Home რუბრიკები პოლიტიკა ერთი ძმა _ სააკაშვილთან, მეორე _ ივანიშვილთან

ერთი ძმა _ სააკაშვილთან, მეორე _ ივანიშვილთან

811

ახლო მომავალში «ნაცმოძრაობამ», შესაძლოა, ერთი მივიწყებული, დიპლომატად გადაკვალიფიცირებული ყოფილი მინისტრი «გააცოცხლოს» და პოლიტიკურ სარბიელს დაუბრუნოს. ამ კაცის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ადრეც იყო ლაპარაკი, მას რეკომენდაციას გიგა ბოკერია უწევდა, მაგრამ სააკაშვილმა მაშინ თავი შეიკავა. ახლა კი რამდენიმე ფაქტორი სააკაშვილს აიძულებს, ბოკერიას დაემორჩილოს და ნამინისტრალი დიპლომატი ქართულ პოლიტიკას დაუბრუნოს.

კახა ლომაიას, საქართველოს ელჩს გაეროში, კულუარული ინფორმაციით, «თავისუფლების ინსტიტუტი» ლობირებს. განათლების ყოფილი მინისტრი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი კახა ლომაია, ორივე სფეროში წარუმატებელი პოლიტიკოსი აღმოჩნდა. მის მიერ გატარებული განათლების რეფორმა, სხვას რომ თავი დავანებოთ, თავად მიხეილ სააკაშვილმა დაიწუნა და გააკრიტიკა. დიდი ბედენა არც დიმა შაშკინია, ისიც გამეტებით ანგრევს ქართულ განათლების სისტემას, მაგრამ შაშკინმა (ვერ დავუკარგავთ), ლომაიასგან განსხვავებით, ის მაინც იცის, როგორ იწერება «ბავშვი».

განათლების მინისტრად ხომ ვერ გამოდგა და უშიშროების საბჭოს მდივნად რა «ტელეირანიც» იყო კახა ლომაია, 2008 წლის ომმაც დაგვანახა, მაგრამ, სანამ მას «მშობელი» «თავისუფლების ინსტიტუტი» მფარველობს, მეორედ მოსვლის  შანსი აქვს.

ვიდრე კახა ლომაიას მეორედ მოსვლაზე მოგახსენებთ, ერთ ექსკლუზიურ ინფორმაციასაც შემოგთავაზებთ: გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას უფრო დიდი პოსტისთვის ამზადებენ, «ნაციონალები» მას უფლებაშეკვეცილ პრეზიდენტობის კანდიდატად შემოინახავენ. ცხადია, იმ შემთხვევისთვის, თუ მოახერხეს და არჩევნები ისე გააყალბეს, რომ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვეს. მართალია, დღეს უგულავა ფავორშია, მაგრამ ერთ დროს «თავისუფლების ინსტიტუტი» მის ჩანაცვლებას სწორედ ლომაიათი აპირებდა. ეს 2008 წლის ომამდე იყო და უშიშროების საბჭოს მდივნად გადაყვანა ლომაიასთვის პრემიერ-მინისტრის სავარძლისკენ ტრამპლინი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ომმა მისი უსუსურობა გამოავლინა და  გიგა ბოკერიას გუნდს დაწყობილი პა-სეანსიც აერია.

