Home რუბრიკები საზოგადოება გურამ ფირცხალავა: პოლიციას ნაბრძანები აქვს _ ბავშვის მოკვლაც რომ დაგჭირდეთ აკვანში, «ნაციონალებმა»...

გურამ ფირცხალავა: პოლიციას ნაბრძანები აქვს _ ბავშვის მოკვლაც რომ დაგჭირდეთ აკვანში, «ნაციონალებმა» არჩევნები უნდა მოიგონ!

659


ყველასთვის საყვარელ მსახიობსა და ჭეშმარიტ ქართველს, გურამ ფირცხალავას ინტერვიუს ჩასაწერად რამდენიმე დღის წინ შინ ვეწვიე. მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ მისულს მოულოდნელი ვითარება დამხვდა, _ ჩემს საპატიო რესპონდენტს იმ დღეს (18 თებერვალს) სამოცდათორმეტი წელი შესრულებოდა და, ეს რომ გავიგე, თავი ერთი-ორად ამაყად ვიგრძენი, რადგან, ბევრი მისი ახლობლისგან განსხვავებით, რომელთაც იუბილარი თავს შეგნებულად არიდებდა, მქონდა პატივი, მასთან ერთად ვყოფილიყავი… სატელეფონო ზარები წუთითაც არ შეწყვეტილა, მეც გულითადად მივულოცე უფროს მეგობარს ეს ღირსშესანიშნავი თარიღი და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვე; თან მოვუბოდიშე, რომ დაბადების დღეს მისთვის ერთგვარად უნდა გამეფუჭებინა განწყობა ქვეყნის ჭირ-ვარამთან დაკავშირებული კითხვებით, მაგრამ, როგორც ჩანს, ერის სატკივარს გვერდს ვერ ავუვლით. თავადაც ამით დაიწყო მასპინძელმა საუბარი, ისეთ საქართველოში მინდა ვიცხოვრო, საიდანაც ხალხი მუდმივად გაქცევასა და გადახვეწაზე არ იფიქრებსო…

_ ხანდახან, როცა ვფიქრობ, რა ხდება და რა უბედურება ტრიალებს დღეს ჩვენს თავს, ერთი ძველი ამბავი მახსენდება ხოლმე: დიდი ხნის წინ მთაში ვიყავით და ისეთ ადგილას აღმოვჩნდით, სადაც ზვავსაშიშროება იყო. მოვიდა ვიღაც ადგილობრივი და გვეუბნება, რაც შეიძლება ჩუმად ილაპარაკეთო. თორემ რა-მეთქი, რა და გაზაფხულამდე შეიძლება ვერც გიპოვონო. მთელი დღე ხმა არ ამოგვიღია, გასუსულებმა ვიარეთ. აი, ასეთი მდგომარეობაა დღეს საქართველოში.

ამას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი მიზეზიც: საზოგადოება კარგად აცნობიერებს, რომ საქმე გვაქვს ყველაფერზე წამსვლელ, უკონტროლო რეჟიმთან, ამიტომ თავი არავის ემეტება გასაწირად. ეს არცაა გასაკვირი, იმიტომ, რომ ასეთ ვითარებაში გმირობას ვერავის მოსთხოვ…

კარგად მესმის ბიძინა ივანიშვილისაც, რომელიც მუდმივად სიმშვიდისკენ მოუწოდებს საზოგადოებას; მას მიაჩნია, რომ ახლა სიტუაციის დაძაბვა კარგს არაფერს მოიტანს. შეიძლება მართალიცაა, მაგრამ, მეორე მხრივ, მინდა, მივმართო მას, რომ ასე ჯენტლმენურად და ზედმეტად «ცივილიზებულად» ამ კაციჭამიებთან ვერაფერს გავხდებით…_ მაშ, რა უნდა ქნას საზოგადოებამ?

