Home რუბრიკები პოლიტიკა დამოუკიდებელი ჟურნალისტი თინა ხიდაშელს ცენზურაში ადანაშაულებს

დამოუკიდებელი ჟურნალისტი თინა ხიდაშელს ცენზურაში ადანაშაულებს

782

სულ ახლახან კოალიცია «ქართული ოცნების» სადამფუძნებლო დეკლარაცია თავად ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა საზოგადოებას. მასში სხვა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხებთან ერთად ხაზგასმით არის მითითებული, რომ «ქართული ოცნება» დაიცავს მედიის თავისუფლებას. მართლაც, მედიის თავისუფლება სწორედ ის აქილევსის ქუსლია, რომელზეც დღემდე ძირითადად მმართველ პარტიას უთითებდნენ და საყვედურობდნენ, მაგრამ დღეს უკვე იმის შესახებ გახდა ცნობილი, რომ კოალიციის წევრებსა და მხარდამჭერებს პიარჯგუფთან შეუთანხმებლად (რომელსაც რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი ხელმძღვანელობს) მედიასთან ურთიერთობას და ინტერვიუების მიცემას უკრძალავენ. თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც «საქართველო და მსოფლიომ» შეიტყო და  მას დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა დავით მხეიძემაც დაუდასტურა.

_ ბატონო დავით, რა ინციდენტი შეგემთხვათ «ქართული ოცნების» ერთერთ ლიდერთან, თინათინ ხიდაშელთან?

_ თქვენ საიდანღა გაიგეთ? მე ამას ინციდენტს არ დავარქმევდი. რომ არ დაგიმალოთ, მიჭირს მომხდარის შეფასება…

_ შეფასებას არ გთხოვთ, მომხდარი ფაქტი გვაინტერესებს, თუ, რა თქმა უნდა, მისი მიჩუმათება არა გაქვთ გადაწყვეტილი

_ ნამდვილად არ ვაპირებდი ამ ფაქტის მიჩუმათებას, მაგრამ არც ვჩქარობდი, რადგანაც რაღაც-რაღაცების გარკვევას ვცდილობ. თუმცა რაკი ფაქტის შესახებ მეკითხებით, გეტყვით: ამასწინათ ბიძინა ივანიშვილის მომავალი პარტიის საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციაზე გახლდით, სადაც ჟურნალ «ათიანის» ყოფილი რედაქტორი და ჩემთვის ახლობელი პიროვნება, გიორგი გორგაძე ვნახე.

ვაა, «ფუტბოლს» თავი დაანებე და პოლიტიკაზე გადახვედი-მეთქი, გავეხუმრე.

თურმე გაზეთ «ქართული ოცნების» რედაქტორი ყოფილა. მე არც ამ გაზეთის არსებობისა ვიცოდი რამე და მითუმეტეს _ მისი რედაქტორის ვინაობისა.

გამეხარდა, რადგანაც გიორგი გორგაძე არა მარტო რიგიანი ჟურნალისტია, არამედ კარგი ქართველი, ნაღდი ქალაქელი კაცი და, აქედან გამომდინარე, სპორტულ ჟურნალშიც ახერხებდა ქართული ტრადიციული ღირებულებების პრიორიტეტის ხაზგასმას.

აბა, წერილები არ გინდა-მეთქი? წერილებსაც გააჩნიაო, მანაც ხუმრობით მიპასუხა და  ყოველგვარ ანაზღაურებაზე წინასწარი საუბრის გარეშე შევთავაზე: მასალებს მოგაწვდი-მეთქი. «ქართული ოცნების» უკვე გამოსულ ნომრებს რომ გადავხედე, რომლებიც გიორგი გორგაძემ ელექტრონული ფოსტით გამომიგზავნა, მივხვდი, არ შევმცდარვარ _ «ქართული ოცნების» უკვე გამოსულ ხუთივე ნომერში იგრძნობოდა ეროვნული სულისკვეთება. მეც, შეპირებისამებრ, გავუგზავნე საგაზეთო პუბლიკაცია. როდესაც გაზეთ «ქართული ოცნების» მორიგი ნომერი, წესით და რიგით, უკვე სტამბაში უნდა ყოფილიყო, გიორგი გორგაძემ დამირეკა და შეწუხებული ხმით მაუწყა, რომ «ჩემი ნაცოდვილარი», პირადად ქალბატონ თინიკო ხიდაშელის ბრძანებით, გაზეთის უკვე გამზადებული მაკეტიდან ამოუღიათ, _ მხეიძის არაფერი გვინდა, რადგან ჩვენი (რესპუბლიკელების. _ ..) ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებსო

_ ვინ მიიღო გაზეთიდან თქვენი მასალის ამოღების გადაწყვეტილება?

