Home რუბრიკები საზოგადოება ჯულიანა დიუმა: სააკაშვილია დღეს სახელმწიფო და მას გააჩნია მონოპოლია ძალადობაზე!

ჯულიანა დიუმა: სააკაშვილია დღეს სახელმწიფო და მას გააჩნია მონოპოლია ძალადობაზე!

743


«საქართველო და მსოფლიო» ბრიტანეთში რეგისტრირებულ ორგანიზაციის «ნათლის მხედარი» ხელმძღვანელს _ ჯულიანა დიუმას დაუკავშირდა. ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას, ამცნოს მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებს და მთავრობებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩადენილი ყველა ის უკანონო ქმედება, რომლებიც ხელყოფს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ადამიანურ უფლებებს და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს.

_ თქვენი ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ლიკვიდაციის პროცესს საფუძველი 2003 წლის «ვარდების რევოლუციით» ჩაეყარა, როცა ხელისუფლებაში «ნაციონალური მოძრაობა» მოვიდა. უკვე რვა წელია, რაც «ნაცმოძრაობა» ხელისუფლებაშია. როგორ შეაფასებთ ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე, სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით ამ რვა წელიწადს და რომელ სხვა ცნობილ რეჟიმს შეადარებთ სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელსაც, რახანია, ღიად უწოდებენ ავტორიტარულს?

_ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სრული ლიკვიდაციის პროცესს საფუძველი 1991-92 წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად, კანონიერი ხელისუფლების ძალისმიერი დამხობით ჩაეყარა, ხოლო «ვარდების რევოლუცია» და «ნაციონალების» ხელისუფლებაში მოსვლა უკვე ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი ეტაპი იყო ამ პროცესისა. ის, რაც 2003 წელს მოხდა, ვერასდროს მოხდებოდა ეროვნული ხელისუფლების პირობებში, რადგან შევარდნაძის ხელისუფლება აუცილებელი წინაპირობა იყო იმ შეთქმულებისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ დაიგეგმა! 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაიწყო ამერიკის სტრატეგიებისა და იმპერიალისტური პოლიტიკის, თუ ასე შეიძლება ითქვას, მოჩვენებითი გადატვირთვა (მოჩვენებითს იმიტომ ვამბობ, რომ ამერიკაში არაფერი ხდება შემთხვევით, იქ ყველაფერი გარკვეული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელსაც საფუძველი რამდენიმე წლით ადრე ეყრება). ამ დროისთვის უკვე მსოფლიოს პრიორიტეტები ასე თუ ისე გარკვეული იყო და ამ პრიორიტეტებში ნათლად გამოიკვეთა საქართველოში პროამერიკული გავლენის გავრცელების აუცილებლობა, რამაც ამერიკასა და რუსეთს შორის საქართველოსთან მიმართებაში ინტერესთა დიდი კონფლიქტი გამოიწვია. შევარდნაძის ხელისუფლება შესანიშნავად იქნა გამოყენებული ამერიკელთა მიერ, რომელთაც 90-იანი წლების ბოლოსთვის უკვე დაიწყეს შესაფერისი კადრების მომზადება საქართველოს რუსეთის გავლენიდან ჩამოშორების მიზნით, რაც «ვარდების რევოლუცის» საშუალებით საბოლოოდ მოხდა, როდესაც ეროვნულმა ინტერესებმა უკან გადაიწია და ეკონომიური პრობლემებით დათრგუნული ერი სიხარულით შეხვდა ოკეანის გაღმა გადამზადებულ ახალ პოლიტიკურ ძალებს.8 წელი გავიდა ამ ეგრეთ წოდებული რევოლუციის შემდეგ და, მე მგონი, ბავშვსაც რომ ჰკითხოთ საქართველოში, ისიც კი გეტყვით, თუ რა მდგომარეობამდე მიიყვანეს «ნაციონალებმა» ქვეყანა. ამასთანავე, რთულია, ისაუბრო ადამიანის უფლებებზე საქართველოში, რადგან რთულია, ისაუბრო იმაზე, რაც პრაქტიკულად არ არსებობს. რაც არ უნდა ვეცადო, ობიექტური შეფასების გაკეთებას ვერ შევძლებ, რომ არ განვმეორდე, რადგან ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. მოკლედ მაინც ვიტყვი, რომ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი, დიახ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, აუცილებელი ბერკეტი დემოკრატიის არსებობისთვის. მასობრივი შიმშილი და უმუშევრობა, პატიმართა უკონტროლო რაოდენობა, პრესისა და ტელევიზიის მონოპოლიზება ხელისუფლების მიერ, დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა – ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში მხოლოდ ფასადური დემოკრატიაა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე უფრო მტკივნეული, ალბათ, მაინც ის არის, რომ საქართველოში გეგმაზომიერად მიმდინარეობს ქართული ეროვნული ფასეულობების: ენის, კულტურის, ტრადიციების, განათლების, თვითშეგნების, მართლმადიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, ტოტალური დესტრუქცია, რადგან ამერიკული მენტალიტეტი სხვაგვარად ვერაფრით ვერ გაიმარჯვებდა საქართველოში!

