Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი ბათიაშვილი: სააკაშვილის შემდგომ ყოფნას ხელისუფლებაში შეიძლება საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაშლა...

ირაკლი ბათიაშვილი: სააკაშვილის შემდგომ ყოფნას ხელისუფლებაში შეიძლება საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაშლა მოჰყვეს

896

ირაკლი ბათიაშვილი, ეროვნული მოძრაობის ერთერთი ლიდერი, ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პოლიტპატიმარიმან თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ მისი პოზიცია ყოველთვის მართალი, მტკიცე და გასაგები იყო. სამოქალაქო დაპირისპირებისასაც კი იგი არცერთ მხარეს არ დაუდანაშაულებია. დღეს ირაკლი ბათიაშვილი «სახალხო კრების» ერთერთი ლიდერია. «კრებაზე», შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, საქართველოს ნატოსთან და რუსეთთან ურთიერთობაზე «საქართველო და მსოფლიოს» ირაკლი ბათიაშვილი ესაუბრება.

_ ბატონო ირაკლი, ერთერთ ბოლო ინტერვიუში ამბობდით, რომ არც რესპუბლიკელები და არც ალასანია ბრძოლაში ბოლომდე წამსვლელები არ არიან.

_ ეს მათივე ნათქვამია. არავის არაფერს ვაბრალებ, მით უმეტეს, ცუდი ურთიერთობა არ მაქვს ირაკლი ალასანიასთან. პირიქით, საკმაოდ კარგი დამოკიდებულება მაქვს. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, მეგობრებად მიმაჩნია. ირაკლი ალასანიამ ბევრჯერ გაუსვა ხაზი, რომ მათთვის მიუღებელია ბრძოლის ის მეთოდები, რომლებითაც მიდიოდა «სახალხო კრება» და რომელიც ჩვეული მეთოდია მთელ მსოფლიოში. ვგულისხმობ აქტივობის ისეთ ფორმებს, როგორიცაა საპროტესტო აქციები. ეს პოლიტიკური აქტივობის კონსტიტუციური და კანონიერი ფორმებია. ირაკლი ალასანიამ, კარგად მახსოვს, არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ასეთი ბრძოლა მისთვის მიუღებელია. ვიცი, რომ დაახლოებით იმავე პოზიციაზე დგანან რესპუბლიკელები, ჩემდა სამწუხაროდ. როდესაც «სახალხო კრებამ» პოლიტიკური აქტივობა წამოვიწყეთ, დაიწყო აქციები, მათი მხრიდან იგნორირება და ნეგატიური დამოკიდებულება იყო. 

როცა საქმე გვაქვს არაორდინალურ ავტორიტარიზმთან, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის სახით, რომელიც აშკარად პათოლოგიზმის სახეა, მითუმეტეს, ბოლო დროს თუ დავუკვირდებით სააკაშვილის ქმედებებს, გამოსვლებს, მგონი, საზოგადოებაში ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს, რომ ეს ადამიანი არის ფსიქოლოგიურად აბსოლუტურად არაადეკვატური და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ძალა, რომელიც უარს ამბობს პოლიტიკური აქვიტობის ასეთ სახეზე, ის, ფაქტობრივად, უარს ამბობს ბრძოლაზე; მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, ასე თბილად, რბილად, მშვიდად, კომფორტულად მიხვიდე არჩევნებამდე და წყნარად და უხმაუროდ გაიმარჯვო მიხეილ სააკაშვილზე. არ ვიცი ირაკლი ალასანიას მოსაზრებები, მაგრამ რესპუბლიკელები უჭკუონი არ არიან, საკმაოდ გონიერი ხალხია და შესანიშნავად იციან, რომ ესაა თავის მოტყუება. ის, რომ სააკაშვილი დღეს არაფრის დათმობას არ აპირებს, მგონი, ყველასთვის ცხადია. ამ რეჟიმის დამარცხება მხოლოდ ერთიანი ფრონტით არის შესაძლებელი!

_ «სახალხო კრება» არის უნიკალური წამოწყება. თუ პოლიტიკური პარტია მკაცრ ჩარჩოებში ზის, ეს მაინც საზოგადოებრივი წარმონაქმნია, ძალიან ცნობილი და პატივსაცემი ადამიანების მონაწილეობით, რომელსაც აქვს პრეტენზია, დადგეს პარტიკულარულ ინტერესებზე ზემოთ. კრებას «დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა» შეუერთდა და სავარაუდოა, რომ გაფართოების პროცესი გაგრძელდება. რით ახსნით იმ აგრესიას, რომელიც «სახალხო კრების» მიმართ მოდის?

