Home რუბრიკები საზოგადოება გია ყრუაშვილი: გიორგი თარგამაძეს მოვუწოდებ, სახელი შეუცვალოს თავის პარტიას, რადგან არანაირი კავშირი...

გია ყრუაშვილი: გიორგი თარგამაძეს მოვუწოდებ, სახელი შეუცვალოს თავის პარტიას, რადგან არანაირი კავშირი მას ქრისტიანობასთან არ აქვს

1030


პარტია თავისუფალი საქართველოს წევრი გია ყრუაშვილი «ქრისტიან-დემოკრატების» პროტესტს ეხმაურება და აცხადებს, რომ თავის დროზე მან «საქართველოს რკინიგზაში» არსებულ დარღვევებზე სერიოზული კომპრომატები გადასცა გიორგი თარგამაძეს, მაგრამ მან აღნიშნული ინფორმაცია არათუ გაახმაურა, რკინიგზის ხელმძღვანელობას გაურიგდა და მათგან ფულიც კი აიღო. რატომ სდებს ბრალს გია ყრუაშვილი გიორგი თარგამაძეს და რატომ გამორიცხავს თავისუფალი საქართველო რესპუბლიკურ პარტიასთან ყოველგვარ ურთიერთობას, «საქართველო და მსოფლიოს» გია ყრუაშვილი ესაუბრება.

_ ჩემი გაღიზიანება «ქრისტიან-დემოკრატების» ბოლოდროინდელმა განცხადებებმა გამოიწვია. «ქრისტიან-დემოკრატები» ახლა რომ მართავენ ბრიფინგებს და რკინიგზის ხელმძღვანელობას საჯაროობისკენ მოუწოდებენ, როცა რკინიგზაში არსებული დარღვევების შესახებ გიორგი თარგამაძეს საკმაოდ სერიოზული მასალები გადავეცი, მაშინ რატომ გაჩუმდა?

«ვარდების რევოლუციის» შემდეგ ჟვანია-სააკაშვილს შორის უთანხმოება მოხდა, რადგან ორივეს «საქართველოს რკინიგზაში» თავისი კადრების დანიშვნა სურდა. ბოლოს მაინც ჟვანიას კადრი, დავით ონოფრიშვილი დაინიშნა «საქართველოს რკინიგზის» ხელმძღვანელად და, სანამ ზურაბ ჟვანია ცოცხალი იყო, ონოფრიშვილი სააკაშვილის გუნდს ყველა თხოვნაზე უარს ეუბნებოდა. ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ კი ონოფრიშვილს 25 მილიონი შეატანინეს ბიუჯეტში, რომ არ დაეჭირათ, ხოლო უწყების ხელმძღვანელად ირაკლი ეზუგბაიას მოსვლის შემდეგ ფინანსური პოლიცია შემოვიდა «რკინიგზაში». წელიწადნახევრიანი შემოწმების შემდეგ ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა დაახლოებით 23 შუალედური აქტი დაწერეს «საქართველოს რკინიგზაში» არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით. დაიჭირეს რკინიგზის ფინანსური დირექტორი, ხოლო გადაზიდვის სამსახურების უფროსების კაბინეტები დალუქეს. ბოლოს სააკაშვილის სახლში შეიკრიბნენ გიორგი არველაძე, დავით კეზერაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და გადაწყვიტეს, ეზუგბაიასგან თანხა აეღოთ და არ დაეჭირათ, რის შემდეგაც ეს დაჭერილი ხალხი თანამდებობებზე დააბრუნეს.რკინიგზის თანამშრომლებთან ვმეგობრობდი, ბევრი მათგანი პოლიციასთანაც თანამშრომლობდა. სწორედ მათი მეშვეობით ჩამივარდა ხელში ეს შუალედური აქტები, რომლებშიც დაახლოებით ას მილიონზე მეტ გახარჯულ თანხაზეა საუბარი.