_ მოთმინებასაც უნდა ჰქონდეს საზღვარი; როცა საარჩევნო კანონს თავიანთი ნება-სურვილის მიხედვით ცვლიან, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს პირდაპირ ციხეში უშვებენ და ქვეყანაში ისეთ ტერორს თესავენ, რომლის მსგავსიც ჯერ არ ახსოვს ჩვენს ისტორიას, საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს. იმის თქმა მინდა, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული ზღვარი, რომლის იქითაც ხალხი არ უნდა გაჩერდეს და არ უნდა შეეგუოს უსამართლობას.

ამასწინათ ერთი ჩემი ნაცნობი მიყვებოდა, პოლიციელებისთვის უთქვამთ რაიონებში, ბავშვის მოკვლაც რომ გახდეს საჭირო აკვანში, «ნაციონალებმა» არჩევნები უნდა მოიგონო. აი, ამ ლოგიკით მოქმედებს დღეს ხელისუფლება. ამიტომ, ერთი მხრივ, მესმის, რომ ასეთ პირობებში ძნელია ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ დუმილითა და უმოქმედობით ხომ უკეთესობა არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი: ან ვამთავრებთ არსებულ რეჟიმს და, თუ სხვა გამოსავალი არ არის, ამისთვის ნებისმიერ მსხვერპლზე მივდივართ, ან ველოდებით, როდის დაინგრევა ეს სისტემა თავისით. სხვა გზა აქ არ არსებობს და უბედურებაც სწორედ ისაა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გადაგვიწყვეტია, საით წავიდეთ…

_ ანუ მიგაჩნიათ, რომ საზოგადოება პასიურია?

_ ორი აზრი არ არსებობს. ნახეთ, დღეს რა ხდება? _ ყველანი მივჩერებივართ ივანიშვილს და ველოდებით არჩევნებს, გვგონია, რომ ეს რეჟიმი თავისით დაემხობა. ხელის განძრევა არავის უნდა. თითქოს გარანტირებული გვაქვს გამარჯვება. სხვათა შორის, ივანიშვილმა განაცხადა, ხუთ პროცენტზე მეტს თუ მოიპარავს ხელისუფლება, არ ვაპატიებო, ჭკვიანი კაცია ბიძინა და ჩემგან არაფერი ესწავლება, მაგრამ, რაც ამათმა აქამდე მოიპარეს და წაართვეს ქვეყანას, არ ეყოფათ?! ეს ხუთი პროცენტი რა არის, ვერ გავიგე, ძღვენად უნდა გავატანოთ სააკაშვილს?! თან ჩვენ თუ ესენი თავიანთ ნებაზე მივუშვით და მშვიდად დავაკვირდით, როგორ ჩაატარებენ არჩევნებს, რომ გააყალბებენ, მერე უნდა ამ ოპოზიციას, იყვიროს?! ასე არაფერი გამოვა, ამიტომ, სანამ არჩევნების დღე მოვა, მანამდეა მთავარი ბრძოლა მოსაგები, თორემ ყველაფერი რომ დამთავრდება და ამერიკა რომ «გაუპრავებს» სააკაშვილს შედეგებს, მერე, რამდენიც გინდა, იყვირე და იყაყანე ქუჩაში, გაგვიყალბეს არჩევნებიო…

_ და რატომ გგონიათ, რომ ამჯერად «გაუპრავებს» ამერიკა «ნაცმოძრაობას» გაყალბებულ არჩევნებს? ობამას ბოლოდროინდელმა განცხადებებმა საპირისპირო შთაბეჭდილება დაუტოვა საზოგადოებას.

_ იმ განცხადებას თუ გულისხმობთ, სააკაშვილთან შეხვედრის დროს რომ გააკეთა, დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩაატაროთო, სასაცილოდაც არ მყოფნის. მსგავსი გამოსვლები და უფრო ხმამაღალიც ადრეც ბევრი მოგვისმენია, მაგრამ გვახსოვს, მერე რა გაბრწყინებული სახეებით ულოცავდნენ იგივე დიპლომატები ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს გამარჯვებას. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ეს რეჟიმი დიდი ხნის წინათ იქნებოდა პოლიტიკურ მოუსავლეთში გასტუმრებული, რომ არა ვაშინგტონის ღია მხარდაჭერა მისადმი და, სამწუხაროდ, მე ვერც ახლა ვატყობ ამერიკას, რომ სააკაშვილის მიმართ პოზიცია შეცვლილი ჰქონდეს. ასე რომ იყოს, მერწმუნეთ, ესენი იმის მეასედ სიმყარესაც ვერ შეინარჩუნებდნენ, რაც დღეს აქვთ და შეიძლება ვერც კი მოეღწიათ აქამდე.

