Home რუბრიკები პოლიტიკა თედო ჯაფარიძე „საქართველო და მსოფლიოს“ რედაქციაში

თედო ჯაფარიძე „საქართველო და მსოფლიოს“ რედაქციაში

580


„საქართველო და მსოფლიოს“ რედაქციას ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პროფესიონალი დიპლომატი, ამჟამად „ქართულ ოცნებაში“ საგარეო საკითხებზე მრჩევლად მიწვეული თედო ჯაფარიძე სტუმრობდა.

რედაქციის ჟურნალისტებთან საუბარში მან საქართველოს უახლესი ისტორიის ბევრ პრინციპულ და ფართო საზოგადოებისთვის უცნობ საკითხზე ილაპარაკა. ზოგიერთ პასაჟს დღეს გთავაზობთ, ინტერვიუ კი სრულად ამ დღეებში გამოქვეყნდება.

ვინ იყო ის შავი ქალი?

თედო ჯაფარიძე: 2004 წელს, სააკაშვილის პირველ შეხვედრამდე აშშ–ს პრეზიდენტთან თეთრ სახლში ორმოციოდ წუთი იყო დარჩენილი, როცა მიშამ ბუშის ბოლოდროინდელი გამოსვლების ტექსტები მოითხოვა. როგორც იქნა, 15 წუთში ერთი ტექსტი ვიპოვეთ. მივეცით. სასწრაფოდ გადაიკითხა და შევედით კიდეც ოვალურ კაბინეტში. მაშინ ჯერ კიდევ, თუმც ფორმალურად, საქართველოს საგარეო მინისტრი ვარ.დაგვხვდა ბუში მთელი თავისი გუნდით – დიკ ჩეინი, კონდოლიზა რაისი, სხვები. წესისამებრ, მასპინძელი მიესალმა სტუმარს და კარგი სიტყვები უთხრა. რაღაც შეუქო, რაღაც დახმარება აღუთქვა და ა.შ.

დადგა სააკაშვილის ჯერი და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო: სულ ზეპირად უთხრა გრძელ–გრძელი ციტატები ბუშის იმ გამოსვლიდან, რომელიც ჩვენ ვუპოვეთ.

ვუყურებ ბუშს და რას ვხედავ? კაცს ყბა ჩამოუვარდა, გაილურსა, თვალები ცრემლებით აევსო და ოფიციალური მიღება პროტოკოლით დადგენილი რეგლამენტი არა მარტო დროის თვალსაზრისით დაარღვია, არამედ დიპლომატიური ეტიკეტისაც. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთმა ჩვენმა ფოტოგრაფმა ბუშთან ერთად სურათის გადაღება მოინდომა. დადგა აშშ პრეზიდენტის გვერდით და კონდოლიზა რაისს ფოტოაპარატი მიაჩეჩა. კონდოლიზამაც გადაუღო.

ოვალური კაბინეტიდან გამოსულ ფოტოგრაფს რომ ჰკითხეს, მართლა გადაიღე სურათი ბუშთან ერთადო, კიო უპასუხა. ვიღაც შავი ქალი იყო და იმას გადავაღებინეო.

ასე რომ, სააკაშვილის ქედმაღლურ განცხადებას საზღვრის გადაკვეთის პროცედურასთან დაკავშირებით რომ ბრძანა, ჩვენ რა, ზანგები ვართო?! მისი პირადი ფოტოგრაფის განცხადება უსწრებდა.

არც აქ იყო ორიგინალური, ისევე, როგორც ბუშთან შეხვედრის დროს, როცა მასპინძლის ტექსტი ისე გადმოიღო და შეასაღა ბუშს, რომ თქვენი მოწონებული.

„თითი კვირაში ერთხელ ატაკოს და არა ყოველდღე!“

ამერიკაში მიღებულია, რომ ყოფილი მაღალი რანგის მოღვაწენი სისტემატურად ხვდებიან ერთმანეთს და, არცთუ იშვიათად, პრეზიდენტს, რომელიც ამ გამოცდილ ადამიანებს საქვეყნო პრობლემებზე ესაუბრება და რჩევას ეკითხება.

საგარეო საქმეთა მინისტრობიდან რომ წავედი, ამერიკაში ჩავედი, შევხვდი კოლინ პაუელს, ვისთანაც აშშ–ში ჩემი ელჩობიდან მოყოლებული, კარგი ურთიერთობა მქონდა ყოველთვის. კოლინ პაუელს ჰგონია, რომ საქართველოშიც „ყოფილებთან“ ურთიერთობის იგივე წესი „მუშაობს“, როგორც ამერიკაში, და რუსეთთან ურთიერთობის თემაზე საუბრისას ასე მეტყვის:

– ერთი რამე მინდა გთხოვო: საქართველოში რომ დაბრუნდები და მიშას შეხვდები, ჩემი რჩევა გადაეცი. რუსეთს ყოველდღე ნუ ატაკებს თვალში თითს, თუ შეიძლება, ეს კვირაში ერთხელ მაინც გააკეთოსო!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here