_ როგორც გიორგი გორგაძისგან ვიცი, თინათინ ხიდაშელმა. და ეს არის ყველაზე არასიამოვნო, რომ პარტიული ბოსი იღებს ამ გადაწყვეტილებას, თორემ ეს რომ რედაქტორს გადაეწყვიტა და დაესაბუთებინა ან, უბრალოდ, ეთქვა, რომ არ მოეწონა ჩემი წერილი, არანაირი პრობლემა არ იყო. აქ კი გადაწყვეტილება გაზეთში მასალის გასვლა-არგასვლაზე მიიღო პარტიულმა ბოსმა. მინდა, ვთქვა: გიორგი გორგაძე თვითონაც შეწუხებული იყო ამ ამბით და მირჩია, იქნებ შენ თავად გაარკვიო, რატომაა ასეთი აგრესია შენ მიმართო. რაღა გარკვევა უნდა, თავადვე უბრძანებია მიზეზი-მეთქი და… ტელეფონი გათიშა…

_ რით შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ ეს გადაწყვეტილება თინათინ ხიდაშელმა მიიღო და არა გაზეთის რედაქტორმა?

_ არ ვარ ის ადამიანი, რომ სატელეფონო საუბრები ფარულად ჩავიწერო, მაგრამ თითქმის სიტყვა-სიტყვით გეუბნებით, რაც მითხრა რედაქტორმა და დანარჩენი მასთან გაარკვიეთ. ისე, ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა: ჩემო გიორგი, ჩემთვის რომ მსგავსი რამ ეთქვათ შენზე, ან იქვე გავარკვევდი გასარკვევს, ანდა საერთოდ არაფერს გეტყოდი…

_ თქვენი აზრით, რა რეაქცია მოჰყვება თქვენს განცხადებას «ქართულ ოცნებაში”?

_ ვწუხვარ, რომ ჩემი თქვენთან საუბრით და ამ ფაქტის გახმაურებით, შესაძლოა, გიორგი გორგაძეს უსიამოვნება შეხვდეს თინიკო ხიდაშელისგან, მაგრამ, ჯერ ერთი, ის, რაც ქალბატონმა თინიკომ თქვა, ალბათ, _ იმ ვარაუდით, რომ, დიახაც, მე უნდა გამეგო, ანუ ჩემი საჯარო რეაქცია არ უნდა იყოს მოულოდნელი «თინა დეიდასთვის». პირადულს რომ თავი დავანებოთ, არსებობს კიდევ ჩემი ჟურნალისტური თავმოყვარეობა, რენომე, რისი დაცვის უფლებაც უდავოდ მაქვს. უმთავრესი კი ის არის, რომ, დღიდან ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისა, არ წყდება საუბრები «ქართულ ოცნებაში» ზოგადად რესპუბლიკელების და პირადად «კაბიანი ბოკერიას» ზღვარგადასულ ამბიციებზე _ «თინა დეიდა» წყვეტს, თუ ვინ უნდა იყოს «ქართულ ოცნებაში» და ვინ _ არა!

ასე ლაპარაკობენ და ეს რომ ასეა, ჩემთან დაკავშირებული შემთხვევაც ადასტურებს. თუმცა მე რა მოსატანი ვარ: ნინო ბურჯანაძე, მთლიანად «სახალხო კრება», მურმან დუმბაძე, ნანა დევდარიანი, კახა კუკავა და ა. შ., ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, ყველანი რესპუბლიკელების ხუშტურების მსხვერპლნი არ არიან?

ამას წინათ ბატონმა რეზო ამაშუკელმა დაწერა პრესაში: ერთმა სათვალიანმა დედაკაცმა, ბიძინას ურჩია, რეზო ამაშუკელი არ გავიკაროთ, ეგ ქსენოფობია და სომხების ხმებს დაგვაკარგვინებსო.