რაც შეეხება სააკაშვილის რეჟიმის შედარებას რომელიმე ცნობილ რეჟიმთან, ხშირად მსმენია, მას ჰიტლერს ან სტალინსაც კი ადარებენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არაადეკვატური შეფასებაა როგორც სააკაშვილის, ასევე იმ დიქტატორებისა, რადგან მათ, სააკაშვილისგან განსხვავებით, იდეოლოგია ჰქონდათ და მას სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდნენ, ასევე საკუთარი ქვეყნის ინტერესები მათთვის პრიორიტეტი იყო. ამასთანავე სააკაშვილმა, როგორც ეს დილეტანტებს სჩვევიათ ხოლმე, სხვადასხვა ტირანთა თითო უმსგავსობა გადმოიღო და ახალი ტიპის ტირანად ჩამოყალიბდა, მაგრამ, თუ უფრო ჩავუღრმავდებით მის პიროვნებას, აშკარაა, რომ მას ბევრი საერთო აქვს რომის იმპერატორებთან, რომელნიც ხშირად არარაციონალურობითა და პარადოქსული უკიდურესობებით გამოირჩეოდნენ.

პირადად მე სააკაშვილს ნერონს შევადარებდი. როგორც ცნობილია, ნერონი გამოირჩეოდა თავისი ექსტრავაგანტულობით. ასევე, ის დიდ ყურადღებას უთმობდა დიპლომატიას, ვაჭრობას, რომის კულტურულ განვითარებას, სპორტს და რამდენიმე პოლიტიკური მზაკვრული მკვლელობის «ავტორიც» კი გახლდათ. რომაელები ასევე მიიჩნევდნენ, რომ რომის დიდი ხანძარი 64 წელს, რომელმაც თითქმის მთელი რომი გაანადგურა, მისივე ინსპირირებული იყო, რათა შეექმნა ტერიტორიული შესაძლებლობა მისი სასახლის კომპლექსის _ ომუს ურეას (ოქროს სახლის) მშენებლობისთვის. თუმცა, ნერონისგან განსხვავებით, რომელმაც შეძლო პართიის სამეფოსთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, სააკაშვილმა კიდევ უფრო დაძაბა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა და თითქმის შეუძლებელი გახადა მისი მოგვარება აგვისტოს ომის ფიასკოს შედეგად! მაგრამ მიჭირს იმის დაჯერება, რომ სააკაშვილმა აგვისტოს ომის თვითნებურად დაიწყო.

_ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები სისტემატურად აწვდიდით ევროპას ინფორმაციას საქართველოში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების, მიტინგებისა და მანიფესტაციების სისხლიანი დარბევების, საპყრობილეებში პოლიტპატიმართა მდგომარეობის შესახებ. ცნობილია, რომ სწორედ ამის გამო განიცდიდა დევნასა და შევიწროებას თქვენი ოჯახი და 1993 წლის დეკემბერში იძულებული გახდით, მოგეთხოვათ პოლიტიკური თავშესაფარი დიდ ბრიტანეთში. თქვენ კარგად იცით, რომ დასავლეთი ხშირად მიმართავს ორმაგ სტანდარტებს და მას არაერთხელ გამოუცხადებია «დემოკრატიის სანიმუშო მაგალითად» სააკაშვილის ხელისუფლების მიერ გაყალბებული არჩევნები. თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა არჩევნების გზით სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა?

_ დღესდღეობით თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რადგან შეიმჩნევა ევროპისგან გარკვეული უკმაყოფილება სააკაშვილის მიმართ. ნურავის გაუჩნდება ილუზია, რომ ეს განპირობებულია ევროპელთა განსაკუთრებული დამოკიდებულებით ქართველებისადმი და მათი აღშფოთებით, რომ სააკაშვილმა ქართველი ხალხი დაამშია, რომ პატიმრებს წამებით კლავენ ციხეებში, რომ კონსტიტუცია საღეჭ რეზინას დაამსგავსეს და რომ ყველაზე უმთავრესი დავკარგეთ, აფხაზეთი და სამაჩაბლო; არც იმის გამო, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახით რეალური ალტერნატივა გამოუჩდა სააკაშვილს. დასავლეთში ამ ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფომაციებით, აშკარაა, რომ სააკაშვილი დასავლეთისთვის უმართავი ხდება და მაშინ, როდესაც ევროპასა და ამერიკას ახალი პრობლემა აქვთ ირანის სახით, აქ, რა თქმა უნდა, იკვეთება ერთი უმნიშნველოვანესი საკითხი: საქართველოს, როგორც ვოლოტალური რეგიონის, სტაბილურობის საკითხი!

მაშინ, როდესაც ბრიტანეთშიც კი უკვე სერიოზულად იხილავენ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დაწყების შესაძლებლობას, დაისმის კითხვა: აწყობთ კი საქართველოში ეგვიპტის ანდა ლიბიის სცენარის გადათამაშება? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ, რაც უნდა მოინდომოს ევროპამ და ამერიკამ საქართველოში მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლა, არ შეიძლება გამოირიცხოს თავად სააკაშვილის ფაქტორი, რომელიც ზემოთ ნერონისთვის შემთხვევით არ შემიდარებია. სწორედ ეს არარაციონალურობა მაღელვებს. სააკაშვილისთვის პრეზიდენტობა იგივეა, რაც ნერონისთვის ომუს ურეა იყო. ნუ დაგვავიწყდება, _ სააკაშვილია დღეს სახელმწიფო და სწორედ მას გააჩნია მონოპოლია ძალადობაზე! თუმცა მე შედარებით სკეპტიკურად ვარ განწყობილი არჩევნების თავისუფლების მიმართ. ვიცი რა ამ ქვეყნების სტრატეგიული ინტერესები, ნაკლებად შესაძლებელად მიმაჩნია, საქართველოში წმინდა ეროვნულმა ძალებმა ოდესმე გაიმარჯვონ!

_ როდესაც 12 ივლისს სტამბოლში დაწყებულ მსოფლიო კულტურათა დღეებში მონაწილე ქვეყნებს შორის აჭარა და საქართველო ცალცალკე იყო წარმოდგენილი, თქვენი ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს მკაფიოდ მიანიშნებდა იმაზე, რომ არსებობს მიზანმიმართული მცდელობა აჭარის საქართველოსთვის ეტაპობრივი ჩამოშორებისა.

