Home რუბრიკები საზოგადოება მეუფე სერაფიმე: ჩვენი მთავარი მიზანი, ქვეყანაში დემოკრატიის აშენება კი არა, ეროვნული ცნობიერების...

მეუფე სერაფიმე: ჩვენი მთავარი მიზანი, ქვეყანაში დემოკრატიის აშენება კი არა, ეროვნული ცნობიერების განმტკიცება უნდა იყოს

1377

ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე “საქართველო და მსოფლიოს” წმინდა სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა) ესაუბრება.

_ მეუფე სერაფიმე, საქართველოში მეჩეთების მშენებლობის გადაწყვეტილებამ საპატრიარქოსა და საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. რატომ აპროტესტებს საპატრიარქო მეჩეთების აშენებას?

_ ქართულ აზროვნებასა და ცნობიერებაში მეზობელი ერების მიმართ ყოველთვის იყო და არის ტოლერანტული დამოკიდებულება, რასაც ჩვენი ისტორიაც ამტკიცებს. ვხედავთ, რომ ბოლო წლებში ისტორიულად ჩამოყალიბებულ ყველა კონფესიას აქვს შესაძლებლობა და უფლება, განვითარდეს და დაფუძნდეს ჩვენს ქვეყანაში. ცნობილია ისიც, რომ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს აქვთ შესაძლებლობა, ააშენონ რელიგიური საკულტო ნაგებობები, მაგრამ, რაც შეეხება ბათუმში მეჩეთის მშენებლობას, აღნიშნული საკითხი სწორედ ეროვნული თვალსაზრისით იწვევს გარკვეულ უკმაყოფილებას, რამეთუ ჩვენ ვიცით, რომ ორ ქვეყანას შორის თანაბარი ურთიერთობა არ არის.

მაგალითად, შარშან მოხდა ასეთი ფაქტი: ჩემი ლოცვა-კურთხევით, ბორჯომიდან თურქეთში გავაგზავნეთ მომლოცველთა ჯგუფი და საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქმა მესაზღვრეებმა კატეგორიულად მოსთხოვეს მოძღვარს, გაეხადა ანაფორა და მათ ქვეყანაში საერო პირის ტანსაცმლით შესულიყო, რაზეც მღვდელმა უარი განაცხადა. პროტესტის ნიშნად ბორჯომელმა მღვდელმა დატოვა საზღვარი და საქართველოში დაბრუნდა. მსგავსი ფაქტი არაერთხელ მომხდარა. როცა ჰკითხეს მესაზღვრეებს, თუ რატომ არ უშვებდნენ ქართველ სასულიერო პირს, ასე უპასუხეს, ჩვენ მაჰმადიანი ქვეყანა ვართ და არ გვინდა ქრისტიანმა სასულიერო პირებმა საკუთარ სამოსელში იარონ ჩვენს ქვეყანაშიო.

თუ თურქული მხარე იცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს და არ უშვებს ჩვენს სასულიერო პირებს თავის სახელმწიფოში, არათუ ეკლესიების ასაშენებლად, არამედ, უბრალოდ, ქართული ეკლესიამონასტრების მოსალოცად, რომლებიც უძველეს ქართულ მიწაწყალზე მდებარეობს, ჩვენ რატომ ვაძლევთ თურქეთს უფლებას, ააშენოს თავისი საკულტო ნაგებობა იქ, სადაც მას სურს, და არა იქ, სადაც ამას თუნდაც ქართველი მაჰმადიანი გადაწყვეტს? შევხვდი აჭარლებს და ვიცი, რომ ამ გადაწყვეტილებას არც ქართველი მაჰმადიანები ეთანხმებიან.

მე პირადად, როგორც რიგით ქართველს, სასულიერო პირს, მიმაჩნია, რომ  ამ მეჩეთის მშენებლობა შეუძლებელია და მითუმეტეს იუნკრების დაღუპვის ადგილას მეჩეთის მშენებლობა იმ გმირი ქართველების ხსოვნის უპატივცემულობად მიმაჩნია.

საქართველოში ხშირად  გაისმის სიტყვა ოკუპანტი, მაგრამ ჩვენ რატომღაც ვერიდებით გახსენებას, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის ტაო-კლარჯეთი. ხომ არ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ ის არ არის საქართველოს ნაწილი? მე, როგორც რიგითი ქართველი, ხმამაღლა ვაცხადებ: ტაო-კლარჯეთი უძველესი ქართული მიწა-წყალია და ისეთივე კუთხე და სიწმინდეა, როგორც სხვა დანარჩენი კუთხეები, რომლებზეც დღეს ვნერვიულობთ და ვლოცულობთ, ამ შემთხვევაში კი, გაჩუმებულები ვართ.