თინა ხიდაშელს გულისხმობდით-მეთქი? _ ვკითხე ბატონ რეზოს. არ მიპასუხეთ, მაგრამ, ბატონო რეზო, ეგ ისე გამოგივიდათ, ერთ ანეგდოტში რომაა _ სახელს არ გეტყვით, მაგრამ ის არის, ჩვენი თავმჯდომარეო.

ჰოდა, «თავმჯდომარე» რომ ბოკერიაა კაბაში, ამას ბევრი ლაილაი უნდა? რაც შეეხება სომხების ხმების დაკარგვას, ბატონო ბიძინა, არც რობიკო სტურუა გაიკაროთ ახლოს, თორემ სომხების ხმებს ვინღა დაეძებს, მთელ ლიბერასტულ დასავლეთში მოეჭრება თავი «ქართულ ოცნებას» _ მსოფლიო თეატრალური ხელოვნების კორიფე, რობიკო სტურუა ხომ დიდი პოეტის სიყრმის მეგობარია და სომხური ქსენოფობიის «საკითხიც» ხომ რობიკოს «აწეულია»…

როგორც ვიცი, თინა ხიდაშელია «ქართული ოცნების» პიარსამსახურის უფროსი. ამ ორგანიზაციის ყველა მედიასაშუალების მთავარი ცენზორიც «თინა დეიდაა». პარტიულმა ბოსმა თინათინ ხიდაშელმა «ქართულ ოცნებაში» აღადგინა ის, რასაც საბჭოთა პერიოდში «მთავლიტს» ეძახდნენ და რაც იყო ჩვეულებრივი ცენზურა

_ ბატონო დავით, თემას გადავუხვიეთ, იქნებ გვითხრათ, რაზე იყო თქვენი პუბლიკაცია, რომელსაც ეს ინციდენტი მოჰყვა?

_ ის სტატია ივანიშვილის მომავალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციიდან გამომდინარე დავწერე და უნდა ვაღიარო, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო «ქართულ ოცნებასთან» დაკავშირებით, როცა კითხვები თითქმის არ მქონდა. აბა, რა კითხვები უნდა მქონდეს ულამაზესი და უსაყვარლესი ნინელი ჭანკვეტაძის, ჩემი კოლეგისა და მეგობრის, ელისო ჩაფიძის ან ბატონ ვანო კიღურაძის მიმართ? დანარჩენებს არ ჩამოვთვლი და არ მიწყინოთ…

განსაკუთრებით იმედი მომეცა ჩემთვის უცნობი არჩილ კბილაშვილის გამოსვლის შემდეგ, როდესაც განაცხადა, რომ ლიბერალური დემოკრატია, პირველ რიგში, ეროვნული, მართლმადიდებლური ღირებულებების დაცვას ნიშნავს ჩემთვისო!

სწორედ ამიტომ გავითვალისწინე ბიძინას თხოვნა ჟურნალისტების მიმართ _ ჩვენი კოალიციიდან ზოგს რომ აქებთ, ზოგსაც ნუ ლანძღავთო. მართალია, ის ზოგი გალანძღული არ დაუსახელებია, მაგრამ ვისზე იყო მინიშნება, იმ «თავმჯდომარის» არ იყოს, ისედაც ცხადია.

ამიტომ ვიფიქრე, «რესპების» კრიტიკაზე დროებით მორატორიუმს გამოვაცხადებ-მეთქი და იმ წერილში, რომელიც თინა ხიდაშელმა ამოაგდო,  რესპუბლიკელები არც ავად ვახსენე და არც კარგად… მაგრამ რად გინდა, არ მოვწონვარ თინიკოს და რა ვქნა?!

_ აპირებთ თუ არა თინათინ ხიდაშელთან ამ ინციდენტის გამომწვევი მიზეზების გარკვევას?

_ მე მასთან გასარკვევი არაფერი მაქვს. პირველი _ იმიტომ, რომ არ მაინტერესებს, რატომ არ მოსწონს ჩემი პუბლიკაციები. უფრო მეტიც: ღმერთმა დამიფაროს, რომ რესპუბლიკელებს მოვწონდე. ამიტომ რის მორატორიუმი და რა დიპლომატია, სადაც წავასწრებ, ყველგან «მოვეფერები», ანუ, როგორც «მონანიებაშია», ყოველგვარი სინანულის გარეშე, «მაინც ამოვთხრი»!

