Home რუბრიკები ისტორია სტალინის ეპოქა

სტალინის ეპოქა

929

დიპლომატიური ორთაბრძოლები

შესავლის მაგიერ

დღეს წარმოგიდგენთ ფრიად საინტერესო ნაშრომის _ რუდოლფ ბალანდინისა და სერგეი მირონოვის წიგნის «სტალინის დიპლომატიური ორთაბრძოლები (პილსუდსკიდან მაო ძედუნამდე)» ადაპტირებულ თარგმანს, რომელსაც აქვს ობიექტურობის პრეტენზია, უწინარეს ყოვლისა, იმიტომ, რომ დოკუმენტური მასივის ანალიზზეა დაფუძნებული და, განსაკუთრებით იმიტომაც, რომ უკანასკნელი 20 წლის ტენდენციურ ჩარჩოებს არღვევს და ისტორიის გადამწერთა მედროვეობის «ჩინეთის კედლიდან» ქვას ქვაზე არ ტოვებს.

მართალი და გაბედული წიგნია.

ამგვარი ნაშრომების ნაკლებობა საქართველოში აშკარად იგრძნობა. «საქართველო და მსოფლიოს» რედაქცია შეძლებისდაგვარად ცდილობს, გამოასწოროს ეს ნაკლი და ისტორიის გაუკუღმართებული გაგებისგან იხსნას საზოგადოებრივი აზრი, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის დამოკიდებულება წინა თაობების მიერ განვლილი გზის შეფასების საკითხისადმი.

ერთ მაგალითს ახლავე გაგიშიფრავთ დასახელებული წიგნის მოკლე პასაჟის დახმარებით.რას ნიშნავს ფაშიზმი? ეს წლებია, სახელისუფლო პროპაგანდა ჩაგვჩიჩინებს, რომ ფაშიზმი და კომუნიზმი ერთი მედლის ორი მხარეა. «მაგალითად, 1998 წლის ენციკლოპედიაში («бэс») ჩაწერილია: «იდეოლოგიურ დებულებათა მოჩვენებითი დაპირისპირებულობის მიუხედავად, საზოგადოების პოლიტიკური მობილიზაციის, ტერორისტული ბატონობისა და პროპაგანდის ხერხების მიხედვით, ფაშიზმთან ახლოსაა ტოტალიტარული მოძრაობანი და ბოლშევიზმის, სტალინიზმის, მაოიზმის რეჟიმები»…

ყველაფერი აშკარაა: ეს არის ის კუდი, რომელიც ფიცის დაჯერების შემდეგ მაინც რომ ჩანს და არ დაიმალება, ასეთია «ახალი იდეოლოგიის» პოზიცია, რომელიც საქართველოში მასხარაშვილისთანა ისტორიკოსებმა მლიქვნელური ერთგულებით აიტაცეს, და კარგად დაფინანსებულები დასხდნენ წერად ახალი ისტორიისა.

ვცადოთ და დავეთანხმოთ მათ დებულებებს.

დავეთანხმებით და მყისვე გაჩნდება შეკითხვა: თუ ასეა, «რატომ არ უნდა ჩავთვალოთ აშშ-ის იმპერიული პოლიტიკა ყველაზე უფრო ფაშისტურად? ფაქტია, რომ ეს სახელმწიფო არის ომების გამჩაღებელი, განახორციელებს აგრესიას დედამიწის სხვადასხვა რეგიონში; წარმოგვიდგება გლობალურ ტერორისტად, ამასთან, ეწევა თავისი და სხვა ხალხების ტოტალურ ფსიქოლოგიურ დამუშავებას, არნახული მასშტაბის პროპაგანდასა და «ტვინების გამორეცხვას», საზოგადოებრივი შეგნების მანიპულაციას… გამოდის, რომ აშშ არის თანამედროვე ფაშიზმის მაგალითი».

