა ჟუკოვმა 1957 წელს და ჩვენი ქვეყნის ისტორია სხვანაირი იქნებოდადა, ალბათ, ჩემი სამხედრო ბიოგრაფიაც

არც მოსე მდინარაძეს გაუმართლა. 1944 წლის 23 ივნისს მისმა პოლკმა გაარღვია გერმანელთა თავდაცვის ხაზი და პირველი გავიდა სახელმწიფო საზღვარზე, მაგრამ ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა.

_ ცხრა ნამსხვრევიდან ექიმებმა მარტო ორის ამოღება შეძლეს. დანარჩენი შვიდი კი «სუვენირად» დამიტოვეს _ ერთი ბეჭის ქვეშ, ერთი ფილტვში, სამი პატარა _ თავში და ასე შემდეგყოველთვის მქონდა სირთულეები, როცა თვითმფრინავით მივემგზავრებოდი. შემოწმებისას აპარატურა წრიპინებდა. «ეს ომი «მღერის» ჩემში», _ ვუხსნიდი აეროპორტის თანამშრომლებს.

ცხრა თვე იშუშებდა ჭრილობებს მოსე მდინარაძე. ბოლომდე გამოჯანმრთელებაც ვერ შეძლო, რომ ისევ ფრონტზე მოითხოვა წასვლა.

_ იმ დროს ჩემი დივიზია მონღოლეთში იყო. 1945 წლის 9 აგვისტოს იაპონელებს შევუტიეთ, გავარღვიეთ მათი დაცვის ხაზი ხალულარშანის რაიონში და წყნარ ოკეანემდე მივედით. დავიკავეთ პორტარტური და იქ 1947 წლამდე ვმსახურობდი.

_ იმ პორტ-არტურში?!

_ დიახ, დიახ. ზუსტად იმ პორტარტურში, საიდანაც პიპინია ერისთავმა თავის ცხენს გამოასწრო, _ იცინის ბატონი მოსე.

1947-72 წლებში პოლკოვნიკი მდინარაძე მუშაობდა სამხედრო კომისრად ქუთაისში, ჭიათურაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, თბილისის 26 კომისრების სახელობის რაიონში. 1972 წელს პოლკოვნიკი მდინარაძე თადარიგში გავიდა. შემდგომ კი, 1989 წლამდე, ავტოტრანსპორტის სამინისტროში ერთ-ერთ სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

დღევანდელ დემოკრატებს აღიზიანებს სიტყვები «დიდი სამამულო ომი», მის ნაცვლად ხმარობენ: «მეორე მსოფლიო ომს».

_ მაგ დემოკრატებს რომ მოუსმინო, ყველა, ვინც ჩვენ გვებრძოდა, გმირია. აი, მაგალითად, გავიხსენოთ ჰიტლერის გენერალი შალვა მაღლაკელიძე. ვინ იყო ეს კაცი? მენშევიკების დროს იგი თბილისის გენერალგუბერნატორი გახლდათ. მაღლაკელიძე დაჰპირდა ჟორდანიას, რომ თბილისის დასაცავად 5 ათასს ჯარისკაცს გამოიყვანდა, მაგრამ 500 იუნკერით დასჯერდა. ხოლო ვინაა იუნკერი? არასრულფასოვანი ჯარისკაცი! და, აი, ამ მაღლაკელიძემ ხუთასი საჯიშე ბიჭი კოჯრის მიდამოებში მეთერთმეტე არმიას ჩაახოცინა

_ ხუთი ათასი ჯარისკაცი სადღა იყო?

_ ქაღალდზე! ყველა გაქცევას ცდილობდაჟორდანიას თამადობით! ნამდვილი გმირები იყვნენ მაზნიაშვილი, აფხაზი და ჩოლოყაშვილი!.. ჰმ, მაღლაკელიძე! _ ირონიულმა გრიმასამ წამით გაიელვა ვეტერანის სახეზე.

