Home რუბრიკები ისტორია ანტისტალინური უნამუსობა

ანტისტალინური უნამუსობა

813

ხრუშჩოვი: «ჭკუისსასწავლებელია, აგრეთვე, ვითომდა საქართველოში არსებული მეგრელთა ნაციონალისტური ორგანიზაციის საქმე. ამ საკითხზე, როგორც ცნობილია, მიღებულია სკკპ ცკის 1951 წლის ნოემბერსა და 1952 წლის მარტის გადაწყვეტილებები. ეს დადგენილებები მიღებულია პოლიტბიუროში განხილვის გარეშე, სტალინი თვითონ კარნახობდა ამ გადაწყვეტილებებს, რომლებითაც პატიოსან კომუნისტებს ბრალად ედებათ უმძიმესი დანაშაულობანი. გაყალბებული მასალების საფუძველზე ამტკიცებენ, თითქოს საქართველოში არსებობს ნაციონალისტური ორგანიზაცია, რომელსაც მიზნად აქვს დასახული იმპერიალისტური სახელმწიფოების დახმარებით საბჭოთა ხელისუფლების ლიკვიდაცია ამ რესპუბლიკაში. ამის გამო დაპატიმრებული იყო საქართველოს პასუხისმგებელი პარტიული და საბჭოთა მუშაკების მთელი რიგი.

როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო ცილისწამება საქართველოს პარტიულ ორგანიზაციაზე».

ერთადერთ კონკრეტულ ბრალდებად, რომელსაც აქ გამოყოფს ხრუშჩოვი, წარმოდგენილია, თითქოს სტალინმა პირადად უკარნახა 1951 წლის ნოემბერსა და 1952 წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილებების ტექსტები. საქმე კი სულ სხვაგვარად იყო.

1951 წლის 9 ნოემბერს პოლიტბიუროს მიერ მიღებული დადგენილება კომენტარებთან ერთად გამოქვეყნდა ერთ-ერთ სამეცნიერო კრებულში. რედაქტორებმა დააფიქსირეს სტალინის მიერ ჩასწორებული ყველა ფაქტი, რომლებიც ზოგ შემთხვევაში უკავშირდება ფორმულირების დაზუსტებას, სხვა შემთხვევაში _ არბილებს თავდაპირველ, საკმაოდ მკვეთრ ბრალდებებს ნაციონალიზმში. ეს და მეორე _ 1952 წლის მარტის დადგენილებები მიღებულია პოლიტბიუროს სხდომებზე განხილვის შედეგად.

ხრუშჩოვის ბრალდება, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება სტალინს, ლაყბობაა, ამასთან, _ სრულიად უსაფუძვლო. დოკუმენტები ადასტურებს: საქმის გაჩენის ჭეშმარიტი მიზეზი იყო «ბრძოლა საქართველოს ხელმძღვანელობაში კლანურობის წინააღმდეგ» და _ სხვა არაფერი.

1953 წლის 10 აპრილს, ანუ სტალინის გარდაცვალებიდან ერთი თვის თავზე, ცკ-ის პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად სახელმწიფო უშიშროების ყოფილ მინისტრ იგნატიევს ბრალი ედებოდა დაპატიმრებულთა წამებასა და გამოძიების მასალების გაყალბებაში. 1953 წლის 1 აპრილს ბერიას მიერ პრეზიდიუმში გაგზავნილი წერილის მიხედვით, იგნატიევს ბრალად ედებოდა «ექიმების საქმის» ფაბრიკაცია, ხოლო 5 აპრილს ცკ-ის წევრების გამოკითხვის საფუძველზე (მათ შორის, ხრუშჩოვის მონაწილეობითაც) გულგრილი დამოკიდებულების გამო იგნატიევი გაათავისუფლეს ცკ-ის მდივნის თანამდებობიდან. დაბოლოს, 28 აპრილს, კვლავ ხრუშჩოვის თანხმობით, იგნატიევი გამოიყვანეს ცკ-ის შემადგენლობიდან. ბერიამ 1953 წლის 25 ივნისს ცკ-ის პრეზიდიუმისთვის გაგზავნილ წერილში იგნატიევი დაადანაშაულა იმაში, რომ მისი თანხმობით რიუმინმა და მისმა სხვა ხელქვეითებმა გამოიყენეს წამების მეთოდი მათ მიმართაც, ვისაც «ლენინგრადის საქმე» შეეხო.

