Home რუბრიკები საზოგადოება ვალტერ შურღაია: ჯაბა იოსელიანი სოხუმში მწერალთა კავშირის სახლის აფეთქებაში დახმარებას გვთხოვდა

ვალტერ შურღაია: ჯაბა იოსელიანი სოხუმში მწერალთა კავშირის სახლის აფეთქებაში დახმარებას გვთხოვდა

1831


მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. ამ კაცზე ლაპარაკი არ სურთ, არადა, 90-იან წლებში «მხედრიონი» და მისი ლიდერი ჯაბა იოსელიანი მოსახლეობას შიშის ზარს სცემდა (იგი თემურ-ლენგსაც კი შეადარეს); ისინი აწიოკებდნენ და არბევდნენ მოსახლეობას, განურჩევლად ყველა კუთხეს, განსაკუთრებით კი _ სამეგრელოს. წარსულს ჩაბარდა ის ავადმოსაგონარი წლები, თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს «მხედრიონის» სისასტიკე. ახლახან დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დასაფლავებულ «მხედრიონის» ლიდერ ჯაბა იოსელიანის საფლავის ამოთხრის მცდელობა იყო. «იმსახურებს თუ არა იგი ამას, კიდევ განსჯის საგანია, თუმცა, სანამ არ შეფასდება 90-იანი წლების პროცესები, მანამდე შესაძლოა მუდმივად გაგრძელდეს საფლავის ამოთხრა,» _ აცხადებს ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატი ვალტერ შურღაია, რომელსაც ძალიან უმძიმს იმ ავბედითი დროის გახსენება.

_ ბატონო ვალტერ, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ 90-იანი წლები, «მხედრიონი» და მისი ლიდერი ჯაბა იოსელიანი?

_ თუ გნებავთ, რამდენიმე შტრიხს გამოვყოფ ჯაბას პორტრეტისთვის. ეს იყო 1989 წელს, როდესაც 15-16 ივლისის მოვლენებისას აფხაზეთში მოკლეს ვოვა ვეკუა. მაშინ გავრცელდა ხმა, თითქოს თურქი-მესხები გაგრის გავლით საქართველოში შემოჭრას აპირებდნენ. ამ დროს ზუგდიდში ჩვენი ჯგუფი შეიქმნა და ასევე თავის ხალხთან ერთად სამეგრელოში ჩამოვიდა ჯაბა იოსელიანი (იმ პერიოდში იგი ზვიად გამსახურდიას მხარეზე იყო). იოსელიანმა ითხოვა ჩემთან და ზაურ ქობალიასთან შეხვედრა (ზაურ ქობალიაც პოლიტპატიმარი იყო 60-იანი წლებში). სოხუმთან, აჩადარის ტყეში შევხვდით მე და ზაური. ჩვენთან ერთად იყო კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი ჭავჭავაძის საზოგადოებიდან. ჯაბამ (ვითომ დიდი საიდუმლო გაგვიმხილა) გვითხრა, რომ ქმნიდა სამხედრო ფორმირებას, რომლისთვისაც «მხედრიონი» უნდა დაერქმია და დახმარება გვთხოვა. ჩვენ ვკითხეთ, თუ რა საშუალებებით აპირებდა ამის გაკეთებას. განცხადებას გამოვაქვეყნებ გაზეთ «კომუნისტშიო», _ გვიპასუხა. ჩვენ ვუთხარით, რომ, «თუ განცხადებას გააკეთებთ, აგენტები შემოცვივდებიან, მადლიზა ეროვნული მოძრაობა იწყება და გვინდა ჩვენ აგენტი?» ჯაბამ გვიპასუხა: «მერე რა, შემოვიდეს, სად წამივაო?»ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არ იყო ჩვენი საქმე და უარით გამოვისტუმრეთ. მაშინ ჯაბა იოსელიანი სოხუმში მწერალთა კავშირის სახლის აფეთქებაში დახმარებას გვთხოვდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარით და დავემუქრეთ კიდეც, თუ ამას გააკეთებდა, ვამხელდით მთელი ერის წინაშე. იმ დროს ძლივს ჩაცხრა სიტუაცია და სოხუმში მწერალთა სახლის აფეთქება იქნებოდა?! იქ, სხვათაშორის, ქართველი მწერლებიც იმყოფებოდნენ.

_ ჯაბა იოსელიანმა და მისმა «მხედრიონმა» ყველაზე სასტიკად სამეგრელო ააოხრეს, თუ გახსოვთ ეს ავადსახსენებელი პერიოდი?

