Home რუბრიკები პოლიტიკა გამოუცხადებელი სიკვდილის ქრონიკა

გამოუცხადებელი სიკვდილის ქრონიკა

1487

კეთილგონიერება სააკაშვილის რეჟიმს არც არასოდეს ახასიათებდა, თუმცა ის, რასაც ხელისუფლება გასულ კვირას სოლომონ (სოსო) ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით სჩადიოდა, აშკარად მიანიშნებდა, რომ დეგრადაციის მორიგი ეტაპი არა მხოლოდ დაიწყო, არამედ, შესაძლოა, დასრულდა კიდეც.

ოფიციალური ინფორმაციით დავიწყოთ: შსს-ს ცნობით, 27 თებერვალს «ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი სოლომონ გივის ძე ქიმერიძე.

დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე ხაშურის პოლიციის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადავარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანება». დროებით შევწყვიტოთ ციტირება და ყურადღება ზოგიერთ დეტალს მივაქციოთ, რომელიც შემდეგი მონაკვეთის მიღმა დგას: «დაკითხვის დროს… შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეზე ჩამოსვლისას ბრალდებული…».

ომბუდსმენის რწმუნებულებმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს, სამმართველოს უფროსის მოადგილეს ავთანდილ სამსონიძესა და სხვა თანამშრომლებს გაესაუბრნენ. სამსონიძის თქმით, «ქიმერიძისთვის ბრალის წაყენება და მისი დაკავება იმ ეტაპზე არ განხორციელებულა. იგი ხაშურის რაიონული სამმართველოს დაკავებულ პირთა წიგნში არ გაუტარებიათ». სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში, აგრეთვე, ნათქვამია: «ქიმერიძე ხაშურის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში პოლიციის მიერ ყოველგვარი პროცესუალური სტატუსის გარეშე იქნა «წარმოდგენილი».

ის არ გახლდათ ბრალდებული, დოკუმენტაციის მიხედვით, არ იყო დაკავებული, თუმცა, როგორც ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, მას ამავდროულად, ფაქტობრივად, შეზღუდული ჰქონდა თავისუფლება».

ამგვარად, ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს შსს-ს «ბრალდებულის სახით იკითხებოდა», ხოლო მეორეს მხრივ, სახალხო დამცველის _ «ის არ გახლდათ ბრალდებული».

უაღრესად საინტერესო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ღმერთმანი.

ის, ვისაც რეჟიმის რეპრესიულ მანქანასთან თუნდაც მცირედი შეხება ჰქონია, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ მშიერ გიენებთან ერთ გალიაში გაღვიძება გაცილებით უსაფრთხო რამ არის, ვიდრე ყოველგვარი სტატუსის გარეშე პოლიციის შენობაში ყოფნა; თუმცა მეტაფორები გვერდზე გადავდოთ და  ვნახოთ, თუ რა მოხდა შემდეგ. ომბუდსმენის აპარატის განცხადების თანახმად, რომელიც პოლიციელების ახსნა-განმარტებას ეფუძნება, 27 თებერვალს, დაახლოებით 17:25 საათზე ქიმერიძე «ჩამოჰყავდათ მეორე სართულზე, იმ მიზეზით, რომ მესამე სართულზე დაზარალებულს უნდა გასაუბრებოდნენ» (აღსანიშნავია, რომ განცხადებებში არსად ფიგურირებს დაკითხვის ოთახი, მესამე და მეორე სართულებზე განლაგებული ოთახების დანიშნულება გაურკვეველია, რაც დამატებით კითხვებს აჩენს), «კიბეზე ჩამოსვლისას ს. ქიმერიძეს წინ სამმართველოს თანამშრომელი მალხაზ ციყელაშვილი მიუძღოდა». რას გულისხმობს ეს პოეტური «მიუძღოდა», აბსოლუტურად გაუგებარია. ქიმერიძე დაკავებული იყო და ბადრაგირების რეჟიმის ქვეშ იმყოფებოდა, თუ ციყელაშვილი დაახლოებით ისე მიაცილებდა, როგორც ვერგილიუსი დანტეს? იურიდიული თვალსაზრისით, ეს ორი სხვადასხვა სიტუაციაა, თუმცა ამ თემის განვრცობა ისევ ქიმერიძის დაუდგენელ სტატუსამდე მიგვიყვანს. შემდეგ, შსს-ს ცნობით, ქიმერიძე გადმოვარდა და პირველი სართულის ფოიეში დაეცა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ციყელაშვილს და სხვა თანამშრომლებს «გადავარდნის ფაქტი უშუალოდ არ დაუნახავთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ დიდი სიმაღლისა და წონის გამო შესაძლებელია, ს. ქიმერიძემ წონასწორობა დაკარგა და მოაჯირიდან გადავარდა». კრიტიკული მნიშვნელობა ამ კონტექსტში ვიდეოჩანაწერს ენიჭება, კამერები ხომ პოლიციის ახალ შენობებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ლამის საპირფარეშოებშია დამონტაჟებული. მაგრამ შსს-ს ამ დრომდე ჩანაწერი არ გამოუმზეურებია და გამორიცხული არაა, რომ ის ბუნებაში არ (ან აღარ) არსებობს.