და ამ ყველაფრის მიუხედავად, სწორედ ხრუშჩოვმა ბერიას დაპატიმრების შემდეგ ხელი შეუწყო იგნატიევის საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დაბრუნებას.

ბორის ნიკოლაევსკი «დახურული მოხსენების» კომენტარებში, რომლებიც ჟურნალ «ნიუ ლიდერში» გამოქვეყნდა, წერს, რომ «მეგრელთა შეთქმულების» შესახებ საქმე სწორედ იგნატიევის ინიციატივით იყო შეთითხნილი და აგორებული.

კანონისა და სინდისის წინაშე

ცოტა ხნით გადავდოთ გროვერ ფერის წიგნი და შევეცადოთ, გავერკვიოთ იმ საყოველთაო მასობრივ მოვლენაში, რომელიც რეაბილიტაციის ხრუშჩოვისეულმა დათბობის ტალღამ გამოიწვია.

თითქოს ეჭვს არ უნდა იწვევდეს იმის მტკიცება, რომ სტალინის დროს რეპრესირებული ყველა მოქალაქე ალალმართალი იყო კანონისა და სინდისის წინაშე. ხაზი გავუსვათ: კანონისა და სინდისის წინაშე!

მაგრამ ანტისტალინელებისთვის ასეთი შეთავსება არ არსებობს, იმ კლიშეებით, რომლებიც მათ დაამკვიდრეს, რეპრესიები აუცილებლად უკანონოა, რეპრესირებულები აუცილებლად უბრალონი არიან.

როგორ უნდა გავარკვიოთ კანონიერი და უკანონო? რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მოცემულ პირთა ქმედების არსებული კანონმდებლობით შეფასების გზით. ეს ხომ ალფა და ომეგაა მართალი სამართლის ქმნისა.

თუ ადამიანი მსჯავრდებულია კანონის თანახმად ისეთი ქმედებისთვის, რაც იმ დროს დანაშაულად არის მიჩნეული, იგი კანონიერად არის დასჯილი. თუ მისი ბრალი არ დადასტურებულა და მაინც დასაჯეს, ე. ი. უკანონოდაა დასჯილი.

როცა საუბარია ბრალეულობასა და უდანაშაულობაზე, ერთის მხრივ, და სამართლიანობაზე, მეორე მხრივ, იდეალურ შემთხვევაში ორივე მხარე ერთმანეთს უნდა დაემთხვეს. სამწუხაროდ, პრაქტიკაში ყოველთვის ასე არ ხდება.

ამგვარი მსჯელობით იგორ პიხალოვი თავის ნაშრომში «არიან კი უბრალონი «რეპრესიის მსხვერპლნი» მიდის იმ დასკვნამდე, რომ იურიდიული თვალსაზრისით «მსხვერპლთა» რეაბილიტაციის პროცედურა სრულიად არაკორექტული იყო.

«უდანაშაულო მსხვერპლთა» კატეგორიას, რომლებიც რეაბილიტირებული უნდა ყოფილიყვნენ, მიაკუთვნეს პირები, რომლებიც დასაბუთებულად იყვნენ ბრალდებულნი მთელი რიგი დანაშაულებრივი ქმედების გამო, რომლებიც სტალინის პერიოდში კანონსაწინააღმდეგოდ იყო მიჩნეული.

რომელ ქმედებებზეა ლაპარაკი? უწინარეს ყოვლისა, საბჭოთა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წყობილების შესახებ აშკარად ცრუ გამონაგონის წინასწარი განზრახვით გავრცელება და ანტისაბჭოთა აგიტაცია.

ანტისტალინისტების შეხედულებით კი ასეთი ქმედება დანაშაული არ არის, ე. ი. სახელმწიფომ არ უნდა დაიცვას თავისი პატივი და ღირსება?! ნებისმიერ ადამიანს, მათი აზრით, უფლება უნდა ჰქონდეს, არა მარტო გაავრცელოს ჭორი, ლანძღოს და თათხოს სახელმწიფო ორგანოები, არამედ მოუწოდოს ხალხს ამ სახელმწიფო წყობილების დამხობისკენ.

ამგვარი ქმედებისგან თავის დასაცავად აშშ კონგრესმა ჯერ კიდევ 1918 წლის 16 მაისს მიიღო «ჯაშუშობის შესახებ აქტის» შესწორება», რომლის ძალით მსგავს ქმედებაში შემჩნეულებისთვის შეიძლება მიესაჯათ ან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან 10 ათასი დოლარი ჯარიმა (მაშინ ეს ძალიან დიდი ფული იყო).

