Home რუბრიკები საზოგადოება პოლიტიკის გარეშე და პოლიტიკაზე მაღლა

პოლიტიკის გარეშე და პოლიტიკაზე მაღლა

811


ბატონი ფრიდონ თოდუა, ყველას მოეხსენება, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერია, ანუ პოლიტიკური მოღვაწეა. მაგრამ ფრიდონ თოდუა არის მეცნიერი (მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცეპრეზიდენტია), ექიმი, მაშასადამე, _ მკურნალი, რაც მოითხოვს, ერთგულებდეს ჰიპოკრატეს ფიცს და უფლებას აძლევს, სამკურნალო-სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც მისი დაარსებულია და რომელსაც 1991 წლიდან ხელმძღვანელობს, ცვალებადი საზოგადოებრივი ფორმაციის პირობებში უმაღლესი ჰუმანური, საერთო-საკაცობრიო პრინციპების საფუძველზე ამუშაოს. ასეთია მისი ცხოვრების წესი. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა 10 თებერვალს, როცა მის კლინიკაში უთანამედროვესი, 640-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფის პრეზენტაცია გაიმართა.

_ ეს ტომოგრაფიული კომპიუტერი, _ თქვა პრეზენტაციაზე მისულმა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა ოთარ თოიძემ, _ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა არა მარტო პრაქტიკული მედიცინის თვალსაზრისით, არამედ მეცნიერული აზრისა და კვლევის განვითარების კუთხითაც, რითაც ყოველთვის გამორჩეული იყო და არის ბატონ ფრიდონ თოდუას ინსტიტუტი. ვგულისხმობ სამეცნიერო კადრების აღზრდას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, დახელოვნებას, მეცნიერული კვლევების ჩატარების მაღალ დონეს.ბატონმა ოთარმა ეს ფაქტი თავისი მნიშვნელობით ქართული მედიცინისთვის გაგარინის კოსმოსში გაფრენას შეადარა.

_ «ტოშიბას» ფირმასთან გასულ შემოდგომაზე ამ კომპიუტერის შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხიოდ თვეში იაპონელებმა დაგვიმზადეს ეს უნიკალური აპარატი. ჩამოიტანეს, დაამონტაჟეს და დღეს უკვე მუშაობს, _ თქვა «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში ბატონმა ფრიდონ თოდუამ.

_ დღევანდელი პრეზენტაცია არც პიარაქციაა, არც «უქმი სვლა»: თქვენი თანდასწრებით პაციენტს ამ აპარატზე ჩავუტარებთ კორონოგრაფიას.

კომპიუტერული ტომოგრაფები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში საკმაო რაოდენობითაა, მაგრამ მათი 95 პროცენტი ერთშრიანი, ორშრიანი და ოთხშრიანია, ორი კი _ 64-შრიანი.

ჩვენს კლინიკას 16_შრიანი აპარატი ჰქონდა, შემდეგ ჩამოვიტანეთ 128-შრიანი, დღეს კი 640-შრიანის «ხალხში გამოსვლა» ეწყობა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სიამაყის საგანი არა მარტო ჩვენი ინსტიტუტისთვის, არამედ მთელი ქართული მედიცინისთვის. შეადარეთ: მოსკოვში ორი 320-შრიანი აპარატია, დანარჩენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ დონესთან მიახლოებული _ არც ერთი.

_ რითაა გამორჩეული და განსაკუთრებული, ბატონო ფრიდონ, ეს უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფი წინამორბედებისგან?

_ პირველი ისაა, რომ, რაც უფრო მეტშრიანია კომპიუტერული ტომოგრაფი, მით უფრო ნაკლებ სხივურ დატვირთვას იღებს ადამიანის ორგანიზმი. ეს კი პირდაპირ უპასუხებს დიაგნოსტიკის მთავარ პრინციპს _ არ ავნო ავადმყოფს.

ამ პრინციპს ერთგულებს მსოფლიო სამედიცინო მრეწველობა, უწინარეს ყოვლისა, სამედიცინო ტექნიკის მწარმოებელი ისეთი გიგანტები, როგორებიცაა «ტოშიბა», «სიმენსი», «ჯენერალ ელექტრიკი»…

წარმოიდგინეთ: რენტგენის მილის ერთი დატრიალებით ეს აპარატი გვაძლევს კორონალური სისხლძარღვების, გულის გამოსახულების ოთხგანზომილებიან სურათს. ეს ფანტასტიკაა და 640-შრიანი აპარატის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა. ამაზე უკეთესი მსოფლიოში დღეს არაფერი შეუქმნიათ.