_ ამ ლოგიკით, გამოდის, რომ დიდწილად ამერიკის ხელისუფლებაცაა დამნაშავე იმ უკანონო ქმედებებში, რომლებიც «ნაცმოძრაობამ» ჩაიდინა.

_ ამიტომაც მძლავრობს დღეს საზოგადოების უდიდეს ნაწილში ანტიამერიკული განწყობა.

ჩემს ახალგაზრდობაში, მახსოვს, რადიოს ვიყავი აკრული, «ამერიკის ხმას» ვიჭერდით, «თავისუფლებას» ვუსმენდი და მეგონა, რომ ეს ქვეყანა ჭეშმარიტი დემოკრატიის სავანე იყო. ერთი სიტყვით, შევნატროდით ამერიკას. აქეთ კიდევ საბჭოთა პროპაგანდა გვეუბნებოდა, რომ იქ სოციალური უთანასწორობაა, რომ უბრალო ადამიანებს არაფრად თვლიან და ა.შ. მაშინ ამაზე გვეცინებოდა, მაგრამ, ახლა რომ ვფიქრობ, კომუნისტები ყველაფერში მართლები იყვნენ. მეტიც, ისინი კიდევ არ გვეუბნებოდნენ, თუ რა მონსტრს წარმოადგენდა რეალურად ეს ქვეყანა, თორემ ჩვენც შეიძლება ცოტა უფრო მეტი სიფრთხილე გამოგვეჩინა და მაშინ, ალბათ, ამდენ შეცდომასაც არ დავუშვებდით.

ისე, ზოგადად, კაცმა რომ თქვას, ჩვენი საზოგადოებაც დამნაშავეა იმაში, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყანა ერთბაშად ამერიკაზე გახდა დამოკიდებული. გვახსოვს, მაშინ რა განწყობაც სუფევდა _ ოღონდ რუსეთი არა, ოღონდ საბჭოთა კავშირი არა და ნებისმიერი გზით წავალთო, ვიძახდით. ეს, რა თქმა უნდა, დიდი შეცდომა იყო…

_ საუბრობენ იმაზეც, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი იქნება ის, ვისზეც ამერიკა და რუსეთი შეთანხმდებიან. ივანიშვილი სწორედ ასეთ ლიდერად განიხილება. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

_ ასეთ საკითხებზე, ალბათ, უფრო პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად გარკვეულმა ადამიანებმა უნდა იმსჯელონ და გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ცხადია: ვინც უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, მისი პოლიტიკა წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საერთო ენას გამონახავს რუსეთთან. ეს, როგორც ორჯერ ორი _ ოთხი, ისეა და დღეს ამაზე არავინ დავობს. თურქეთი გამომიცხადე ისტორიულ მეგობრად და ირანთან გამიხსენი უვიზო მიმოსვლა, რუსეთია ჩვენი მოსისხლე მტერი?! რა ლოგიკაა ამაში?! აი, სწორედ ასეთმა აბსურდულმა მიდგომამ მიგვიყვანა აქამდე და ეს მიდგომა დაღუპავს საქართველოს, თუ აქ ყველაფერი ძირეულად არ შეიცვალა და უფრო ნორმალური, დალაგებული ხალხი არ მოვიდა ქვეყნის სათავეში…

_ რამდენიმე ხნის წინათ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, ხელისუფლების შესაცვლელად ქუჩის გამოსვლები. თქვენ რამდენად ხედავთ ამის აუცილებლობას?