მაგრამ რახან ანტისტალინელები მიიჩნევენ, რომ საბჭოთა სახელმწიფო «დანაშაულებრივი მოვლენაა», მის მიერ სახელმწიფო წყობილების დაცვა ხელყოფისგან დანაშაული და უკანონობაა, ე. ი. რეპრესირებულები ავტომატურად უდანაშაულონი არიან.

აი, ასეთი მარტივი ლოგიკაა. საინტერესოა, რომ სასამართლო პრაქტიკაში პირველად პროკურატურის ორგანოებს მიენიჭა განსაკუთრებული უფლება სისხლის დანაშაულში მხილებული პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციისა მაშინაც კი, როცა ამ საქმეებზე არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთან, რეაბილიტაციის პროცედურა გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე რეაბილიტაციაზე უარის თქმის დადგენილი წესი, ამიტომ პროკურორები პრაქტიკულ საქმიანობაში ამ რთულ, მრავალსაფეხურიან ინსტანციებში საქმის «სიარულს» მარტივ გადაწყვეტილებას არჩევდნენ: რეაბილიტირებულ იქნას.

ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მრავალი საქმე, თავის დროზე კონტრრევოლუციურ დანაშაულად რომ იყო კვალიფიცირებული, ფაქტობრივად, სისხლის სამართლის დანაშაული იყო.

აი, ამის მაგალითები, რომლებიც ამოკრეფილია სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატის მესამე სამმართველოს მეექვსე განყოფილების მიერ შედგენილი ანტისაბჭოთა გამოვლინებებისა და უმნიშვნელოვანესი შემთხვევების მიმოხილვიდან, რომელშიც გაანალიზებული იყო 1941 წლის აპრილის  პერიოდი:

«უზბეკეთის სსრ-ში იუსუპოვმა, რომელიც 1938 წელს გაირიცხა კოლმეურნეობიდან და გასამართლებული იყო საკოლმეურნეო ქონების გაფლანგვისთვის, მოკლა კოლმეურნეობის თავმჯდომარის მოადგილე დამინოვა (თავისი ყოფილი ცოლი) იმიტომ, რომ უკანასკნელმა ამხილა იუსუპოვი როგორც მტერი და ყალთაბანდი.

მ. წ. 3 აპრილს ქალაქ გორკის #342-ე ქარხნის მუშამ კარაბანოვმა მოკლა იმავე ქარხნის ოსტატი შარაპოვი იმიტომ, რომ შარაპოვმა კარაბანოვი სასამართლოს გადასცა როგორც სამუშაოს გამცდენი».

1941 წლის მაისის ანალოგიური მიმოხილვიდან:

ორლოვის ოლქის ულიანოვსკის რაიონის კოლმეურნეობა «Кპთყნძღ Пრორყკრვ»-ის წევრმა მოისეევმა 14 მაისს ნაჯახის დარტყმით ორი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა პირველადი პარტორგანიზაციის მდივანს, კოლმეურნეობის თავმჯდომარეს პანოვს იმის გამო, რომ უკანასკნელმა უარი თქვა, გაეშვა იგი კოლმეურნეობიდან დამატებით საშოვარზე. მოისეევი დაპატიმრებულია.

2 მაისს პენზის ოლქის ტერნოვის რაიონის სოფელ დურასოვკას კოლმეურნე იგნატ ვასილის ძე მიტროხინი შეეცადა მოეკლა კოლმეურნეობის ბრიგადირი მიტროხინი იმის გამო, რომ უკანასკნელი მას ამხელდა როგორც უქნარას. იგნატ მიტროხინი მიიმალა.

30 მაისს როსტოვის ოლქის გულიაი-ბორისოვის მანქანა-ტრაქტორთა სადგურის ყოფილმა ტრაქტორისტმა კრავცოვმა ფანჯარაში სროლის შედეგად თავში დაჭრა კოლმეურნეობის «Gენმ Kტყბყფ» თავმჯდომარე პერელიგინი შურისძიების ნიადაგზე, რადგან იგი მას ამხელდა როგორც უქნარას და სამუშაოს გამცდენს. კრავცოვი დაპატიმრებულია».

ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულობანი არ შეიძლება ჩაითვალოს «ანტისაბჭოთა გამოვლინებად». თეორიულად ამგვარი საქმეები პოლიტიკურიდან სისხლის სამართლის საქმეებად უნდა იქნას გადაკვალიფიცირებული და კვლავ გაიგზავნოს სასამართლოში. სამწუხაროდ, ასე არ ხდება და «სტალინიზმის მსხვერპლთა» ეს კატეგორია «რეაბილიტირებულთა» რიგებს ავსებს.

სამაგიეროდ არსებობს სრულიად განსხვავებული მიდგომა სხვა კატეგორიის მსჯავრდებულთა მიმართ. აი, რას ამბობს ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ  ინტერვიუში «პერესტროიკის» მთავარი იდეოლოგი ალექსანდრ იაკოვლევი:

_ უნდა დაგისვათ ერთი შეკითხვა თქვენ, როგორც რუსეთის პრეზიდენტთან არსებული პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის კომისიის თავმჯდომარეს; შედარებით ახლახან _ ერთი თვით ადრე გარდაცვალებამდე ბერიას ვაჟმა, სერგომ მოგმართათ მამამისის რეაბილიტაციის თხოვნით, განიხილეთ ეს განცხადება?

_ …თუ მკაცრად იურიდიულად ვილაპარაკებთ, ბერიაც, ეჟოვიც, იაგოდაც, აბაკუმოვიც უნდა იყვნენ (ამის ხმამაღლა თქმაც კი საშინელებაა) რეაბილიტირებულები. ისინი დაიხვრიტენ იმის გამო, რაც არ გაუკეთებიათ: ისინი არც რამდენიმე დაზვერვის ჯაშუშები, არც დივერსანტები და არც მსგავსი რამ არ ყოფილან. მაგრამ ისინი ჯალათები არიან, რომლებმაც მილიონობით ადამიანი მოკლეს! მაშასადამე, ისინი თავიდან უნდა გასამართლდნენ და თავიდან დაიხვრიტონ. მაგრამ, სანამ ცოცხალი ვარ, სანამ ვარ დასახელებული კომისიის თავმჯდომარე, მე არა თუ არ დავაყენებ ამ საკითხს, არც განვიხილავ მას. ჩვენ კიდევ დაგვრჩა განსახილველი 400 ათასი უდანაშაულო ადამიანის სარეაბილიტაციო საქმეები, რომლებსაც მსჯავრი დაედოთ ბერიას და მის მსგავსთა ბრძანებით. მე მესმის აწ გარდაცვლილი სერგო ბერიას გრძნობების, მაგრამ მე ანგარიში უნდა გავუწიო მილიონობით უდანაშაულოდ მოკლული ადამიანის შვილებისა და ნათესავების გრძნობებს».

ამრიგად, ბატონმა იაკოვლევმა ურცხვად აღიარა, რომ არ უცდია და არც ეცდებოდა «მკაცრად იურიდიულად» მიდგომოდა რეაბილიტაცის საკითხებს. მაშ, რომელი კრიტერიუმებით განსჯიდა იგი, თუ ვინ იყო უდანაშაულო მსხვერპლი და ვინ კიდევ _ ჯალათი და მკვლელი?

სტალინის საბჭოთა კავშირში კი სწორედ კანონებს იცავდნენ, რაც აღიარა ულიბერალულესმა ალექსეი კაზანიკმა, რომელიც რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურორად დაინიშნა 1993 წლის 5 ოქტომბერს, თეთრი სახლის დაცხრილვის მეორე დღეს:

«იცით, _ განაცხადა მან, _ მე ხომ სამოციანელი ვარ. ირკუტსკის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩვენ გვავალებდნენ _ ხრუშჩოვის დათბობის პერიოდი იყო _ საკურსო შრომების დაწერას იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც განხილული იყო ოცდაათიან-ორმოცდაათიან წლებში.  ჩემდა გასაოცრად, ჯერ კიდევ სტუდენტობისას დავრწმუნდი, რომ სტალინის დროს კანონიერება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არ ირღვეოდა, მოქმედებდა დრაკონული კანონები, რომლებიც სრულდებოდა კიდეც». («იზვესტია», 1993 წლის 13 ოქტომბერი, «ალექსეი კაზანიკმა იპოვა პირველი თანამოაზრე გენერალურ პროკურატურაში»).

