Home რუბრიკები საზოგადოება ჩუმად! – მიმდინარეობს მედიატერორი

ჩუმად! – მიმდინარეობს მედიატერორი

770


«ვარდების რევოლუციის» მერვე წლისთავს «დემოკრატიის შუქურა» მიხეილ სააკაშვილი და მისი «ნაცმოძრაობა» გაპარტახებული, შეურაცხყოფილი მედიით, დაშინებული, დამონებული, ნაცემი ჟურნალისტებით ხვდება. ამ 8 წელიწადში «ნაცმოძრაობამ» ისეთი შავი დღე აყარა ქართულ მედიას, რისთვისაც კლასიკური დიქტატურის ტირანებს სამი-ოთხი ათეული წელი სჭირდებათ ხოლმე.

ერთ სტატიაში შეუძლებელია ყველა უმსგავსობისა და დანაშაულის ჩამოთვლა, რითაც «ნაცმოძრაობამ» ქართულ მედიას ავნო. შევეცდებით, ნაწილი მაინც შეგახსენოთ ნიმუშად და დასტურად იმისა, რაც ზემოთ მოგახსენეთ.

«ვარდების რევოლუცია» 3 თვის მომხდარი იყო, ახალ ხელისუფლებას საფუძველი ჯერაც არ ჰქონდა გამყარებული, როცა იმჟამინდელი გენპროკურორის, ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებითა და სანქციით, ფინანსური პოლიციისა და პროკურატურის სპეცრაზმები ერთდროულად შეიჭრნენ ტელეკომპანია «იბერიის» ტერიტორიაზე. იმხანად ტელეკომპანია «იბერიისა» და კომპანია «ომეგას» ოფისი ერთ ტერიტორიაზე იყო განთავსებული. ორივე პარლამენტარ ზაზა ოქრუაშვილის საკუთრება იყო. ოქრუაშვილი ირწმუნებოდა, მე «ომეგას», სიგარეტის იმპორტიორ კომპანიას, ვამოწმებო. მისი საწყობები დაილუქა და ამ ტერიტორიაზე შესვლა ყველას აეკრძალა. რატომღაც დემოკრატიის ლოზუნგით მოსული «ნაციონალები» ხელისუფლებაში მოსვლიდან სულ რაღაც 3 თვეში დამოუკიდებელი ტელეკომპანიის თანამშრომლებს სამსახურში არ უშვებდნენ, ჟურნალისტები სიუჟეტებს ვერ აკეთებდნენ… მოკლედ, ოქრუაშვილმა თავისას მიაღწია _ ჯერ საინფორმაციო გამოშვება შეაჩერა «იბერიამ», მერე ტელეკომპანიაც დაიხურა.

«იბერიის» საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლუბა ელიაშვილი ასე იხსენებს ამ ამბავს: «ეს იყო გამიზნული, დაგეგმილი სპეცოპერაცია დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ. თუ «ომეგას» ამოწმებდნენ, ტელევიზია რა შუაში იყო? ბოლოს და ბოლოს, სპეცსაშვებით შეეშვათ «იბერიის» თანამშრომლები ტერიტორიაზე და გაემიჯნათ «ომეგის» ოფისი. მაგრამ არა _ ეს იყო მიზანმიმართული გეგმა «იბერიის» დასახურად და ამას მიაღწია ირაკლი ოქრუაშვილმა. «ნაცმოძრაობის» ლიბერალური ლოზუნგების პირველი დიდი მსხვერპლი სწორედ «იბერია» აღმოჩნდა. ტელეკომპანია დახურეს, ზედ მიაყოლეს გაზეთი «ახალი ეპოქა», რომელსაც «ომეგა» აფინანსებდა, და დიდად ლოიალურად არც ეს გაზეთი იყო განწყობილი ახალი ხელისუფლების მიმართ».ტელეკომპანია «მზე», რომლის საკონტროლო პაკეტსაც ვანო ჩხარტიშვილი ფლობდა, იმათავითვე ყელში გაეჩხირათ «ნაციონალებს» _ არხი აშკარად ოპოზიციური იყო. ჩხარტიშვილმა არხი არ დათმო, მიუხედავად მასზე ზეწოლა-შანტაჟისა, მაგრამ აქ უკვე სულ სხვა მეთოდს მიმართეს «ნაციონალებმა». ტელეკომპანიიდან ჟურნალისტთა ნაწილი გადმოიბირეს და არხზე განხეთქილება მოხდა. ტელეკომპანიაში უმძიმესი სამუშაო გარემო შეიქმნა. «ნაციონალებს» გამორჩეულად აღიზიანებდათ ირაკლი იმნაიშვილის გადაცემა «არჩევანის ზღვარზე», პირველად «ნაცები» 2005 წლის თებერვალში გამწარდნენ, როცა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწვეულმა ექსპერტებმა ტელევიზიის ეთერში ეჭვი გამოთქვეს პრემიერ-მინისტრის ბუნებრივი სიკვდილის გამო და მიანიშნეს _ ამ საქმეში, შესაძლოა, ხელისუფლებაც გარეულიაო. ბოლო წვეთი კი გიგა ბოკერიას განცხადება აღმოჩნდა _ მან არ მოიწონა ე. წ. მოჭიდავეების აქციის პირდაპირ ეთერში გაშუქება (მაშინ ძიუდოისტების _ გიორგი რევაზიშვილისა და ალექსი ალექსიშვილის დაჭერამ ააგორა საპროტესტო ტალღა). საბოლოოდ, ვანო ჩხარტიშვილმა ვერ გაუძლო ზეწოლას და არხის საკონტროლო პაკეტი დათმო. ჩხარტიშვილს უკან მიჰყვა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ინგა დადიანი და ოცამდე ჟურნალისტი. აქაც მიაღწიეს საწადელს «ნაციონალებმა» _ მცირე ხნით ფსევდოოპოზიციურ არხად ამუშავეს «მზე», მერე კი პოლიტიკური გადაცემები საერთოდ დახურეს და ახლა რას ჰგავს ჩასვენებული «მზე», ყველას კარგად მოეხსენება.

