Home რუბრიკები პოლიტიკა მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოდის? ანუ «ისინი ყოველთვის ბრუნდებიან»

მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოდის? ანუ «ისინი ყოველთვის ბრუნდებიან»

732

მიხეილ სააკაშვილი მალე ბალალაიკაზე დაუკრავს; მისმა ბოლო განცხადებებმა და ინიციატივებმა შეიძლება სწორედ ამ დასკვნამდე მიგვიყვანოს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფიგურანტმა ექსპრომტად ახალი თამაში დაიწყო, რომლის საბოლოო მიზანს მისი რეჟიმის გადარჩენა წარმოადგენს. ვინაიდან ხელისუფლების ყველა ადრინდელი მანევრი სამკუთხედში მოსკოვითბილისივაშინგტონი საქართველოსთვის გამანადგურებლად მძიმე შედეგით დასრულდა. მიზანშეწონილია, თადარიგი წინასწარ დავიჭიროთ და იმის დადგენა ვცადოთ, თუ რას უქადის ქვეყანას სააკაშვილის «ახალი რუსული პოლიტიკა», თუკი ასეთი ბუნებაში არსებობს. 

შანტაჟი თუ ხავსი წყალწაღებულისთვის?

მას შემდეგ, რაც აშშ-რუსეთის ურთიერთობებში «გადატვირთვა» დაიწყო, სწრაფვა მოსკოვთან ურთიერთობების დალაგებისკენ თბილისისთვის ერთგვარ «ადეკვატურობის ტესტად» იქცა. თეთრმა სახლმა არაერთგზის მიანიშნა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ნაბიჯებს სხვა მიმართულებით გაგებით ვერ მოეკიდება. გზავნილი «მოაწესრიგეთ ურთიერთობები რუსებთან!» ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ისევე, როგორც ევროპელმა პარტნიორებმა (მაგალითი: ნიკოლა სარკოზის გამოსვლა თბილისში) სხვადასხვა ფორმით არაერთგზის გააჟღერეს. თეთრ სახლს, სავარაუდოდ, ძლიერ აღიზიანებდა სააკაშვილის ოცნებები «გადატვირთვის» ჩაძირვაზე და სამწლიანი შთაგონების შემდეგ, ის, შესაძლოა, მიხვდა, რომ ახალი «ცივი ომის» პროვოცირებაზე ორიენტირებული გამოხდომებით ვერაფერს მიაღწევს, ხოლო გეოპოლიტიკური არაადეკვატურობა შეიძლება ძალიან ძვირად, ვაშინგტონის მხარდაჭერისა და ხელისუფლების დაკარგვის ფასად დაუჯდეს.

რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ემხრობა, მეტიც, როგორც ჩანს, არცთუ ცოტა მოქალაქე, შინაგანად მზად არის, გაცილებით შორს წავიდეს. ფონდ «ღია საზოგადოება-საქართველოს» მხარდაჭერით, «საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის» მიერ ახლახან ჩატარებულ კვლევაში ერთი საინტერესო მონაკვეთი გვხვდება (დაწვრილებით ამ თემაზე «საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში ექსპერტმა ვალერიან გორგილაძემ ისაუბრა). გამოკითხულთა 47,7%-მა შემდეგი მოსაზრება გაიზიარა: «ამერიკა შორს არის და ვერაფერს გვიშველის. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, თუნდაც უარი თქვას ამერიკასთან თანამშრომლობაზე, იმისათვის რომ გაიუმჯობესოს რუსეთთან ურთიერთობა». ყველაზე პიკანტური და ერთობ ღიმილისმომგვრელი ისაა, რომ ამ აზრს, სხვებთან ერთად «ნაციონალური მოძრაობის» მხარდამჭერთა 26,4% მიემხრო. ის, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება სურს, არაერთგზის დაფიქსირდა; მაგალითად, II- ბოლო გამოკითხვაში, დიალოგის განახლებას მხარი გამოკითხულთა 73%-მა დაუჭირა. არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, სააკაშვილს ამ გარემოების უგულებელყოფა, უბრალოდ, არ შეუძლია.