უფრო მეტიც, იმ დროში იშვიათობა არ იყო გამამართლებელი განაჩენებიც. ასე მაგალითად, 1936 წლის მეორე ნახევარში სასამართლოებმა გაამართლეს 8,1 პროცენტი 58-10 მუხლით ბრალდებული (ანტისაბჭოთა აგიტაცია), 1937 წელს _ 2,4 პროცენტი, 1938 წელს _ 5,7 პროცენტი. შედარებისთვის: 2001 წელს რუსეთის სასამართლოებმა გამოიტანეს 0,5 პროცენტი გამამართლებელი განაჩენი, 2002 წელს _ 0,77 პროცენტი, 2003 წლის პირველ სამ თვეში _ 1 პროცენტი.

უფრო სამარცხვინო მდგომარეობაა საქართველოში, სადაც გამამართლებელი განაჩენების პროცენტული რაოდენობა 0-ს არ ასცილებია.

«ბრალდების დამტკიცების დედოფალი»

ორი სიტყვა აუცილებლადაა სათქმელი «სტალინის თვითნებობის» მამხილებელთა ამოჩემებული არგუმენტის შესახებ _ თითქოს იმდროინდელი ყველა ბრალდება აგებული იყო «ხალხის მტრების» პირად აღიარებაზე, ხოლო ნივთიერი მტკიცებულებანი არ არსებობდა.

მართლაც, იყო თუ არა ნივთმტკიცებანი? იქნებ იყო? ან იყო და გაქრა მას შემდეგ, რაც ხრუშჩოვის სარეაბილიტაციო კომისიების წევრებმა მაგრად აურ-დაურიეს ხელი არქივებისა და სასამართლოების მასალებში?

მაინც როგორი მასალების არსებობას მოითხოვენ? ნუთუ ვინმეს სერიოზულად ჰგონია, რომ შეთქმულებმა უნდა შეადგინონ თავიანთი საიდუმლო შეკრებების ოქმები ან რეგულარულად წერონ ჯაშუშების პატაკები? ამგვარ საქმეებში  ნივთმტკიცებულებათა შეკრება ძალიან რთულია. მაგალითისთვის გავაანალიზოთ ის მეთოდები, რომლებითაც სჯიან ჯაშუშობაში დადანაშაულებულ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს.

ერლ ედვინ პიტსი, აშშ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომელი. ჯერ საბჭოთა, შემდეგ რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა 1992 წლამდე. აშშ-ს კონტრდაზვერვამ საბჭოთა კავშირიდან გადაბარგებული პირისგან შეიტყო, რომ პირსი ყოფილი საბჭოთა აგენტი იყო და 1995 წლის აგვისტოში მიუგზავნა პროვოკატორი, რომელმაც შესთავაზა, განეგრძო თანამშრომლობა რუსეთის დაზვერვასთან. მომდევნო 16 წლის განმავლობაში ეს «თანამშრომლობა» აქტიურად მიმდინარეობდა, პირსი მოიპოვებდა საიდუმლო მასალებს და სანაცვლოდ იღებდა მნიშვნელოვან გასამრჯელოს. ბოლოს _ 1996 წლის 18 დეკემბერს იგი დააპატიმრეს. თავდაპირველად იგი კატეგორიულად უარყოფდა მისთვის წაყენებულ ბრალდებებს,  მაგრამ 1997 წლის 28 თებერვალს მაინც აღიარა დანაშაული. ეს ნებაყოფლობითი აღიარება დაკავშირებული იყო აშშ-ში არსებულ სასამართლო გარიგების პრაქტიკასთან: პიტსს შესთავაზეს, ეღიარებინა დანაშაული და ეთანამშრომლა გამოძიებასთან, სანაცვლოდ დაჰპირდნენ, რომ არ მიუსჯიდნენ სამუდამო პატიმრობას. შედეგად ამერიკულმა სასამართლომ მას «მხოლოდ» 27 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

რობერტ სტივენ ლიპკა. 1965-1967 წლებში, ეროვნული უშიშროების სააგენტოში მუშაობის დროს, იგი საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობდა, შემდეგ, დემობილიზაციის გამო, შეწყვიტა კონტაქტი. გასცა მოღალატემ _ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილმა გენერალ-მაიორმა ოლეგ კალუგინმა. ლიპკას პასუხისგებაში მისაცემად ლიპკას მიუჩინეს დაზვერვის ფედერალური ბიუროს თანამშრომელი, რომელმაც თავი გააცნო «კაპიტან ნიკიტინად» და შესთავაზა განეგრძო თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ ლიპკამ 5 ათასი დოლარი მიიღო, «კაპიტან ნიკიტინს» არავითარი ინფორმაცია არ გადასცა, მაგრამ 1996 წლის 23 თებერვალს იგი მაინც დააპატიმრეს. სასამართლო პროცესის დროს მან აღიარა, რომ თანამშრომლობდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან. მას 18 წლით პატიმრობა მიესაჯა.