ირაკლი იმნაიშვილის გახსენებაზე, მის თავს გადამხდარ ერთ სკანდალს შეგახსენებთ. 2005 წლის 1 დეკემბერს ქუთაისის დამოუკიდებელი ტელეკომპანია «რიონის» სტუდიაში, პირდაპირ ეთერში იმნაიშვილსა და იმერეთის გუბერნატორ აკაკი ბობოხიძეს შორის გაიმართა დებატები. იმნაიშვილმა სწორედ მედიაზე ზეწოლა-შანტაჟში ამხილა ბობოხიძე და ალიყურიც მიიღო პირდაპირ ეთერში. გუბერნატორმა სტუდიაში, პირდაპირ ეთერში ჯერ აგინა, მერე სცემა ჟურნალისტი. «ნაციონალებმა» ყასიდად დასაჯეს ბობოხიძე _ მოხსნეს გუბერნატორობიდან, მაგრამ ერთ წელიწადში ეროვნული გვარდიის სარდლად დანიშნეს. მერე ისევ გააგუბერნატორეს, ახლა, პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტს თავკაცობს. აი, ასეთია დანაშაული და სასჯელი «ნაციონალურად». კაკო ბობოხიძემ კი თანრიგი და კვალიფიკაცია აიმაღლა ამასობაში და ახლა დეპუტატების ცემაზე გადავიდა _ ჯერჯერობით მჩატე წონოსან პეტრე მამრაძით დაიწყო.

შერლოკ ჰოლმსის საგამოძიებო უნარია საჭირო, ბოლომდე რომ ჩასწვდე იმ მაქინაციებს, რისი მეშვეობითაც «ტვ-202» დახურეს «ნაციონალებმა». მართალია, ბევრი იძახეს, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, მისმა გერმანელმა მფლობელმა ჰანს ალტენბურგმა გაყიდა 56 ათას დოლარადო, მაგრამ ასე არ არის. რატომღაც, «202»-ს მყიდველი «ახალი ქართული იურიდიული ჯგუფი» აღმოჩნდა, რომლის დამფუძნებლებს შორის ზურაბ ნოღაიდელის მეუღლე იყო, დირექტორი _ დიმიტრი ქიტოშვილი, ერთ დროს მარეგულირებელი კომისიის შეფი და ოქრუაშვილის ხელის ბიჭი; ამავე კომპანიის წარმომადგენელი იყო კახა ნინუა, რომელმაც «იყიდა» ალტენბურგისგან ტელეკომპანია. რეალური მყიდველი ოქრუაშვილი რომ იყო, ეს მაშინ გამოჩნდა, როცა არხი დახურეს და «202»-ის სიხშირეზე მაუწყებლობა თავდაცვის სამინისტროს ტელევიზია «საქართველომ» დაიწყო. ესეც მორიგი არხია, ამ ხელისუფლების მიერ მიხურული.

«ვარდების რევოლუციის» ერთ-ერთი შემოქმედი «რუსთავი 2» ხელისუფლების ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი აღმოჩნდა. ეროსი კიწმარიშვილს ჯერ პოლიტიკური ამბიციები ჩაუკლეს «ვარდების სამეულმა», მერე კი აიძულეს, 10 მილიონ დოლარად ოქრუაშვილის ფავორიტისთვის _ ქიბარ ხალვაშისთვის მიეყიდა მისი წილი ტელეკომპანიაში. მერე ნელ-ნელა ორი მოწილე _ დვალი და აქიმიძეც ჩამოიცილეს და «რუსთავი 2» საბოლოოდ «განაციონალდა».