«თავისუფლების ინსტიტუტის» და გიგი უგულავას მაშინდელი დაპირისპირების მიზეზი კი ის იყო, რომ უგულავამ და მამუკა ახვლედიანმა, ახვლედიანის ვიცემერად დანიშვნის შემდეგ, ტენდერებით, აუქციონებით თუ სხვა საშუალებებით დიდი ფული იშოვეს. გიგა ბოკერია და მისი გუნდის წევრები, ცხადია, ანგელოზები არ არიან, მაგრამ ისინი ცდილობენ, კორუფციაში თავად ნაკლებად გაერიონ, ფორმალურად მაინც, რადგან შემოსავალი ისედაც არ აკლიათ. ჯერ ერთი, «თავისუფლების ინსტიტუტი» ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაციასა და სხვადასხვა სახის ფონდს აკონტროლებს, რომლებიც უცხოეთიდან, უმთავრესად, ამერიკიდან, მისი რეკომენდაციით იღებენ გრანტებს და ამ გრანტებით თავადაც ხეირობენ. ამას გარდა, გიგა ბოკერიას ჩინებული ტაქტიკა აქვს არჩეული _ ბიუჯეტიდან მოპარვის ნაცვლად მისი თანამოაზრე ლიბერალები იმავე ბიუჯეტიდან ან მათ მიერ კონტროლირებადი კერძო სტრუქტურებიდან ოფიციალურად, კანონიერად იღებენ ფულს _ ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მუშაობენ. მაგალითად, დეკლარაციის მიხედვით, აკაკი მინაშვილს დეპუტატის ხელფასი არ ჰყოფნის (წლიურად 67 ათას 232 ლარი) და იუსტიციის საბჭოს წევრიცაა, სადაც 8300 ლარს იღებს თვეში ხელფასის სახით, დამატებით კი სმენადაქვეითებულ ბავშვთა #203 სკოლაპანსიონის დირექტორია. აქ მისი ყოველთვიური გასამრჯელო 5170 ლარია. მინაშვილის მეუღლე, ქეთევან კობიაშვილი  ერთდროულად თავდაცვისა და შს სამინისტროში მუშაობს. შესაბამისად, თვეში ერთგან 7540 ლარს იღებს, მეორეგან _ 11 ათას ლარს.

სწორედ ტენდერებიდან და აუქციონებიდან მილიონების მითვისებაში ამხილა ბოკერიამ გიგი უგულავა პრეზიდენტთან 2008 წლის გაზაფხულზე და სააკაშვილს შესთავაზა, მაფიოზად გადაქცეული უგულავას ნაცვლად, 2010 წლის თბილისის მერის არჩევნებზე «ნაციონალებს» სხვა კანდიდატი დაეყენებიათ, ხოლო «თავისუფლების ინსტიტუტის» ფორმალური ლიდერი, ანუ «ბოკერიას წილი» ხელისუფლების ზედა ეშელონებში კახა ლომაია იქნებოდა. ეს ის პერიოდია, როცა ბოკერია ტელევიზიით ვერ ბედავდა გამოჩენას, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო და უშიშროების საბჭოს მდივნობას, უმდაბლესი რეიტინგის გამო, ვერ რისკავდა, მაგრამ ეს პოსტი სათავისოდ, თავისი გუნდისთვის ჰქონდა შეგულებული.

სააკაშვილმა დაუჯერა ბოკერიას და კახა ლომაია დააწინაურა _ უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა. გიგი უგულავას მერობიდან გადაყენებას არავინ აპირებდა. მართალია, ის არჩეული მერი იყო, მაგრამ სააკაშვილს რომ მოესურვებინა, თბილისის საკრებულო უმალ იმპიჩმენტს მოუწყობდა და მამუკა ახვლედიანსაც ზედ მიაყოლებდა. გეგმა ასეთი იყო _ უგულავა 2010 წლის არჩევნებამდე მიატანდა, მაგრამ მანამდე უნდა დაეჭირათ მამუკა ახვლედიანი, რომელიც ე. წ. უკანონოდ მითვისებული მიწების ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე იყო. მის დროს ათასობით ჰექტარი მიწა დაკანონდა უკანონოდ, არასამართლებრივად და დაჭერის მიზეზი ეს უნდა გამხდარიყო. დასაჭერთა სიაში იყო ამ კომისიაში ახვლედიანის მოადგილე ხაჭაპურიძე. ასევე, უნდა დაეჭირათ მერიის რამდენიმე სამსახურის უფროსი, სატენდერო კომისიების თავმჯდომარეები და წევრები, თბილისის რამდენიმე რაიონის გამგებელი, მათი მოადგილეები, გამგეობის მაღალჩინოსნები. მოკლედ, უგულავას მთელ კლანს ციხეში ჩასვამდნენ, მის რეიტინგს ძირს დასცემდნენ, მას კი მერის არჩევით ვადას დაასრულებინებდნენ და პოლიტიკიდან საერთოდ გაუშვებდნენ. ვინ დაიკავებდა თბილისის მერის სავარძელს, ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ლიბერალთა სახელისუფლო ფრთის ფორმალური ლიდერი კახა ლომაია გახდებოდა. ეს _ რაც შეეხება უგულავას მოცილების საბაბს, რეალური მიზეზი კი სულ სხვა იყო.

