Home რუბრიკები საზოგადოება „დაიკავე მაესტრო“!

„დაიკავე მაესტრო“!

806


მოძრაობა „დაიკავე უოლსტრიტის“ შემდეგ „ვარდების რევოლუციის“ იდეოლოგმა (თავად ასე მიიჩნევს) ეროსი კიწმარიშვილმა მსოფლიო ახალი აქციით შეძრა და „მაესტრო“ დაიკავა. ეს ღობემძვრალა პოლიტიკანი ამჯერადაც ღობეზე გადაძვრა, მაგრამ შენობაში ვერ შეაღწია. ახლა „მაესტრო“ შიგნითაა, ეროსი კი გარეთ, ოღონდ ეზოში.

2002 წელს, როცა ეროსი ჯერ კიდევ „რუსთავი 2“–ის მფლობელი იყო, უშიშროების სამინისტრომ მის მიერ დამალული დიდძალი გადასახადის გამო კომპანიაში შესვლა დააპირა. ცას მისწვდა მაშინ ეროსის კივილი: ხალხნო, გამოდით და დაიცავით თავისუფალი სიტყვაო! ხალხიც მივიდა, უშიშროებამაც თავი დაანება, ხოლო რევოლუციის შემდეგ, ყოფილმა მეგობრებმა ეროსის აუვსებელი მადის გამო 6 მილიონის დავალიანება აღმოუჩინეს, თავი გაკოტრებულად გამოაცხადებინეს და ტელეკომპანიაც დაათმობინეს. დღეს „ქართული პარტიის“ გენერალურ მდივანს სიტყვის თავისუფლება აღარ ახსოვს. არც ის ახსენდება, რომ „იმედის“ პატრონს სწორედ იმას ემართლებოდა, რომ ტელეკომპანიის პატრონმა პოლიტიკოსობა მოინდომა. ერთდროულად პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ეროსი კიწმარიშვილი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ისე აგრესიულად შეხვდა, რომ ხელისუფლებას გადააჭარბა კიდეც: „მაესტროსავე“ პირდაპირ ეთერში დატუქსა ჟურნალისტები.

კიწმარიშვილი მაშინაც, როცა უბრალო ტელემაგნატი იყო (თავად ამბობდა ასე) და ახლაც, როცა პოლიტიკოსია, სამ ბომონზე ლოცულობდა: ეს არის ფული, ფული და კიდევ ფული. რევოლუციის წინა დღეებშიც კი ევაჭრებოდა მაშინდელ ხელისუფლებას, რომ რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ „სიტუაციას ამოაყირავებდა“. არ მისცეს, რადგან იგი რევოლუციის იდეოლოგი კი არა, იდეოლოგის (ჟვანიას) ხელის ბიჭი იყო. მან ვერც დღეს დამალა, თუ რა ამოძრავებს: „ჩემსა და ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლებს შორის დაპირისპირების ერთადერთი მიზეზი ფულია. მე არ შემიძლია, დავასახელო, ეს არის ივანიშვილის თუ გოგელიას ფული, მაგრამ ჩემს რესურსებთან შედარებით, მათი ფინანსური შესაძლებლობები სერიოზული ცდუნებაა.რა მიზნებს მოხმარდა ჩემს მიერ მოზიდული 4,5 მილიონიდან 1 მილიონი – სწორედ ამაზე ვითხოვ პასუხს. რაც შეეხება დამფუძნებლების მიერ ჩემს კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტას, ეს არ მოხდება მანამ, სანამ ორივე მხარე შეთანხმებას არ მიაღწევს. მე ჩემი ხელშეკრულების საფუძველზე ტელეკომპანიას 2012 წლის 1 დეკემბერს დავტოვებ“, – განაცხადა კიწმარიშვილმა.

ყველაზე საინტერესო კი მთელ ამ ამბავში ის იყო, რომ პატრულის თანამშრომლები სწორედ კიწმარიშვილის ნების აღმსრულებლები აღმოჩნდნენ. იმის ნაცვლად, რომ ტელეკომპანიის ტერიტორიაზე შეჭრილი „ოპოზიციონერი“ პოლიტიკოსი და მისი დაცვა გამოეძევებინათ, ჟურნალისტებს არ უშვებდნენ ეთერში. ის ბინძური ფუნქცია, რომელიც 2007 წელს „იმედში“ სპეცრაზმმა იკისრა, დღეს ნებაყოფლობით შეასრულა „სააკაშვილთან მებრძოლმა“ კიწმარიშვილმა.

ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ეროსისთან, ყველა ამტკიცებს, რომ ფულისთვის იგი ყველაფერზეა წამსვლელი, მაგრამ აშკარა დანაშაულზე წასვლას, მერაბიშვილის უწყებიდან მიღებული გარანტიების გარეშე იგი ვერ გარისკავდა. არც იმაში ეპარება ეჭვი ვინმეს, რომ პრესის ჯიხურების გაკონტროლების სურვილით შეპყრობილი ხელისუფლება „მაესტროს“ დადუმებისთვის ეროსი კიწმარიშვილის გამოყენებაზე ნამდვილად არ იტყოდა უარს.

„მე გავხადე არხი რეიტინგული“, – აცხადებს არშემდგარი მედიამაგნატი, რომელიც რამდენიმე თვის წინ თავს იკატუნებდა, „მაესტროს“ შესახებ არაფერი ვიციო. მითი საკუთარი წარმატებულობის შესახებ ასევე მისი დანერგილია. თუ გინახავთ „წარმატებული“ მენეჯერი, რომელმაც საკუთარი კომპანია გააკოტრა და მანჰეტენზე რამდენიმე მილიონ დოლარად შეფასებული ბინა იყიდა? თუ გინახავთ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ოპოზიციონერი, რომლის ცოლის სილამაზის კონკურსებს სახელმწიფო სტრუქტურები და მათთან დაახლოებული ბიზნესკომპანიები აფინანსებენ? ვერ ნახავდით, რადგან მსგავსი რამ ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია.

ეროსი კიწმარიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მთავარი პროდიუსერი მამუკა ღლონტი, გენერალური დირექტორი ილია კაკაბაძე, აგრეთვე, ლევან ჩიკვაიძე, რომლებიც ამავე დროს არხის დამფუძნებლები არიან. როგორც სააკაშვილის რეჟიმი, კიწმარიშვილიც დღემდე მათრახისა და თაფლაკვერის კომბინაციით აღწევდა ხოლმე საწადელს და ამჯერადაც მიიჩნია, რომ სამსახურიდან გაგდების შიშით და მაღალი ხელფასის დაპირებით ჟურნალისტებს მიიმხრობდა. საბედნიეროდ, ჟურნალისტების გადაბირება მან ვერ მოახერხა.

„საქართველო და მსოფლიო“ სოლიდარობას უცხადებს „მაესტროს“ ჟურნალისტებს და ნორმალური სამუშაო პირობების უმოკლეს ვადაში აღდგენას უსურვებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here