Home რუბრიკები საზოგადოება ნათია მოგელაძე: მულო, შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონეო!

ნათია მოგელაძე: მულო, შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონეო!

2962


კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა. სამსახურის უფროსმა, ნათია მოგელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მონიტორინგის პროცესში საქართველოს კონტროლის პალატის მიერ გამოვლენილი იქნა პოლიტიკური დაფინანსების უკანონო სქემა. კერძოდ, მოგელაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია „ქართუ მშენებელში“ მომუშავე პირზე გაიცა უჩვეულოდ მაღალი პრემია, რომლის ნაწილიც შემოწირულობის სახით „ქართული ოცნების“ ანგარიშზე ჩაირიცხა.

ირკვევა, რომ მოქალაქე ნუგზარ ხუციშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანია შპს „ქართუ მშენებლიდან“ 2011 წლის განმავლობაში სულ ხელფასის სახით მიღებული აქვს 12 ათასი ლარი, შესაბამისად, თვეში ხელფასის სახით – 1000 ლარი. 2012 წლის 6 თებერვალს ნუგზარ ხუციშვილმა ბიძინა ივანიშვილის კომპანია შპს „ქართუ მშენებელიდან“ პრემიის სახით მიიღო 40 ათასი ლარი, რაც ფაქტობრივად მისი ოთხი წლის ხელფასს შეადგენს, საიდანაც 20 ათასი ლარი, პრემიის მიღებიდან სამ დღეში, შემოწირულობის სახით ბიძინა ივანიშვილისვე დაფუძნებულ კომპანია „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხა.

როგორც ნათია მოგელაძე განმარტავს, სახეზეა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად შემოწირულობის სხვა პირის მეშვეობით განხორციელების ფაქტი, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს შემოწირულობის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, სამართალდამრღვევი პირის მიმართ კი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გამოყენებას.მოგელაძის განმარტებით, კონტროლის პალატას აქვს ვარაუდის საფუძველი, რომ ამ და მსგავსი სქემების გამოყენებით ხდება შავი ფულით პოლიტიკური მიზნების დაფინანსება. კონტროლის პალატა მიმართავს ფიზიკურ პირებს, „რომლებიც შესაძლოა, გამოყენებული იქნან მსგავსი უკანონო სქემების განსახორციელებლად, თავი შეიკავონ ამ ქმედებებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათზეც გავრცელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები“.
კონტროლის პალატის განცხადებაში ნათქვამია, რომ კონტროლის პალატისთვის პრიორიტეტულია სამართალდარღვევის პრევენცია. ისინი მიმართავენ „ქართულ ოცნებას“ წინადადებით, კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მცდელობით მიღებული შემოწირულობა დაუბრუნონ შპს „ქართუ მშენებელს“.

ამავე დროს საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა არც მმართველი პარტია დაზოგა და ნაციონალურ მოძრაობის წლიური საფინანსო დეკლარაციის შემოწმებისას 95.848 ლარი პრობლემურად მიიჩნია.

ნათია მოგელაძემ განაცხადა, რომ შემოწირულობა განხორციელებულია ერთი შემომწირველის ორგანიზებით, რამდენიმე პირის გამოყენების გზით.

„ფიზიკურ პირთა მიერ განხორციელებული შემოწირულობების შესწავლის შედეგად გვაქვს ვარაუდი, რომ შემოწირულობა განხორციელებულია ერთი შემომწირველის ორგანიზებით, რამდენიმე პირის გამოყენების გზით. რეალურად შემოწირულობის წყარო არის ერთი პირი, თუმცა შემოწირული თანხები გადანაწილებულია სხვა პირებზე“, – განაცხადა მოგელაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს კონტროლის პალატა ფიზიკური პირების მიმართ ამგვარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის ზომებს ვერ გამოიყენებს სამართალდარღვევის ფორმალური ნიშნით არარსებობის და კანონის უკუქცევითი ძალის პრინციპის გათვალისწინებით.
„შესაბამისად, ნაციონალურ მოძრაობას ვაძლევთ წინადადებას, კანონის სულისკვეთების და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ პრობლემურად მიჩნეული შემოწირულობა 95.848 ლარის ოდენობით გადარიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში“, – განაცხადა მოგელაძემ.

თავის მხრივ, ერთიან ნაიცონალურ მოძრაობას კონტროლის პალატის განცხადებაზე განსხვავებული შეხედულება აქვს. ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა მდივანმა ზურაბ მელიქიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ კონტროლის პალატას 2011 წლის ანგარიში კანონის სრული დაცვით ჩააბარეს. „მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განსახვავებული შეხედულება გვაქვს, პარტიის შიგნით გამართული კონსულტაციების შემდეგ გადავწტყვიტეთ, რომ კონტროლის პალატის მიერ პრობლემურად მიჩნეული თანხები სახელმწიფოს ბიუჯეტში მივმართოთ“, – განაცხადა მელიქიშვილმა. მისივე თქმით, მმართველი პარტია არა პირებს, მიუხედავად საკუთარი განსხვავებული შეხედულებისა, კონტროლის პალატასთან დავის გაგრძელებას.

ამ ორი ფაქტის ურთიერთკავშირი უფრო ღრმა არის, ვიდრე ის, რომ მმართველი და ოპოზიციური გაერთიანება კონტროლის პალატამ ერთსა და იმავე მაქინაციაში თანაბრად ამხილა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით ორჯერ მეტი თანხა აართვა მოგელაძის სამსახურმა. სინამდვილეში დარღვევები საპირისპირო ხასიათს ატარებს: ნაციონალებმა დიდი თანხა რამდენიმე ნაწილად გაყვეს და სხვადასხვა პირს შეატანინეს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ იზარმაცა და იმის ნაცვლად, რომ ასევე მოქცეულიყო (რამდენიმე კაცზე გაეყო 20 ათასი ლარი), ერთი პირის შენატანად დააფიქსირა.

ამგვარად, მოგელაძემ „ქართული ოცნება“ გააფრთხილა, რომ შემდგომში რამდენიმე პირზე განაწილებულ შეწირულობას ისევე წარმართავს ბიუჯეტში, როგორც მმართველი პარტიის შემთხვევაში გააკეთა. იმაზე ნუღარაფერს ვიტყვით, რომ არჩევნებზე ოფიციალურად 14 მილიონის დამხარჯავ მმართველ პარტიას ერთი ჯიბიდან (პარტიული ანგარიში) მეორე ჯიბეში (სახელმწიფო ბიუჯეტი) სულ რაღაც 96 ათასი ლარის გადატანა ვერაფერს დააკლებს. ისინი ხომ წინასაარჩევნოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზეც იოლად ახერხებენ ამომრჩევლის მოსყიდვას!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here