ამ ციტატას, რომელიც დასახელებული წიგნიდანაა ამოღებული, დავუსვათ კითხვის ნიშანი და კიდევ ერთხელ ვიკითხოთ: მართლა ასეა? თუ იმ დებულებებით ვიხელმძღვანელებთ, რომლებიც ჩვენს დილეტანტურ სახელმწიფო პროპაგანდას უდევს საფუძვლად, იძულებული გავხდებით, დადებითად ვუპასუხოთ ამ შეკითხვას.

ჰოდა, გიხაროდენ! მივიღეთ ზუსტად ის, რაც ყოველთვის თან სდევს თავგამოდებულ მლიქვნელობას და კოჭის გორებას.

მიკერძოებული მსჯელობა რომ არ გამოგვივიდეს, მოვიხმოთ კიდევ ერთი ციტატა ბალანდინისა და მირონოვის წიგნიდან.

დიდი ბრიტანეთის ცნობილი საზოგადო მოღვაწე და აღიარებული პოლიტიკოსი, სამხედრო კაბინეტის წევრი ლორდი უილიამ ბივერბრუკი თავის დროზე აცხადებდა:

«სტალინის დროს კომუნიზმმა ყველა დასავლური ერის აპლოდისმენტები და აღფრთოვანება დაიმსახურა. სტალინის დროს კომუნიზმმა გვაჩვენა პატრიოტიზმის მაგალითები, რასაც ძნელია მოვუძებნოთ ანალოგი ისტორიაში. სტალინის დროს კომუნიზმმა მსოფლიოს საუკეთესო გენერლები მისცა. ეროვნებათა დევნა? სრულიადაც _ არა! ებრაელები იქ ისე ცხოვრობენ, როგორც ყველა დანარჩენი. პოლიტიკური რეპრესიები? _ დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე ნათელია, რომ ისინი, ვინც დახვრიტეს, რუსეთს გერმანელებთან უღალატებდნენ».

რა თქმა უნდა, ყველაფერი ასე მარტივად არ იყო, მაგრამ საქმის არსი საკმარისად სწორადაა გადმოცემული» («სტალინის დიპლომატიური ორთაბრძოლები», გვ. 226).

მკითხველმა კი თავად განსაჯოს და გადაწყვიტოს, რომელ მხარეს დადგეს მას შემდეგ, რაც ჩვენს პუბლიკაციას გაეცნობა.

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

მთავარია ფაქტები და არა მოსაზრებანი

უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში, შეიძლება ნახევარი საუკუნის მანძილზეც კი, სკკპ ავადსახსენებელი XX ყრილობიდან რომ გავიდა, მასობრივ შეგნებაში დაჟინებით ინერგებოდა სტალინის ბოროტად დამახინჯებული სახე და ცრუ ცნობები მისი მოღვაწეობის შესახებ. კერძოდ, ასახელებდნენ რეპრესირებულთა, «არქიპელაგ გულაგის» უდანაშაულო პატიმრების წარმოუდგენელ ციფრებს, მილიონობით დახვრეტილს.

ბოლო ათწლეულში გამოქვეყნდა მანამდე საიდუმლოდ შენახული მასალები, რომლებიც დარწმუნებით უარყოფს მსგავს სიცრუესა და ცილისწამებას, თუმცა მანამდეც პატიოსანმა ისტორიკოსებმა _ შინაურმაც და უცხოელმაც _ კონკრეტული ფაქტების მოშველიებით დაგვიმტკიცეს, რომ სტალინის დროს რეპრესიის ტალღები შეეხო თითქმის მხოლოდ მმართველ ფენას (პარტიულ, სახელმწიფო, სამხედრო, სადამსჯელო სტრუქტურებს) და მასთან დაახლოებულებს…