ძველ სიუჟეტში, რომელიც ხაშურის პოლიციის შენობის გახსნას ასახავს, ეს მოაჯირი კარგად ჩანს. ის არც ისე მაღალია (ჰქონდა თუ არა პოლიციის შენობისთვის ასეთი მოაჯირების შერჩევის დროს ადგილი უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფას, ცალკე საუბრის თემაა), თუმცა ძნელად წარმოსადგენია, რომ წონასწორობის დაკარგვისას ქიმერიძემ მისი აღდგენა ვერ მოახერხა, მოაჯირი გადალახა და ქვემოთ დავარდა, თუ კოორდინაცია (მაგალითად, ცემის შედეგად) დარღვეული არ ჰქონდა. ცხადია, ამქვეყნად ყველაფერი ხდება, მაგრამ ეს ეპიზოდი ძალიან სერიოზულ ეჭვებს ბადებს.

საერთოდ, ამ ფაქტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში გამართული დისკუსიების დროს ოთხი ძირითადი ვერსია გამოიკვეთა: ა) პოლიციელებმა ქიმერიძე კიბიდან გადმოაგდეს; ბ) პოლიციელებმა ქიმერიძე ცემით მოკლეს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, უბედური შემთხვევის ინსცენირება მოახდინეს; გ) ვერსია, რომლის ფარგლებში ქიმერიძე ფსიქოლოგიური და ფიზიკური (ერთი მეორეს არ გამორიცხავს) ზეწოლის გამო, ანერვიულდა და გულის შეტევით გარდაიცვალა, მაგრამ, ვინაიდან მას ფიზიკური ზემოქმედების კვალი აღენიშნებოდა, საჭირო ისევ და ისევ უბედური შემთხვევის ინსცენირება გახდა; დ) მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ამის შესახებ შსს მოგვითხრობს (ეს უკანასკნელი ვერსია ცოტა ვინმემ თუ გაიზიარა).

შეუსაბამობები ამ ისტორიაში პოლიციის შენობაში არ სრულდება. შსს-ს ცნობით, ქიმერიძის პირველი სართულის ფოიეში დაცემის შემდეგ, «პოლიციის თანამშრომლებმა დაუყონებლივ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმრების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიმდინარე წლის 28 თებერვალს, სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრავმების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა».

სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ქიმერიძემ მაშინ მიიღო, როდესაც პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა და ამ ფაქტს სააკაშვილის ხელისუფლება ვერსად გაექცევა. მაგრამ მნიშვნელოვანია იმის დადგენაც, როდის და როგორ გარდაიცვალა ის, თუმცა საავადმყოფოში განვითარებული მოვლენების ზუსტი რეკონსტრუქცია ჯერჯერობით ფრიად პრობლემურია. კიბიდან გადმოვარდნა, პოლიციელების განმარტებით, რომელიც ომბუდსმენის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, დაახლოებით 17 საათსა და 25 წუთზე მოხდა. გარდაცვლილის შვილის, გივი ქიმერიძეს ცნობით, «საღამოს ისევ ამოვიდნენ სახლში პოლიციელები, დაახლოებით 18:00 საათზე, გვთხოვეს, მამის დაზღვევის პოლისი და პირადობა გვინდაო. სახლში არ ვიყავი, დამირეკეს, ავნერვიულდი, ჩავედი საავადმყოფოში, მამა აპარატზე იყო შეერთებული და ნახევარ საათში გარდაიცვალა» («ინტერპრესნიუსი»).

ხაშურის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა თეიმურაზ მძინარიშვილმა «ნეტგაზეთთან» საუბარში თქვა, რომ ქიმერიძე «მოყვანილი იყო საავადმყოფოში 27 რიცხვში, 18 საათსა და 45 წუთზე» და «საავადმყოფოში მოყვანიდან 6 საათში გარდაიცვალა». იმავე თეიმურაზ მძინარიშვილმა presa.ge-ს კითხვებზე: «28 თებერვალს შემოიყვანეს პაციენტი და იმავე დღეს გარდაიცვალა? რამდენ ხანს იყო იგი კლინიკაში?» უპასუხა: «დიახ. მე ამდენი ინფორმაციის გაცემის უფლება რამდენად მაქვს, არ ვიცი. კლინიკაში იყო დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში». ამავე ინტერვიუში მძინარიშვილმა თქვა, რომ ქიმერიძემ «თვითონ განაცხადა სიმაღლიდან ჩამოვვარდიო, გარემოებები არ დაუკონკრეტებია, მოყვანისას პაციენტი კონტაქტური იყო». news.ge-სთან საუბარში კი მძინარიშვილმა განაცხადა, რომ ქიმერიძე «კლინიკაში დაახლოებით 17:45-ზე შემოიყვანეს. პაციენტმა შემოყვანიდან დაახლოებით 6 საათი იცოცხლა. მოყვანისას პაციენტი კონტაქტური არ იყო». აშკარაა, რომ ზოგიერთი ფრაზა მძინარიშვილის სხვადასხვა განცხადებიდან ერთმანეთს 100%-ით ეწინააღმდეგება.

ჯერ სად ვართ, შემდეგ უარესი დაიწყო. ქიმერიძეების ეზოს მისადგომებთან ვიღაც გაურკვეველი ტიპები გამაგრდნენ, რომლებიც თავს ოჯახის ახლობლებად ასაღებდნენ და არჩევდნენ, თუ ვინ უნდა შესულიყო სახლში და ვინ არა. ზოგიერთი მათგანი ამოიცნეს, როგორც «ნაცმოძრაობის» აქტივისტი და პოლიციასთან დაკავშირებული პირი, რომელსაც გარდაცვლილის ოჯახთან ახლო ურთიერთობა არ აკავშირებდა. ტელეკომპანია «მაესტროს» გადამღებ ჯგუფს აშკარად თავს დაესხნენ (სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი «ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა»). სახელისუფლო ტელევიზიები კი გადასცემდნენ იდენტურ ცნობებს იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია ჭირისუფლებს აწუხებს (იმას, რომ სამივე სახელისუფლო არხის კომენტარი ერთმანეთს დაემთხვევა, ინტერნეტში ფართოდ გავრცელებული ვიდეორგოლი ასახავს).