ტელეკომპანია «რიონსაც» დიდი წვლილი მიუძღვის იმერეთში «ნაციონალთა» პიარის საქმეში. მისი მეპატრონე ბონდო შალიკიანი დიდი მეხოტბე იყო მიხეილ სააკაშვილისა, მაგრამ, როცა გახელისუფლდნენ, «ნაცებმა» შალიკიანი პირდაპირ საძინებლიდან ტრუსისამარა დააპატიმრეს და ციხე ახეხინეს, მერე საპროცესო გარიგებით გამოუშვეს, რაც მთავარია, «რიონიც» წაართვეს.

ბათუმის 25-ე არხი გამუდმებული შანტაჟის, ზეწოლის ქვეშ იყო, მაგრამ არა და არ ნებდებოდა ხელისუფლებას. ბოლოს, საგადასახადო სამსახურმა უშველა საქმეს _ 277 ათასი ლარი დააკისრა ტელეკომპანიას ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამ დროს აჭარის საგადასახადო დეპარტამენტს ლევან ვარშალომიძის ბიძაშვილი, ელდარ ვარშალომიძე ხელმძღვანელობდა და ნათელი იყო, რომ არხს გაკოტრებას უპირებდნენ. 25-ე არხის მეპატრონე ზურაბ მერკვილაძე არ ნებდებოდა _ ეს არის გამოგონილი, 2002-04 წლების დავალიანება, რომელიც თითიდან არის გამოწოვილიო. ეს ამბავი 2009 წლის ოქტომბერში ხდება. იბრძოლა არხის ხელმძღვანელობამ, მაგრამ «ნაცებმა» თავისი გაიტანეს, პოლიტიკური კონტროლი ამ არხზეც დაამყარეს.

გორის ტელეკომპანია «თრიალეთის» მეპატრონეს _ ბადრი ნანეტაშვილს თავისუფალი სიტყვისთვის ბრძოლა დეპუტატის მანდატად დაუჯდა. «თრიალეთი» ირაკლი ოქრუაშვილისა და მისი გუნდის წევრთა კრიტიკით იყო დაკავებული, გამორჩეულად გუბერნატორ მიხეილ ქარელს ერჩოდნენ. ოქრუაშვილმა ჯერ საკუთარი ჟურნალისტები დაუპირისპირა ნანეტაშვილსა და მის ძმას, ჯონი ნანეტაშვილს, «თრიალეთის» დირექტორს; მერე, მათივე «ჩვენების» საფუძველზე, საქმე აღიძრა, _ ბადრი ნანეტაშვილს ტელეკომპანიასთან ახლოს პურის საცხობი, ანუ ბიზნესი აქვსო. რა თქმა უნდა, გენპროკურორმა ადეიშვილმა ფაქტი მყისიერად დაადასტურა და პარლამენტს მიმართა შუამდგომლობით, დეპუტატის იმუნიტეტი შეუწყვიტეთ ნანეტაშვილს, კანონს არღვევს, თან დეპუტატია, თან ბიზნესიც აქვს, კანონით ეს შეუთავსებელიაო.

2004 წლის ივნისში გორში «ხალხის გაზეთის» მთავარი რედაქტორი რეზო ოქრუაშვილი ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. «ხალხის გაზეთიც» ოქრუაშვილი-ქარელის დიდი ოპონენტი იყო. ამ საქმის ბოლომდე მიყვანა ოქრუაშვილმა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილეს, კრიმინალური პოლიციის უფროსს, რეზო კლდიაშვილს დაავალა. მან პირნათლად შეასრულა დავალება _ რეზო ოქრუაშვილი ღამის 3 საათზე აიძულა, საპროცესო გარიგებისთვის მოეწერა ხელი, ანუ წაყენებული ბრალი _ ნარკორეალიზატორობა ეღიარებინა. ფსიქოლოგიურ წნეხისა და ოჯახის წევრებზე მუქარით აიძულეს ამის გაკეთება და ახალგაზრდა კაცის პროფესიულ საქმიანობას, ფაქტობრივად, ჯვარი დაუსვეს. აი, ასე იშორებდნენ თავიდან არასასურველ ჟურნალისტებს «დემოკრატი ნაციონალები».

«ნაციონალთა» მიერ თავისუფალი მედიის «დათრევის» საქმეში გამორჩეულია «პრესა.ჯი»-ს ისტორია. ეს ინტერნეტ გამოცემა თავისუფალ ჟურნალისტთა ერთ ჯგუფს ეკუთვნოდა, მისი მთავარი რედაქტორი გია იაკობაშვილი გახლდათ, მაგრამ «პრესა.ჯი» გაყალბებული დოკუმენტაციით მიითვისეს «ნაციონალებმა», მართალია, იაკობაშვილმა და მისმა გუნდმა სახელდახელოდ შექმნეს «პრესა.ჯი»-ს საპირწონე «პრესა.ჯი.ტვ» და საქმიანობა გააგრძელეს, მაგრამ ჟურნალისტებს წლების მანძილზე აწყობილი, ყველაზე პოპულარული ინტერნეტგამოცემა წაართვეს და საქმის ნულიდან დაწყდება მოუწიათ.

