Home რუბრიკები საზოგადოება დავით რობაქიძე: თუ სამამულო ომში დაღუპულთა «დიდების მემორიალს» ვანგრევთ, ოსმალეთის იმპერიის დიდების...

დავით რობაქიძე: თუ სამამულო ომში დაღუპულთა «დიდების მემორიალს» ვანგრევთ, ოსმალეთის იმპერიის დიდების ძეგლს რატომ ვაშენებთ?

915


ლეიბორისტული პარტია ქალაქ ბათუმში «დიდების მემორიალის» დანგრევის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. პარტიის აჭარის ორგანიზაციის წევრები, რამდენიმე დღეა, ცდილობენ, ობელისკის დემონტაჟს ხელი შეუშალონ და მემორიალის ირგვლივ შემოვლებული ღობეც არაერთხელ დაანგრიეს. რატომ აპროტესტებენ «დიდების მემორიალის» დანგრევას და რა ხდება ფერიის მთაზე, ასევე აჭარის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით რობაქიძე გვესაუბრება.

_ ბატონო დავით, ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის წევრებმა ბათუმში «დიდების მემორიალის» ირგვლივ შემოვლებული ღობე დაანგრიეს. რა მიზანს ისახავდა თქვენი ქმედება?

_ რამდენიმე დღის წინ, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დიდების მემორიალის შემოღობვა დაიწყეს, ვინაიდან მემორიალის დანგრევა და მის ადგილას საბაგირო გზის გაყვანა სურთ, რომელიც ფერიის მთაზე მშენებარე სასტუმრო და ე. წ. გასართობი ტიპის ობიექტებს დაუკავშირდება. სხვათა შორის, ეს ის ფერიის მთაა, რომელზეც თავის დროზე ეკლესია დაანგრიეს, მაგრამ მისი ბედი დღესაც გაურკვეველია და არც არავის აინტერესებს, ვინაიდან აჭარაში მხოლოდ და მხოლოდ სასტუმროებსა და გასართობ კომპლექსებს აშენებენ.აღსანიშნავია, რომ ფერიის მთაზე გასართობ კომპლექსს ერთ-ერთი თურქული კომპანია აშენებს, რომელსაც მიწის ნაკვეთი ლევან ვარშალომიძემ, პირდაპირი მიყიდვის წესით _ 1 ლარად მიჰყიდა.

ჩვენ რამდენიმეჯერ მივმართეთ ბათუმის მერიას, შეეცვალათ გადაწყვეტილება და აღნიშნული საბაგირო გზა სხვაგან გაეყვანათ, «დიდების მემორიალისთვის» კი თავი დაენებებინათ, მაგრამ მათგან პასუხი არ მიგვიღია. ხელისუფლებას, როგორც ყოველთვის, პასუხი ამჯერადაც არ აქვს. ამიტომ იძულებულები გავხდით, მემორიალისთვის შემოვლებული ღობე დაგვენგრია. თავიდან ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ობელისკის სხვა ადგილას გადატანა სურდათ, მაგრამ ახლა ცნობილი გახდა, რომ მის დანგრევას აპირებენ, ვინაიდან ობელისკის სხვაგან გადატანა შეუძლებელია. ფაქტობრივად, ობელისკის კარკასის დანგრევა უკვე დაწყებულია.

მემორიალის დემონტაჟს სამშენებლო კომპანია «გზები» აწარმოებს. აღნიშნული კომპანია ბათუმში თითქმის ყველა მნიშვნელოვან სამუშაოს ახორციელებს, იქნება ეს ქანდაკების დემონტაჟი თუ რაიმე ობიექტის მშენებლობა. სწორედ ეს კომპანიაა «ნაციონალების» მთავარი დამფინანსებელი. 2010 წლის არჩევნებზე კომპანიამ «ნაციონალებს» 250 000 ლარი გადაურიცხა. «გზები» ლევან ვარშალომიძის ძმის _ ირაკლი ვარშალომიძისაა. აქედან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, თუ რატომ იგებს ყოველთვის ეს კომპანია ქალაქ ბათუმის მერიაში ტენდერებს.

