Home რუბრიკები სამართალი ლევან ჩიტაძე: შემიძლია გაგიშიფროთ სქემა, თუ როგორ ხვდება ვადაგასული საკვები ციხეში

ლევან ჩიტაძე: შემიძლია გაგიშიფროთ სქემა, თუ როგორ ხვდება ვადაგასული საკვები ციხეში

1026


საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძის განცხადებას, თითქოსდა საპატიმროებში იდეალური მდგომარეობაა, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. ახალგაზრდულმა მოძრაობა «არამ» და საზოგადოებრივმა მოძრაობამ «სოლიდარობა უკანონო პატიმრებს» პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას აუწყეს, რომ მინისტრი ცრუობს და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრები აუტანელ პირობებში იმყოფებიან, მათთან ვადაგასული საკვები შეაქვთ, რითაც პატიმრები იწამლებიან. ციხეებში არსებულ ვითარებაზე «საქართველო და მსოფლიოს» მოძრაობა «არას» ლიდერი ლევან ჩიტაძე ესაუბრა.

_ თქვენ ცოტა ხნის წინათ განაცხადეთ, რომ საპატიმროებში ვადაგასული საკვები შეაქვთ. პატიმრები ხშირად პოულობენ საკვებში ტარაკნებსა და სხვადასხვა მწერს, რაც საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა. თუ გაქვთ დამადასტურებელი ფაქტები და ვინ მოგაწოდათ აღნიშნული ინფორმაცია?

_ ხშირი ურთიერთობა მაქვს პატიმრებთან, ისინი მირეკავენ და მიყვებიან ციხეებში არსებულ ვითარებაზე. 16 იანვარს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მძინარე პატიმარს სახეზე ვირთხამ უკბინა, 17 იანვარს კი მინისტმა განაცხადა, რომ საპატიმროებში იდეალური მდგომარეობაა. სიუჟეტის გასვლის შემდეგ დამიკავშირდნენ პატიმრები ქსნის #15 სასჯელაღსრულებითს დაწესებულებიდან და მითხრეს, _ არ დაიჯეროთ, ეს სიუჟეტი სიცრუეაო. იმის მიუხედავად, რომ პატიმრებზე მიმდინარეობს ზეწოლა, მათ ცემენ, აწამებენ, ისინი მაინც ახერხებენ ვაჟკაცობის შენარჩუნებას და ტელეფონით ღიად საუბრობენ ამ ყველაფერზე._ ყველაზე ხშირად რა პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას?

_ ციხეებში უამრავი პრობლემაა, თუმცა ერთ-ერთი სერიოზული და მწვავე საკითხია საკვების ხარისხი. პატიმრებს აჭმევენ ინდური ზებუს ხორცს, რომელიც ინდოეთში წმინდა ცხოველად ითვლება და არ კლავენ, მისი ხორცი საქართველოში შეიძლება ერთადერთ შემთხვევაში მოხვდეს: როცა ეს ცხოველი ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპება. წარმოიდგინეთ, რა დრო გადის, სანამ ამ მკვდარ ცხოველებს შეაგროვებენ და, საქართველოში ტრანსპორტირების დროსაც თუ გავითვალისწინებთ, მარტივად შეგვიძლია მივხვდეთ, როგორი იქნება ეს საკვები, როცა პატიმრებამდე მიაღწევს. მეორე საშინელი საკვები, რომელსაც პატიმრები ასახელებენ არის ე. წ. კომბიჟირი, რომელიც სხვადასხვა ცხოველის ცხიმის ნარევია და მას საშინელი სუნი და გემო აქვს. ასევე მომწამვლელია თევზი, რომელსაც მათ სთავაზობენ.

როგორც პატიმრები ამბობენ, თევზი საშინლად ყარს. ერთმა პატიმარმა მითხრა, _ ერთხელ ვცადე შემეჭამა, მაგრამ ისე ყარდა, გადავაგდე, თუმცა ვერც თეფშს მოვაშორე სუნი და ამიტომ ახალი თეფში გამოვაგზავნინე სახლიდანო.

_ თუ ყოფილა საკვებით მოწამვლის შემთხვევა საპატიმროში, კონკრეტული პატიმრების ვინაობა თუ შეგიძლიათ დაასახელოთ?

_ კი, მოწამვლის ფაქტები ხშირია. ამ ცოტა ხნის წინათ მოგვწერეს ქსნის კოლონიიდან. წერილს ხელს აწერენ პატიმრები: გივი ხორგუანი, ბაქარ დევდარიანი, კახა აბულაძე, სამველ ეგიზაროვი, თორნიკე მახარაძე. ბევრი პატიმარი გვირეკავს, მაგრამ მათი ნებართვის გარეშე გვარებს ვერ გავამხელ, რადგან შეიძლება სასტიკად გაუსწორდნენ. გივი ხორგუანმა დეტალურად აღწერა ციხეში არსებული მძიმე მდგომარეობა. ის წერს, რომ ისეთი ქათმის ბარკლები შემოაქვთ, რომელზეც ხორცი, ფაქტობრივად, არ არის და, რაც არის, იმასაც საშინელი სუნი აქვსო, ანუ მეორადი საკვები შეაქვთ, ყარს ძეხვეულიც. რაც შეეხება ხილბოსტნეულს, პატიმრებს ორი-სამი კილოგრამი ბოსტნეულის ყიდვა უწევთ, რომ იქიდან ამოარჩიონ საკვებად ვარგისი. პატიმრები საჭმელში ხშირად პოულობენ მწერებს: ტარაკნებს, ბუზებს… და თმასაც კი.