ყველა ქვეყანა, ყველაზე დემოკრატიულიც კი, იცავს ეროვნულ ინტერესებს და ფასეულობებს. ჩვენთან რატომღაც ჰგონიათ, რომ ყველაზე დემოკრატიულ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, სტუმარი თავისი სურვილისამებრ, როგორც უნდა, ისე იქცევა. ამ ცოტა ხნის წინათ, ლოსანჯელესის აეროპორტში ორი ბრიტანელი ახალგაზრდა ცოლქმარი დააპატიმრეს, რომლებმაც სოციალურ ქსელებში ხუმრობით დაწერეს, რომ ჩავლენ აშშში და დაშლიან ამერიკას, მერლინ მონროს კი საფლავიდან ამოთხრიან. ისინი აეროპორტშივე დააპატიმრეს და გაჩხრიკეს.

ეძებდნენ ნიჩაბს, რომლითაც მათ მსახიობი თითქოსდა საფლავიდან უნდა ამოეთხარათ. ჩვენ რომ გვეუბნებიან, თითქოს ამერიკა ყველაფერზე თანახმაა და იქ, როგორც გინდა, ისე მოიქცევი, თურმე ასე არ ყოფილა. ჩვენ კი, მიამიტი ქართველები, ვაძლევთ უფლებას ისეთ ახალგაზრდებს, როგორებიც არიან თეა თუთბერიძე და ერეკლე დეისაძე, გალანძღონ და ბილწსიტყვაობით მოიხსენიონ ჩვენი ეკლესია, პატრიარქი, გაჩუმებულები ვსხედვართ და ვამბობთ, რომ უნდა მოვითმინოთ, რადგან ეს თურმე ამერიკული დემოკრატიაა. მაშინ  რატომ არ მოითმინეს ამერიკელებმა და ორი ახალგაზრდა ხუმრობის გამო რატომ დააპატიმრეს?

_ თქვენ ამბობთ, რომ საქართველო არათანაბარ პირობებში იმყოფება, ავუხსნათ საზოგადოებას, კონკრეტულად რა საფრთხეს ხედავს ეკლესია მეჩეთების მშენებლობაში?

_ როდესაც უცხო ქვეყნიდან მომდინარეობს გარკვეული რელიგიური აქტიურობა, ეს ქართველ ხალხში უკვე შეშფოთებას იწვევს. ეს ჩვენ სისხლში გვაქვს და ამას აქვს გარკვეული საფუძველი. ამას გარდა, სულთანი აზიზიე, რომელიც 1861-1871 წლებში მოღვაწეობდა, ქართველ ერში, ქართულ აზროვნებაში არ არის დაკავშირებული რაღაც სიკეთესთან, პირიქით. ქართველებს გვყავდა კეთილი სტუმრები, ვინც ააღორძინა ქართული ხელოვნება, ქვეყანა, მაგალითად მიხაი ზიჩი, რომელიც მოიხიბლა ჩვენი ქვეყნით და რუსთაველის სახელი განადიდა თავის სამშობლოში. მაპატიეთ, მაგრამ აბდულ აზიზიეს არც შოთა რუსთაველი განუდიდებია და არც დავით აღმაშენებელი. პირიქით, მან უფრო მეტად განამტკიცა სურვილი, აჭარა და ტაო-კლარჯეთი მუდამ მისი ქვეყნის სამფლობელოში ყოფილიყო. ამიტომაც აქვს ქართველ ხალხს ასეთი რეაქცია.

_ ხელისუფლება მეჩეთების მშენებლობას ოშკისა და იშხნის აღდგენის მიზნით ხსნის. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხევაში, მაინც არ უნდა დავუშვათ მეჩეთების მშენებლობა?

_ თურქეთის მთავრობას ქართული ტაძრების აღდგენა ისედაც ევალება და ჩემთვის განსაკუთრებით საწყენი აღმოჩნდა, როცა შევიტყვე, რომ ჩვენმა ასეთმა მეგობარმა, როგორიც თურქეთის მთავრობაა, დაუშვა და აღუდგინა უფლებები ბერძნულ და სომხურ ეკლესიებს და ერთი სიტყვაც არ თქმულა ქართული ტაძრების შესახებ. არადა, ხომ ითვლება, რომ რუსეთი მტერია, თურქეთი კი მეგობარი და არა ოკუპანტი? როგორ შეიძლება მან არ დაგვიბრუნოს უფლებები ჩვენს ეკლესიებზე? ზოგიერთ ეკლესია-მონასტერში მეჩეთია განთავსებული, ზოგიერთი კი ცხოველთა სადგომადაა ქცეული. ეს იწვევს ჩემში შეშფოთებას და თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ მოლაპარაკებაში სასულიერო პირები და საპატრიარქო არ მონაწილეობდნენ, იყო, ასე ვთქვათ, გარკვეული ურჩობა.