_ ეს აუცილებლობა იმ დღიდან არსებობს, რაც ესენი მოვიდნენ ქვეყნის სათავეში, მაგრამ მეორე საკითხია, ვინ იზამს ამას. საზოგადოება, რომელმაც 7 ნოემბერი აპატია ხელისუფლებას, აპატია 26 მაისი და დღემდე პატიობს უამრავ უსამართლობას, ვფიქრობ, ამის გამკეთებელი ნაკლებადაა, ამიტომ ქუჩის გამოსვლებიდან რაიმე დიდი მოლოდინი ნუ გვექნება; ისე, თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, ქუჩაშიც უნდა გავიდეთ, მაგრამ, თუ ამ გზას ავირჩევთ, ხალხი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს, მათ შორის, იმ პირსისხლიან ჯალათებთან შესახვედრადაც, რომლებმაც ოცდაექვსში მშვიდობიანი მანიფესტაცია დაარბიეს და ათობით უდანაშაულო ადამიანი ჩახოცეს, პირდაპირ ქუჩაში…

_ თქვენი აზრით, არსებობს იმის საფრთხე, რომ მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს?

_ რა თქმა უნდა, არსებობს. თქვენ რა გგონიათ, ეს ხელისუფლება, რომელიც ამდენი ხანია, საარჩევნო კოდექსს ჭრის და კერავს, აძლიერებს პოლიციას და ციხეებს უდანაშაულო ადამიანებით ავსებს, ასე ადვილად დათმობს ძალაუფლებას?! ეს გამორიცხულია! ასე რომ, როცა ხელისუფლების შეცვლაზეა საუბარი, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაზე სასტიკი ბრძოლისთვის, დაპირისპირებისთვის, რომელმაც შეიძლება შეიწიროს უამრავი ადამიანის სიცოცხლე. მზარავს, ამას რომ ვამბობ და ღმერთმა ნუ ქნას, მართლა ასე მოხდეს, მაგრამ, ვიმეორებ, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ყოველ წუთს შეიძლება, აფეთქდეს ეს რეჟიმი, იმიტომ რომ, რაც დრო გადის, ესენი სულ უფრო მეტად გრძნობენ აღსასრულის მოახლოებას და სულ უფრო მეტად უკონტროლო ხდებიან.

_ დასაწყისში თქვენ თქვით, რომ საზოგადოება არ არის საკმარისად აქტიური, ამერიკამ კი ადრინდელივით ისევ შეიძლება «გაუპრავოს» ხელისუფლებას არჩევნები. ასეთ ვითარებაში რა გაძლევთ იმის საფუძველს, იმედი იქონიოთ, რომ 2012-13 წლებში ხელისუფლება შეიცვლება?

_ დღევანდელი მოცემულობით ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, ამიტომაც ვამბობ, რომ უნდა მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია, ვინაიდან ერთიანობის გარეშე ამათი დამარცხება შეუძლებელია. ამას თუ მივაღწევთ, მერწმუნეთ, ამ რეჟიმის რღვევას ვერაფერი შეაჩერებს, ვერც ის ნიღბიანი ჯალათები, რომელთაც ნაბრძანები აქვთ, ჩვილი ბავშვიც კი არ დაინდონ. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს და ამ ვითარებაში არც შეიძლება გვქონდეს, ამიტომ ყველა უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ, სანამ ხალხი ერთ მუშტად არ შეიკვრება, თითო-თითოდ, რაღაც კასტებად დაყოფილი საზოგადოების დაპირისპირებას მმართველ გუნდთან, უბრალოდ, აზრი არ აქვს; პირიქით, ასეთ შემთხვევაში ასიდან ასივე ბრძოლას ხელისუფლება იგებს და ჩვენ ამის მაგალითები არაერთხელ ვნახეთ წინა არჩევნების სახით, რომლის შემდეგაც ეს რეჟიმი ერთი-ორად უფრო გაძლიერებული და გამყარებული სახით მოგვევლინა პოლიტიკურ ასპარეზზე…

ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here