რონალდ უილიამ პელტონმა 1980 წელს დაიწყო თანამშრომლობა საბჭოთა დაზვერვასთან. გასცა მოღალატე ვიტალი იურჩენკომ, მაგრამ შემდეგ იურჩენკო მოულოდნელად დაბრუნდა სსრკ-ში. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა პელტონის სასამსახურო ტელეფონში, მის ბინაში, მანქანაში, აგრეთვე, საყვარლის ბინაში დააყენეს მიყურადების მოწყობილობები, ვერავითარი სამხილის მიღება ვერ მოახერხეს. იძულებული გახდნენ, მოეშველიებინათ «ბრალდების დედოფალი». 1985 წლის 24 ნოემბერს პელტონი დასაკითხად გამოიძახეს, გააცნეს იურჩენკოს ჩვენებები და ურჩიეს, ეღიარებინა საბჭოთა დაზვერვისთვის საიდუმლო ცნობების მიწოდების ფაქტი, სანაცვლოდ დაჰპირდნენ «შემწყნარებლობას». მაგრამ როგორც კი მიიღო ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ სასურველი აღიარება, პელტონი დაუყოვნებლივ დააპატიმრეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ უწყების თანამშრომლებთან საუბრის გარდა სხვა სამხილი პელტონის წინააღმდეგ წარდგენილი არ ყოფილა, ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ იგი დამნაშავედ მიიჩნია. ეს მოხდა 1986 წელს. პელტონს სიცოცხლის სამი ვადით პატიმრობა მიესაჯა.

ოლდრიჩ ჰეიზენ ეიმსი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მაღალჩინოსანი თანამშრომელი. იგი საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობდა 1985 წლიდან, გადაცემული აქვს უამრავი ფასეული ინფორმაცია. არავითარი კანონიერი სამხილი ამერიკის კონტრდაზვერვას მის წინააღმდეგ არ ჰქონდა. ოფიციალური ვერსიით, ეიმსის მიმართ ეჭვი გაჩნდა იმის გამო, რომ მისმა დანახარჯებმა მისსავე შემოსავლებს გადააჭარბა. მაგრამ უფრო სარწმუნოა, რომ იგი გასცა ვიღაცამ მოსკოვში, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურების საიდუმლო საქმიანობაზე ხელი მიუწვდებოდა. შედეგად 1994 წლის 21 თებერვალს იგი დააპატიმრეს. აშშ კონტრდაზვერვას იმედი ჰქონდა, რომ მას სამხილებს აღმოუჩენდნენ. მაგრამ იმედი გაუცრუვდა: ეიმსი «სუფთა» იყო. მაშინ ამერიკის სასამართლო სისტემაში არსებული პრაქტიკის საფუძველზე მოხდა გარიგება ეჭვმიტანილსა და სასამართლო გამოძიებას შორის. ეიმსმა აღიარა, რომ დამნაშავეა. 1994 წლის 28 აპრილს მას მიესაჯა სამუდამო პატიმრობა შეწყალების უფლების გარეშე.

ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ დღევანდელ აშშ-ში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილებს, როგორც წესი, პროვოკაციის საშუალებით ამხელენ, ხოლო ასამართლებენ საკუთარ აღიარებით ჩვენებაზე დაყრდნობით, რაც იქ დამკვიდრებული სასამართლო გარიგების პროცედურის მეშვეობით ხდება.

ასე რომ, თითის გაშვერა მაინც და მაინც სტალინის ეპოქისდროინდელ აღიარებით ჩვენებაზე, როგორც ბრალის დადასტურების «დედოფალზე», სხვას თუ არაფერს, იმას მაინც ნიშნავს, რომ საკუთარ თვალში დირეს შეგნებულად ვერ ამჩნევენ.