ეს ორი ფაქტორი «ზედაპირზე დევს» და სააკაშვილის ბოლო ნაბიჯები, კერძოდ კი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და ანტიმოსკოვური რიტორიკის აშკარა შერბილება, ძალიან დიდი ალბათობით, სწორედ აქედან მოდის. თუმცა მრავალრიცხოვან კომენტარებში, რომლებიც ყოველივე ამას მოჰყვა, გამოიკვეთა კიდევ ერთი, მნიშვნელოვანწილად კონსპიროლოგიური ვერსია იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი უკმაყოფილოა იმით, რომ ამერიკელებმა ხელისუფლებიდან წასვლა მოსთხოვეს, მათ ზურგი შეაქცია და მხარდაჭერის მოპოვებას მოსკოვში ცდილობს; ან კიდევ, მოჩვენებითი შეტრიალებით ჩრდილოეთისკენ ვაშინგტონის დაშანტაჟებას ლამობს. ეს ვერსია, ფაქტებით გამყარებული არ არის და მხოლოდ ვარაუდებს ეფუძნება.

ობიექტური წინაპირობები შეზღუდულ დროში მსგავსი გეოპოლიტიკური ვირაჟების განხორციელებისთვის არ არსებობს და ასეთი გლობალური, უაპელაციო დასკვნების გაკეთება მიზანშეწონილი, ალბათ, მაინც არ არის, თუმცა კიდევ ერთი, «მესამე» მოტივი სააკაშვილის მოქმედების მიღმა, სავარაუდოდ, მართლაც დგას. საქმე ისაა, რომ «გადატვირთვის» დაწყების შემდეგ მოსკოვი და ვაშინგტონი პოსტსაბჭოთა სივრცეში ცდილობენ, საჩოთირო სიტუაციებში ურთიერთგაგებას მიაღწიონ.

ყველაზე კარგი მაგალითი, ამ მხრივ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებია, როდესაც აშშ-ს არც კი უცდია, რუსეთის პოზიციების აშკარა გაფართოებისთვის ხელი შეეშალა. კომპრომისს მხარეებმა არაერთგზის ცენტრალურ აზიაშიც მიაღწიეს. ამ კონტექსტში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ორი ზე სახელმწიფოს მორიგ კონსენსუსს საფუძვლად არ დაედოს ფორმულა «სააკაშვილი უნდა წავიდეს», რასაც დღეს, სავარაუდოდ, ხუთიოდე წუთი უკლია, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ვაშინგტონისა და მოსკოვის პოზიციებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა დაფიქსირდეს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს ბედს მხოლოდ უცხო ქვეყნები განკარგავენ და ქართული საზოგადოების აზრი აღარაფერს წყვეტს, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლების «დამსახურებით» ზე სახელმწიფოების პოზიცია შიდაქართულ პროცესებთან მიმართებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა.

რაზე არის გათვლილი სააკაშვილის დღევანდელი აქტიურობა _ მოკლევადიან პროპაგანდისტულ ეფექტზე თუ რაიმე უფრო მასშტაბურზე? რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების პრაქტიკული ღირებულება არც ისე დიდია, მათ, ვიზების მიღებასთან დაკავშირებით, რამდენადმე შესამჩნევი პრობლემები ისედაც არ ჰქონდათ. გაცილებით საინტერესოა ის, რაც მოხდება (თუ მოხდება) შემდეგ. რამდენად შორს შეიძლება წავიდეს სკამის დაკარგვის შიშით შეპყრობილი სააკაშვილი? რუსეთის ოფიციალური პირების ბოლო განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მათ სწორედ ამის დადგენა გადაწყვიტეს.