_ დიახ, ჩვენ გავავრცელეთ მიმართვა ჩვენ მიერვე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. ჩვენდა სამწუხაროდ, «საქინფორმის» გარდა, ამ მიმართვას არავინ გამოხმაურებია. მე მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მათ მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ უპასუხოდ დატოვა ჩვენი მიმართვები, ბევრ რამეზე მეტყველებს. მათ რომ ადარდებდეთ ქვეყნის ბედი, სულ ცოტა, პროტესტს მაინც გამოთქვამდნენ ფესტივალის ორგანიზატორთა მიმართ. როდესაც ეს არ მოხდა, ჩვენ კიდევ უფრო დავრწმუნდით, რომ აჭარის ცალკე სტატუსით მონაწილეობა ამ ფესტივალში მართლაც არ იყო შეცდომა და არ მომხდარა საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე. სამწუხაროდ, საზოგადოებამ ტესტი ვერ ჩააბარა – ამ უმსგავსობას სიჩუმით უპასუხა, იმის მაგივრად, რომ განგაშის ზარი შემოეკრა და დაპირისპირებოდა პროვოკაციას. ხოლო თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ, რომელსაც ჩვენ ასევე მივმართეთ განმარტებისთვის, რამდენიმე კვირის შემდეგ ამ ფესტივასილ ხემძღვანელი გაათავისუფლა თანამდებობიდან.

_ facebook-ზე თქვენი ორგანიზაციის განცხადებაც კი გავრცელდა, რომ საქართველოს ხელისუფლება და ზოგიერთი სპეცსამსახური მიზანმიმართულად, დისკრედიტაციის მიზნით, გივრცელებდნენ ხმებს, ცდილობდნენ თქვენზე ზეწოლას, აწყობდნენ სხვადასხვა პროვოკაციას.

_ რაც შეეხება დევნას და ზეწოლას, ერთს ვიტყვი: რთულია, პირდაპირი დევნა განახორციელო ბრიტანეთის მოქალაქე ჟურნალისტებზე, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობაც კი არ აქვთ და არ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ხელისუფლება ხშირად მიმართავს მათთვის ჩვეულ პროვოკაციულ ხერხებს. ჩვენ ხალხთან ურთიერთობის ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად ფეისბუქს ვიყენებთ, სადაც შექმნილია 3000-კაციანი «ნათლის მხედრის» ჯგუფი, სწორედ ამ ჯგუფში მოხდა ძალიან ბევრი მოულოდნელი პროვოკაციული თავდასხმა «ნათლის მხედარზე» და შემდგომ მთელ ფეისბუქში გავრცელდა, რომ თითქოს ჩვენ სააკაშვილის მიერ შექმნილი ორგანიზაცია ვართ, რომ ეს ჯგუფი მახეა და სხვადასხვა ინფორმაციის მოპოვების მიზნით შეიქმნა. ასევე იყო ხშირი ლანძღვა-გინება და ანონიმური ავატარებით პირად ფოსტაში უხამსი წერილების წერა! ბოლო პერიოდშიც მოხდა მსგავსი რამ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩამოყალიბდა ჩვენი ორგანიზაციის მომხრეთა ბირთვი და მათზე მსგავსი მეთოდებით ზემოქმედება, საბედნიეროდ, აღარ ჭრის. ამასთანავე, ჩვენ უკვე ვმუშაობთ, რომ მომავალში უფრო დავხვეწოთ საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ინფორმაციის გავრცელების საშუალებები.

_ 2011 წლის 26 მაისს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზაციამ გაავრცელა მიმართვა და მსოფლიოს მთავრობებსა და პარლამენტებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც საქართველოს მთავრობამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა; დაეგმოთ სისასტიკე და მხარი დაეჭირათ ქართველი ხალხის ბრძოლისთვის დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის! თქვენ წერილობით გიპასუხათ ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ.

_ სამწუხაროა, რომ დღეს ქართველები იმედს ევროპაში ვეძებთ. ევროპარლამენტი და ევროსაბჭო რომ მართლა ინსტრუქციის მიხედვით მუშაობდეს, ყველაფერი ეს, ალბათ, გამართლებულიც იქნებოდა, მაგრამ საქართველოში ევროსტრუქტურებზე თავად ევროპულ პრესაში გავრცელებულ კრიტიკულ მასალას ნაკლებად იცნობენ და, ალბათ, რომ იცნობდნენ, დამოკიდებულება ცოტათი მაინც შეიცვლებოდა.