_ არ გეჩვენებათ, რომ მიკერძოებული ხართ?

_ მე ვარ მიკერძოებული? მართალია, ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ასევე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, ქართველი, საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და მაქვს ჩემი პოზიცია, შეხედულებები ამა თუ იმ პარტიის მიმართ, თუმცა ეს შეხედულებები არაფერ შუაშია… ჩემს მიკერძოებულობაზე როგორ საუბრობთ, როდესაც მთელი მსოფლიო ხაზს უსვამს და ნაცებიც ვერ უარყოფენ, რომ, სიტყვის თავისუფლების მხრივ, სერიოზული პრობლემებია ქვეყანაში. ამას ადასტურებს იგივე «მოდელირებული ქრონიკა» და ის, რომ ყველასთვის კარგად ცნობილი ტელევიზიების «პროდიუსერები» «ნაცმოძრაობის» პარტიული ბოსები არიან. საზოგადოებას ეს რომ არ უნდა და არ მოსწონს, ცენზურა და მლიქვნელობა, შავის თეთრად წარმოჩენა რომ მობეზრდა, იმიტომაც გამოუცხადა თითქმის ულიმიტო ნდობა ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ დააკვირდით: თინიკო ხიდაშელი ჯერ ხელისუფლებას სათოფეზე ვერ მიკარებია და უკვე ცენზურას აწესებს. ადვილი წარმოსადგენია, რას გააკეთებს ის, თუკი ხელისუფლებაში მოვა!

ბიძინა ივანიშვილისა და «ქართული ოცნებისადმი» დიდი პატივისცემის მიუხედავად, როდესაც პარტიული ბოსი ერევა სარედაქციო პოლიტიკაში და, ფაქტობრივად, ცენზურას აწესებს, ამაზე არ გავჩუმდები. ხიდაშელის ქცევა კი ამ შემთხვევაში ვნებს არა დავით მხეიძეს, არამედ, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს, მის ავტორიტეტს და იმ დიდ იმედს, რომელიც საზოგადოებას მის მიმართ გააჩნია.

_ ჩვენ ამ ინციდენტთან დაკავშირებით დავუკავშირდით «ქართული ოცნების» წარმომადგენლებს. გიორგი გორგაძემ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. სხვა წარმომომადგენლებიც ან არ აკეთებენ კომენტარს, ან კატეგორიულად უარყოფენ მომხდარის თქვენეულ ვერსიას.

_ აბა, რა გითხრათ, ვიმედოვნებ, რომ საზოგადოება მათი კომენტარების გარეშეც გააკეთებს სწორ დასკვნებს. ერთი რამ ჩემთვის ცხადზე უცხადესია _ «ქართულ ოცნებაში» რომ ჯერჯერობით ყველაფერი ისე არ არის, როგორც უპირობო გამარჯვებისთვის არის საჭირო, ეს  ჩემი მოგონილი არ არის. სხვათა შორის, არც ის, რომ ამ «ჯერჯერობითში» დამნაშავედ რესპუბლიკელებს თვლის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა. ხსენებული ინციდენტი მხოლოდ კიდევ ერთი წვრილმანი დასტურია ამისა.

მე ახლა უფრო პირადული რამ მაღელვებს _ როგორც ჩანს, გიორგი ვერ ასცდება ჩემს გამო უსიამოვნებებს. მაგრამ ის, რა მოტივითაც ეს საქმე გავახმაურე, «შენს საკეთებელსაც და ჩემს საკეთებელსაც სჯობს, ჩემო გიორგი» _ რესპუბლიკელებთან ერთად ქართულად ოცნება ვერ წარმომიდგენია

«საქართველო და მსოფლიო» კომენტარისთვის რამდენიმე ადამიანს დაუკავშირდა. საკითხის გარკვევა თავდაპირველად გიორგი გორგაძესთან ვცადეთ.

გიორგი გორგაძე, გაზეთ «ქართული ოცნების» რედაქტორი:

_ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. (ტელეფონი გათიშა).