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ «ვექტორის» დირექტორმა ალექსანდრე გეჯაძემ გარეგანი ექპერტიზის შედეგებზე დაყდნობით oponion.ge-სთან საუბარში შემდეგი მოსაზრება გამოთქვა: «თუ ექნებოდა ადგილი თავისუფალ ვარდნას, ასეთ შემთხვევაში სხივმაჯის სახსარზე არსებული დაზიანებების ერთდროული განვითარება როგორც წინა, ასევე უკანა ზედაპირზე გამორიცხულად მიმაჩნია. ამავდროულად, გარკვეულწილად ძნელად წარმოსადგენად მიმაჩნია ცხვირის ძვლისა და წარბის დაზიანება ერთად განვითარებულიყო». მეტ-ნაკლებად კვალიფიციური ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც გარდაცვლილის ცხედარი ნახა ან ინტერნეტში გავრცელებული ფოტოები დაათვალიერა და შემდგომ საკუთარი შეფასება საჯაროდ დააფიქსირა, ამბობს, რომ გარდაცვლილს წამების კვალი ეტყობა.

არჩევნების წინ ეს ინციდენტი ყველაზე ნაკლებად მიხეილ სააკაშვილს სჭირდებოდა, თუმცა სისტემას, რომელიც მან შექმნა, სხვა ნაყოფის მოტანა, უბრალოდ, არ შეეძლო. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების დასჯაა, მაგრამ, თუ სააკაშვილი ამ გზით წავა, სხვა პოლიციელები მომავალში ასჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე კანონს გადააბიჯებენ, ეს კი რეჟიმის მთავარი საყრდენის პარალიზებას გამოიწვევს.

მთელ ამ ისტორიაში სააკაშვილის რეჟიმის და მისი ე.წ. გამჭვირვალე პოლიციის ნამდვილი სახე ძალიან კარგად გამოჩნდა. ცხადია, სააკაშვილი ვეღარასოდეს იტყვის, რომ ხალხი პოლიციის ფანჯრებიდან მხოლოდ შევარდნაძის დროს ცვიოდა, რადგან ცხვირწინ უმალვე განხილულ ფაქტს დაუდებენ, ხოლო ისედაც ნულთან მიახლოებული ნდობა მერაბიშვილის უწყების მიმართ «მინუსებში წავა». მაგრამ მთავარი ამ სიტუაციაში სულ სხვა რამ არის: თუ სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩება, ის უბედურება, რომელიც ქიმერიძეების ოჯახს თავს დაატყდა, ძალიან დიდი ალბათობით, თითოეულ ქართულ ოჯახში შეაბიჯებს, რადგან საკუთარი მდგომარეობის შენარჩუნებას სრულმასშტაბიანი ტერორის გარეშე მმართველი ჯგუფი, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს. ამისგან დაზღვეული არც ერთი ჩვენგანი არ არის, თუმცა ახლო, კერძოდ კი პოსტსაარჩევნო მომავალში ასეთ მოპყრობას, სავარაუდოდ, საყოველთაოდ გავრცელებული პრაქტიკის სახე მიეცემა.

საყურადღებო მონაკვეთი სოზარ სუბარის ინტერვიუდან, რომელიც მან «ასავალ-დასავალს» მისცა: «სოსო ქიმერიძე იყო აქტიური ოპოზიციონერი, რომელიმე პარტიაში არ ყოფილა, მაგრამ თავშეყრის ადგილებში პირდაპირ გამოხატავდა თავის მკვეთრად უარყოფით განწყობას. როგორც ჩანს, მოინდომეს მისი დაშინება და გაჩუმება, ამიტომ წაიყვანეს განყოფილებაში, მიზეზად კი ის მოსდეს, რომ თითქოს ვიღაცამ დაკარგა ალუმინის ქვაბი». ფაქტია, ამ ისტორიის ანალიზი ჩვენ კიდევ საკმაო დროის განმავლობაში მოგვიწევს.      

და ბოლოს: დიდი მადლობა შალვა რამიშვილს და ტელეკომპანია «მაესტროს»; რომ არა მათი პროფესიონალიზმი, ამ ამბის შესახებ საზოგადოება, დიდი ალბათობით, ვერაფერს შეიტყობდა.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here