Home რუბრიკები საზოგადოება იური ვაზაგაშვილი: ვინც ყველაფრის პატიებას აპირებს ამ მკვლელებისთვის, მისი პირველი ოპოზიციონერი მე...

იური ვაზაგაშვილი: ვინც ყველაფრის პატიებას აპირებს ამ მკვლელებისთვის, მისი პირველი ოპოზიციონერი მე ვიქნები

723


ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ უჭერს მხარს და იმედით შესცქერის, რომ, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ეს ხალხი უსამართლობას აღკვეთს და სამართლიანობას დაამკვიდრებს. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ «ნაციონალური ხელისუფლების», უპირველეს ყოვლისა, ლიდერებს, სრული კანონის დაცვით მოუწევთ პასუხისგება იმ უამრავი დანაშაულისთვის, რაც მათ «ვარდების რევოლუციიდან» დღემდე ჩაიდინეს და, ალბათ, ვიდრე წავლენ ხელისუფლებიდან, კიდევ ბევრს მოასწრებენ.

«ქართულ ოცნებაში» შემავალი პარტიის ლიდერებმა კი არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ხელისუფლებას უნდა ვაპატიოთ ჩადენილი დანაშაულებიო. პირველი, ვინც ეს თქვა, ირაკლი ალასანია იყო, იგივე გაიმეორა კობა დავითაშვილმაც. თავად ბიძინა ივანიშვილიც საკმაოდ ფრთხილია ხელისუფლების რიგი წევრების პასუხისმგებლობის და დასჯის საკითხზე საუბრისას. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ წარმატებად შინაგან საქმეთა სამინისტროში და პოლიციაში გატარებული რეფორმები, ხოლო ხელისუფლების საუკეთესო «მენეჯერად» ვანო მერაბიშვილი მიაჩნია. არადა, სწორედ «საუკეთესო მენეჯერის» მიერ «რეფორმირებულ პოლიციელთა» კისერზეა არაერთი მძიმე დანაშაული. მაგალითისათვის გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, გამცემლიძის, რობაქიძის საქმეებიც იკმარებს. ეს, ასე ვთქვათ, გახმაურებული მკვლელობების ნაწილი ჩამოვთვალე, თორემ კაცმა არ იცის, რამდენია პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაული ჩაფარცხულ-მიჩქმალული, რომელთაც ფარდა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აეხდება.

«საქართველო და მსოფლიო» ამ საკითხებზე ზურაბ ვაზაგაშვილის მამას, იური ვაზაგაშვილს ესაუბრა, რომელიც «ქართული ოცნების» აქტიური მხარდამჭერი და ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების კამპანიას უდგას სათავეში._ ბატონო იური, «ქართული ოცნების» ლიდერებმა არაერთხელ და არაორაზროვნად მიანიშნეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა დასჯას არ აპირებენ. ბიძინა ივანიშვილიც საკმაოდ ფრთხილ განცხადებებს აკეთებს «ნაციონალური დამნაშავეების» მიმართ. არადა, თქვენ და თქვენმა ოჯახმა განსაკუთრებით მწარედ გამოცადეთ ამ ხელისუფლების სივერაგე და სისასტიკე. ამდენად, მაინტერესებს, ეთანხმებით ფორმულას «ყველას ყველაფერი ეპატიოს»?

_ რას ჰქვია, ეპატიოთ! დანაშაულიცაა და დანაშაულიც. არის დანაშაული, რომლის პატიებაც შეუძლებელია. ბიძინა ივანიშვილმა ჩემთან ერთი-ერთზე საუბრისას მკაფიოდ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოკალათებული მკვლელები უნდა დაისაჯონ, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, რა რანგის ჩინოვნიკებიც. უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც ციხეები უკანონო პატიმრებით აავსო, ბევრი ასეთი პატიმარი გარდაიცვალა ციხეში, ბევრი უკურნებელი სენით დაავადდა, ხალხს ქონება, სახლ-კარი წაართვეს, ოჯახები დაუნგრიეს, ემიგრაციაში გააქციეს… ამ ყველაფრის პატიება შეუძლებელია. არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ვინ იტყვის ამას და ვინ დააყენებს საკითხს, რომ ყველას ყველაფერი ეპატიოს, ამაში ვერავის დავეთანხმები. ვინც ყველაფრის პატიებას აპირებს ამ მკვლელებისთვის, მისი პირველი ოპოზიციონერი მე ვიქნები.