კალინკა+მალინკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღოს, თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ «ქართულმა მხარემ უზრუნველყოს საიმედო სამართლებრივი პირობები, რომლებიც საქართველოში ჩასული რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების გარანტიებს შექმნის. ასევე, ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ვთავაზობთ». ლუკაშევიჩის მიერ ნახსენებ «სამართლებრივ პირობებში» იგულისხმებოდა საქართველოს კანონმდებლობის იმ ნორმების გადახედვა, რომლებიც სეპარატისტულ რესპუბლიკებში ცენტრალური ხელისუფლების დაუკითხავად (უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან) ჩასვლისთვის სანქციებს აწესებს. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური თბილისი საპასუხო განცხადებებში საუბარი მხოლოდ  დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პრობლემატიკას შეეხო. კანონი «ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ» და რუსი ტურისტების პრობლემები, რომლებიც მისგან გამომდინარეობს, ამ განცხადებებში არ ფიგურირებდა; საინტერესოა, ხომ არ არის სააკაშვილის ხელისუფლება მზად ამ მიმართულებით დათმობაზე წავიდეს? ნებისმიერ შემთხვევაში ეს ერთგვარი ტესტია, რომელიც კრემლმა სააკაშვილს შესთავაზა.

თუმცა ორმხრივი ურთიერთობებისთვის აქტუალური ბევრი თემა ოფიციალურ განცხადებებში კიდევ საკმაო დროის განმავლობაში ვერ მოხვდება. კრემლს, სავარაუდოდ, აინტერესებს შეუფერხებელი სახმელეთო კომუნიკაცია სომხეთში განლაგებულ სამხედრო ბაზებთან, მაგისტრალური გაზსადენი, საქართველოს რკინიგზა და კიდევ ბევრი რამ, რაც რთულ მდგომარეობაში (როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით) ჩავარდნილმა სააკაშვილმა შეიძლება ძალიან იაფად დათმოს.

ის, ვინც «ა»-ს ამბობს მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ «ბ»-ს  თქმას და მთელი ანბანის ჩამორაკრაკებას მოსთხოვენ. მთავარი პრობლემა კი ამ სიტუაციაში, სავარაუდოდ, ისაა, რომ ის მეტ-ნაკლებად ღირებული აქტივები, რომლებიც საქართველოს ჯერ კიდევ დარჩა, შეიძლება არა მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, არამედ სააკაშვილის სკამის გამყარებაზე გაიცვალოს.

დიალოგი რუსეთთან აუცილებელი და გარდაუვალია, თუმცა, შესაძლოა, დღეს მისი დაწყებისთვის საუკეთესო მომენტი არ არის (იგივე შეიძლება აშშთან დიალოგის გაგრძელებაზე ითქვას), რადგან სააკაშვილის ხელისუფლება დღეს, როგორც არასდროს, ორიენტირებულია არა ეროვნული, არამედ საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფაზე.

სამწუხაროდ, ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პოლიტიკაში მიზანი ნებისმიერ საშუალებას ამართლებს და პათოლოგიური სწრაფვა ძალაუფლებისკენ, რომელსაც, მათ შორის, შეიძლება ქვეყნის ინტერესები შეეწიროს, მისაღები თუ არა, ასე თუ ისე, ბუნებრივი რამ არის. ვიდრე ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება და აშკარა პათოლოგიის ირიბი გამართლება არ შეწყდება, ნორმალურ სახელმწიფოს, სავარაუდოდ, ვერ ვეღირსებით. ასე თუ ისე, საზოგადოებამ აშკარად «გამოტოვა» ის მომენტი, როდესაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ორიენტირად სააკაშვილის სკამის გადარჩენა იქცა.

თუმცა, შეთანხმებები ამ უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებით საიდუმლო დიპლომატიის სფეროს მიეკუთვნება, სააკაშვილს კი ყველაფერთან ერთად პროპაგანდისტული კოზირები სჭირდება, რომელსაც წინასაარჩევნოდ გამოიყენებს. რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ან მისი საგრძნობი გამარტივება, ასევე, რუსულ ბაზარზე თავისუფალი მოქმედების გარანტიები, საზოგადოების საკმაოდ მოცულობითი ნაწილის მოწონებას დაიმსახურებდა; თეორიულად, არჩევნებამდე დარჩენილ დროში ამ მიზნის მიღწევა გამორიცხული ნამდვილად არ არის. მეტის მიღწევა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, უბრალოდ, შეუძლებელია, უფრო სერიოზულ თემებზე რუსები მას არ დაელაპარაკებიან, რის შესახებაც ადრე არაერთხელ განაცხადეს.

