Home რუბრიკები პოლიტიკა აღიარებს თუ არა სააკაშვილი ცხინვალის და სოხუმის დამოუკიდებლობას?

აღიარებს თუ არა სააკაშვილი ცხინვალის და სოხუმის დამოუკიდებლობას?

751

უკვე ყველასთვის ცხადი გახდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება საქართველოს ჩიხიდან გამოყვანას არ ცდილობს. უფრო მეტიც, მის პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხაში უმწვავესი პრობლემა _ ქვეყნის დეოკუპაცია საერთოდ ვერ მოხვდა. როგორც ჩანს, მმართველი რეჟიმი არ აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ზრუნვას და ამ მიმართულებით რაიმე სახის პოლიტიკური აქტივობის განხორციელებას, რაზეც ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ სააკაშვილს პარლამენტში გამოსვლისას არა თუ არ უსაუბრია აფხაზეთისა და .. სამხრეთ ოსეთის დაბრუნების გზებისა თუ მეთოდების შესახებ, არამედ ქვეყნისთვის ასეთ უმნიშვნელოვანეს და ყველაზე მტკივნეულ საკითხზე სიტყვაც არ დასცდენია. ენაწყლიანი პრეზიდენტის ასეთი «სიჩუმე» ამ თემის გარშემო გვაფიქრებინებს, რომ ის და მისი ანტიეროვნული ხელისუფლება უკვე შეეგუა ტერიტორიების დაკარგვას და შესაძლოა, უახლოეს მომავალში, სერბეთის ხელისუფლების მსგავსად, მიიღოს მორიგი არაადეკვატური, ქვეყნისთვის დამღუპველი გადაწყვეტილება და სეპარატისტული რეგიონების აღიარების მიმართულებით მთელ რიგ დათმობებზე წავიდეს.

საქმე ის არის, რომ 24 თებერვალს სერბეთმა და კოსოვომ ორ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი _ რეგიონული თანამშრომლობისა და საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის შესახებ, ასევე _ სერბეთის ხელისუფლება დათანხმდა, რომ კოსოვოს დელეგაციებმა საერთაშორისო ფორუმებში დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა, ოღონდ სახელწოდებაში «რესპუბლიკა» არ იქნება გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ მანამდე პრიშტინას ინტერესებს კოსოვოში გაეროს მისია იცავდა. ახლა კი ბელგრადი «კოსოვოს» დასახელების გამოყენებაზე დათანხმდა, თუმცა მის გვერდით ვარსკლავს დაბეჭდავენ, რომელიც ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის გაურკვეველ სტატუსს აღნიშნავს. ეს კი, ფაქტობრივად, სერბეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს, რასაც აუცილებლად მოჰყვება უახლოეს მომავალში სრულფასოვანი აღიარება.

რაში სჭირდებოდა სერბეთს კოსოვოს დამოუკიდებლობის «აღიარება»? _ ეს გადაწყვეტილება, სერბეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, წამგებიანი სვლაა, თუმცა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: სერბეთსაც, ისევე როგორც საქართველოს, პროამერიკული ხელისუფლება ჰყავს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს უგულებელყოფს და მთავარ პრიორიტეტად არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არამედ ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას მიიჩნევს. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ შეთანხმებებს ხელი ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანების შესახებ განცხადების შეტანამდე მოეწერა. შესაბამისად,  ოფიციალური ბელგრადის დათმობებზე წასვლა კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირში გაწევრიანების სურვილით არის გამოწვეული, ამ გადაწყვეტილებით კი შანსი გაიმყარა.

მართალია, თავის დროზე (2008 წელს) სააკაშვილსა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს ოფიციალურად არ უღიარებიათ კოსოვოს დამოუკიდებლობა, მაგრამ სერბებისგან «დაჩაგრული» ალბანელების სასარგებლოდ სერბეთის ისტორიული ნაწილის გამოყოფას დიდი სიხარულით შეხვდნენ. უფრო მეტიც ერთ-ერთი გავლენიანი ესტონური გაზეთის  შეკითხვას: «მზად არის თუ არა საქართველო კოსოვოს აღიარებისთვის?» _ მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა ლადო გურგენიძემ მოურიდებლად უპასუხა: «დიახ, როგორც ეს ყველა ჩვენმა მეგობარმა გააკეთა», რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი პრემიერის უპასუხისმგებლო გამონათქვამის მართებულობა კატეგორიულად უარყვეს და ჟურნალისტის ინტერპრეტაციად მონათლეს. მაგრამ აშკარა იყო, რომ ხელისუფლების გარკვეულ წრეებში ამერიკის «თანადგომის» სადემონსტაციოდ კოსოვოს აღიარების საკითხი აქტიურად განიხილებოდა, თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ გადაიფიქრეს.

ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე ალექსანდრე ჭაჭია თავის დროზე უშიშრად აპროტესტებდა ნატოს ავიაციის მიერ ბელგრადის ქუჩების დაბომბვას და მშვიდობიანი მოსახლეობის უმოწყალოდ დახოცვას, დაუფარავად ეწინააღმდეგებოდა ამერიკის კოლონიალისტურ პოლიტიკას და კოსოვოს სერბეთისგან გამოყოფის მცდელობას. ღიად საუბრობდა იმ ფარულ მიზნებსა და საფრთხეებზე, რომლებიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას, ვინაიდან კარგად აცნობიერებდა, რომ ეს გადაწყვეტილება გახდებოდა პრეცედენტი, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ აუცილებლად  გამოიყენებდნენ. 2005 წელს ერთერთ ინტერვიუში ალექსანდრე ჭაჭია აცხადებდა, რომ «კოსოვოს სქემის» უნივერსალურობის აღიარება ავტომატურად ნიშნავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფის უფლების აღიარებას. მეტიც: ეს ანალოგიურ პერსპექტივებს შეუქმნის საქართველოს სხვა რეგიონებსაც, რომლებიც, ძირითადად, მოსული უცხოტომელებით არის დასახლებული. «კოსოვოს სქემა» სახიფათოა ევროპის ბევრი ქვეყნისთვისაც და მის შესახებ ევროპელ მოღვაწეთაგან არაერთი მწვავე შეფასება მომისმენია. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ «კოსოვოს სქემის» უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას. მას კონკრეტული მიზანი აქვს _ მაქსიმალურად დაასუსტოს გაძლიერების გზაზე დამდგარი ევროპა, ამიტომ ქმნის ევროპის ცენტრში მძლავრ მუსლიმურ ანკლავს დიდი ალბანეთის სახით. ამასთანავე, ანტიმართლმადიდებლური ტენდენციების დაკმაყოფილებაც ხერხდება, რაც მეტად ძლიერია როგორც კათოლიკურ, ისე პროტესტანტულ ქვეყნებში. მაგრამ მთავარი, რა თქმა უნდა, ევროკავშირის დასუსტებაა. სწორედ ამიტომ გაიტანეს თავისი ამერიკელებმა და ევროკავშირში აღმოსავლეთევროპული პოსტსოციალისტური სახელმწიფოები მიაღებინეს. უფრო მეტიციუგოსლავიის დაშლა აიძულებს ევროკავშირს, თავის შემადგენლობაში ყველა ახალი ბალკანური სახელმწიფო მიიღოს. ეს უდავოდ სერიოზულ გავლენას იქონიებს გაერთიანებული ევროპის ეკონომიკაზე, ევროს (როგორც დოლარის კონკურენტის) კურსზე, დაძაბულობას შეიტანს წამყვანი ევროპული ქვეყნების საშინაო ცხოვრებაში».

მაგრამ, ამერიკაზე უგონოდ შეყვარებულ ვაიპატრიოტებს ეს პროგნოზი აბსურდად მიაჩნდათ და ალექსანდრე ჭაჭია მართალი სიტყვის გამო ლამის სამშობლოს მოღალატედ შერაცხეს, მაგრამ 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში ჯერ ომმა, შემდეგ კი რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარებამ დაადასტურა, რომ მის შეშფოთებას ჰქონდა საკმაოდ მყარი საფუძველი.

დღეს ნათლად უნდა ითქვას, რომ სერბეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არის ჩვენთვის მორიგი, ძალიან ცუდი სიგნალი. მიტუმეტეს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მთავარი არა აფხაზეთის და . . სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის გადაჭრის გზების ძიება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება და ნატოში გაწევრიანებისკენ გაუაზრებელი სწრაფვაა.

