Home რუბრიკები საზოგადოება რაზე დააფიცეს ახალგაზრდა ჯარისკაცები, მატროსები და კურსანტები?

რაზე დააფიცეს ახალგაზრდა ჯარისკაცები, მატროსები და კურსანტები?

1284


2011 წლის 26 მაისს აღლუმის ჩატარების დროს სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულებმა დადეს ფიცი, რომელიც პარლამენტის მიერ არ იყო დამტკიცებული.

სამხედრო ფიცის დადების წესი განსაზღვრულია საქართველოს შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდებით, რომელიც ადგენს, რომ:

«ახალგაზრდა ჯარისკაცები და მატროსები, აგრეთვე, სამხედრო სასწავლო დაწესებულებათა კურსანტები და აკადემიის მსმენელები, რომელთაც წინათ ფიცი არ მიუღიათ, დებენ ფიცს სამხედრო ნაწილში (სამხედრო დაწესებულებაში) მოსვლის დღიდან არა უგვიანეს თვე-ნახევრისა», და კიდევ:

«ყოველი სამხედრო მოსამსახურე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ინდივიდუალურად იღებს სამხედრო ფიცს და ადასტურებს ამას საკუთარი ხელმოწერით», აგრეთვე:

«სამხედრო ფიცის მიღება შეიძლება მოხდეს საბრძოლო დიდების ადგილებში, აგრეთვე, სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაცემულ მეომართა საფლავებთან».

ამ მოთხოვნებიდან რომელი მათგანი შესრულდა? არც ერთი. გაუფასურდა სამხედრო ფიცი.სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულებს ადრე ხომ უკვე ჰქონდათ ფიცი დადებული და სიტყვა «ვფიცავ» ხუთჯერ წარმოთმული და რატომ გახდა საჭირო ფიცის მეორედ დადება?

რატომ იქნა ამოღებული მეორე ფიციდან სამხედრო მოსამსახურეებისადმი წაყენებული ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნები:

«ვფიცავ», მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისთვის;

თუ გავტეხ ამ ფიცს, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე».

სავსებით სამართლიანია დაისვას კითხვები:

1. რომელი ფიცია შესასრულებლად სავალდებულო: ადრე მიღებული თუ 26 მაისს დადებული?

2. ხომ არ გაათავისუფლა მაისში ფიცის დამდები აკადემიის კურსდამთავრებულები ადრე მიღებული ფიცისგან?

სამხედრო ფიცის დადების ასეთი დამახინჯება პირველი შემთხვევა არ არის თავდაცვის უწყებაში.

საუკუნის დასაწყისიდან ფიცის მიღების წესმა მიიღო მლიქვნელური ხასიათი.

წინა პრეზიდენტის დროს «წვრთნისა და აღჭურვის» პროგრამით მომზადებული სამხედროები ფიცს დებდნენ არა «საქართველოს წინაშე», არამედ «უმაღლესი მთავარსარდლის წინაშე», ხოლო 2008 წლის 8 აპრილს ქ. საჩხერეში ოფიცერთა კურსების კურსდამთავრებულებმა ფიცი დადეს «ახლადარჩეული პრეზიდენტის წინაშე».

სამივე შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეებს ფიცი დაადებინეს არა ინდივიდუალურად, არამედ კოლექტიურად _ ერთი კითხულობდა, ხოლო დანარჩენები იმეორებდნენ, როგორც წერა-კითხვის უცოდინარები გასული საუკუნის 20-30-იან წლებში.

თუ ზოგიერთი სამხედრო ფიცს დებს ორჯერ და წარმოთქვამს სიტყვა «ვფიცავ» ცხრაჯერ და ათჯერ, მაშინ რატომ უჭირთ ჩვენს უმაღლეს მთავარსარდლებს (პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდა) ერთხელ მაინც წარმოთქვან სიტყვა «ვფიცავ» და ამით მაინც აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სხვა საკანონმდებლო აქტები პრეზიდენტს არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს, უფლებებს კი მრავლად ანიჭებს; ამტკიცებს, აცხადებს, ნიშნავს, გადააყენებს, იღებს გადაწყვეტილებებს, გასცემს ბრძანებებს და ა. შ.

რატომ დაავიწყდათ პარლამენტარებს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების დამტკიცებისას პრემიერ-მინისტრისათვის მაინც (როგორც ეს გერმანიაში და იტალიაშია) დაეკისრებინათ პასუხისმგებლობა ფიცის დადების სახით. მის ხელში ხომ 2013 წლის ოქტომბრიდან აღმოჩნდება უზარმაზარი ძალაუფლება და უპასუხისმგებლო პრეზიდენტის თანამდებობას დაემატება უპასუხისმგებლო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაც.

ფიცის დადება ერთგულების აღთქმას, წესისა და კანონის მიხედვით ქცევის პირობას, პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს და საქართველოში, ხალხური ტრადიციების მიხედვით, უმაღლეს კატეგორიათა რიგს განეკუთვნებოდა და მისი გატეხვა უდიდეს ცოდვად იყო მიჩნეული.

სამხედრო ფიცი ქვეყნის წინაშე მხოლოდ ერთხელ მიიღება და არა მგონია, რომ ამის შესახებ არ იცოდეს პრეზიდენტმა _ სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, მანაც ხომ იმსახურა ჯარში, შემორჩა კარგი სამწყობრო დგომა და ლამაზი მისალმება. ადრე მიღებული ფიცისგან ის განთავისუფლდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, და ამიტომ მას უკვე შეუძლია საქართველოს წინაშე დაიფიცოს და წარმოთქვას სიტყვა «ვფიცავ».

მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ კონსტიტუციის 71-ე მუხლის 1-ელ პუნქტში შევიდეს შესწორება: სიტყვა «ვაცხადებ»-ის მაგივრად ჩაიწეროს სიტყვა «ვფიცავ».

სამხედრო ფიცის გაუფასურება და მლიქვნელობა უარყოფითად მოქმედებს ჯარის საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებაზე.

ალექსანდრე ტოლსტოი,

სამხედრო ძალების ვეტერანი

P.S. სამხედრო ფიცის ტექსტი შეადგინა აწ განსვენებულმა გენერალ-მაიორმა დულა აბაშიძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here