 დრო იწურება

4 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. გამარჯვება პირველსავე ტურში ვლადიმერ პუტინმა მოიპოვა. ის რუსეთს მომავალი ექვსი, ხოლო ხელმეორე არჩევის შემთხვევაში, თორმეტი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. საქართველოს ხელისუფლებას საქმის დაჭერა სწორედ პუტინთან მოუწევს.

საბოლოო ჯამში, სააკაშვილის მანევრები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ასე თუ ისე, ტაქტიკის სფეროს მიეკუთვნება და, ალბათ, აუცილებელია, უფრო ფართო პერსპექტივას შევეხოთ. დღევანდელი მსოფლიო სულ უფრო არასტაბილური ხდება (ყოვლისმომცველი კრიზისისა და მისგან გამომდინარე ომის მზარდი საფრთხის გამო) და საქართველოს, როგორც პატარა ხომალდს მოახლოებული ქარიშხლის წინ, საიმედო ნავსადგომის მოძებნა სჭირდება, რადგან მომავალი 20-30 წლის პერსპექტივაში ქვეყნებს, რომელთაც უსაფრთხოების მყარი გარანტიები არ ექნებათ, სავარაუდოდ, სრული განადგურების საფრთხე დაემუქრებათ. მსოფლიო იცვლება და არხეინი ცეკვა-თამაშისთვის მასში სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება. წერილის ავტორს ნამდვილად არ სურს უიმედო პესიმისტად ან ალარმისტად ჩათვალონ, თუმცა წამყვანი ეკონომისტების, პოლიტოლოგებისა და სამხედრო ექსპერტების პროგნოზები ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ ახალი რეალობა სუსტი ეკონომიკების, სახელმწიფოებისა და ერების მიმართ წარმოუდგენლად სასტიკი იქნება. ძალიან დიდი ალბათობით, XXI საუკუნის პირველ ნახევარში პლანეტა დაემსგავსება ტერარიუმს, რომლის ბინადრებს საკვების მიწოდება შეუწყვიტეს.

საქართველოსთვის ძალზე რთული იქნება ამ სახეცვლილ მსოფლიოში გადარჩენა, თუკი უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრობლემას არ მოაგვარებს. ეს კი რუსეთთან დარეგულირების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამაზე ყველა მიუთითებს _ ადგილობრივი ექსპერტებიდან დაწყებული, ევროკავშირის მაღალჩინოსანი წარმომადგენლებით დამთავრებული; ეს აქსიომაა, რომელსაც ვერსად გავექცევით.

სრულმასშტაბიანი დარეგულირება სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია და ეს კიდევ ერთი ფუნდამენტური, ქვეყნის გამთლიანების პრობლემის გადაწყვეტას აფერხებს.

ორმხრივი ურთიერთობების გადაყვანა ტაქტიკური და, საბოლოო ჯამში, მეორეხარისხოვანი საკითხების გადაწყვეტის ჭრილში საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ რესურსს _ დროს აკარგვინებს, რომელიც ასე სჭირდება იმისთვის, რომ ქაოტური ახალი დროის გამოწვევებს მომზადებული შეხვდეს. ამიტომ სააკაშვილის ბოლო ნაბიჯები, მათი გარეგნული პოზიტიურობის მიუხედავად, ალბათ, მაინც არ წარმოადგენს იმას, რაც ეროვნული ინტერესების რეალიზებას სინამდვილეში სჭირდება. ცხადია, იმაზე დაკვირვება, თუ როგორ იწყებენ მმართველი ძალის წარმომადგენლები «ბალალაიკაზე დაკვრის სწავლას» დროდადრო საინტერესოა, თუმცა ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებთან ამ სახალისო სანახაობას საერთო ძალიან ცოტა აქვს. ჩვენ რუსეთთან, ალბათ, გაცილებით უფრო სერიოზული, ყოვლისმომცველი დიალოგი გვჭირდება, რომლის წარმოება, მიხეილ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას, გარემოებათა გამო, არ შეუძლია.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here