_ სამეგრელოზე ვლაპარაკობ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, აქ აშკარად გამოჩნდა მათი ნამოქმედარი, თორემ ისე მხედრიონელებს ფეხებზე ეკიდათ სამეგრელო, ქართლი, კახეთი თუ თბილისი. ისინი ერთნაირად დათარეშობდნენ, ყაჩაღობდნენ, ძარცვავდნენ და აუპატიურებდნენ ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებოდათ. სამეგრელო იმიტომ ამოიჩემეს, რომ სამეგრელოში იყო ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, აქ იკრიბებოდა მთელი საქართველოს მოსახლეობა. ქალაქ ზუგდიდში, სადაც 60 ათასი კაცი ცხოვრობდა, 200-ათასიანი მიტინგები იმართებოდა. ლოზუნგებზე იყო წარწერები: «ხაშური», «თბილისი», «ქუთაისი»… საერთოდ, მთელი საქართველო იქ იყო, დაუმორჩილებლობის ეპიცენტრი იყო ზუგდიდი და ამიტომაც ლაშქრავდნენ სამეგრელოს. მხედრიონელებს და მის ლიდერს სამეგრელოში საშინელი რაღაცები აქვთ გაკეთებული.

_ ედუარდ შევარდნაძე იხსენებს: როცა სამეგრელოში ჩავედი, ქალებმა მითხრეს, ოღონდ ჯაბა იოსელიანი მოგვაშორე და შენზე ვილოცებთო; ამის მერე მართლაც გამოვიწვიე იოსელიანი უკანო. თუ გახსენდებათ, როდის დაეხსნა სამეგრელოს «მხედრიონი»?

_ სოფელ დარჩელში «მხედრიონმა» და დოდო გუგეშაშვილმა 40-მდე სახლი რომ გადაწვეს, ეს ხომ ფაქტია. იყო ერთი კაცი, გვარად ჩალიგავა. მხედრიონელები სახლში შეუცვივდნენ მას და მისი ქალიშვილის გაუპატიურება მოინდომეს. იგი შეებრძოლა და ადგილზევე მოკლეს; ვინმე შენგელიას გამოსასყიდად კი სოფელს ოქრო მოსთხოვეს. სოფელმა ოქრო შეუგროვა «მხედრიონს», მაგრამ მხედრიონელებმა მკვდარი ბიჭი დაუბრუნეს. ამას გარდა, შამათავა, ჩემი უმცროსი მეგობარი, დაიჭირეს სამტრედიაში. ისიც ოქროთი გამოისყიდეს ნათესავებმა, მანამდე კი საშინელ ტანჯვაში ჰყავდათ. როდესაც წყალი ითხოვა თურმე, მხედრიონელებმა უთხრეს, რომ საკუთარი შარდი დაელია. არ შემიძლია არ გავიხსენო და ქედი არ მოვიხარო ახალგაზრდა მხატვრის, ვახტანგ ნოდიას წინაშე, რომელიც მხედრიონელებმა სასტიკად აწამეს _ ჯერ ერთი ხელი მოაჭრეს, მერე _ მეორე, მერე _ ორივე ფეხი და ასე წამებით მოკლეს. ვახტანგ ნოდია იმიტომ აწამეს, რომ მან პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დახატა. ასეთ საშინელებებს მხოლოდ ფაშისტების ნამოქმედარში თუ წაიკითხავთ. ისინი სისხლისმიერი ქართველები კი იყვნენ, მაგრამ სულიერად არ იყვნენ ქართველები. თუმცა ზვიადი ამბობდა, რომ ყველა არ იყო ასეთი…

_ სამეგრელოში იმ პერიოდში მხედრიონელებმა 6 ახალგაზრდა დახვრიტეს. ამ ოპერაციაში მაშინდელი შს მინისტრი კვირაიაც მონაწილეობდა, თუმცა ამისათვის კვირაია მხოლოდ თანამდებობიდან გადააყენეს და პასუხი მისთვის არავის მოუთხოვია.

_ კვირაიამ 6 კაცი დახვრიტა შევარდნაძის თანდასწრებით. ეს ფაქტი გადაიღო ერთმა ახალგაზრდა კაცმა, რომლის სახელი და გვარი, სამწუხაროდ, არ მახსოვს. ის ჩემზე ბევრად ახალგაზრდა იყო. შემდეგ ეს ახალგაზრდა შევარდნაძის მომხრე და მისი კორესპონდენტი იყო, მერე კი რატომღაც დაიჭირეს. კვირაიას მიერ 6 ბიჭის დახვრეტის ამბავი სწორედ მან გაავრცელა. თუ ამ ინტერვიუს წაიკითხავს, გამომეხმაუროს, რადგან ამის კადრები მხოლოდ მას ჰქონდა. ამ დროისთვის მე დაპატიმრებული ვიყავი.