თავად თინა ხიდაშელმა, მოუცლელობის გამო არ გვიპასუხა, ხოლო მისმა თანაშემწემ განმარტა: «ქალბატონი თინა შეხვედრაზეა. ვერ გეტყვით, როდის გათავისუფლდება».

ბუნებრივია, დავინტერესდით ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში ახალგადანაცვლებული ელისო ჩაფიძის აზრით, რომელიც მედიის დამოუკიდებლობის ხელყოფაზე ყოველთვის მყისიერად რეაგირებდა.

ელისო ჩაფიძე, კოალიცია «ქართული ოცნების» ერთერთი წევრი:

_სარედაქციო საქმიანობაში, ბუნებრივია, პარტიული ლიდერები არ უნდა ერეოდნენ. პირველ რიგში კი პრეზიდენტი არ უნდა ერეოდეს მედიასაშუალებების საქმიანობაში. არ უნდა ერეოდეს ასევე გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, გიორგი არველაძე და ა.შ. რაც შეეხება თქვენ კითხვას ჟურნალისტ დავით მხეიძის საგაზეთო პუბლიკაციასთან დაკავშირებით, მე მას ველაპარაკე და მან იგივე მითხრა, რაც თქვენთან ინტერვიუში: ის, რომ თითქოს თინა ხიდაშელის უშუალო ჩარევით მისი სტატია არ გაუშვეს გაზეთში. ესაა სიცრუე. დათომაც იცის იმის შესახებ, რომ თინა ხიდაშელი არც კი იმყოფებოდა ამ დროს საქართველოში. თქვენ იცით ალბათ, რომ საუბარია პარტიულ გაზეთზე. ეს ჩვეულებრივი გაზეთი არაა. მასში გამოქვეყნებული საგაზეთო სტატიები არის არა ავტორებისგან შემოსული, არამედ წარმოადგენს კოალიციაში შემავალი პარტიების პროგრამებს და მათ დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ესაა უფრო პარტიული მედია, რომელიც უფასოდ რიგდება და მას არ შეიძლება სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობაზე პრეტენზია ჰქონდეს. რაც შეეხება თინა ხიდაშელს, ფიზიკურად არ იმყოფებოდა საქართველოში და არც ჰქონდა ნანახი დათო მხეიძის წერილი. ძალიან ვწუხვარ, რომ მიწევს ადამიანის გამართლება. მე დათო მხეიძესაც ვესაუბრე და თინა ხიდაშელსაც.

_ როგორია თინა ხიდაშელის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?

_ მისი თქმით, ესაა სიცრუე და ჭორი. თინამ არც კი იცოდა ამ წერილის შესახებ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ესაა სიცრუე. შეიძლება დათოს ვიღაცამ მიაწოდა ეს ინფორმაცია, თუმცა თინა ხიდაშელი რომ არაფერ შუაშია, უშუალოდ მასთან საუბრის დროსაც გავარკვიე. რატომ ილანძღება ადამიანი იმის გამო, რაც მას არ ჩაუდენია, არ ვიცი. მე ამას სანამ თქვენ გეტყოდით, პირველ რიგში დათო მხეიძეს ვუთხარი. ორი დღის წინ ვესაუბრე ამის შესახებ და მას ეს არ გაუპროტესტებია.

ბუნებრივია, კოალიციის წევრები როდესაც ერთმანეთს იცავენ და ესარჩლებიან, მაგრამ ელისო ჩაფიძის ვერსიას თინა ხიდაშელის საზღვარგარეთ ყოფნის შესახებ თავად ხიდაშელის თანაშემწე უარყოფს.

_ როგორც ვიცით, ქალბატონი თინა უახლოეს დღეებში საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მართალია?

_ საზღვარგარეთ? არა, საქართველოში იყო.

_ არსად არ ყოფილა წასული?

_ არ ვიცი, კი, მგონი იყო. გავარკვევ. ზუსტად ვერ გიპასუხებთ.

ეს ყოყმანი, ჩვენი ვარაუდით იმან გამოიწვია, რომ თინა ხიდაშელის თანაშემწეს მკაფიო ინსტრუქცია არ მიუღია იმის თაობაზე, იმყოფებოდა თუ არა იგი დავით მხეიძის სტატიის გაზეთის მაკეტიდან ამოღების მომენტში საქართველოში. თუმცა, ელისო ჩაფიძეს არ ესწავლება, რომ ინტერნეტის ეპოქაში სულაც არ არის აუცილებელი სტამბაში იმყოფებოდე იმისთვის, რომ სტატია ამოაღებინო!