_ «სახალხო კრების» მიმართ აგრესია გუშინ და დღეს არ დაწყებულა. ის დაიწყო მისი დაარსების დღიდან. ჯერ კიდევ 2010 წელს, როდესაც გააქტიურება დავიწყეთ, ამის პარალელურად მიმდინარეობდა ჩვენი დისკრედიტაცია, შავი პიარი, ცილისწამების ბინძური ნიაღვარი, რომელიც არ წყდებოდა და, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ხელისუფლებიდან. ამ კამპანიის მონაწილეები აღმოჩნდნენ მთელი რიგი ოპოზიციური ძალებისა, რომლებიც აქტიურად გვებრძოდნენ და ჯერ «რვიანის» ფორმატში მონაწილეობდნენ, მერე _ «ექვსიანის». «რვიანის» მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან რით დამთავრდა, ყველამ ვნახეთ. ჩვენ გვამუნათებენ, 26 მაისმა რა მოიტანაო? რა მოიტანა ამ ექსვთვიანმა მოლაპარაკებებმა? საზოგადოების «დაბოლებამ»? მოიტანა ძალიან ბევრი რამ, მართლაცდა, ყველაფერი სასიკეთო «ნაციონალური მოძრაობისთვის», ეს თავხედური საარჩევნო კოდექსი, კანონი პარტიათა დაფინანსების შესახებ. ეს ყველაფერი იმ მოლაპარაკებებმა მოიტანა. აგებს ვინმე ამაზე პასუხს? ჯერ მაგიდასთან დაიწყო მოლაპარაკებები, მერე ეპისტოლარულ, მერე პაემნის ფორმატში. ეს ყველაფერი «სახალხო კრების» აქტივობის პარალელურად ხდებოდა, როდესაც ჩვენებს იჭერდნენ, სცემდნენ, სახლებში უვარდებოდნენ, დევნიდნენ. კომფორტულად მიდიოდა მოლაპარაკებები, ტკბილად, ჭიკჭიკით და ეს ყველაფერი ემსახურებოდა «სახალხო კრების» ბრძოლის დისკრედიტაციას. ამ მოლაპარაკებებმა ხელისუფლებასთან ის მოიტანა, რამაც ოქტომბრის არჩევნებში გადამწყვეტი როლი შეიძლება შეასრულოს.

_ ის, რომ პოლიტიკურ ძალაზე ან საზოგადოებრივ მოძრაობაზე იყოს თავდასხმები, ამაში არაფერია გასაკვირი, განსხვავება არის ერთშიროგორ იღებს ამ კრიტიკას და როგორ რეაგირებს ესა თუ ის ძალა. შემაშფოთებელია ის, თუ როგორ იღებს დღევანდელი «ქართული ოცნება» ნებისმიერ კრიტიკულ გამონათქვამს. უნდა გითხრათ, რომ ჩემზე მეტი კრიტიკული გამონათქვამი პირადად ნინო ბურჯანაძის მიმართ ცოტას თუ ჰქონდა, მაგრამ საინტერესოა, როგორ იღებს ამას ნინო ბურჯანაძე. სხვაობა სწორედ ამაშია, _ იტან განსხვავებულ აზრს, თუ ვერ იტან და მათ შორის, მაშინ, როცა ჯერ არ ხარ ხელისუფლებაში. «სახალხო კრებამაც» ძალიან კარგად გაიარა ეს კრიტიკის ქარცეცხლი, უდანაკარგოდ. ნონა გაფრინდაშვილს არასდროს ჰქონია ცხოვრებაში იმის გამოცდილება, რომ ასეთი ტიპის პაექრობაში ჩაბმულიყო. რაშიც პაექრობდა, იმაში მსოფლიო ჩემპიონი იყო და არაერთგზის, მაგრამ ეს გამოცდილება მასაც უდავოდ სჭირდებოდა, როგორც «სახალხო კრების» ლიდერს. ამ ეტაპზე როგორ განვითარდება მოვლენები? სავარაუდოდ, ბრძოლა წავა ამომრჩევლის იმ 48 პროცენტისთვის, რომელმაც, სოროსის ფონდის კვლევების მიხედვით, დაადასტურა, რომ თვით შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაწყვეტის ხარჯზეც კი მზად არის, რომ რუსეთთან ურთიერთობა დარეგულირდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ რა თქმა უნდა, რუსეთის საკითხი იგნორირების გარეშე არ შეიძლება  დავტოვოთ. ეს მტკივნეული და უაქტუალურესია ყველა ჩვენგანისთვის. რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მათი ჯარი სულ რაღაც 40 კილომეტრში დგას თბილისიდან, თუმცა კრემლთან ერთად ამაში ლომის წილი მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის. მის მიერ რუსეთის ლიდერების ყოველდღიური ლანძღვა ისევ მათთვის არის პოლიტიკურად მომგებიანი. ჩვენ გეოგრაფიას ვერ შევცვლით, «როლიკებზე» საქართველოს ვერ დავაყენებთ და მდებარეობას ვერ შევუცვლით, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი იყო, არის და იქნება რუსეთი, რომელიც ჩვენს პოლიტიკაზე უზარმაზარ ზეგავლენას იქონიებს.

თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოვლენები მსოფლიოში ისევ ვითარდება, დაძაბულობა იზრდება, პროცესები ჩქარდება და ამ პროცესებში რუსეთი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სირიაში რუსეთი აქტიურად მხარს უჭერს ბაშარ ასადის რეჟიმს, იარაღით ამარაგებს. იქაა ტარტუსის ბაზა და რუსეთისთვის ასადის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ირანთან მიმართებაში რუსეთმა გაეროს თითქმის ყველა რეზოლუციას მხარი დაუჭირა, რაც ეხებოდა სანქციებს, მაგრამ ჩინეთიც და რუსეთიც წინააღმდეგი არიან, რომ ირანის მიმართ ძალა იყოს გამოყენებული. დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობა იზრდება.

მესამეა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხი, რომელზეც შეთანხმება ვერ ხდება. ამის გამო ისე დადგა საკითხი, რომ ნატოს სამიტი, ფაქტობრივად, უნდა გადაიდოს. ესეც უსიამოვნო ვითარებაა დასავლეთსა და რუსეთს შორის. იგივეა ავღანეთთან დაკავშირებითაც. იცით, რომ კორიდორი, რითაც სამხედრო ტვირთების 70-80% გადის, რუსეთმა გაუხსნა. მთელი რიგი საკითხებია, რომლებიც ჩვენ ჯერ არ ვიცით. რუსეთის როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

სულ სხვა იყო რუსეთი 90-იანი წლების დასაწყისში, მაგრამ მაინც ყოფა გვიტირა აფხაზეთში. მაშინაც ომი წავაგეთ რუსებთან, ოღონდ წელიწად-ნახევარი ვომობდით, სამდღიანი სამარცხვინო ომისგან განსხვავებით ცხინვალში. 90-იან წლებში რუსეთი იყო მართლაც დაჩოქებულ მდგომარეობში, დღეს კი ერთ-ერთი წარმმართველი ფიგურაა მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე. აქედან გამომდინარე, საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება, სააკაშვილზე აღარაა საუბარი, მან რომ რამე შეცვალოს საგარეო პოლიტიკაში, ამაზე საუბარი აღარაა, კაცი ჭკუაზე აღარაა. ნებისმიერმა ხელისუფლებამ რეალურად, ჰაერზე ლოზუნგებით კი არა, უნდა არეგულიროს ურთიერთობები რუსეთთან ისევე, როგორც, რა თქმა უნდა, შეინარჩუნოს და გააღრმავოს ის სტრატეგიული პარტნიორობა დასავლეთთან, რომელიც დიდი წვალებით იქნა მოპოვებული. ეს სააკაშვილის დამსახურება აბსოლუტურად არაა. ეს გააკეთა ედუარდ შევარდნაძემ. მან, ფაქტობრივად, შემოიყვანა ამერიკისა და ევროპის ინტერესები.

საქართველოს სწორი პოლიტიკა რეალურად ამ ბალანსის მოძებნაშია. რუსეთთან ურთიერთობის ნორმალირებაზეა ჩვენი ეკონომიკის განვითარებაც დამოკიდებული და ჩემთვის, ირაკლი ბათიაშვილისთვის სამომავლოდ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც თავის დროზე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა იყო, როგორსაც ბევრი ოცნებად აღიქვამდა. საქართველოს გამთლიანების წინაპირობები შრომით უნდა შევქმნათ, იმავე სწორი საგარეო პოლიტიკით, რაც ძალიან რთული იქნება. ვინც ამბობს, რომ რუსეთთან არაფერი რეალური არ შეიძლება და სასწრაფოდ უნდა შევიდეთ ნატოში, წყალს ნაყავს.

ნატოს არ უნდა საქართველოს მიღება და უაზროდ ლაპარაკობენ ამაზე. ეს ლაპარაკი ნატოზე უაზრობაა, არ დგას ჩვენი იქ შესვლის საკითხი, რუსეთის გასაღიზიანებლადაა, სხვა ფუნქცია ამ ლაპარაკს არ გააჩნია.

_ რა შეიცვალა ირაკლი ბათიაშვილისთვის 1989 წლიდან 2011 წლამდე? რა საკითხებს უყურებს სხვანაირად, რას მიიჩნევს გულუბრყვილობად ან სწორ ნაბიჯად?