არცთუ იშვიათად გაიგონებთ, თითქოს სტალინი ათვალწუნებით ეკიდებოდა უბრალო ადამიანებს, «ჭანჭიკებად» მიიჩნევდა მათ. ეს სიცრუეა. მან მართლაც გამოიყენა ეს სახე, ესესხა დოსტოევსკის (მას ჰქონდა «შრიფტიკი» _ პატარა შრიფტი). მაგრამ როგორი გაგებით? გამარჯვების აღლუმის მონაწილეების მიღებისას წარმოთქმულ სიტყვაში თქვა, რომ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ ჩინები და წოდებანი, მიიჩნევენ(!) სახელმწიფო მექანიზმის ჭანჭიკებად, მაგრამ მათ გარეშე ნებისმიერი ხელმძღვანელი _ მარშლები და გენერლები (მისი სიტყვით, _ «ჩვენ, ყველანი») _ კაპიკადაც არ ვღირვართო.

…იგი ამბობდა იმას, რაც მტკიცედ სწამდა. იგი ამბობდა სიმართლეს.

ანტისტალინელების მეორე აკვიატებული თემა: თითქოს სტალინი თრგუნავდა ინტელიგენციას, რადგან არასრულყოფილების კომპლექსით იტანჯებოდა ფართოდ განათლებული ადამიანების წინაშე. ასე მიიჩნევენ ისინი, ვისთვისაც განათლებულობის კრიტერიუმია დიპლომების სიუხვე და არა ცოდნა და შემოქმედებითი აზროვნება. ამერიკელი მწერალი ამბროს ბირსი მიიჩნევდა, რომ «განათლება არის ის, რაც გონიერს აჩვენებს, სულელს კი უმალავს მისი ცოდნის უკმარობას».

ჭეშმარიტი უმაღლესი განათლება მიიღწევა დამოუკიდებელი ძალისხმევით, გონების დაძაბული მუშაობით, რითაც უხვად იყო დაჯილდოებული სტალინი, აღიარებულია, რომ იგი XX საუკუნის სახელმწიფო მოღვაწეთაგან ყველაზე მრავალმხრივ განათლებული იყო.

მისი პირადი ბიბლიოთეკის წიგნებს (20 ათას ტომზე მეტი) არა მხოლოდ კითხულობდა, არამედ ამუშავებდა, რასაც მოწმობს უამრავი შენიშვნა, რომელთაც იგი წიგნების კიდეებზე აკეთებდა. მისი მითითებით ნაბეჭდი ლიტერატურა კლასიფიცირებული იყო შემდეგნაირად: ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, პოლიტეკონომია, ფინანსები, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, კოოპერაცია, რუსეთის ისტორია, უცხოეთის ქვეყნების ისტორია, დიპლომატია, საგარეო და საშინაო ვაჭრობა, სამხედრო საქმე, ეროვნული საკითხი… და კიდევ 20 პუნქტი. მათგან ბოლო (მიაქციეთ ყურადღება! _ ა.ს.) იყო «ანტირელიგიური მაკულატურა» (!). ეს კი ნიშნავს, რომ იგი ღრმადმორწმუნე ადამიანი იყო, მაგრამ არა ამა თუ იმ წეს-ჩვეულების ფორმალური შესრულებით, არამედ უზენაესი ჭეშმარიტებისა და უზენაესი სამართლიანობის რწმენის თვალსაზრისით…

და, რა თქმა უნდა, დიდი გმირობა და გამარჯვებები ვერ მიიღწევა უსაშინელესი დაძაბულობის, გაჭირვებისა და მსხვერპლის გარეშე. ასეთია ისტორიული სიმართლე… სტალინს ხელეწიფებოდა, სწორად შეეფასებინა ობიექტური ისტორიული პროცესების მიმდინარეობა და შესაბამისად წარემართა თავისი საშინაო და საგარეო პოლიტიკა.