«გადაწყვეტილების შეცვლა მიზანშეუწონელია»

კანონიერების დარღვევის შემთხვევები სტალინის დროს, რა თქმა უნდა, იყო, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც დღეს სურთ, დაგვარწმუნონ. მაგრამ პარადოქსულია, რომ მათგან ბევრი, ვინც 1930-იან წლებში უდანაშაულოთა საქმეებს აკოწიწებდა, რისთვისაც კანონიერად დაისაჯა კიდეც, მოხვდა «უკანონოდ რეპრესირებულთა» ხრუშჩოვისეულ სიებში.

მათგან ერთ-ერთია სახელმწიფო უშიშროების პირველი რანგის კომისარი სტანისლავ რედენსი, რომელიც ჯერ შინსახკომის მოსკოვის ოლქის სამმართველოს უფროსად მუშაობდა, შემდეგ კი _ ყაზახეთის სსრ შინაგან საქმე და სახალხო კომისრად. 1940 წლის 21 იანვარს სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა ჯაშუშური საქმიანობისთვის, შეთქმულთა ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის, რომელიც შინსახკომის სისტემაში მოქმედებდა, აგრეთვე, საბჭოთა მოქალაქეების მასობრივი უკანონო დაპატიმრების გამო.

მისი ცოლის _ ანა ალილუევას (სტალინის ცოლის და) საჩივრების საფუძველზე რედენსის საქმე 1957 წელს დამატებით შეისწავლეს. დადასტურდა, რომ რედენსი მასობრივად და უსაფუძვლოდ აპატიმრებდა საბჭოთა მოქალაქეებს, თანამშრომლებისგან მოითხოვდა დაპატიმრებულთა მიმართ გამოეყენებინათ ფიზიკური ძალადობა და ამ გზით მიეღოთ გამოგონილი ჩვენებები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 1957 წლის 10 ივნისს რედენსის რეაბილიტაციაზე ითქვა უარი.

მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა. ალილუევამ კვლავ მიმართა ხრუშჩოვს, რომელმაც გასცა განკარგულება _ რეაბილიტირებულ იქნას! 1961 წლის 9 ნოემბერს სსრკ გენერალურმა პროკურორმა რუდენკომ დაამტკიცა სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვის დასკვნა, 16 ნოემბერს კი სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილებით, რედენსის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

ამასთან ერთად, დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ «შინსახკომის მოსკოვის ოლქის სამმართველოს უფროსად და ყაზახეთის სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად მუშაობის პერიოდში რედენსი მასობრივად და უკანონოდ აპატიმრებდა საბჭოთა მოქალაქეებს, დაპატიმრებულთა მიმართ იყენებდა გამოძიების უკანონო მეთოდებს და აყალბებდა გამოძიების მასალებს. მისი ამგვარი ქმედება კვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თანამდებობრივი დანაშაულის გამო», ე. ი. ქმედებები უკანონოა, დასჯადია, მაგრამ პოლიტიკური კონიუნქტურის თვალსაზრისით მიზანშეწონილია რედენსის რეაბილიტაცია.

«პერესტროიკის» პერიოდში ყაზახეთის მთავარი ჩეკისტის საქმე კვლავ ამოტივტივდა. გაირკვა, რომ რედენსი უკანონოდაა რეაბილიტირებული, მაგრამ ამას აღარაფერი ეშველება. სსრკ გენერალური პროკურორის მოადგილის ი. აბრამოვისა და იაკოვლევის კომისიის მდივნის ნ. სავინკინის მიერ შედგენილ ცნობაში ნათქვამია:

«სსრ კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლა ამჟამად შეუძლებელია, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან 27 წელიწადზე მეტია გასული, ხოლო კანონით საქმის გადახედვა… შესაძლებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში».

ამიტომაც ძალაში დარჩა რედენსის რეაბილიტაცია. ამხანაგმა ალექსანდრე იაკოვლევმა კი პოლიტბიუროს კომისიის 1989 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე განაცხადა შემდეგი: «როგორც ჩანს, უნდა დავეთანხმოთ ი. აბრამოვისა და ნ. სავინკინის წინადადებას. ჩვენ ვეთათბირეთ ა. ლუკიანოვს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ე. სმოლენცევს. არ შევალთ წინადადებით სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში და არაფერს მივცემთ ჟურნალში «Известия ЦК КПСС».

იაკოვლევს არავინ შეპასუხებია.

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here