აღნიშნული აქტები წავიღე ტელეკომპანია «იმედში», შევხვდი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას. საშვთა ბიუროსთან დამხვდა ვინმე მამუკა ურუშაძე, რომელმაც საშვის გარეშე შემიყვანა ტელევიზიაში. კაბინეტში ისხდნენ გიორგი თარგამაძე, მაია თაბაგარი და მაგდა ანიკაშვილი. როცა ეს აქტები ვაჩვენე, გადახედეს ერთმანეთს და «ვაიმე, რა ბომბი მასალააო!» _ თქვეს. საინფორმაციო გამოშვებაში ამ სიუჟეტის გაშვება დაენანათ და გადაწყვიტეს, იგი გადაცემა «დროებაში» გაეშვათ. დაუძახეს ნათია მიქიაშვილს, რომელთანაც დღესაც ვმეგობრობ, და დაავალეს სიუჟეტის მომზადება. ერთი კვირის განმავლობაში ვამზადებდით სიუჟეტს, ფინანსური პოლიციის აქტების გარდა, გადავიღეთ სხვა დარღვევებიც, მაგალითად, კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ გამოაქვს გადამყიდველს ბილეთები და როგორ ჰყიდის სამმაგ ფასში.

სიუჟეტი «დროებაში» 2006 წლის 25 დეკემბერს უნდა გასულიყო, თუმცა, რატომღაც არ გაუშვეს. როდესაც ვიკითხე, მიპასუხეს, ახალი წლის დღეებია, საახალწლო სიუჟეტებს ვამზადებთ და ორი კვირის შემდეგ გავუშვებთო. მერე მითხრეს, ძველით ახალ წელს გავაო. ასე მატყუებდნენ და საბოლოოდ მიზეზიც ვეღარ მითხრეს, თუ რატომ არ გავიდა აღნიშნული სიუჟეტი ეთერში. შემდეგ რკინიგზის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, თანამდებობის პირმა საიდუმლოდ მაცნობა, რომ გარიგება მოხდა «საქართველოს რკინიგზის» ხელმძღვანელობასა და გიორგი თარგამაძეს შორის, ამიტომ ეს სიუჟეტი აღარ გავა ეთერშიო. სამასი ათასი დოლარი გადაუხადეს «საქართველოს რკინიგზის» ხელმძღვანელებმა გიორგი თარგამაძეს, რომ სიუჟეტი გადაცემაში არ გაეშვა. თუ არ აუღია ეს თანხა, მაშინ გამობრძანდეს თარგამაძე და ამიხსნას, ასეთი მნიშვნელოვანი მასალა რატომ დაბლოკა! დაინტერესდეს პროკურატურა, ამოიღონ ჩემი 2006 წლის სატელეფონო საუბრები, მზად ვარ, გამოძიებასთანაც ვითანამშრომლო. დაინტერესდნენ, მე ხომ საქართველოს რკინიგზიდან დატაცებულ ას მილიონზე ვსაუბრობ?

საერთოდ, მოვუწოდებ გიორგი თარგამაძეს სახელი შეუცვალოს თავის პარტიას, რადგან არანაირი კავშირი მას ქრისტიანობასთან არ აქვს. წაიყვანს გიორგი თარგამაძე ტელევიზიებს, გადაიხდის პატრიარქის ჯანმრთელობის პარაკლისს, მერე რომელიმე მეუფესთან მივა და ტელევიზიები აშუქებენ ამ ყველაფერს. როდის იყო, მართლმადიდებელი მორწმუნე თავისი ღვთისმოსაობით სპეკულირებდა! «ბუდა ბარი» შენდება საპატრიარქოსთან, უახლოეს მომავალში ქართველების ძვლებს ამოყრიან საფლავებიდან და არავინ აპროტესტებს. გარეგინი ჩამოვიდა საქართველოში, ლამის სცემა ჩვენი პატრიარქი, სულ მუხლებზე ურტყა ხელი ძველი ბიჭივით, არც ეს გააპროტესტეს, კაზინო ააშენეს საპატრიარქოსთან, ახლა მეჩეთი შენდება ბათუმში, ესეც არ ადარდებთ. რატომ არაფერს აპროტესტებენ ან «ქრისტიან-დემოკრატები» და ან სხვა ოპოზიციონერები? ოპოზიცია დუმს, რადგან ყველაფერი დადგმული სცენარის მიხედვით მიმდინარეობს.

_ ანუ, თქვენი აზრით, მთელი ოპოზიცია გარიგებულია ხელისუფლებასთან?

