Home რუბრიკები საზოგადოება სიტყვის თავისუფლება ქართულად _ ძირს პრესის ჯიხურები! ვაშა, პოლიციას!

სიტყვის თავისუფლება ქართულად _ ძირს პრესის ჯიხურები! ვაშა, პოლიციას!

682


თბილისის მერი გიგი უგულავა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ისედაც საინფორმაციო ვაკუუმში მოქცეული მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაცია ხელმიუწვდომელი გახადოს და ხალხი «ნაციონალური ხელისუფლების» კონტროლირებადი ტელემედიის ამარა დატოვოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მერიის მიერ გამოცხადებული «საჯიხურე აუქციონი», როცა პრესის გამავრცელებელ ორგანიზაციებს, კერძო და იურიდიულ პირებს ხელიდან გამოჰგლიჯეს ჯიხურები და თბილისის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას მდებარე ახალი დიზაინით შექმნილი ჯიხურები ამ აუქციონზე გაყიდეს.

ცხადია, ყველა აუქციონი ისეთმა კომპანიებმა მოიგეს, რომელთაც პრესასთან საერთო არაფერი აქვთ, და ზოგიერთი მისი მფლობელი წერა-კითხვასთანაც მწყრალად არის. კომპანიებმა: «კოდამ», «კუმისმა», «ეკო-ფუდმა» და სხვებმა მოიგეს აუქციონები და ცხადია, ამ ჯიხურებში ჟურნალ-გაზეთს არავინ გააჭაჭანებს, ეს კომპანიები უკვე წარმატებით ყიდიან საკუთარ პროდუქციას. ამან პირდაპირ დაარტყა ყველა გაზეთის, ჟურნალის ტირაჟს, შემოსავალს, ჟურნალისტთა ხელფას-ჰონორარს, რაც მთავარია, განვითარების პერსპექტივას. აი, ასე ზრუნავს ჩვენი ხელისუფლება თავისუფალ მედიაზე. ხელშეწყობას ვინ ოხერი ითხოვს, ხელს ნუ გვიშლითო, _ იხვეწებოდნენ გამომცემლები, მაგრამ უგულავა რის უგულავაა, იმ გაზეთებისთვის სამაგიერო არ გადაეხადა, პრეზიდენტს ნერვებს რომ უშლის და ხალხისთვის ამ ვანდალური ხელისუფლების მიერ ყოველდღიურად ჩადენილი დანაშაულობების, სიმართლის გაგების შანსი კიდევ ერთხელ არ მოესპო. ახლა იმ ხალხმრავალ ადგილებში შაურმა იყიდება, ხოლო ჟურნალ-გაზეთებს ჯერჯერობით მეორეხარისხოვანი (ხალხმრავლობის თვალსაზრისით) ადგილები დაუტოვეს, ჯერ ყველა ჯიხურს არ დარევიან.გიგი უგულავა და ამ ინიციატივის მხარდამჭერები როცა ამ იდეას _ საუკეთესო ადგილებზე ჯიხურებისა და საჯიხურე ფართის აუქციონით გაყიდვას _ აპიარებდნენ, ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ისინი ამით მიკრობიზნესის განვითარებას უწყობდნენ ხელს და, რაც მთავარია, ხალხი დასაქმდებოდა. იქვე დასძენდნენ, ამ პროექტის ერთ დადებით მხარეზე _ მისი განხორციელებით, აუქციონიდან სოლიდური თანხა შევა თბილისის ბიუჯეტშიო. ჯერ ერთი, ხალხი დასაქმებული იყო, პრესას ყიდდა, ისინი გაყარეს და მათ ადგილას ახლა სხვები შაურმას ყიდიან (თუ 200 კაცი ყიდდა გაზეთს, ახლა ისევ 200 კაცი შაურმას ყიდის).

მეორეც, ნახევარ მილიარდზე მეტია დღეს დედაქალაქის ბიუჯეტი, მაგრამ სად მიდის, ვის და რას ხმარდება ეს თანხა, როცა 800 ათასი თბილისელი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და ქალაქი მათხოვრებითაა გადაჭედილი?! მიკრობიზნესზე «მზრუნველ» მერს სინამდვილეში ფეხებზე ჰკიდია მიკრო და მცირე ბიზნესი: აუქციონზე ყველა ჯიხური მსხვილმა კომპანიებმა ჩაიგდეს ხელთ. არც ერთ მცირე მეწარმეს არც ერთი აუქციონი არ მოუგია. მოკლედ, ბლეფი იყო ეს ყველაფერი და თავისუფალი მედიისთვის _ კიდევ ერთი ალიყური.

ბოლო სამი თვეა, გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი დიდი მაკრატლით დადიან და თბილისის სხვადასხვა უბნებში პოლიციის ახალ შენობებს ხსნიან. შსს-ს ვებგვერდი იუწყება, რომ 2008 წლიდან დღემდე თბილისში პოლიციის 21 ახალი შენობა გაიხსნა, და რატომღაც ბოლოხანს ყველას ტანდემი ხსნის _ უგულავა-მერაბიშვილისა. ბოლო ასეთი შუშის შენობა უგულავა-მერაბიშვილმა, დიდუბეში, მეტრო «წერეთლის» «ყურისძირში» გახსნა, სადაც დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველო განთავსდა. იმ ადგილას, სადაც ეს შენობაა, 1 კვ. მიწის ფასი 600-700 დოლარზე ძვირია. მისი აუქციონის ან ტენდერის გზით გრძელვადიანი იჯარით გაცემის შემთხვევაში დედაქალაქის ბიუჯეტში სოლიდური თანხა შევიდოდა.

უგულავა-მერაბიშვილის წყვილმა ასეთივე ვეებერთელა შუშის შენობა სარაჯიშვილის გამზირზე, მეტრო «ღრმაღელესთანაც» ჩადგა. ეს ადგილიც მისწრებაა ბიზნესისთვის. მეტროსთან რამდენიმე ობიექტია: სლოტ-კლუბი, მაღაზიები… და არის დიდი აღებ-მიცემობა, ყველა მოგებაზე მუშაობს და კმაყოფილია. ერთი კილომეტრის იქით რომ აეშენებინათ შუშის პოლიცია და ის 30-ოდე პოლიციელი ზედ მეტროს თავზე რომ არ დაესაქმებინათ, ამით არაფერი დაშავდებოდა.

ასეა, როცა ქვეყანაში მთავარი პრიორიტეტი პოლიცია და ციხეა, როცა ავტოკრატიულ რეჟიმს ვაშენებთ და გეზი ტოტალიტარიზმისკენ გვაქვს აღებული. დიახ, ასეთი უკუღმართობები მხოლოდ იმ ქალაქში ხდება, რომელსაც ფორმალურად პირდაპირი წესით არჩეული მერი ჰყავს, რომელსაც დიდი გული მარტო გარემოვაჭრეებთან და პრესის ჯიხურების მეპატრონეებთან აქვს, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრს შიშით სიტყვას ვერ უბრუნებს, დიდი მაკრატლით დასდევს და ყოველ კვირა პოლიციის ახალი შენობების წითელ ლენტებს ჭრის იქ, სადაც ნორმალური მერი ბიზნესობიექტებს გახსნიდა.

ლევან ჯავახიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here