_ ეროვნული მოძრაობის პერიოდში ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. ჩვენ აღმოვჩნდით პოლიტიკური თვალსაზრისით უმწიფარნი, უფრო მეტად ემოციებსა და იმპულსებს აყოლილი, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, არ იყო უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა და ვამაყობ, რომ მე ვიყავი მონაწილე და ერთ-ერთი ლიდერი. ბევრს ჰგონია, რომ ჩვენ მხოლოდ ვყვიროდით. მაშინდელი ჟურნალები რომ ნახოთ, ძალიან კარგად წერდნენ, მათ შორის ზვიად გამსახურდია და გია ჭანტურიაც ანალიტიკურ სტატიებს. მაშინ ვინ იცოდა სიტყვა ტოტალიტარიზმი. გვქონდა შეგრძნება, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამხელა იმპერიის მსხვრევაში. ბევრს ჰგონია, რომ ის საბჭოთა იმპერია თავისით დაიმსხვრეოდა, მაგრამ ისტორიაში თავისით არაფერი ხდება, თუ მასში წვლილს არ შეიტანდი და ხელს არ გაანძრევდი. თუმცა ამავე დროს იმდენი შეცდომა დავუშვით, საზოგადოება გაიხლიჩა, დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება, ამის ძირები იმავე ეროვნულ მოძრაობაში იყო, თუმცა გარედან ამას ხელს სპეცსამსახურები უწყობდნენ. სპეცსამსახურები ხელს უწყობენ იმას, რისი  ნიადაგიც არსებობს. თუმცა ეროვნულ მოძრაობას ისტორიული მნიშვნელობა და მისია ჰქონდა. დღეს მე, რა თქმა უნდა, მეტი გამოცდილება მაქვს, უფრო რაციონალურად ვუყურებ, მეტი უნარი მაქვს, ემოციები გვერდზე გადავდო და რეალობას შევხედო.

_ თუმცა ბალტიისპირელები შედარებით უფრო რბილად იქცეოდნენ

_ იქ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ძალიან ანტირუსული განწყობა იყო. იქაც საკმაოდ აქტიურები იყვნენ, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ დღეს, როცა ვლაპარაკობ ურთიერთობის დათბობაზე, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ მუდამ დიდი სახელმწიფოების ინტერესების შეჯახების პოლიგონი ვიყავით. ბიზანტია-ირანის, ირან-ოსმალეთის, ირან-რუსეთის, რუსეთ-ოსმალეთის და სწორი პოლიტიკა პატარა ქვეყნისთვის ყოველთვის ის არის, რომ მოახერხოს ურთიერთობების დალაგება და დარეგულირება, და არა ის, რომ ისეთ პოლიგონად იქცე, რომ ბოლოს აფეთქდე. დღეს საქართველო აქეთ მიდის. ორი ტერიტორია მოგლეჯილი და, ფაქტობრივად, ანექსირებულია. დღეს გავრცელდა ჯავახური დიასპორის ერთ-ერთი ლიდერის განცხადება. ამას ასე იოლად ნუ შევხედავთ. თავის დროზე აფხაზეთშიც ასე იწყებოდა. ამას დროულად სჭირდება დარეგულირება და იმედი მაქვს, ვითარება არ გართულდება, მაგრამ იოლადაც ნუ  შევხედავთ. ფაქტია, რომ სააკაშვილის შემდგომ ყოფნას ხელისუფლებაში შეიძლება საქართველოს კიდევ  უფრო მეტად დაშლა მოჰყვეს. მას ეს არ აღელვებს, მისთვის მთავარია, შეინარჩუნოს სავარძელი ავლაბარში, ჰყავდეს სპეცნაზები, რომლითაც გაგვისწორდება.

_ საკითხი რომ ასე დადგეს (ასარჩევი იყოს ან ნატოში შესვლა, ან საქართველოს გამთლიანება), ირაკლი ბათიაშვილი რას აირჩევდა?

_ ეს თემა, ჩემი აზრით, არ უნდა განიხილებოდეს. ჩვენთვის მთავარია საქართველოს გამთლიანება. ნებისმიერი ადამიანი, ვინც უნდა იყოს, ხელისუფლებაში იქნება თუ ოპოზიციაში, საკითხს თუ ისე დააყენებს, რომ საქართველოს გამთლიანებაზე უფრო მაღლა დგას რაიმე, ის არის საქართველოს მოღალატე და ამ შემთხვევაში იმ ტერმინოლოგიას გამოვიყენებ, რომელსაც, სამწუხაროდ, ეროვნული მოძრაობის დროს ხშირად იყენებდნენ. 

ესაუბრა

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here