საბჭოთა კავშირის წინსვლისა და აყვავების პერიოდი, შესაბამისად, მსოფლიო სოციალისტური სისტემის გაფართოება და გაძლიერება უცილობლად ადასტურებდა სტალინის გამორჩეულ დიპლომატიურ უნარს, რომელიც მრავალი ქვეყნის ლიდერებთან მოლაპარაკებათა დროს განსაკუთრებით ვლინდებოდა. ისინი XX საუკუნის პირველ ნახევარში უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეები იყვნენ. «მსოფლიო ელიტა» დღეს, სამწუხაროდ, დაკნინებული წარმოგვიდგება.

სტალინისთვის დამახასიათებელი მოლაპარაკების უნარი ჯერ კიდევ მაშინ გამოვლინდა, როცა მას, ახალგაზრდა რევოლუციონერს, ციხეებსა თუ გადასახლებაში ამხანაგები ანდობდნენ «დიპლომატიური დუელის» წარმართვას ადგილობრივ უფროსობასთან. ნიშანდობლივია, რომ პატიმართა მოთხოვნებს უმეტეს შემთხვევებში აკმაყოფილებდნენ.

1917 წლის ივლისში, როცა იგი ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი იყო, მან შეძლო დროებითი მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება და დაპატიმრებული ბოლშევიკი მეზღვაურების გათავისუფლება.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მან წარმატებით გაართვა თავი უაღრესად საპასუხისმგებლო დიპლომატიურ დავალებას: პეტერბურგის უსაფრთხოებას ფინეთის მხრიდან (ანტანტა მონდომებით ცდილობდა ამ ქვეყნის ჩათრევას რევოლუციის ჩახშობაში); და უფრო რთულ პირობებში შეძლო მიეღწია სასურველი შედეგისთვის უკრაინის ცენტრალურ რადასთან მოლაპარაკების გზით.

კამენევთან და ჩიჩერინთან ერთად, ესერებთან და მენშევიკებთან ურთულესი მოლაპარაკების საფუძველზე, სტალინმა მოახერხა სოციალისტური პარტიების ერთიანი ფრონტის შექმნა მოსკოვისკენ დაძრული დენიკინის ჯარების წინააღმდეგ. 1920 წელს კი იგი მიავლინეს კავკასიაში ეროვნებათაშორისი ურთულესად აბურდული კვანძის გასახსნელად.

1923-დან 1941 წლამდე იოსებ სტალინს არ ეკავა არავითარი სახელმწიფო თანამდებობა, მაგრამ როგორც პარტიის ლიდერს ჰქონდა დიდი, შემდგომ კი განმსაზღვრელი გავლენა საბჭოთა საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებასა და განხორციელებაზე. დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ამ პერიოდში მხოლოდ ორჯერ უძღვებოდა: 1935 წელს _ ინგლისისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან: იდენთან და ლავალთან და 1939 წელს _ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ რიბენტროპთან შეხვედრების დროს.

…ბევრ თანამედროვე მკითხველს, რომლებიც უკანასკნელ ათწლეულებში ტოტალური იდეოლოგიური დამუშავების წნეხის ქვეშ მოექცნენ, შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს სტალინის დიპლომატიური ორთაბრძოლების თაობაზე საკითხის დაყენებაც კი იმდროინდელ უმსხვილეს პოლიტიკურ მოღვაწეებთან. ტელე და რადიოგადაცემებში, სტატიებსა და წიგნებში, რომლებიც ათობითმილიონიანი ტირაჟით გამოიცა, დაჟინებით მეორდება: სტალინი გაუნათლებელი, უვიცი, ღვარძლიანი, ცბიერი დესპოტი იყო. აშკარაა, რომ ასეთ უბადრუკ პიროვნებას არ შეეძლო მეტ-ნაკლებად აზრიანი დიპლომატიის წარმართვაო.

სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო. ფაქტები მოწმობს, რომ პრაქტიკულად ყველა დიპლომატიურ ორთაბრძოლაში იგი გამარჯვებული გამოდიოდა. ეს თითქოს დაუჯერებელიც კია _ მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების ჭკვიანი, მცოდნე, გამოცდილი და ცბიერი სახელმწიფო ხელმძღვანელები, რომელთაც კვალიფიციური თანამშრომლები და მრჩევლები ჰყავდათ. რა თქმა უნდა, არც სტალინი იყო მარტოსული, მაგრამ 1930-იანი წლების ბოლოდან სსრ კავშირის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ყველა უმნიშვნელოვანეს საკითხზე გადაწყვეტილების მიღება პირადად მას უხდებოდა.

დიპლომატიურ «რინგზე» სტალინის არაჩვეულებრივ წარმატებებს მისი მტრები მისი მოხერხებულობით, ცბიერებითა და მზაკვრობით ხსნიდნენ, მაგრამ სინამდვილეში იგი განახორციელებდა თანმიმდევრულ, პატიოსან, კეთილშობილურ პოლიტიკას, რითაც თავგზას უბნევდა მოწინააღმდეგეებს, რომლებიც მიჩვეული იყვნენ თვალთმაქცობას, მზაკვრობას. იგი ყოველთვის ვერ აღწევდა საჭირო შედეგებს. არცაა გასაკვირი, რადგან ვითარება ჩვენზე ძლიერია.

მისი წარმატებების მთავარი მიზეზი მის მიერ სამართლიანი პოზიციის ერთგულება იყო, ხალხის ინტერესების მტკიცედ დაცვა, პირადი ამბიციების თითქმის სრული არქონა, მაგრამ, ამასთან, საკუთარი ღირსებისა და პატრიოტიზმის გათვითცნობიერება.

ისიც უნდა ითქვას, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებების დროს ნებით თუ უნებლიეთ სტალინი ხალხურ ეშმაკობას იყენებდა: იგი ცდილობდა, თავი წარედგინა უფრო უბრალო, უშუალო და ზოგჯერ გულუბრყვილო ადამიანად, ვიდრე სინამდვილეში იყო. ისეთი გამორჩეული და გამოცდილი დიპლომატებიც კი, როგორებიც უინსტონ ჩერჩილი და ფრანკლინ რუზველტი იყვნენ, დასაწყისში სათანადოდ ვერ აფასებდნენ მის გონიერებას, ცოდნას და მოწინააღმდეგის ნაბიჯების «ამოცნობის» უნარს, ნაწილობრივ ამიტომაც აგებდნენ ორთაბრძოლებს სტალინთან.

გამორიცხული არ არის, რომ ყველაზე უფრო მიზანშეწონილი სტრატეგია ეშმაკ მოწინააღმდეგეებთან ინტელექტუალურ პაექრობაში უკიდურესად პატიოსანი, გულწრფელი დამოკიდებულებაა, როცა არ ცდილობ მათ მოტყუებას. ეს განაიარაღებს გაქნილებს, აიძულებს, იეშმაკონ და კიდევ უფრო გაიხლართონ საკუთარ მზაკვრობაში.

წიგნის ავტორები იმედოვნებენ, რომ ნაშრომი, რომელსაც დღეს ჩვენს განათლებულ მკითხველებს ვთავაზობთ, ხელს შეუწყობს სტალინის შესახებ სიცრუისა და ცილისწამების ნაკადის დაწრეტას: მხოლოდ სიმართლის ცოდნა ჩვენი ახლო წარსულის შესახებ იძლევა გარანტიას ღირსეულ მომავალში შესაბიჯებლად.

თავი I

მოკლედ გეოპოლიტიკის შესახებ

სიმართლეთაგან ერთ-ერთი ასეთია: სტალინს არასოდეს ჰქონია იმპერიული მისწრაფება. მას არასოდეს უცდია რუსეთის იმპერიის აღდგენა მეფისდროინდელ საზღვრებში, რაც არავითარ შემთხვევაში არ აიხსნება მხოლოდ დასავლეთის უდიდესი სახელმწიფოების წინააღმდეგობით. ამის თვალსაჩინო მაგალითია ფინეთი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ფაშისტების მხარეს იბრძოდა. სხვა თუ არაფერი, სტალინს შეეძლო ამ ქვეყნის ოკუპირება, რაც გამართლებული იქნებოდა დაპყრობილი ტერიტორიის სტატუსით.