ალბათ, არ ღირს ამერიკელი დიდჩინოსნების სანქციით დარბეულ «იმედზე» ბევრი ლაპარაკი. ეს ისტორია ყველას კარგად ახსოვს, მხოლოდ ერთს დავძენ _ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიის თუნდაც ჩანასახია, სპეცრაზმელები დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში აპარატურას არ ამტვრევენ, ჟურნალისტებს იარაღის მუქარით იატაკზე არ აწვენენ, არ ყრიან და არხის გენდირექტორს შუბლზე იარაღს არ ადებენ, არც ფეხმძიმე ჟურნალისტებს დასდევენ ქუჩა-ქუჩა და სადარბაზოებში. ეს მხოლოდ საქართველოში შეიძლებოდა მომხდარიყო, დიკ ჩეინის გუნდის ნებართვით, გიგა ბოკერიას, ვანო მერაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის სცენარით.

26 მაისი ახლახან იყო, ათეულობით ჟურნალისტი სცემეს და შეურაცხყვეს სპეცრაზმელებმა, ოპერატორებს კამერები დაუმტვრიეს, ხოლო «ასავალ-დასავალის» ჟურნალისტები: გიორგი მამაცაშვილი და ბექა სივსივაძე რეზინის ტყვიებით გადაცხრილეს. ეს ბიჭები აშკარად სასიკვდილოდ იყვნენ გამეტებულნი, მათ ათეულობით რეზინის ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი და, რომ არა მათი ამტანობა, სულიერი სიმხნევე, ვაჟკაცობა და ბედისწერა, დიდი უბედურება შეიძლებოდა დატრიალებულიყო.

«ჯაშუში ფოტოგრაფების» ცნობილი საქმეც, სავარაუდოდ, 26 მაისის გაგრძელება იყო. ხელისუფლებამ არ აპატია პრეზიდენტის პირად ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძეს, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის თანამშრომელსა და გაზეთ «ალიას» ფოტოკორესპონდენტ გია აბდალაძეს 26 მაისის დარბევის ამსახველი საზარელი კადრების გადაღება-გავრცელება. ხელისუფლებამ მოიგონა «ჯაშუშების საქმე», ამ საქმეში მსხვერპლად კიდევ ერთი ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე ჩართო და საქმეც შეკერა, ვითომ ეს სამეული ქურციკიძის მეშვეობით რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. ირაკლი გედენიძის მეუღლე _ ნათია გედენიძეც მორიგი მსხვერპლი იყო ამ თამაშისა. რეალურად ის ირაკლი გედენიძისგან სასურველი ჩვენების გამოძალვისთვის გამოიყენეს. ამ ჟურნალისტების კარიერა, ცხოვრება გაამრუდა სააკაშვილმა _ მათ აღიარეს ჯაშუშობა და საპროცესო გარიგებით დააღწიეს თავი ციხეს, თანაც იმგვარად, რომ ცხოვრებაში იურიდიულად ვეღარ დაამტკიცებენ, რომ ჯაშუშები არ არიან. მართალია, არც ერთ ჭკუათმყოფელს არ სჯერა მათი ჯაშუშობისა, მაგრამ ცოტაა ჩვენში ტვინნაღრძობი და ტვინგადაბრუნებული? მარტო სულით, გულით, რწმენით «ნაციონალები» რამდენია? სამწუხაროდ, _ ოხრად!

ხელისუფლების მხრიდან გამუდმებულ ზეწოლას განიცდიდნენ და განიცდიან რეგიონული მედიასაშუალებები _ ტელეკომპანია «ოდიში», რომელიც ასევე ძალისმიერი მეთოდით ჩაიგდო ხელთ ხელისუფლებამ, მისი ჟურნალისტი ნანა ფაჟავა, «ალიას» იმერეთის ზონის კორესპონდენტი ნანა თვალაბეიშვილი, გაზეთ «ქიზიყის» რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი და მისი თანამშრომლები, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორების მუდმივ დევნა-შევიწროებას განიცდის ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი, რომელსაც მიხეილ ქარელმა თავის დროზე ხელი გაარტყა.

აი, ასეთი აურზაურია მიხეილ სააკაშვილის სალხინეთში. ქართული მედია სულს ღაფავს, მიშა კი დემოკრატიას აშენებს თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ჟურნალისტიკის გარეშე.

ლევან ჯავახიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here