_ ის მაინც არ გვითხარით, როგორ დატოვა «მხედრიონმა» სამეგრელო…

_ 1992 წელს მოხდა ძალიან დიდი შეტაკება «მხედრიონის» რაზმებსა და ადგილობრივ პატრიოტებს შორის. «მხედრიონის» აღვირახსნილობამ _ ძარცვავდნენ, აუპატიურებდნენ და კლავდნენ ადამიანებს _ მოსახლეობას იარაღი ააღებინა. ტანკებზე ეწერა «სიძეები მოდიან» და მეგრელებმა ვერ აიტანეს ამდენი დამცირება. შეიარაღებულმა ბიჭებმა ჯაბა და «მხედრიონი» ალყაში მოაქციეს. ისინი მხოლოდ ტყუილისა და შემთხვევის წყალობით გადაურჩნენ სიკვდილს. სასწრაფოებს გამოუძახეს, თითქოს მკვდრები და დაჭრილები უნდა გაეყვანათ, ჯაბა იოსელიანი და სხვა მხედრიონელები საკაცეებზე დააწვინეს და ისე გამოიყვანეს სამეგრელოდან, თითქოს მკვდრები იყვნენ. ასე რომ არ გაეკეთებინათ, ვერც ჯაბა და ვერც ერთი მხედრიონელი სამეგრელოდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდა. ჯაბა მაშინ არ უნდა მომკვდარიყო, იმიტომ, რომ, როდესაც მისმა პატრონმა შევარდნაძემ ჯაბა გამოიყენა და მერე ციხეში ჩააგდო, ისე იტანჯებოდა, როგორც ჩვენ. სამართალმა იზეიმა.

_ თუმცა ამბობენ, რომ აფხაზეთის ომში ზვიადისტები და მხედრიონელები იმ პერიოდში ერთად იბრძოდნენ…

_ როდესაც შევარდნაძემ აფხაზეთის ომი დაიწყო, უნდოდათ, ისე წარმოეჩინათ, თითქოს ამ ომში კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ. ჩვენ ჩუმ-ჩუმად ვაგზავნიდით ხალხს _ 50-100 კაცს აფხაზეთის ომში, რომ არ გამოვჩენილიყავით. როგორც კი ჩვენ გადავწყვეტდით აფხაზეთში საომრად წასვლას, იმ წუთში ჯაბას ხალხი გამოჩნდებოდა სამეგრელოს საზღვართან.

მათ არ სურდათ ჩვენი მონაწილეობა ომში, იმიტომ, რომ აფხაზეთში ომის მოგება არ უნდოდათ. ჩვენ აფხაზეთის ომის დაწყების სასტიკი წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ, რადგან დაიწყო ეს ომი, არ გვინდოდა ჩრდილში ყოფნა, რადგან მერე ჩვენი თანამემამულეების თვალში თავს ვერ გავიმართლებდით, ამიტომ იძულებული ვიყავით, ამ ომში ჩავრთულიყავით.

_ მხედრიონელთა ერთი ნაწილი აფხაზეთის ომში მაროდიორობითა და ძარცვით იყო დაკავებული, ნაწილი კი მართლაც იბრძოდა. თქვენი აზრით, რა წვლილი მიუძღვით მათ ამ ომში?

_ მე ბევრი მხედრიონელი მინახავს _ ისინი, ვინც ომობდნენ, და ისინი, ვინც ყაჩაღობდნენ. მაშინ რეგულარული ჯარი არ არსებობდა, რადგან შევარდნაძეს არ სურდა, არც მობილიზაცია გამოუცხადებია. როცა უნდოდათ, წავიდოდნენ; როცა უნდოდათ, წამოვიდოდნენ. არ არსებობდა არც მეთაურის მორჩილება და რაიმე წესრიგი. ჩვენმა ბიჭებმა დაიჭირეს შეიარაღებული მხედრიონელები, რომლებსაც ნაძარცვი მოჰქონდათ. ამ ნაძარცვში ქალის ნახმარი თეთრეულიც კი აღმოვაჩინე. ეს ნაძარცვი ტელევიზიას გადმოვუგზავნეთ საჩვენებლად, მაგრამ, რასაკვირველია, არ აჩვენეს. იმ დროს «მხედრიონზე» ლოცულობდა მთელი თბილისი, ხოლო ჩვენ სამშობლოს მოღალატეებად გვაცხადებდნენ. სხვათა შორის, შევარდნაძემ მშვენივრად გააკეთა, რაც სურდა: ჩვენ და «მხედრიონს» ერთმანეთს გვახოცინებდა. ისინი იყვნენ გაფუჭებული «პრისტუპნიკები», რომლებიც ციხიდან გამოიყვანა, გამოიყენა ჩვენ წინააღმდეგ და მერე, როცა მათი არსებობა აღარ სჭირდებოდა, ჩვენ თუ დავხოცავდით, ხომ კარგი, თუ ისინი დაგვხოცავდნენ, _ მთლად უკეთესი…