_ როგორც საპატრიარქო აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთის მთავრობასთან ხელშეკრულება კანონდარღვევით და მასთან შეუთანხმებლად გააფორმა. ამ ფაქტმა, ბუნებრივია, საპატრიარქოს გულისწყრომა გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, რატომ მოიქცა ასე ხელისუფლება და რატომ დაუპირისპირდა ეკლესიას?

_ ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ახალგაზრდა თანამდებობის პირებს, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, გარკვეული ხარვეზი აქვთ. ამგვარი გადაწყვეტილება მეტყველებს, რომ სიღრმისეული პატივისცემა ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ ამ ადამიანებს არ გააჩნიათ და ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგნულია და რწმენას განსაკუთრებით არჩევნების წინ ამჟღავნებენ ხოლმე, მაგრამ მათი რწმენა სიღრმისეული არ არის. ამის დამადასტურებელია თუნდაც ერთი ფაქტი, შარშან, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს მრავალათასიანი მრევლის თვალწინ პატრიარქმა მოუწოდა მოსახლეობას, ხელისუფლებას, რომ ბუდა-ბარი არ შეიძლება აშენდეს რიყეზე, იქ, სადაც ასი ათასი ქართველი მოწამე ეწამაო, მაგრამ მისი სიტყვები არავინ გაითვალისწინა და, როგორც შევიტყვეთ, ბუდა-ბარი მაინც შენდება…

_ საპატრიარქოს წინაც შენდება კაზინო, რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით საპატრიარქოს?

_ საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია, მაგრამ მე პირადად, როცა ჩამოვედი თბილისში და ვნახე ეს კაზინო, პირად შეურაცხყოფად მივიღე. პროფესიით არქიტექტორი ვარ და კარგად ვიცი, მსოფლიოში არსად, ევროპის არც ერთ ქვეყანაში რელიგიური-საკულტო ნაგებობის წინ კაზინო არ აუშენებიათ, ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი. არც ერთი მთავრობა, ქალაქის მერი ამას არ დაუშვებს, გამორიცხულია. ასეთი რაღაცები მხოლოდ ლათინური ამერიკისთვისაა დამახასიათებელი.

_ მეუფე სერაფიმე, 6 სომხური ეკლესიის გადაცემას ითხოვს სომხური მხარე. როგორ უნდა მოიქცეს საქართველო?

_ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საპატრიარქო საკუთარ პოზიციას, ალბათ, დააფიქსირებს, მაგრამ ჩემი, როგორც სასულიერო პირის პოზიციაა, რომ ამ საკითხს სჭირდება მუშაობა ემოციებისა და ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე. მე წიგნი წავიკითხე, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში 300-დან 600-მდე სომხური ტაძარია თურმე და მათ დაბრუნებას ითხოვენ სომეხი მეცნიერები. ამ ციფრებზე მე მეღიმება. ჩვენ მეზობლები ვართ და კეთილგონივრული ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენმა სიტყვამ ან მოქმედებამ მეზობელ ერს არ ავნოს. საქართველოში რამდენიმე სომხური ეკლესიაა, მაგრამ არის ბევრი ქართული ეკლესია, რომლებიც ძნელბედობის ჟამს სხვა კონფესიის საკუთრებაში გადავიდა.

 _ ცოტა ხნის წინ წმინდა სინოდმა უზნეობის აღკვეთა მოითხოვა. პატრიარქმაც ისაუბრა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან მომდინარე უარყოფით ენერგიაზე, რა საფრთხეს ხედავს და როგორ აპირებს, წინ აღუდგეს ამ ყველაფერს ეკლესია?