გიგა ბოკერიამ დირექტივა, უგულავა მოეცილებინა, იმხანად გავლენიანი ამერიკელი რესპუბლიკელებისგან მიიღო _ მაკკეინი და ლიბერმანი წინააღმდეგნი იყვნენ, რომ მათ ფრთებქვეშ შეყუჟული ქართველი ულტრალიბერალების თუნდაც ფორმალური ლიდერი უგულავა ყოფილიყო. მათი კანდიდატურა იყო კახა ლომაია, რომლის საწინააღმდეგო ბოკერიას არაფერი ჰქონდა. წყაროს ინფორმაციით, მაკკეინი კახა ლომაიას ასე ახასიათებდა: «ცივსისხლიანი და უემოციოა, როგორც თვით ეშმაკი». ჰოდა, სწორედ ეს ეშმაკი უნდა გამხდარიყო ჯერ პრემიერმინისტრი და მერე, ალბათ, კიდევ დიდხანს უნდა დარჩენილიყო ხელისუფლებაში ქვეყნის მეორე ან მესამე პირად.

«თავისუფლების ინსტიტუტის» ამერიკელი ლობისტები მოხიბლულნი იყვნენ კახა ლომაიას იმ შეუპოვრობითა და ძალისხმევით, რომელიც მან ოპოზიციასთან ბრძოლაში გამოიჩინა, იმ წვლილით, რაც მან შეიტანა ბადრი პატარკაციშვილის დამარცხებაში, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევასა და «ტელე-იმედში» სპეცნაზის შეჭრის საქმეში. აღსანიშნავია, რომ ლომაიამ მხარი დაუჭირა «იმედის» დარბევას, რისი ინიციატორიც თავის დროზე გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი იყვნენ და რაზეც ნებართვა ხელისუფლებას ისევ რესპუბლიკელებმა მისცეს _ იმავე მაკკეინმა, დიკ ჩეინიმ და რიჩარდ ჰოლბრუკმა. ლომაია ბრწყინვალედ ასრულებდა ამერიკელთა ნებისმიერ დავალებას. მკითხველს ემახსოვრება, განათლების მინისტრი ლომაია, არაერთ პოლიტიკურ თოქ-შოუში იცავდა სახელისუფლო ინტერესებს ისეთ სფეროებშიც კი, რომლებიც მისი კომპეტენციისგან ძალიან შორს იდგა და, წესით, მის ნაცვლად ძალოვანი უწყებების მესვეურთ თუ დიპლომატებს უნდა ელაპარაკათ.

2008 წლის აგვისტოს ომმა ცივი წყალი გადაასხა ამერიკელთა გეგმას: კახა ლომაიას ჯერ ისედაც რა რეიტინგი ჰქონდა და ხალხმა სასაცილოდ აიგდო: 2008 წლის ომის პერიოდში მას რუსეთის 58-ე არმიის გენერალ ბორისოვის მძღოლს ეძახდნენ. მართალია, სახელისუფლო მედია ბევრს ეცადა ლომაიას გათეთრებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა _ ლომაია გაეროში გაამწესეს ელჩად.

დღეს კი «თავისუფლების ინსტიტუტის» ლიდერები, ანუ ამერიკელ ლიბერალთა მარიონეტები ცდილობენ, ლომაია ნაფტალინიდან ამოიღონ. ვერ გეტყვით, რამდენად კარგადაა შენახული ლომაია, მაგრამ მისი პოლიტიკური აქტიურობისა არაფერი გვსმენია. ახლა ისიც ცხადი ხდება, თუ რატომ გაუშვეს ელჩად ლომაია გაეროში, ნიუ იორკში _ რიგით ეშმაკს, ალბათ, თვით ლუციფერობისთვის ამზადებენ ამერიკელები.

გიგა ბოკერიამ, ჩვენი ინფორმაციით, უკვე დაარწმუნა მიხეილ სააკაშვილი, რომ კახა ლომაია დააბრუნოს თბილისში და რაიმე ღირებული პოსტი უბოძოს. მართალია, ლომაია ვერაფერიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი გამოდგა, 2008 წლის აგვისტოს ომი და ელვისებური მარცხი დიდწილად მის კისერზეა, მაგრამ ბოკერიას აქვს არგუმენტები _ ის დაუნდობელია, ცივსისხლიანი, არ ერიდება არავის და არაფერს, სძაგს მთელი ოპოზიცია და, ავტომატი რომ მისცე, წარბშეუხრელად დაცხრილავს ყველას, ვინც კი წინ დაუდგება.