_ უმეტესობა, ოპოზიციის 80% გაყიდულია. ყველა, ვინც დღეს ხელს უშლის ოპოზიციის გაერთიანებას, ხელისუფლების თამაშს თამაშობს. მაგალითად, გავიხსენოთ, როგორ გამოვიდა ნოღაიდელი და განაცხადა, ფეხებს დავამტვრევ სააკაშვილსო. სად არის დღეს ნოღაიდელი? რატომ არ აქტიურობს? გამოჩნდა, რა მისიაც ჰქონდა, შეასრულა და ოპოზიციას, რომელიც ისედაც სულს ღაფავდა, სულ ბოლო მოუღო. ახლაც ასე ხდება.

_ ცოტა ხნის წინათ თქვენი პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შემოთავაზების შემთხვევაში მზად არის, ბიძინა ივანიშვილთან ითანამშრომლოს, მაგრამ რამდენიმე დღეში აზრი შეიცვალა. რატომ შეცვალეთ გადაწყვეტილება?

_ დღესაც ვაცხადებთ, რომ რესპუბლიკელების განწყობასა და ჭკუაზე არასდროს ვივლით. ბატონმა ბიძინამ დააკონკრეტოს, რა უნდა. რესპუბლიკელების დასაფინანსებლად თუ ჩამოვიდა, ბარემ მილიონი საფრანგეთიდან გამოეგზავნა. რომ იძახიან, ნინო ბუჯრანაძე და კახა კუკავა არ გვინდაო, ვინ ეხვეწებათ, საერთოდ? მათ უნდა ეამაყებოდეთ ჩვენთან დგომა და არა ჩვენ _ მათთან. ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ყველამ კარგად იცის, რომ ამ კანონმდებლობით და ასეთი ქცევებით სააკაშვილს არჩევნებს ვერ მოვუგებთ. ხალხს რატომ ატყუებენ? თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ ივანიშვილი ალასანიათი და რესპუბლიკელებით სააკაშვილს დაამარცხებს, სირცხვილია. ახლა, ეგენი დამარცხებაში იმას თუ გულისხმობენ, რომ ალასანია და კობა დავითაშვილი თითო-თითო მანდატს მიიღებენ და ნაციონალები ისევ უმრავლესობაში დარჩებიან, არ ვიცი.

ნინო ბურჯანაძეს «ბრაკავენ», იწუნებენ. კი, ბატონო, მაგრამ მე ელიზბარ ჯაველიძე, სოსო ჯაჭვლიანი, ნონა გაფრინდაშვილი, გია ბურჯანაძე, ლუკა კურტანიძე მირჩევნია მთლიანად რესპუბლიკელებს. სადმე გინახავთ ამ ხალხის ცუდი საქციელი? მაგრამ უსუფაშვილების, ხიდაშელებისა და ბერძენიშვილების გვინახავს. მათ განათლებაზე არ მაქვს პრეტენზია, კი, ბატონო, განათლებული ხალხია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი მათი იდეოლოგიაა.

კახა კუკავას მისვლა კოალიციაში ნიშნავს, რომ თინა ხიდაშელი ბიძინას აღარ დასჭირდება და კოალიციაში ბევრის ადგილი არ დარჩება, იმიტომ, რომ რეიტინგითაც და ჭკუითაც მათ აჯობებს. კონკურენცია არ სურთ.

_ იქნებ მიზეზი არა კონკურენციაში, არამედ იდეურ განსხვავებაშია?

_ რუსეთუმეობას ჩვენ გვაბრალებენ, არადა, სოჭში აფხაზეთის დამოუკიდებლობას ხელი რესპუბლიკელებმა მოაწერეს და 1989 წელს უსუფაშვილი კომუნისტურ პარტიაში შევიდა. ძმებ ბერძენიშვილებზე აღარაფერს ვამბობ, მათი საქმეების გამო, ზუგდიდში ჩასვლასაც რომ ვერ ბედავენ. გლდანის ეკლესია რომ დაარბიეს, ლევან ბერძენიშვილმა ბოკერიასთან ერთად განაცხადა, ყველაზე ბედნიერი დღე გათენდა ჩემთვისო. ახლა კი ბიძინა ივანიშვილის პარტიის შესასვლელში მოურავივით ზის თინა ხიდაშელი და, ვინც არ უნდა, არ უშვებს.