დაიპყრო და დამთავრდა!

ყოველ შემთხვევაში, სტალინს შეეძლო საკითხის ამგვარად დაყენება «დიდი სამეულის» თათბირებზე, თუნდაც დიპლომატიური მოსინჯვის დონეზე, მაგრამ არ დაუყენებია. იგი დაეთანხმა საზღვრის დადგენას კერზონის ხაზის მიხედვით, არ გამოუთქვამს პრეტენზია საბჭოთა კავშირამდელ ფარგლებზე.

თუნდაც ამ კონკრეტული ფაქტიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სტალინის გეოპოლიტიკა აგრესიული არ იყო. იგი შეესაბამებოდა იმ ისტორიულ და გეოგრაფიულ რეალობებს, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბდა. მისთვის უცხო და მიუღებელი იყო ჰიტლერისა და ტროცკის გლობალური მასშტაბის აგრესია. ბევრის მთქმელია ტროცკის მიერ აღზევებული მარშლის _ ტუხაჩევსკის სულისკვეთება, რასაც იგი 1920 წელს პოლონეთის წინააღმდეგ გალაშქრების დროს გაცემულ ბრძანებებში პირდაპირ აცხადებდა: «თეთრი პოლონეთის გვამზე გადის გზა მსოფლიო ხანძრისკენ, ბედნიერებას და მშვიდობას ხიშტებით მივართმევთ მშრომელ კაცობრიობას!»

ასეთი სულისკვეთების ლაშქრობის შედეგად საბჭოთა რუსეთმა დასავლეთის მიწები დაკარგა, მაგრამ ის, რაც 1939 წელს მოხდა, ისტორიული თვალსაზრისით, სულაც არ არის საბჭოთა კავშირის აგრესია პოლონეთის წინააღმდეგ: სპეციალისტები ამ სამხედრო ოპერაციას პოლონეთის აგრესიის შედეგების ლიკვიდაციად მიიჩნევენ. თუმცა იმის უგულებელყოფაც არ შეიძლება, რომ პოლონელებმა დასავლეთის მიწები წითელი არმიის შეჭრის საპასუხოდ ხელთ იგდეს. პოლონეთის კამპანიას, თავის მხრივ, ტროცკი-ტუხაჩევსკის ექსპანსიური მოწოდებები ედო საფუძვლად.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ თავის დიპლომატიაში სტალინი ცდილობდა, დაყრდნობოდა არა მხოლოდ პოლიტიკურ ფაქტორებს, არამედ შესაბამის ჭეშმარიტებას. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ კონტექსტში მთავარი და გადამწყვეტია სამართლიანობა და არა გეოპოლიტიკა. ფაქტია, რომ სწორედ გეოპოლიტიკა კარნახობდა ჰიტლერს, გაეფართოებინა გერმანელების სასიცოცხლო სივრცე სხვა ხალხების ხარჯზე. ფიურერისთვის «სამართლიანობას» განსაზღვრავდა არიული რასის ბატონობის შესახებ მისი კაცმოძულე იდეები, აღზევება ზეადამიანისა და უფრო კონკრეტულად _ გერმანიის იმპერიის ინტერესები. უმაღლესი ზნეობრივი კრიტერიუმები _ იესო ქრისტეს მცნებანი, თუნდაც კანტის კატეგორიული იმპერატივი _ მის მიერ აბსოლუტურად უგულებელყოფილი იყო.