1980 წელს მოსკოვში კორონოგრაფიის დანერგვა რომ დავიწყეთ, ჩვენს განკარგულებაში იყო ერთშრიანი აპარატი, და ერთი ავადმყოფის გამოსაკვლევად 40 წუთი იყო საჭირო. ამ უახლეს აპარატზე გულის სისხლძარღვების გამოკვლევას სჭირდება 0,33 მილისეკუნდი. პრაქტიკულად ამაზე იხარჯება დრო, რომელიც ადამიანს დასაწოლად და ასადგომად სჭირდება, იმდენად სწრაფი დანადგარია. აქედან გამომდინარე, სხივური დატვირთვაც ნაკლებია.

დღეს ჩვენს კლინიკაში გარდა 64, 128 და 640-შრიანი ტომოგრაფებისა, გვაქვს სამი მაგნიტურ-რეზონანსული ერთნახევრიანი, სამტესლიანი აპარატურა. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც თავმოყრილია ამ პატარა ინსტიტუტში, ევროპული ქვეყნები კი არა, ამერიკის ზოგიერთი კლინიკაც ინატრებდა.

კიდევ ერთი სიახლე დავნერგეთ. საქმე გასტროსკოპიას ეხება. უწინ სტელირიზაციის პროცესი მექანიკური იყო, ხელით რეცხავდნენ. ჩვენთან უკვე დგას «ჯონსონ-ჯონსონის» ფირმის დანადგარი, რომელიც ადამიანის ჩაურევლად აკეთებს ამ საქმეს.

_ ამ აპარატურას თქვენ ყიდულობთ, თუ თქვენთვის ყიდულობენ, ანუ საიდან მოდის თანხები?

_ ვყიდულობთ ჩვენ. ეს არის თანხები, რომლებიც რეინვესტირებულია ჩვენივე შემოსავლებიდან.

ახალი ტომოგრაფის შესაძენად ავიღეთ კრედიტი თი-ბი-სი ბანკიდან. სხვადასხვა ბანკთან გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ მხოლოდ ამ ბანკის ხელმძღვანელობამ გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯი _ მოგვცა ხუთწლიანი კრედიტი დაბალი პროცენტით.

ჩვენს საუბარს შემოესწრება თი-ბი-სი ბანკის მფლობელი მამუკა ხაზარაძე, რომელიც ასე «იმართლებს» თავს:

_ არაფერი განსაკუთრებული ხელშეწყობა! მარტივად რომ ვთქვა, ბატონმა ფრიდონმა იცის, რას აკეთებს. ჩვენ გვჯერა მისი, არა მარტო როგორც გამოცდილი ექიმის, არამედ როგორც გამოცდილი მენეჯერისა და ხელმძღვანელის. ეს კი ურთიერთპარტნიორობის უკვე დიდი ხნის გამოცდილების შედეგია.

_ დაბალი პროცენტი?

_ სამედიცინო სფერო არ არის ის დარგი, სადაც დიდ მოგებას ვეძებთ. მედიცინასთან თანამშრომლობის ეს კონკრეტული ფაქტი გაცილებით უფრო მეტ მოგებას მოგვიტანს _ ემოციურს, მორალურ კმაყოფილებას ჩვენც და ყველას, ვისაც ამასთან ექნება შეხება.

_ მორალურ და მატერიალურ კმაყოფილებასაც? _ «მერკანტილური აქცენტით» ვაგრძელებ საუბარს ფრიდონ თოდუასთან, _ 640-შრიანზე პაციენტის გამოკვლევა ხომ არ აძვირებს მომსახურების ფასს?

_ არა. ფასი პრაქტიკულად იგივე დავტოვეთ, რაც იყო. არავითარი მომატება. პირიქით. კარგად მოგეხსენებათ ჩვენი ხალხის სიდუხჭირე. მეტსაც გეტყვით, კლინიკაში შექმნილი გვაქვს ფონდი, რომლითაც ვაფინანსებთ სოციალურად გაჭირვებული ადამიანების სამედიცინო გამოკვლევებს. შარშან 2 ათასამდე ასეთ ავადმყოფს უფასოდ მოვემსახურეთ.