– წერილში ბაროზო გწერდათ, რომ მომავალი, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება და ევროპის კავშირი მოუწოდებს ოპოზიციას, კონსტრუქციულად და კონსტიტუციურად ჩაებას საარჩევნო სისტემის რეფორმაში სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად. რამდენად გამართლდება, თქვენი აზრით, ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვები?

– რა თქმა უნდა, სხვას არც არაფერს უნდა ველოდეთ. ეს ძალიან ფრთხილი და დიპლომატიური პასუხია, ბაროზოს თქმით, აუცილებელია საარჩევნო სისტემის რეფორმა სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად, თუმცა წლების მანძილზე თავად ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში არჩევნები ყველა დემოკრატიული და სამართლებრივი პრინციპების დაცვით ტარდებოდა. თუ ეს ასეა, მე არ მესმის მაშინ რაღა საჭიროა საარჩევნო სისტემის რეფორმა. რაც შეეხება დემოკრატიის გამოცდას, მე აქ ორი საკითხი მაღელვებს: პირველი _ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი (როგორ შეიძლება ისაუბრო დემოკრატიულ არჩევნებზე, როდესაც თითქმის ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ოპონენტს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას უსპობ!) და მეორე _ თუ საბოლოო ჯამში მართლაც არ მოხერხდა ივანიშვილისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ვის უნდა მისცეს ხმა ქართველმა ხალხმა _ «რესპუბლიკელებს», «დემოკრატებსა» და «ნაციონალებს»?! არა მგონია, ქართველ ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის მსგავსი ალტერნატივა მისაღები იყოს, რამეთუ «მორალის მედროშედ ვერ გამოდგება ყოველგვარ შეცდომათა გმირი». როგორც რიგითი ქართველი, ვისურვებდი ბიძინა ივანიშვილის გვერდით საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად მეხილა ეროვნული ძალები, რადგან «ისტორია ის შენობაა, რომელსაც ვერანაირი ჩალით ვერ გადახურავ».

«კაცი ვერაფრით ვერ იქნება უსამშობლოდ ბედნიერი…» _ დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ეს სიტყვები უცხოეთში მყოფ ყველა ქართველს დაბინდული სამყაროდან მოახედებს, თვალთაგან ცრემლს დაადენს, მამულში ფეხშიშველ გავლას მოანატრებს. დღეს ქართველთათვის იგი ლეგენდარული პიროვნებაა, გამორჩეულია მსოფლიოს ოლიგარქთა შორის თავისი უმწიკვლო სახელით, ხასიათის სიმტკიცით, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით, მეცენატობით. ქვეყანაში, სადაც «ხე არ ჰყოფნით ჯვრების აღსამართავად და ჯვრები არ ჰყოფნით ჯვარზე საცმელად», მისი პოლიტიკაში მოსვლა გმირობის ტოლფასია.

_ მარტში ბრიუსელში, საქართველოში ადამიანის უფლებების სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს _ ქალბატონ ჰაიდი ჰაუტალას შეხვდით. რა გაგრძელება მოჰყვა ამ შეხვედრას?