_ თქვენ ასევე აცხადებთ, რომ სუპერმარკეტებიდან ვადაგასული, ძველი საკვები შეაქვთ და მას პატიმრები ორმაგ ფასად ყიდულობენ. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად რომელი მარკეტებიდან შეაქვთ პროდუქტი?

_ შემიძლია გაგიშიფროთ სქემა, თუ როგორ ხვდება ვადაგასული საკვები პროდუქტი ციხეში. ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ რომელიმე მარკეტს. როცა სუპერმარკეტი ვადაგასულ პროდუქტს ხსნის დახლიდან, ეს ყველაფერი გროვდება საწყობებში, შემდეგ ეს მიაქვთ კომპანიებს და აწვდიან ციხეებს. ის რომ გავიგოთ, თუ რომელი კომპანიები აკეთებენ ამას, ერთადერთი გზა არსებობს: უნდა ვნახოთ ამ კომპანიების მიერ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებები. ეს ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო, მაგრამ, ჩვენი არაერთი მცდლობის მიუხედავად, ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან.

ციხეში საკვების ფასი, გარე საბაზრო ფასთან შედარებით, გაცილებით მაღალია. ამას გარდა, პატიმარს უწევს ორი კილოგრამი ვაშლის ყიდვა, რომ ორი-სამი საკვებად ვარგისი ვაშლი ამოარჩიოს. წარმოიდგინეთ, რამხელა მოგება რჩება ხელისუფლებას და როგორ ზარალდება პატიმარი. პატიმრების ჯანმრთელობისა და მათი ოჯახების უბედურების ხარჯზე ხელისუფლება მდიდრდება. როგორც ვიცით, 40 ათასამდე პატიმარი იხდის სასჯელს ციხეში, მეტი პატიმარი რომ იყოს, მეტი მოგება დარჩებოდათ, რადგან საპატიმროში მოხვედრილი თითოეული ადამიანი მათთვის ნიშნავს დამატებით შემოსავალს, დამატებით მოზიდულ უცხოურ გრანტებს ციხეებისთვის, თუ ამას დავამატებთ საპროცესო გარიგებიდან რამდენი ფული შედის ბიუჯეტში, გავითვალისწინებთ, რომ ფასიანია ციხეში პაემნები, გაძვირდა ტელეფონზე დარეკვა. გამოდის, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ბიზნესი ციხეების ბიზნესია. ეს არის ხელისუფლების მიერ დაკანონებული ტრეფიკინგი.

მახსოვს, კალმახელიძემ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ საპატიმროებში სამუშაო ადგილები შეიქმნებოდა და პატიმრები ციხეებიდან შეძლებდნენ ოჯახების შენახვას. ახლა აჩვენეს, თუ რა კარგი პირობებია ციხეში, ისეთ ეფექტს ქმნიან, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში უმუშევრობა და გაჭირვებაა, ხალხს შია, თურმე ციხეში ყველაფერი უკეთაა.

ხელისუფლება რომ არ იყოს ამ ყველაფრის ლობისტი, როგორ შეიძლება გაფუჭებული ხორცი პატიმართან მოხვდეს ან ვირთხები კბენდნენ პატიმრებს?

_ თუ გქონიათ ციხის საკვების ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა?

_ ერთადერთი საშუალება იმისა, რომ საკვებს ექსპერტიზა ჩაუტარდეს, პატიმარმა უნდა მოიპაროს ეს საკვები და ადვოკატს ჩუმად გადასცეს, რაც დღემდე ვერ მოხერხდა, ვინაიდან ციხიდან წერილებიც კი ძლივს გამოაქვთ ადვოკატებს, საცვლებში მალავენ, რომ გაჩხრეკისას ვერ უპოვონ.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კარგად ჩანს, რა ქვეყანაშიც ვცხოვრობთ. იმ განცხადებებისა და წერილების შემდეგ, რომლებიც ჩვენ გავახმაურეთ, ნორმალურ ქვეყანაში, სულ მცირე, გენერალური ინსპექცია ამ საქმის შესწავლას დაიწყებდა, უნდა დაკითხულიყვნენ ციხის თანამშრომლები, ჩვენ, პატიმრები…