_ რატომ ფიქრობთ, რომ ივანიშვილზე ამხელა გავლენა აქვთ რესპუბლიკელებს? ოპოზიციონერების მხრიდან მათი მისამართით ბოლო დროს ხშირად ისმის ბრალდებები, რა ხიფათს ხედავთ ასეთს რესპუბლიკელებში?

_ ხიფათს იმიტომ ვხედავთ, რომ თავად ბიძინაა რესპუბლიკელების მარწუხებში მოქცეული. ისინი დამოუკიდებლად ერთპროცენტიან ბარიერსაც ვერ გადალახავენ. თუ ვერ ხვდებიან, რომ ამ რეჟიმის დამარცხებას ერთიანობა სჭირდება, ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს კაცი საქართველოს ოცნების ასახდენად ჩამოვიდა. კი, ბატონო, ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული ბიძინა ივანიშვილს, სამებაც ააშენა, მაგრამ ეკლესიებს ქურდებიც აშენებდნენ. მთავარია, ახლა რას იზამს. ქვეყანაა გადასარჩენი!

დღეს მსოფლიოში ყველა მიხვდა, ვინ არის სააკაშვილი. ამერიკის შეერთებულ შტატებს 2003-2004 წლებში საქართველოში სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ, სააკაშვილის წყალობით, ხალხს ამერიკის ხსენებაც აღარ უნდა. როგორც შევარდნაძის დროს განვითარდა მოვლენები, ახლაც ასე იქნება _ თავს გვახვევენ ამერიკას და ნატოს, რუსეთი კი მტერიაო. მტერი მაშინ არ იყო რუსეთი, რესპუბლიკური პარტია შევარდნაძესთან ერთად რომ მოუძღვოდა საქართველოში? გვარები ჩამოვთვალო? დღეს ვინც «ქართულ ოცნებაშია», მათი 80% მონაწილოებდა ამ ყველაფერში. რუსეთის ტანკებზე იყვნენ ამხედრებულნი. თავად ბიძინა ივანიშვილიც იყო ჩამოსული, შევარდნაძის დავალებით შეხვდა გამსახურდიას და სთხოვა, შეეწყვიტა ურთიერთობა დუდაევთან და ჩეჩნებთან და დიდი თანხაც ჰქონდა ჩამოტანილი, მაგრამ ზვიადმა რომ უარი უთხრა, ის ფული კიტოვანთან აიტანეს თბილისის ზღვაზე.

მივმართავ ბატონ ბიძინას, გამოუცხადოს თავის გარემოცვას, ვითომ სადღაც სამოგზაუროდ მიჰყავს, უქირაოს გემები და სადღაც შუა ზღვაში დატოვოს. მაშინ მართლა ოცნების ქვეყანას ავაშენებთ.

_ მაისის საპროტესტო აქციების დროს თქვენი განცხადება ბევრმა ჰომოფობიურად აღიქვა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებულია პოლიტიკოსის მხრიდან მსგავსი განცხადებებით გამოსვლა და როგორ აისახება ეს თქვენს იმიჯზე?

_ მე, პირველ რიგში, ქართველი კაცი ვარ და არა პოლიტიკოსი. დღეს რუსთაველის თეატრში რა სპექტაკლებს დგამენ, ვნახეთ უკვე. ერთობლიობაში ეს ყველაფერი ერის გარყვნისკენაა მიმართული, თორემ იეღოველები და გეები კომუნისტების დროსაც იყვნენ, მაგრამ წყნარად იყვნენ, თავისთვის, ხელისუფლებაში მოსვლას კი არ ლამობდნენ. მამათმავალსაც აქვს ცხოვრების უფლება, მე არავის ვერჩი, მაგრამ ქვეყანაში ამ ხალხის განდიდება და პროპაგანდა რომ მიმდინარეობს, ეს არ მომწონს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

1 COMMENT

  1. ყოველთვის სწორად მსჯელობთ ბატონო გია, გეთანხმებით- რესპუბლიკელების იდეოლოგია ხომ ნაცების იდეოლოგიაზე უფრო ცუდია ქართველი ერისათვის, მათ და ნაცებსაც ხომ ქართველი ერის განადგურება აქვთ მიზნად დასახული ,ეს უკვე ნათლად სჩანს, იმედია დაინახავს ყველაფერს ბატონი ბიძინა და ყველას თავისას მიუზღავს….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here