ხიდაშელის თანაპარტიელმა, მედიის თავისუფლებისთვის ასევე ხმალამოღებულად მებრძოლმა ლევან ბერძენიშვილმა ჩვენი შეკითხვის მოსმენის შემდეგ ავადმყოფობის მომიზეზებით კომენტარზე უარი გვითხრა.

ლევან ბერძენიშვილი, «რესპუბლიკელების» ერთერთი ლიდერი:

_ სამწუხაროდ, შეუძლოდ ვარ. ინტერვიუებსაც არ ვიძლევი. რამდენიმე დღეში დამიკავშირდით და რაც გაინტერესებთ, გიპასუხებთ.

_ სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ, პატარა კომენტარი გვჭირდება.

_ იცით, რა? ავად ვარ და არ შემიძლია ამ მდგომარეობაში პასუხი გაგცეთ. არ შემიძლია…

რაკი მედიასთან ურთიერთობა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ახალდანიშნულ პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძეს დაავალა, მისი აზრითაც დავინტერესდით.

მაია ფანჯიკიძე, კოალიცია «ქართული ოცნების» ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი (სტილი დაცულია):

_ თუკი პარტიული ლიდერები ერევიან რომელიმე ჟურნალისტის საქმიანობაში, ეს არის ცუდი. პარტიულ ლიდერებს ცენზურის უფლება რატომ უნდა ჰქონდეს? პარტიულ ლიდერს შეუძლია ჩაერიოს, მოინდომოს გავლენის მოხდენა, ეს ცუდია, მაგრამ ცენზურის უფლება აქვს იმას, ვინც ფლობს ამა თუ იმ მედიასაშუალებას. ასე არ არის? ნამდვილად არ ვიცი, რა სტატიაზეა საუბარი, არც ის, რატომ გავიდა თუ არ გავიდა. თინა ხიდაშელი მე არ მითანხმებს თავის პუბლიცისტურ მოღვაწეობას. შესაბამისად, არ ვიცი, ამ ორ პიროვნებას შორის რა მოხდა.

მთელ ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პასუხს ან არ გაძლევენ (ჩვენი ხელისუფლებისა არ იყოს), ან აცხადებენ, რომ არაფერი იციან, ან (რაც ყველაზე შემაშფოთებელია) იმას ამტკიცებენ, რომ პარტიულ პრესაზე დამოუკიდებლობის პრინციპი არ ვრცელდება! ასე იყო 70 წლის განმავლობაში და ამ «წესს» ერთგულად იცავდნენ «ზემოდან» დანიშნული ცენზორები, რომელთაც მორცხვად «მთავლიტს» უწოდებდნენ.

არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, გაზეთი პარტიულია თუ არა. მით უფრო, რომ ჯერჯერობით ის პარტიაც კი არ არსებობს, რომელსაც გაზეთს აკუთვნებენ. ადამიანებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ყველგან და ყოველთვის უნდა ჰქონდეთ, მათ შორის პარტიებშიც და მათ კოალიციებშიც. ცუდი კი ის არის, რომ «ჩემიანებად» და «სხვისიანებად» დაყოფა იმაზე გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე «ქართული ოცნება» ხელისუფლებაში მოსვლის სურვილს გამოთქვამდა. ეს ხელისუფლებაც ხომ ზუსტად ასე იქცევა და მაშინ რას ერჩით სააკაშვილს, ბატონებო?!

და ბოლოს: «ქართული ოცნების» პრესსპიკერს, როგორც გაირკვა, გულწრფელად სჯერა, რომ თინა ხიდაშელის მოღვაწეობა «პუბლიცისტურია და, რაც მთავარია, მედია საშუალების მფლობელს ცენზურის უფლება აქვს! ასე სჯერა და ზუსტად ასე იქცევა ყველა ნაციონალური ტელეარხის «მფლობელი» მიხეილ სააკაშვილიც!

ჯაბა ჟვანია,

ლილი მიროტაძე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here