_ თქვენ განაცხადეთ, რომ ხელს შეუშლით მემორიალის დანგრევას. თუ ხელისუფლებამ მართლაც გადაწყვიტა მისი დემონტაჟი, როგორ მოახერხებთ ხელის შეშლას, რას აპირებთ?

_ უკვე მესამეჯერ დავანგრიეთ მემორიალისთვის შემოვლებული ღობე. ვცდილობთ, ხელი შევუშალოთ ხელისუფლებას, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების პოზიცია ობელისკის დემონტაჟისადმი ცალსახად უარყოფითია და ყველა ამბობს, რომ «დიდების მემორიალი» ხელისუფლებამ არ უნდა დაანგრიოსო, თავს არავინ იწუხებს და პროტესტის ნიშნად ქუჩაში არავინ გამოდის. ჩვენ, რაც შეგვეძლება, მაქსიმუმს გავაკეთებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსახლეობა პასიურია.

_ საზოგადოების ნაწილი, საპატრიარქო აღშფოთებულია ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობით, რასაც თქვენც აპროტესტებდით. რატომ ეწინააღმდეგებით მეჩეთის მშენებლობას?

_ საინტერესოა, რომ ჩვენთვის ცნობილი ხელშეკრულების ერთ-ერთ ნაწილში წერია, რომ აზიზიეს მეჩეთი იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელსაც მუზეუმის სახე ექნება და არანაირ რელიგიურ სალოცავზე არაა საუბარიო. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, თუ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა დიდების მემორიალს ვანგრევთ, ოსმალეთის იმპერიის დიდების ძეგლს რატომ ვაშენებთ? ხელისუფლების მხრიდან ეს არის სირცხვილი და ვანდალიზმი და, თუ მაინცდამაინც გვინდა, ვიღაცას ძეგლი ავუშენოთ, ბათუმელებმა კარგად იციან, რომ დღევანდელი სასტუმრო «ინტურისტი» დანგრეული ტაძრის ქვებითაა აშენებული და მაშინ ეს ტაძარი აღადგინონ.

_ საზოგადოების ნაწილი, მათ შორის თქვენც, ხელისუფლებას აჭარის გათურქებაში ადანაშაულებთ. თუმცა ხელისუფლება განხორციელებული ქმედებების მიზეზად აჭარის თანამედროვე ტურისტულ ცენტრად გადაქცევას ასახელებს.

_ ახლა 21-ე საუკუნეა და თურქები იარაღით ვერ დაგვიპყრობენ, ამიტომ თურქების მიერ მთელ აჭარაში რელიგიური და ფინანსური ექსპანსია მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეს ლარად ტერიტორიას არავინ მისცემს, მაგრამ, როგორც კი თურქი მოვა, ნებისმიერ ტერიტორიას 1 ლარადაც სიხარულით აძლევენ.

_ თქვენ ცოტა ხნის წინ აცხადებდით, რომ ხელისუფლება ბათუმში ეროტიკული სცენების ამსახველი ქანდაკების დადგმას აპირებდა, რასაც ბათუმის მერია კატეგორიულად უარყოფს…

_ დამერწმუნეთ, იმდენად «დარეხვილი» ხელისუფლება გვყავს, რომ გამორიცხული არაფერია. მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ დავით აღმაშენებლის ძეგლი გადაიტანა დიღომში, ქუთაისში დიდების მემორიალი დაანგრია და ახლა ბათუმშიც ანგრევს, ბათუმშივე დადგა სამარცხვინო ქანდაკებები _ კვერცხებზე ფლოსტები შემოდო, ილია ჭავჭავაძის ძეგლი ბოთლის ქანდაკებით შეცვალა, ამ ქმედებების მერე ამ ხელისუფლებისგან მე ნამდვილად არაფერი გამიკვირდება!

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here