შესაძლოა, სააკაშვილი-ბოკერიას პოზიციათა თანხვედრა იმანაც განაპირობა, რომ კახა ლომაიას ძმა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ ბიზნეს-სტრუქტურას ხელმძღვანელობს რუსეთში. ივანიშვილი მასზე ამბობს: «ლომაიას ძმა დღემდე მუშაობს ჩემს სტრუქტურებში რუსეთში და არის ძალიან წესიერი კაცი, მე ასე ვთვლი… საკუთარი ძმის გამო თვითონაც წითლდება ხოლმე, როცა მხვდება» («ასავალ-დასავალი», 6-12 თებერვალი, 2012 წ.). ვერაგული ჩანაფიქრია _ ლომაიას საკუთარ ძმას დაუპირისპირებენ. არ ვიცი, რა აქვთ გეგმაში სააკაშვილსა და ბოკერიას, მაგრამ მათგან კარგს არაფერს უნდა ველოდოთ.

მიხეილ სააკაშვილის ამერიკაში ბოლო ვიზიტისას, როცა ის ბარაკ ობამას შეხვდა, ამერიკელმა რესპუბლიკელებმა კახა ლომაიას სიტყვა შეაწიეს. სააკაშვილი თბილისში დაბრუნდა თუ არა, გიგა ბოკერიამ შესთავაზა ლომაიას დაბრუნება. ცხადია, სააკაშვილი მიხვდა, რომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა, ბოკერია ამერიკელი ლობისტების მეშვეობით მაინც გაიტანდა თავისას: სააკაშვილს ლომაიას გულშემატკივარი არაერთი კონგრესმენი, სენატორი და სხვა გავლენიანი პოლიტიკოსი დაურეკავდა და აიძულებდა ლომაიას თბილისში დაბრუნებას. აი, ასეთია დღემდე მიჩქმალული ისტორია, თუ როგორ უპირებდნენ გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი უგულავას პოლიტიკურ გვამად გადაქცევას, ხოლო ახვლედიანს _ დაჭერას.

პოლიტიკური მოძრაობა «თეთრების» ლიდერ თემურ შაშიაშვილს დიდად არ გაჰკვირვებია კახა ლომაიას თბილისში, ცენტრალურ ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნების ამბავი.

_ ბატონო თემურ, თქვენი აზრით, რისთვის შეიძლება დასჭირდეს ხელისუფლებას კახა ლომაია თბილისში?

_ ეგ კაცი არის საქართველოს მტერი, რაც კახა ლომაიამ დამართა საქართველოს განათლების სისტემას, ვერც ერთი გარეშე მტერი ვერ გააკეთებდა. ჩემი აზრით, «თავისუფლების ინსტიტუტი» _ ქვეყნის დამაქცევართა ეს საბუდარი, შესუსტდა და ლომაიას, ალბათ, ამ ინსტიტუტის, იქიდან ხელისუფლებაში მოსული გუნდის გასაძლიერებლად გამოიყენებენ. ლომაია მაკკეინისა და სხვა ამერიკელ ლიბერტარიანელთა ფავორიტია, «თავისუფლების ინსტიტუტი» კი ბოლო დროს აშკარად მოისუსტებს, გასავალი აღარ აქვს საქართველოში ათასგვარად შეფუთულ მაგათ ანტიქართულ იდეებს. ალბათ, ლომაიას, უკან დიდ ფულს მოადევნებენ, შექმნიან ახალ არასამთავრობოებს, რომელთაც ლამაზ-ლამაზი სახელები დაერქმევა, მაგრამ «თავისუფლების ინსტიტუტის» საქმიანობას _ ქართული ცნობიერების ნგრევასა და ახალი ქართული მენტალიტეტის ჩამოყალიბებას გააგრძელებენ.

 ლომაიას შესაძლო ჩამოყვანის მთავარ მიზეზზე უკვე მოგახსენეთ. ეგ კაცი ანტიქართული საქმეების კეთებაში გამოიწრთო და იმავეს გააგრძელებს, ვინაიდან მისი ძმა ივანიშვილთან მნიშვნელოვან თანამდებობაზეა. ძმა ძმას რომ დაუპირისპირონ, არც ეგ გამიკვირდება ამათგან.

ლევან ჯავახიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here