მაგრამ აღსანიშნავია, რომ ნატოს ინტერესებში არ შედის ისეთი სახელმწიფოს თავის რიგებში მიღება, რომელსაც აქვს მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემები და ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტები. მითუმეტეს, რომ ამ კონფლიქტების უკან დგას მსოფლიოში ყველაზე დიდი და ბირთვული სახელმწიფო, რომელიც რეგიონს საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს და მის დათმობას არ აპირებს.

მითუმეტეს პუტინის «მეორედ მოსვლი» შემდეგ, როცა დღესავით ნათელია, რომ რუსეთის საგარეო ვექტორი არ შეიცვლება და არც ამერიკასთან ურთიერთობის კონტექსტშია რაიმე გარდამტეხი ცვლილება მოსალოდნელი. უფრო მეტიც, დიდი ალბათობით, პუტინი ამერიკის გავლენის შემცირების მიზნით რუსეთის საზღვრების სიახლოვეს აგრესიული პოლიტიკის გატარებას შეეცდება. ამის მისაღწევად კი ოკუპირებულ ტერიტორიებს მაქსიმალურად გამოიყენებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკისთვის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უკვე დაბრკოლება ხდება, რის «გადალახვასაც», სავარაუდოდ, სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმის დახმარებით უახლოეს მომავალში შეძლებს, მათი აღიარების გზით. ამგვარად, საქართველოს მმართველი რეჟიმი მიბაძავს სერბეთის ხელისუფლებას და აღიარებს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას, რაც ხელ-ფეხს გაუხსნის დასავლეთის  ქვეყნებს, უპრობლემოდ აღიარონ ოკუპირებული რეგიონების საქართველოსგან იურიდიულად გამოყოფის ფაქტი. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ამერიკას გაუადვილდება რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის წარმოება და სრულფასოვანი მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა მიეცემა, რადგან არ იქნება მთავარი დაბრკოლება და საპრობლემო საკითხი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სახით.

ამიტომ ქართულმა საზოგადოებამ ნათლად უნდა გაიაზროს, რომ, სანამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხს არ მოვაგვარებთ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგებში არ მიგვიღებენ, ან ყველაზე უარესი, ნატოში ინტეგრაციის სასარგებლოდ უნდა ვთქვათ უარი ჩვენი ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებაზე და, სერბეთის მსგავსად, ვაღიაროთ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა. მაგრამ, თუ ნატოს რიგებში ტერიტორიული მთლიანობის  აღდგენის გარეშე გავწევრიანდებით, საქართველოს მომავალი არ აქვს, ვინაიდან ნაწილებად დაშლილი საქართველო, რაც უნდა ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრი გახდეს, სრულფასოვანი სახელმწიფო მაინც არ იქნება. შესაბამისად, საქართველოს სამომავლო არსებობისთვის კი მთავარია არა ნატოში გაწევრიანება, არამედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით და სწორი საგარეო პოლიტიკის გატარებით არის შესაძლებელი.

მაგრამ დღეს ყველაზე მთავარი ის არის, რომ სააკაშვილის რეჟიმს არ გააჩნია პოლიტიკური რესურსი (როგორც ჩანს, არც აქვს სურვილი) ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ვინაიდან მას რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უნარი არ შესწევს, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე ძნელად წარმოსადგენია საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დეოკუპაციის განხორციელება. ფაქტი კი ერთია, რაც დრო გადის, ტერიტორიების დაბრუნების შანსი მით უფრო კლებულობს.

გიორგი მეძმარიაშვილი

 

1 COMMENT

  1. გულდასმით წავიკითხე და კითხვა გამიჩნდა ასეთი "კარგი ბატონო, არ ვენდოთ არავის მაგრამ რა გარანტია არსებობს რომ სწორედ რუსეთი იზრუნებს და დაიცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?" არა საფიქრალი ნამდვილად გვაქვს მაგრამ ერთ ქვეყანაზე დაიმედება იქნება შეცდომა. პოლიტიკა უნდა ვისწავლოთ, ვეძებოთ მეგობრები მტრებში!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here