_ ქალბატონ ჰაუტალასთან შეთანხმების თანახმად, 28 აპრილს პირადად ჩავიტანე ბრიუსელში უკანონო ქართველ პატიმართა _ გვანცა ყუფარაძის, გიორგი ალიმონაკისა და ცოტნე გამსახურდიას საქმეები და ჰაუტალას ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გადავეცი. გვანცა ყუფარაძის საქმე ჩვენთვის თავიდანვე განსაკუთრებული ინტერესის შემცველი იყო არა მხოლოდ პიროვნული თვალსაზრისიდან გამომდინარე, არამედ ვთვლიდით, რომ ამ გოგონას ისტორია წარმოადგენს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის იმ უნიკალურ მაგალითს, რომლის სააშკარაოზე გამოტანაც აუცილებელი და სარგებლიანი იქნებოდა არა მარტო გვანცას ინტერესებისთვის, არამედ ყველა უკანონო პატიმრისთვის საქართველოში. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართეთ ჰაუტალას, რომ გამოეყენებინა მის ხელთარსებული ყველა ბერკეტი და შეძლებისდაგვარად ხელი შეეწყო სამართლიანობის აღდგენისთვის, რაც გვანცას უპირობო განთავისუფლებითა და მისი სრული რეაბილიტაციით განისაზღვრებოდა. შემდგომ ჩვენ გვქონდა ხშირი კონტაქტი ჰაუტალას სამდივნოსთან და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან. გვაქვს ინფორმაცია, რომ გვანცას საქმე უყურადღებოდ არ დაუტოვებია ქალბატონ ჰაუტალას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრიორიტეტი იყო გვანცას ვადამდელი განთავისუფლება, სამწუხაროდ, ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ, თუმცა მივიჩნევთ, რომ ჩვენი და ასევე ადამიანის უფლებების სხვა ქართველ დამცველთა დაუღალავი ბრძოლის შედეგი იყო ის ფაქტი, რომ გვანცას საშუალება მიეცა, ჯერ კიდევ პატიმარს, მისაღები გამოცდები ჩაებარებინა და მე დღეს უდიდეს ბედნიერებას მგვრის, რომ გვანცა სტუდენტია. 11 ნოემბერს კი ის განთავისუფლებული იქნა, რადგან მან სრულად მოიხადა უკანონო სასჯელის 5 წელი. მე მომეცა საშუალება, მას ამავე დღეს პირადად გავსაუბრებოდი. ის უმშვენიერესი პიროვნებაა, დახვეწილი, გაწონასწორებული, შესაშური მანერებით!

ინტერვიუს დასასრულს, მინდა, მადლობა გადავუხადო გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» რედაქციას რადგან თქვენი გაზეთი ერთადერთია, «ნათლის მხედრის» მოღვაწეობით რომ დაინტერესდა. ამასთანავე, მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მივმართო ჩემს ქართველ კოლეგებს: «ნათლის მხედარი», უკვე თითქმის ერთი წელია, არსებობს, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ქართული მედიის არც ერთი წარმომადგენელი არ დაინტერესებულა ჩვენი საქმიანობით. ნუთუ მართლა ასე ბნელა საქართველოში, მეგობრებო, რომ სიტყვა «ნათელის» გაგონებაც კი გაღიზიანებთ?! ან იქნებ იმიტომ, რომ ჩვენი ორგანიზაციის სახელი არის სიტყვები საქართველოს პირველი პრეზიდენტის _ ზვიად გამსახურდიას ცნობილი ლექსიდან «მესხეთისადმი» («წმინდა გიორგი, საქართველოს ნათლის მხედარი, ფერისცვალების მაღალ მთაზე დაგიდგამს კარავს»). გარწმუნებთ, მიუხედავად ყოველივე ამისა, «ნათლის მხედარი» კვლავ გააგრძელებს ბრძოლას თავისი ერთგული წევრებით, რათა ამხილოს საქართველოს შინაური და გარეშე მტერი და ითანამშრომლებს ყველასთან, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი.

მალე შემოაბიჯებს ახალი, 2012 წელი და მსურს, საქართველოს მივმართო ჩემი საყვარელი პოეტის სიტყვებით:

«თენდება თეთრად! თენდება

თეთრად! თენდება თეთრად!

და მინდა, მხოლოდ სამშვიდობო

ლექსები ვწერო,

მშვიდობა შენდა! მშვიდობა

შენდა! მშვიდობა შენდა!

მშვიდობით გევლოს

სამშობლოში, ახალო წელო!»

ესაუბრა ლილი მიროტაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here