_ ეს პრობლემა ყველა ქვეყანაშია, განსაკუთრებით ევროპაში. ასეა, მაგალითად, ვატიკანში, ბულგარეთსა თუ საბერძნეთში, სადაც სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლები ხმამაღლა ამხელენ ხოლმე თავიანთ საზოგადოებასა თუ მთავრობას. უზნეობის პროპაგანდა გამეფებულია, ძირითადად, არამუსლიმანურ ქვეყნებში და სასულიერო პირი, რომელმაც იცის, რა არის ეკლესიური კანონები, რას ითხოვს უფალი, ბუნებრივია, ვერ დაეთანხმება სრულ თავისუფლებას, რაც დღეს სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში სუფევს.

საზოგადოება გაყოფილია, ნაწილი გვსაყვედურობს, რატომ უფრო აქტიურად არ მოუწოდებს ეკლესია ხალხს და რატომ უფრო აქტიურად არ გამოდის პოლიტიკურ ბრძოლაში ხელისუფლების წინააღმდეგ; მეორე ნაწილი პირიქით ამბობს: ნუ ჩაერევა ეკლესია ჩვენს საქმეში, ის ცალკე სახელმწიფოა და არ აქვს უფლება, შენიშვნა მისცეს სახელმწიფოსა და საზოგადოებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებითო. თუ ეკლესია ჩაერევა, გამოდის, შუა საუკუნეების ევროპაში მოქმედი სავონაროლას გზა, რომელიც მკაცრად კრძალავდა ყველაფერს, როგორც ეს ხდება მუსლიმანურ ქვეყნებში, და არის მეორე გზა, როცა სასულიერო პირს არ აინტერესებს რა ხდება.

_ რა გზას ირჩევს საქართველოს ეკლესია?

_ საქართველოს ეკლესია ყველაზე ბრძნულ და სწორ გზას ირჩევს. არავითარ შემთხევაში არ უნდა მოუწოდოს ეკლესიამ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და მიტინგებისკენ. ეკლესიას თავისი პრეროგატივა აქვს. იმ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიისგან ითხოვენ, მოუწოდოს ხალხს ქუჩაში გამოსვლა და პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობა, ავიწყდებათ, რომ, როგორც კი ეკლესია მოუწოდებს ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ, მაშინვე გადაიქცევა გაპონად, რომელმაც 1905 წლის 9 იანვარს ხალხი გამოიყვანა ქუჩაში და შემდეგ ეს ხალხი უმოწყალოდ დახვრიტეს. ზოგიერთი საერო პირი ცდილობს, საკუთარი პასუხისმგებლობა ეკლესიას დააკისროს. ეკლესია ეროვნული ცნობიერების მატარებელია და ასწავლის თანამდებობის პირებსაც და საზოგადოებასაც, როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ მან რომ ხელში იარაღი აიღოს, წარმოუდგენელია.

ქართველებთან ურთიერთობაში სიფრთხილეა საჭირო. სამოქალაქო ომის დროს იყვნენ პირები, რომლებსაც მტკიცედ სჯეროდათ, რომ ქაშუეთის ეკლესიიდან სამღვდელოება ისროდა. ასეთი შემთხვევაც მოხდა: ზუგდიდში, მხედრიონელებმა მღვდელი რომანოზი აწამეს და მოითხოვდნენ, ეთქვა მათთვის, სად მალავდა იარაღს ეკლესიაში. მამა ზაქარია პირველი პრეზიდენტის მომხრეებმა აწამეს და აბრალებდნენ, რომ ეკლესიაში ისიც იარაღს მალავდა. სჯეროდათ ზოგიერთებს, რომ მოძღვარს მართლაც შეიძლებოდა ეკლესიაში იარაღი ჰქონოდა. ასე რომ, საერო-პოლიტიკურ ბრძოლაში ეკლესიის ჩარევა ყოვლად დაუშვებელია. ეკლესია მოვალეა, ერი ზნეობრივად აღზარდოს და არა ქართველს ქართველის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდოს.

საჭიროა ეროვნული კანონების ამოქმედება, რომლებითაც ეს ყველაფერი შეზღუდული იქნება. მაგალითად, შარშან ერთი ახალგაზრდა ამერიკელი ტაილანდში უკრძალველად მოექცა ტაილანდელ მომსახურე ქალბატონს, რის გამოც ის 2 წლით დააპატიმრეს. ის კი არ უთხრეს, რადგან ამერიკელი ხარ, როგორც გინდა, ისე მოიქეციო. ჩვენი მთავარი მიზანი, ქვეყანაში დემოკრატიის აშენება კი არა, ეროვნული ცნობიერების განმტკიცება უნდა იყოს. იმ დროს, როცა ევროპაში ხალხს კოცონზე წვავდნენ, ქართული, ეროვნული სახელმწიფო, ქართული ეკლესია იცავდა ქვეყანას და თავს სამშობლოს სწირავდა.

