Home რუბრიკები საზოგადოება ტელეკომპანია «იმედმა» ქართული სასამართლოს უპრეცედენტო ნდობის რეიტინგი რომ წარმოგვიდგინა, არველაძის კვლევითმა ინსტიტუტმა...

ტელეკომპანია «იმედმა» ქართული სასამართლოს უპრეცედენტო ნდობის რეიტინგი რომ წარმოგვიდგინა, არველაძის კვლევითმა ინსტიტუტმა გამოიკვლია; საქართველოში რომ კორუფცია აღარ არის, ელიტურიც კი, ესეც არველაძის კვლევით კანტორაში დაადგინეს

1438


ვინ უკვეთავს და ვინ იკვლევს საზოგადოებრივ აზრს საქართველოში, რომლის შედეგებითაც ხელისუფლება და პირადად მიხეილ სააკაშვილი ხშირად აღფრთოვანებას ვერ მალავს და მთავრობის მუშაობით უკმაყოფილო მოსახლეობას სწორედ ამ სოციოლოგიურ კვლევებს უფრიალებს? პოლიტოლოგები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სოციოლოგიური კვლევები ხელისუფლების მიერ წარმოებული ე.წ. ტვინისგამორეცხვის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი იარაღია ხალხის მოსატყუებლად.

ვინ დგას საზოგადოებრივი კვლევითი ორგანიზაციების უკან და რამდენად სანდოა მათ მიერ ჩატარებული კვლევები, ამის გაგება მინიმუმ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ამ კვლევითი ორგანიზაციის მფლობელების ვინაობა იცი. სწორედ ერთ ასეთ ორგანიზაციაზე და მის ხელმძღვანელებზე მოგიყვებით, რომელიც ჩვენ გამოვააშკარავეთ.

«IPR» _ ასე ჰქვია გავლენიან სოციოლოგიურ კვლევით ინსტიტუტს, რომელიც, უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად მუშაობს ამ სფეროში. დამკვეთები, ძირითადად, სახელმწიფო ორგანიზაციებია: შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, უზენაესი სასამართლო, ასევე, «იპრ», რომელიც აქტიურ მედიამონიტორინგს უწევდა ქართულ ტელეკომპანიებს.

ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების ნდობის ხარისხზე საუბარი გამიჭირდება, რადგან ამას დამატებით სერიოზული კვალიფიციური კვლევა სჭირდება, ამ ეტაპზე კი მხოლოდ ორგანიზაციის ერთ-ერთი ზედამხედველის და, როგორც ამბობენ, დამფუძნებლის დამფუძნებელზე შევაჩერებ არჩევანს.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საქართველოში სოციოლოგიური კვლევების მამამთავარი, არც მეტი არც ნაკლები, «ნაციონალური მოძრაობის» სულისჩამდგმელი და ტელეკოპანია «იმედის» დირექტორი გიორგი არველაძეა. «საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ინსტიტუტი» ი. ჭავჭავაძის 29 ნომერში მდებარეობს. იქ მომუშავე ადამიანები ჟურნალისტებთან საუბარს გაურბიან, არც ერთ მათგანს არ აღმოაჩდა პასუხი ერთ კონკრეტულ კითხვაზე, _ თუ რა კავშირი აქვს ამ ორგანიზაციასთან გიორგი არველაძეს.სანამ ამ თემაზე «IPR»-ს კონკრეტულ პოზიციას გაგაცნობდეთ, მანამდე მოგიყვებით, თუ როგორ იყვანდა პირადად გიორგი არველაძე ამ ორგანიზაციისთვის თანამშრომლებს. ამის თაობაზე ჩვენ აღნიშნული ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომელი გვესაუბრა, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვახმაურებთ.

_ როცა მივედი «IPR»-ში, საქართველოს სოციოლოგიურ კვლევით ინსტიტუტში, პირადად გიორგი არველაძესთან გავიარე გასაუბრება. მეც და კიდევ რამდენიმე ადამიანი გიორგიმ მიგვიღო სამსახურში.

_ და ამ კვლევითი ინსტიტუტის მართვაში არველაძე ერეოდა?

_ თავიდან კი, მოგვინებთ «იმედიდან» კურირებდა «იპრ»-ს და ხშირად ჩვენი თანამშრომლებიც გადაჰყავდა ტელევიზიაში სამუშაოდ.

_ არველაძის გარდა, ვინ ხელმძღვანელობდა სოციოლოგიურ კვლევებს?

_ დამფუძნებლები, როგორც მე ვიცი, არველაძე და დიტო ჭილაბერიძე იყვნენ, მოგვიანებით უფრო ხშირად კახაბერ გიგიტელაშვილი მოდიოდა. ისე, ეს სამი ადამიანი პარალელურად «იმედშიც» მუშაობდნენ.