სანამ ბატონ ფრიდონის ამ ინტერვიუს ვიწერდი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი კარდიოლოგი ირაკლი მეგრელაძე დეტალურად გაეცნო კომპიუტერული ტომოგრაფის ძირითად პარამეტრებს (პროფესიონალებს დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდებათ ნებისმიერი სიახლის ჭეშმარიტი ღირებულების დასადგენად).

_ შთაბეჭდილება საოცარია. კომპიუტერული ტომოგრაფიის დანერგვით დაიწყო რევოლუციური ეტაპი სამედიცინო კვლევაში. ხოლო ის აპარატურა, რომელიც ბატონ ფრიდონის ინსტიტუტმა ამჯერად შეიძინა, არის კომპიუტერული ტექნიკის სრულყოფის კლასიკური მაგალითი. ამ აპარატის მეშვეობით შეგვიძლია გულის სისხლძარღვები, კორონარები შევაფასოთ არაინვაზიური მეთოდით, ე.ი. სისხლძარღვში შესვლის გარეშე. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ჩვენ, კარდიოლოგებს კორონალურ დაავადებაზე გვაქვს ეჭვი, ამ დროს შეგვიძლია თავი ავარიდოთ ინვაზიურ ჩარევას და ამ ტომოგრაფის მეშვეობით უშეცდომოდ და ზუსტად დავადგინოთ, როგორ და რომელი მეთოდით ვუმკურნალოთ ავადმყოფს _ სტენტი ჩავუყენოთ თუ ოპერაცია გავუკეთოთ, ე.ი. ვიღებთ სრულფასოვან ინფორმაციას ორიენტაციისთვის.

კომპიუტერული ტომოგრაფია, დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ გულის მკვებავი სისხლძარღვების დანახვის პრობლემა ყოველთვის იდგა დღის წესრიგში. ის, რაც დღეს მივიღეთ, საბოლოოდ გადაწყვეტს ამ საკითხს. საშუალება გვეძლევა, ავადმყოფის ნაკლები ტრამვირებით მივიღოთ წინასწარი მონაცემები დიაგნოზის დასასმელად.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ აპარატურას პოსტოპერატიულ პერიოდში ავადმყოფის მდგომარეობის კონტროლისათვის, დროული და სწორი დახმარების გასაწევად.

ბატონი ფრიდონი, როგორც ყოველთვის, მაგალითს გვაძლევს, თუ როგორ უნდა ვიდგეთ ადამიანებზე ზრუნვის ავანგარდში.

პრეზენტაციას საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძეც ესწრებოდა.

_ ბატონო ანდრია, საქართველოში ბევრი გყავთ სამედიცინო დაწესებულების ისეთი ხელმძღვანელი, როგორიც ბატონი ფრიდონ თოდუაა, რომელიც ტვირთად არ აწევს ქვეყნის ბიუჯეტს და თქვენი ხელებში შემყურე არ არის?

_ მინდა გითხრათ, რომ ბატონი ფრიდონი ყოველთვის გამორჩეული იყო. იმ დროსაც კი, როცა ძალიან მძიმე პერიოდი იყო ქართული მედიცინისათვის, ფრიდონ თოდუას კლინიკა განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ძალიან მაღალი ორგანიზაციული დონით. უმთავრესად, მისი პირადი დამსახურებაა, რომ მაშინაც კი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყო უთანამედროვესი გამოკვლევები. აქ იყო და არის ქართული რადიოლოგიის სკოლა, რომელმაც ასეულობით სპეციალისტი აღზარდა. ევროპულ რადიოლოგიაში საქართველო ღირსეულად რომ არის წარმოდგენილი, სწორედ ბატონი ფრიდონისა და მისი გუნდის დამსახურებაა. ვფიქრობ, რომ კერძო სამედიცინო დაწესებულების მაგალითმა, როგორიც ბატონ ფრიდონის კლინიკაა, მოგვცა იმ რეფორმების საფუძველი, რომლებიც დღეს საქართველოში ხორციელდება: ამ წარმატებულმა მაგალითმა დაგვანახა, რომ შესაძლებელია სახელმწიფო და კერძო სექტორების ეფექტიანი თანამშრომლობით მივაღწიოთ იმ მიზანს, როცა მედიცინის სიახლეები, ის ყველაფერი, რისი ნახვაც უწინ მხოლოდ საზღვარგარეთის კლინიკებში შეიძლებოდა და რაც დღეს საქართველოში გვაქვს, ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მოსახლეობისათვის. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.

პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტ რომან შაქარიშვილის შეფასება კი ასეთია:

_ ბოლო ხანებში ტრივიალური გახდა ფრაზები _ «ულტრათანამედროვე» აღჭურვილობა, «სუპერტექნიკა», რაც ხშირ შემთხვევაში სრულიად მოკლებულია რეალურ საფუძველს და მხოლოდ ამპარტავნებითა და ფუჭი ამბიციებითაა ნაკარნახევი. როგორც წესი, ასეთი იარლიყით შემოტანილი ეგრეთ წოდებული უახლესი ტექნიკა ევროპაში 10-15 წლის ხანდაზმულობის აპარატურაა.

ამ მხრივ სრულიად განსხვავებულია კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა უფრო თოდუას ინსტიტუტად იცნობს და რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია, ქართული სამედიცინო საზოგადოების სინამდვილეში, უფრო მეტიც _ მთელი ქვეყნის ცხოვრებაში.

თუკი რაიმე ნოვატორული იქმნება მედიცინაში მსოფლიოს წამყვანი კლინიკების დარად, პირველ რიგში ამ ინსტიტუტში ინერგება და იგი მართლაც უნიკალური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ევროპის საუკეთესო ანალოგიური პროფილის კლინისებს უმშვენებს გვერდს.

მაღალი ტექნოლოგიების დანერგვა, ცხადია, არის სამედიცინო ბიზნესის წინსვლის გარანტიაც, მაგრამ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ აქ კლინიკურ ეფექტიანობაზე ორიენტირება და სამეცნიერო-კვლევითი მოტივაცია უფრო მნიშვნელოვანია: კლინიკური ეფექტიანობისკენ სწრაფვა განსაზღვრავს ყოველ ახალ ნაბიჯს თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლებაში.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვის და გამოყენების კარგი გაგებით აგრესიული სტილი ხელს უწყობს კლინიკური პოტენციალის გაძლიერებას, სპეციალისტების ინტელექტუალურ ზრდას ქვეყნის მასშტაბით. ამიტომაა, რომ სამეცნიერო პუბლიკაციების აკადემიური დონით ინსტიტუტი უპირობო ლიდერია ჩვენი ქვეყნის სამედიცინო მეცნიერებაში, მან აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი სამეცნიერო-კლინიკური ცენტრის სახელი ღირსეულად დაიმკვიდრა.

ამ საუბარში რომ ვართ, პაციენტი უკვე გამოიკვლიეს და დაუდგინეს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ სჭირს, სტენტირებაზე, შუნტირებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ექიმები შესაფერის მკურნალობას დაუნიშნავენ.

_ გულახდილად რომ გითხრათ, თავიდან ძალიან მეშინოდა, _ ამბობს ქალბატონი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, _ მაგრამ, როცა ამიხსნეს ამ ახალი ტომოგრაფის მოქმედების პრინციპი, პროცედურის სიმარტივე და საიმედოობა, გადავწყვიტე მოსვლა და მოვედი.

_ რა იგრძენით?

_ არავითარი დისკომფორტი! მითხრეს, რომ შეიძლება ხელში სიმძიმე იგრძნოთო, მაგრამ ესეც არ იყო. მხოლოდ ერთგვარი სიცხე მუცლის ღრუში. ესაა და ეს.

_ შედეგი?

_ როგორც ამბობენ სისხლძარღვების გარკვეული შევიწროვება მაქვს, მაგრამ სტენტის ჩადგმა აუცილებელი არ არის.

_ გილოცავთ!

კარგ ფეხზე მოსულა ეს ქალბატონი ფრიდონ თოდუას კლინიკაში.

დაბედებოდეს კეთილი ამბები ახალ კომპიუტერულ ტომოგრაფს, რომლის სახელიც ორიგინალში ასე იწერება: Ag uillion 640-slice (4d) GT Scanner.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here