_ იმიტომ ხომ არ კეთდება ასეთი განცხადებები, რომ სიტუაცია არ დაიძაბოს და ხელისუფლების დამნაშავე ლიდერები არ გააღიზიანონ, დაუსჯელობის ერთგვარი ეიფორია შეუქმნან, მერე კი ყველას მოსთხოვენ პასუხს, ანუ ეს «ქართული ოცნების» ერთგვარი ტაქტიკაა?

_ ვერ გეტყვით, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არის დანაშაულობები, რომლებიც არც ერთ ხელისუფლებას არ უნდა ეპატიოს. შევარდნაძის ხელისუფლების უამრავ წარმომადგენელს რომ აპატიეს დანაშაული, შერჩევითი მართლმსაჯულება რომ გამოიყენეს, ესენი იმიტომ გათამამდნენ და იმიტომ გააჩაღეს საყოველთაო ტერორი, იმიტომ ხოცავენ დაუსჯელად ქუჩაში ადამიანებს.

არავის, მათ შორის, არც ერთი ლიდერის გადასაწყვეტი არ არის, ვინ უნდა დაისაჯოს და ვინ არა. როცა «ქართული ოცნება» ხელისუფლებაში მოვა, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მიუკერძოებელმა, სამართლიანმა სასამართლომ, კანონმა: ვინ დამნაშავეა, ვინ _ არა, ვის უნდა ეპატიოს რაღაც და ვის _ არა.

ერთი და ორი კაცი რომ წყვეტს ახლა მსგავს საკითხს, ამიტომაცაა, ქვეყანაში სამართალი რომ არ არის. ესენი რომ წავლენ, თუ ისევ ერთმა და ხუთმა კაცმა განსაზღვრა, ვინ არის დამნაშავე და ვინ უდანაშაულო, ვის ეპატიოს და ვის არა დანაშაული, არაფერი შეიცვლება არსებითად, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ხომ გითხარით, თუ ასეთი ტენდენცია შევნიშნე პირველი მე გამოვალ ამის წინააღმდეგ.

_ ბიძინა ივანიშვილი ამ ხელისუფლებას წარმატებად უთვლის პოლიციის კუთხით გატარებულ რეფორმას…

_ ვფიქრობ, გასათვალისწინებელია, როდის და რა კონტექსტში თქვა ეს ბიძინა ივანიშვილმა. პირადად ჩემთვის კი საპატრულო პოლიცია შსს-ს ისეთივე დანაშაულებრივი დეპარტამენტია, როგორიც კუდ-ი, სოდ-ი, ამათი სპეცნაზი. ყველა ეს უწყება არის ვანო მერაბიშვილის უსიტყვოდ მორჩილი, საუბედუროდ, იქ მომუშავე ადამიანები არიან მონები და, მერაბიშვილმა რაც უნდა უკანონობა უბრძანოს, თვალის დაუხამხამებლად ასრულებენ, კაცსაც კი მოკლავენ აუღელვებლად. ალბათ, ბატონი ბიძინა სხვა რამეს გულისხმობდა, როცა საპატრულო პოლიციის რეფორმის წარმატებაზე ლაპარაკობდა, თორემ გრიგალაშვილი და გეგეჭკორი რომელი რეფორმატორები არიან?! ესენი არიან კრიმინალები, ამ კრიმინალთა ბანდის მეთაურები კი მერაბიშვილი და სააკაშვილი არიან.

ესაუბრა

ლევან ჯავახიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here