_ რა ტიპის კვლევებს ატარებდით?

_ რა ვიცი, მედიამონიტორინგის ჯგუფი იყო, უამრავ კვლევას ვატარებდით სასამართლოს სისტემის, ჯანდაცვის, პოლიტიკური პარტიების… რასაც გვიკვეთავდნენ. მოდიოდა დაკვეთა და ქოლცენტრი ატარებდა გამოკითხვას ტელეფონების მეშვეობით.

ესე იგი, რა გამოდის _ ტელეკოპანია «იმედმა» ქართული სასამართლოს უპრეცედენტო ნდობის რეიტინგი რომ წარმოგვიდგინა, არველაძის კვლევითმა ინსტიტუტმა გამოიკვლია; ან საქართველოში რომ კორუფცია აღარ არის, ელიტურიც კი, ესეც მანდ დაადგინეს? იმედია, ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე ბატონი არველაძე უახლოეს მომავალში საჯაროდ გასცემს პასუხებს საკუთარი ტელეკოპანიის საშუალებით. ჩვენ კი მასთან დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ შევძელით, რადგან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. რაც შეეხება «IPR»-ის თანამშრომლებს, რამდენიმე მათგანთან გასაუბრება მოვახერხეთ, თუმცა კითხვებზე პასუხს თავი აარიდეს, ბოლოს კი კვლევითი ინსტიტუტიდან ერთ-ერთი თანამშრომელი თავად დაგვიკავშირდა. გთავაზობთ ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერს.

მაგდა კერატიშვილი, «IPR»-ის თანამშრომელი:

_ გამარჯობათ, მე «იპრ»-ის თანამშრომელი ვარ. თქვენ დაგირეკავთ ჩვენთან და გისმენთ, რა გაინტერესებთ? მე გაგცემთ პასუხს.

_ პირველ რიგში, მაინტერესებს, რა ტიპის კვლევებს ატარებს თქვენი ორგანიზაცია.

_ სოციოლოგიურ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კვლევებს ვატარებთ. და თქვენ რაში გაინტერესებთ, ვინ ბრძანდებით?

_ მე ჟურნალისტი ვარ «საქართველო და მსოფლიოდან» და მინდა, თქვენს რომელიმე უფროსს გავესაუბრო.

_ და რა გაინტერსებთ?

_ ერთი კონკრეტული კითხვა მაქვს: რა აკავშირებს გიორგი არველაძეს «IPR»-თან?

_ კი, ბატონო, მაშინ ჩვენს დირექტორთან დაგაკავშირებთ, გადავცემ თქვენს ტელეფონის ნომერს და დაგიკავშირდებათ. ბოდიში, კარგად ბრძანდებოდეთ.

სოციოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს და მით უფრო დამფუძნებლებს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არ დაურეკავთ. შესაბამისად, მათი მხრიდან უპასუხოდ დარჩა ჩვენ მიერ დასმული კითხვა. ეს კი დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს ამ კვლევითი ცენტრის მიმართ. ასე რომ, რამდენად სანდოა ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები, მკითხველმა თავად გადაწყვიტოს.

აქვე გეტყვით, რომ ამ კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობას ინტერნეტის საშუალებითაც გავეცანით ორგანიზაციის ვებგვერდზე www.ipr.ge , სადაც დამფუძნებლების ვინაობა არ არის გამოტანილი. რაც შეეხება მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს, ეს ინფორმაცია სხვა საძიებო სისტემის მეშვეობით მოვიპოვეთ.

მაშ ასე, არველაძის კვლევით ინსტიტუტს კვლევები ისეთ სერიოზულ საკითხებზე აქვს ჩატარებული, როგორიც არის რეფორმირებული პროკურატურა, იუსტიციის სახლების საქმიანობა, სისხლის სამართლის რეფორმა, კორუფციის დონე საქართველოში და ა.შ. ერთი სიტყვით, იქ, სადაც ყველაზე მეტი უპასუხო კითხვები აქვს საზოგადოებას და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მაგრამ «ipr»-ს მათი კითხვები ნაკლებად აინტერესებს. არველაძის საფარქვეშ არსებულ კვლევით ინსტიტუტს რეფორმების გატარება არ ევალება და, შესაბამისად, მათ წარუმატებლობაზე პასუხს არ აგებს; მთავარია, ბატონმა არველაძემ ის საქმე აკეთოს, რაც ჯერჯერობით კარგად გამოსდის, ანუ «იპრ»-ის კვლევები «იმედის» მეშვეობით კარგად გააპიაროს.

ირაკლი მამალაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here