არის ფაქტები, რომელთა დაუნახაობაც არ შეიძლება. ეს იყო ლაბრასთან (სადაც მეც ვიყავი), როდესაც კანონიერი ხელისუფლების მომხრეები, ლოთი ქობალია და ჯაბა იოსელიანი ერთად იბრძოდნენ. ეს იყო გმირობა ორივე მხრიდან და ჩვენ გახარებული ვიყავით, რომ «მხედრიონში» ყოფილან კარგი ბიჭები, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა.

_ ალბათ, არასასიამოვნო გასახსენებელია, მაგრამ ჩაგეკითხებით: თქვენ ტელევიზია აიღეთ და მაშინ თქვენს დასაპატიმრებლად სპეცოპერაცია ჩატარდა. დღევანდელი გადასახედიდან როგორ უყურებთ ამ ამბავს?

_ როდესაც დამაპატიმრეს, ამ სპეცოპერაციაში «მხედრიონიც» მონაწილეობდა და გვარდიაც. მხედრიონელები დამცინოდნენ, მაფურთხებდნენ და რას არ აკეთებდნენ. ეს ამბავი იმელის შენობაში ხდებოდა. ამის შესახებ ბევრჯერ მისაუბრია, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ, სანამ ცოცხალი ვარ, ამ ამბავს საკუთარ თავს არ ვაპატიებ, იმიტომ, რომ მე მომატყუეს, რადგან ეს იყო «ჩაწყობილი» საქმე. მართალია, მე მქონდა ბრძოლის გამოცდილება, მაგრამ მოვტყუვდი და რა ვქნა… უბედურება ის კი არ არის, რომ მე, დავუშვათ, დამამარცხეს, შევარდნაძის დროებითმა გამარჯვებამ და ჩემმა დამარცხებამ ეროვნული მოძრაობის დამუხრუჭებაც კი გამოიწვია, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილას დადგა. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც მხარს უჭერდნენ კანონიერ ხელისუფლებას (მე უზენაესი საბჭოს დეპუტატი ვიყავი) და თბილისსა და დასავლეთში მრავალათასიანი მიტინგები იმართებოდა.

_ თუმცა ამ მიტინგებს დიდი მსხვერპლიც მოჰყვა. ალბათ, გახსოვთ 2 თებერვალი…

_ როცა უზენაესი საბჭოს შენობაში ვიყავით და ტყვიებს გვიშენდნენ, ეროვნული ძალები ჯერ კიდევ მაშინ მართავდნენ მიტინგებს, რომლებსაც ქალბატონი ეთერ მგალობლიშვილი უძღვებოდა. რაც შეეხება 2 თებერვალს, იმ დღეს ბევრი ადამიანი დახვრიტეს.

_ ახლახან «მხედრიონის» ლიდერ ჯაბა იოსელიანის საფლავის ამოთხრის მცდელობა იყო. ზოგიერთის აზრით, ეს იყო შეკვეთილი, შემკვეთთა შორის ასახელებენ განათლების ყოფილი მინისტრის, კახა ლომაიას მამას. რას იტყვით საფლავის ამოთხრის თაობაზე?

_ მე არ ვიცი, რა ისეთი ანტაგონისტური დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა ლომაიას მამას ჯაბას მიმართ, რომ ეს გაეკეთებინა. ეს სისულელედ მიმაჩნია და გამორიცხულია. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქციელი ანტიმართლმადიდებლურია და მისი გამართლება არ შეიძლება, მსგავსი მოქმედებები არ შეწყდება მანამ, სანამ პუტჩის მოვლენები არ შეფასდება. შეიძლება 100 ან 200 წელი გავიდეს, მაგრამ ასეთი ფაქტები განმეორდება. სანამ ხელისუფლება, სწორ შეფასებას არ მისცემს პუტჩს, მანამდე საშველი არ იქნება. ის, რაც დღეს ქვეყანაში ტრიალებს, ეს არის პუტჩის შედეგი. შენი და შენი თაობის სისხლისმსმელი რომ მოხვდეს შენს გვერდით, შეუძლებელია, ეს მშვიდად მიიღო. მე 67 წლისა ვარ უკვე, მაგრამ, თუ ისინი ჩემ გვერდით მოხვდებიან, იმის გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ მათ ცუდად არ მოვექცევი.

ესაუბრა

ეთერ ბალაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here