Home რუბრიკები საზოგადოება ზურაბ სულაბერიძე: ინგლისური ენის მასწავლებლებად მორგის თანამშრომლები ჩამოჰყავთ

ზურაბ სულაბერიძე: ინგლისური ენის მასწავლებლებად მორგის თანამშრომლები ჩამოჰყავთ

767


“ვარდების რევოლუციიდან” დღემდე საქართველოს ხელისუფლების მიერ განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და სასწავლო დაწესებულებებში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე «საქართველო და მსოფლიოს» აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი ზურაბ სულაბერიძე ესაუბრა.

_ ბატონო ზურაბ, უკვე რვა წელი გავიდა «ვარდების რევოლუციიდან». ამ ხნის განმავლობაში საქართველოში უამრავი რეფორმა განხორციელდა, მათ შორის _ განათლების რეფორმა, რომლის მიმართ საზოგადოება თავიდანვე უარყოფითად განეწყო და დღესაც მუდმივად აკრიტიკებს. როგორ ფიქრობთ, სწორი მიმართულებით მიდის განათლების რეფორმა საქართველოში?

_ სამწუხაროდ, ქართულ უნივერსიტეტებში სტუდენტების ცოდნის ზოგადი დონე ძალიან დაბალია და საერთოდ არ შეესაბამება სწავლის საფასურს, რაც თავისთავად ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის ბრალია. პირველი დარტყმა ქართულ უნივერსიტეტებს ხელისუფლებამ პროფესიონალი კადრების გაყრით მიაყენა. რა თქმა უნდა, იყო ქრთამის აღების შემთხვევები, გაბერილი იყო შტატები და საათების რაოდენობაც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბევრი ღირსეული ადამიანი ჩამოაშორეს განათლების სისტემას, რამაც განათლების საერთო დონე ძალიან დაბლა დაწია.

_ განათლების რეფორმის მთავარ ღირსებად ხელისუფლება სასწავლო დაწესებულებებისთვის (უნივერსიტეტებისა და სკოლების) ავტონომიურობის მინიჭებას მიიჩნევს. თქვენი აზრით, რეალურად მოხდა თუ არა აღნიშნული დაწესებულებების ხელისუფლების გავლენისგან განთავისუფლება?_ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც რაიმე აკავშირებს სასწავლო საუნივერსიტეტო სისტემასთან, ძალიან კარგად იცის, რომ სასწავლო დაწესებულებებს ნომინალური ავტონომია აქვთ. როგორ შეიძლება ჰქონდეს უნივერსიტეტს ავტონომია, როცა მინისტრი თავისი სურვილისამებრ ათავისუფლებს რექტორს ან სამინისტროს ზოგიერთი უწყება უხეშად ერევა უნივერსიტეტის (ასევე სკოლის) შიდა საქმეებში?!

_ ხელისუფლება წარმატებულ პროექტად აფასებს სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის შემოღებას. თქვენი აზრით, რამდენად გაამართლა ან არ გაამართლა ამ ინსტიტუტმა?

_ რეალურად მანდატურების მიერ მასწავლებლებზე დაკვირვება უფრო ხდება, ვიდრე სკოლის უსაფრთხოების დაცვა. საშინელებაა, როცა მანდატურის განცხადების საფუძველზე მასწავლებლებს ათავისუფლებენ. მაშინ, როცა მანდატურთა უმეტეს ნაწილს წარმოდგენა არ აქვს ფსიქოლოგიაზე, პედაგოგიკაზე და აზრზე არ არიან, თავიანთი მოვალეობა როგორ შეასრულონ, ამიტომ მათი «საქმიანობა» ოქმის წერითა და მასწავლებელთა დაშანტაჟებით შემოიფარგლება. არადა, მანდატურს მასწავლებელზე ორჯერ-სამჯერ მეტი ხელფასი აქვს.

_ რას აკეთებს დღეს განათლების სამინისტრო მასწავლებლების ცოდნის დონის ამაღლებისა და პროფესიული განვითარებისთვის?

_ ფაქტობრივად, არაფრის გამკეთებელი არ არის განათლების სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრი. როდესაც რაღაც დაწესებულება არსებობს სამინისტროსთან, ის აუცილებლად ყველა სკოლაში უნდა ეცნობოდეს არსებულ პრობლემატიკას, მაგრამ ასე არ ხდება. აღნიშნული ცენტრის თანამშრომლები კი იღებენ მაღალ ხელფასებს და პრემიებს, ხოლო მათი საქმიანობა არაფრის მომცემია როგორც ქვეყნისთვის, ისე იმ დარგისთვის, რომელსაც ისინი ემსახურებიან.

_ ხელისუფლების ერთ-ერთი გაპიარებული პროექტი «ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად», რომლის ფარგლებშიც ათასობით უცხოელი ინგლისურის მასწავლებელი ჩამოჰყავთ, რამდენად ეხმარება ქართველ მოსწავლეებს და მასწავლებლებს ინგლისურის შესწავლაში?

_ დღეს უაზროდ ამოჩემებული აქვს ხელისუფლებას, რომ თითქოს ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს ინგლისური. მეცინება ამ უცხოელ «პედაგოგებზე», ვინაიდან ბევრ მათგანთან მაქვს ურთიერთობა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი მორგის თანამშრომელია. არ მესმის, რის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება, როცა ინგლისურის მასწავლებლად მორგის თანამშრომელი ჩამოჰყავს. მითუმეტეს ამ ე. წ. მასწავლებელთა რეალური მიზანი არის ის, რომ ქვეყანას გაეცნონ და სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურონ.

_ გავრცელებული ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სამსახურიდან მასობრივად დაითხოვა რესურს-ცენტრის უფროსები. როგორ ფიქრობთ, რას უკავშირდება მათი ეს ქმედება: რეფორმას ფეხი ვერ აუწყვეს თუ საქართველოში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობაა ამის მიზეზი (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას ვგულისხმობ)?

_ სამინისტროს მიერ განხორციელებულ ასეთ როტაციას, სავარაუდოდ, პოლიტიკური საფუძველი აქვს, რადგან სხვა ახსნა შეუძლებელია მოეძებნოს იმას, რომ რესურსცენტრის უფროსი, რომელიც პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას და მას ათავისუფლებენ, ხოლო მის ადგილზე ხელისუფლებასთან ძალიან დაახლოებულ, შეიძლება ითქვას, პარტიულ აქტივისტებს ნიშნავენ, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მათი მასობრივი გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურებისა და მოახლოებული არჩევნების გამო ხდება.

_ ბატონო ზურაბ, თქვენ აფხაზეთიდან დევნილი ბრძანდებით და შეუძლებელია, არ შევეხოთ გალის რაიონში მოღვაწე ქართველი მასწავლებლების პრობლემას. როგორ ფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რამდენად არის მოწოდებული მათი პრობლემების მოსაგვარებლად?

_ რა თქმა უნდა, ვინც დღეს გალის რაიონში გაკვეთილებს ატარებს, ის გმირია. საერთოდაც, რომ იქ ცხოვრობს ადამიანი და არ დატოვა თავისი მიწა, ისტორიული სამურზაყანო, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართული მხარეა და დღემდე რომ ნარჩუნდება, ამდენი სისხლისღვრის, ომის და დაპირისპირების მიუხედავად, ეს არის ძალიან დიდი საქმე, რადგან სწორედ მათი იქ ყოფნა გვაძლევს იმედს, რომ ოდესმე დავბრუნდებით აფხაზეთში.

ესაუბრა

გიორგი ლაშხი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here