_ სოციალურ ქსელებში გავრცელდა არქიმანდრიტ შიოს ქადაგება, რომელშიც ის ამბობს, რომ ყველა, ვისაც მიხეილ სააკაშვილი არ უყვარს, ეშმაკია და ეკლესიაში არ დაგინახოთ შემოსულიო. რამდენად აქვს სასულიერო პირს უფლება, აუკრძალოს მრევლს მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო ეკლესიაში შესვლა და საპატრიარქოში არსებულმა ეთიკის კომისიამ თუ დასაჯა ეს მამაო?

_ არ ვიცი, საპატრიარქოში დაიბარეს თუ არა, მაგრამ აქ საქმე გვაქვს სუბიექტურ მოსაზრებასთან. ზოგ სასულიერო პირს ხელისუფალი მოსწონს და მას აღმაშენებელსაც ადარებს, ზოგს კი _ ოპოზიციონერი და სწორედ ამაშია ჩვენი ეკლესიის სიდიადე, რომ ჩვენი პატრიარქი ყველას თანაბრად ლოცავს და სულიერად ზრდის. ეკლესია ყველას აერთიანებს. მოძღვარი, რა თქმა უნდა, მოზომილი უნდა იყოს თავის ქადაგებაში. ვფიქრობ, მისი მხრიდან ეს უფრო ემოციური და გაუაზრებელი სიტყვა იყო _ წამოსცდა ქადაგებისას. მე ვიცნობ მამა შიოს და ის ძალიან მოსიყვარულე, თბილი ადამიანია. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან ეს შეცდომა იყო. მე დადებითად ვაფასებ მის პიროვნებას, სწორედ მამა შიო ხელმძღვანელობდა დარიალის ხეობის ეკლესიის მშენებლობას, რომელიც ბატონმა ლევან ვასაძემ ააშენა.

ყველა სასულიერო პირს ევალება, იყოს ერთგული სამეფო დინასტიის, სამშობლოსი და მრევლი ამ სიყვარულით აღზარდოს.

_ მეუფე სერაფიმე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 მაისს ქერჩში მიემგზავრებით, რა არის თქვენი ვიზიტის მიზანი?

_ იგეგმება ჩვენი გამგზავრება ქერჩში. ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული. მსურველი ბევრია და ყველას მოვუწოდებთ, ხელისუფლების წარმომადგენლებსა თუ ნებისმიერი პოლიტიკური მრწამსის ადამიანს, ერთად გავემგზავროთ. გამარჯვების დღის აღსანიშნავად მივემგზავრებით და, ამას გარდა, იხსნება ქართული, წმიდა ნინოს სახელობის ეკლესია, რომელიც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში აშენდა. ეკლესია უკრაინის მიტროპოლიტ ვლადიმირს დაემორჩილება და იქ მცხოვრები ქართველების თხოვნაა, აქედან გაიგზავნოს ქართველი მოძღვარი. ქერჩი ისეთივე წმინდა ადგილია ჩვენთვის, როგორც რიყე, იქაც დაახლოებით 120-150 ათასი ქართველი დაიღუპა. მათი სულები ღაღადებენ და სწყინთ, რომ ქართველებმა ქერჩი დაივიწყეს.

_ ახლა დიდი მარხვაა, როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე, ჭეშმარიტი ქრისტიანი?

_ ეკლესია მოუწოდებს, რომ, პირველ რიგში, მორწმუნე ადამიანმა და ქართველმა საზოგადოებამ ეკლესიური ცხოვრება აღასრულოს. ბევრია ისეთი, ვინც მცირედსაც არ ასრულებს. რაც უფრო ხშირად ივლის ადამიანი ეკლესიაში, მით უფრო მეტად შეუსრულებს უფალი თხოვნას. ეკლესიის წიაღში უნდა შევიდეს ადამიანი და ეკლესიური ცხოვრება გაიცნოს.

ვფიქრობ, ეს წელიწადი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ვხედავთ, რომ გარკვეული დაძაბულობა იგრძნობა საზოგადოებაში და, როგორც საუკუნეების მანძილზე, დღესაც ერთადერთი გადამრჩენი, გამაერთიანებელი და ჩვენი ერის მანუგეშებელი ჩვენი ეკლესიაა, ამიტომ ყველას მოვალეობაა, მოუსმინოს და დაუჯეროს ჩვენს ეკლესიასა და მის საჭეთმპყრობელს, ჩვენს პატრიარქს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here