როგორც ჩანს, კალმახელიძისთვის ჰუმანური საქციელი პატიმრების წამება, მომწამვლელი საკვებით მომარაგება, ტარაკნებიანი და ბუზებიანი წვნიანით გამასპინძლება, ერთი სიტყვით, მათდამი არაადამიანური მოპყრობაა. მინისტრი ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს პატიმრების კეთილდღეობაზე ფიქრში ათენ-აღამებს. სინამდვილეში კი ნათელია, რომ მას აქვს არაჰუმანური, ცინიკური დამოკიდებულება პატიმრებისადმი. ამის ნათელი მაგალითი იყო მისი განცხადებაც პარლამენტის საკომიტეტო მოსმენის დროს, რამდენიმე თვის წინ, როცა ქალბატონმა მინისტრმა ურცხვად განაცხადა _ პატიმრები მოხუცებულობის გამო იღუპებიანო. თავად განსაჯეთ, თურმე მოხუცებულობის, ანუ ხანდაზმულობის, «ჭარმაგი ასაკის” გამო გარდაიცვალნენ საპატიმროებში 18 წლის ალექსანდრე ალბოროვი, 31 წლის მალხაზ მუზაშვილი, 23 წლის თამაზ დადვანი , 40 წლის ზვიად ხალვაში და ჯამბულ აბუსერიძე, 31 წლის თეიმურაზ პეტრიაშვილი, თენგიზ თაბუნიძე და კახაბერ თედლიაშვილი, 30 წლის კახა კაჭარავა, ოთარ როგავა, ნუგზარ შარიქაძე და სხვა მრავალი; თურმე რონი ფუქსს, ნუგზარ ხმალაძეს, ილია ჭიჭიბოშვილს, იმედა დვალიშვილს, მალხაზ არქანიას, არამაის გრიგორიანს, რამაზ პატარაიას, ლაშა ლანჩავას, რამაზ მურადოვს, დავით მეფარიშვილს, ირაკლი ჯინჯიაშვილს, ომარ წიკლაურს და ასეულობით სხვა ტუსაღს ციხეში მხოლოდ ასაკი, მოხუცებულობა, ხანდაზმულობა ტანჯავდათ და აწამებდათ და არა სასჯელაღსრულების სადისტი მესვეურები.

_ კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც უფლებადამცველები საუბრობენ, ისაა, რომ პატიმრებს დროულად არ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულებითს დაწესებულებაში გაიხსნა «ავერსის» აფთიაქი, თუ გამოსწორდა ვითარება? ამის შესახებ გიყვებიან პატიმრები?

_ შემიძლია მელორ ვაჩნაძის მაგალითი მოვიყვანო: 17-22 ნოემბერს მას ჩაუტარდა გამოკვლევები და აღმოჩნდა, რომ მას სისხლი მოეწამლა, თუ საიდან და როდის, ვერ დადგინდა. არსებობდა სეფსისის საფრთხე, მოგეხსენებათ, სეფსისიანი ავადმყოფი რამდენიმე დღეში შეიძლება დაიღუპოს, თუ დროული მკურნალობა არ ჩაუტარდება. დაახლოებით კვირა-ნახევარი დაგვჭირდა, რომ მისთვის სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაეტარებინათ და ისიც მისი ოჯახის ხარჯით და მას შემდეგ, რაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს. მელორ ვაჩნაძე მხოლოდ ერთი დღით გადაიყვანეს სეფსისის ცენტრში და მისი ანალიზის პასუხები მხოლოდ ორი თვის შემდეგ, 10-11 იანვარს შეგვატყობინეს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

საქართველოში უდიდესი ბიზნესი ციხეების ბიზნესია, ეს არის ხელისუფლების მიერ დაკანონებული ტრეფიკინგი

მიხეილ სააკაშვილი:

«სვამენ კითხვას: რატომ არის ამდენი პატიმარი? მაგრამ ამის საპასუხოდ უნდა დავსვათ კითხვები: გვინდა თუ არა ბავშვებს თავისუფლად ვუშვებდეთ გარეთ? უსაფრთხოდ ვტოვებდეთ ავტომანქანებს და ფულს არ გვძალავდნენ?

თუ ეს გვინდა, გვჭირდება ციხეები… ისეთ დონეზე, როგორც დღეს ციხეებში პატიმრების კვება ხდება, შეიძლება დიდი პროცენტი ოჯახებისა ამას ვერ უზრუნველყოფდეს. თუმცა ისმის კითხვა: ადამიანს, რომელმაც სხვისი ოჯახი გააუბედურა და მოკლა მეორე ადამიანი, აქვს თუ არა უფლება სახელმწიფოს ხარჯზე ასეთ პირობებში იმყოფებოდეს?..»

6 ნოემბერი, 2010. epn.ge

ხათუნა კალმახელიძე:

«ჩვენთვის, ჩვენი სამინისტროსთვის, ზოგადად «სასჯელაღსრულებით დეპარტამენტისთვის» კვების ხარისხი, კალორაჟის დაცვა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან პირდაპირ არის მსჯავრდებულების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, და ჩვენ მიგვაჩნია, რომ კვების ხარისხი უნდა იყოს ძალიან მაღალი და ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში გატარდა «ვარდების რევოლუციის» შემდეგ…»

17 იანვარი, 2012, «რუსთავი 2»

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here