_ ბატონო მოსე, ხშირად გაიგონებ, რომ ჩვენ სხვის ომში ვმონაწილეობდით…

_ ასე დაწერე: «მე _ მოსე მდინარაძე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა თბილისის საქალაქო კავშირის თავმჯდომარე, დიდი სამამულო ომის ყველა ვეტერანის სახელით, გოდებით და თავზე ნაცრის დაყრით, დიდ ბოდიშს ვუხდი დემოკრატებს, რომ თავის დროზე, გერმანელ ფაშისტებს დავხვდით არა ვარდების თაიგულებით, არამედ ქვემეხების ზალპით; ასევე, დღემდე ვერ ვპატიობ თავს, რომ ტყვე ფაშისტები ვერ მოვათავსეთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში!». დასვი წერტილი, არა, უკეთესია, ძახილის ნიშანი!

ხარხარისგან თავს ძლივს ვიკავებ!

94 წლის გმირს სახელმწიფო უხდის 314-ლარიან პენსიას. აქედან 90% მიდის კომუნალურ გადასახადებში და წამლებში…

_ მე კიდევ რა მიჭირს, ბაბუ! მაგრამ, რა ქნას 80-ლარიანმა პენსიონერმა?!

აქვე ბატონი მოსე ამოცანას მიყენებს.

_ ახლა, მოისმინე ამოცანის პირობა:

ყველაზე დაბალი რანგის პარლამენტარი, რომელიც ვალოდია ჯინჭარაძესავით ბოლო მერხზე ზის, ერთ თვეში იღებს იმხელა ჯამაგირს, რასაც მე პენსიის სახით ვღებულობ ერთი წლის განმავლობაში. შენი ამოცანაა, დაითვალო რამდენი ოფლი უნდა დაღვაროს დეპუტატმა ქვეყნის სასიკეთოდ, რომ გადაწონოს მოსე მდინარაძის მიერ დაღვრილი სისხლის ოდენობა.

_ ბატონო მოსე, დამიწერეთ ორიანი! მათემატიკა ბავშვობიდან მეზიზღება!

ასე უყვართ საქართველოში!

ცნობილია, რომ გამოჩენილი მამაკაცის გვერდით აუცილებლად დიდი ქალი დგას. ამ ოჯახში ჩემი მისვლა ამა წლის 22 მარტს დაემთხვა ეთერ და მოსე მდინარაძეების ერთად ყოფნის 67-ე წლისთავს.

_ ამ დღეს ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, _ მიყვება ქალბატონი ეთერი, _ და შევთანხმდით, რომ დავქორწინდებოდით.

_ სად გაიცანით ერთმანეთი?

_ ვაკიჯვარში! მოსე ჭრილობას თბილისის ჰოსპიტალში იშუშებდა და რამდენიმე დღით მშობლიურ სოფელში ჩამოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ეთერი განათლებით პედაგოგია, პროფესიით არ უმუშავია, სამაგიეროდ, დიდებული ოჯახი შექმნა.

_ ქორწილი პორტ-არტურში გადავიხადეთ, _ იხსენებს ბატონი მოსე. _ ვინაიდან მე არ შემეძლო წავსულიყავი საქართველოში, ეთერი თავად ჩამოვიდა ჩემთან. გზაში 59 დღე დაჰყო! 1947 წლის 6 ნოემბერს, ქუთაისში ჩამოსვლისთანავე, ხელი მოვაწერეთ, 7 ნოემბერს კი გოგო შეგვეძინა!

წარმოუდგენელია, მაგრამ 67 წლის მანძილზე ცოლ-ქმარს შორის ერთი შეკამათებაც არ ყოფილა!

_ 88 წლის ქალი ვარ და დღეს მაქვს ერთადერთი სურვილი, რომ მე და მოსე ერთდროულად წაგვიყვანოს ღმერთმა!

_ მაგაზე ნუ ფიქრობ, ეთერ! _ ამშვიდებს მეუღლეს ბატონი მოსე. _ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. აგერ, ვეტერან ბოგველიშვილს უფასო წამალზე უარი განუცხადეს და ეს საქმე მოსაგვარებელია!

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here