სტალინის გეოპოლიტიკური სტრატეგია სრულად ეთანხმებოდა ხალხის ტრადიციებსა და ცხოვრების წესებს, ამიტომაც უჭერდა ხალხი მას მხარს, ყოველ შემთხვევაში, მოქალაქეთა უმრავლესობა. ეს კი უზრუნველყოფდა ხალხისა და ხელმძღვანელის ერთიანობას, რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის ბელადს.

გერმანელი ფილოსოფოსი პუბლიცისტი და ისტორიკოსი, «ევროპის დაისის» ავტორი ოსვალდ შპენგლერი (1880-1936 წ.წ.) წერდა: «მასების პოლიტიკური ნიჭი ხელმძღვანელობისადმი ნდობაა მხოლოდ, მაგრამ ამ ნდობას მოპოვება სჭირდება, იგი ხანგრძლივი დროის მანძილზე მწიფდება, იგი უნდა გაამყარო წარმატებებით მანამ, სანამ ტრადიციად არ იქცევა».

შპენგლერის ამ დებულებას შეიძლება დავუმატოთ: ხელმძღვანელის პოლიტიკური ნიჭი გულისხმობს, აღიქვას და გამოხატოს მასების მიერ აღქმული თუ ქვეცნობიერი ნება, მათი რწმენა და იმედი. სტალინს ჰქონდა ასეთი ნიჭი, თანაც _ უმაღლეს დონეზე, რაც აისახა გეოპოლიტიკაში.

მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მისი სრულად განხორციელება ხშირად ძნელდებოდა. საქმე ის არის, რომ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი რესურსები ვერ განსაზღვრავს მის დამოუკიდებლობას. ბევრი რამ, სხვათა შორის, დამოკიდებულია უახლოესი მეზობლების განზრახვაზე.

მაგალითად, ჰიტლერმა აღმოსავლეთისკენ მისწრაფების გამო დაიპყრო პოლონეთი, რათა შემდგომ გასულიყო ურალზე. საბჭოთა კავშირს, რომელმაც აღიარა პოლონეთის დამოუკიდებლობა, რეაგირება უნდა მოეხდინა ფიურერის ამ ნაბიჯზე. სტალინს მშვიდად რომ ეცქირა იმისთვის, რაც ხდებოდა და კონტრღონისძიებები არ განეხორციელებინა, ჰიტლერელები ხელთ იგდებდნენ მთელს პოლონეთს და, უეჭველად, ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოს, რომელთაც წინააღმდეგობის გაწევის, პრაქტიკულად, არავითარი ძალა არ გააჩნდათ. საბჭოთა კავშირის მიერ ნეიტრალური ლიმიტროფების _ სასაზღვრო სახელმწიფოების _ დაკარგვა გადაიქცეოდა გერმანიის მნიშვნელოვან მიღწევად, რადგან ამით აგრესორი დაუახლოვდებოდა ლენინგრადისა და მოსკოვის მიჯნას.

ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი სტალინის ადგილზე შეეცდებოდა ყველაფერი გაეკეთებინა, რათა თავისი გავლენის ზონაში დაებრუნებინა აღნიშნული ლიმფიტროფები, რომლებმაც დროებით მოიპოვეს დამოუკიდებლობა. აი, რატომ გადასწია სტალინმა ფინეთის საზღვარი ლენინგრადიდან მოშორებით და შეიყვანა თავისი ჯარები ბალტიისპირეთში, დასავლეთ ბელორუსიასა და უკრაინაში. ამისთვის გახდა საჭირო ომი ფინეთთან, გერმანიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება და გავლენის ზონების განაწილება. სტალინი იცნობდა ჰიტლერის გეოსტრატეგიულ პოლიტიკას (რომელსაც ხელს უწყობდნენ ინგლისი, საფრანგეთი და აშშ) და მას უფლება არ ჰქონდა სხვაგვარად მოქცეულიყო.

რუდოლფ ბალანდინი, სერგეი მირონოვი

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here