Home რუბრიკები პოლიტიკა «საქართველო და მსოფლიოს» პროგნოზი გამართლდა – სააკაშვილი ავღანეთში ჩავიდა

«საქართველო და მსოფლიოს» პროგნოზი გამართლდა – სააკაშვილი ავღანეთში ჩავიდა

1555


20 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ჩავიდა და იქ მყოფ ქართველ სამხედროებს შეხვდა. «ინტერპრესნიუსის» ცნობით, სააკაშვილმა ოფიციალური მიმართვის შემდეგ ჯარისკაცებთან ერთად ისადილა და მათი თანხლებით «ჯავშანტექნიკით კონკრეტული მონაკვეთის პატრულირება მოახდინა».

ის, თუ რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს მიხეილ სააკაშვილმა კონკრეტული ან თუნდაც აბსტრაქტული მონაკვეთის პატრულირების დროს, ჯავშანტექნიკით იქნება ეს თუ მის გარეშე, სამხედრო ექსპერტები, ალბათ, მოგვიანებით გაარკვევენ. ჩვენს მთავარ მიზანს ამ შემთხვევაში იმ მოტივების დადგენა წარმოადგენს, რომელმაც სააკაშვილს ავღანეთში წასვლისკენ უბიძგა.აქამდე მან წლების განმავლობაში ვერ მოძებნა საკუთარ თავში საიმისო ძალა, რომ კოალიციის სხვა სახელმწიფოების მეთაურებისთვის მიებაძა და ავღანეთში თუნდაც რამდენიმე საათით ჩასულიყო. მართალია, მას უნდოდა დაემტკიცებინა, რომ სინამდვილეში ის მამაცია და 2008-ში გორში მომხდარი ინციდენტი საპირისპიროზე არ მიუთითებდა, მაგრამ ავღანეთში არა და არ ჩადიოდა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს მისი აბსოლუტურად უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველყოფა შეეძლოთ. თუმცა ბოლოს, მეტად გაწელილი პაუზის შემდეგ, ის ავღანეთში მაინც აღმოჩნდა და ამის მიზეზი, სავარაუდოდ, არა მხოლოდ წინასაარჩევნო პროპაგანდის გაძლიერების აუცილებლობა ან საზოგადოებისთვის რაღაცის დამტკიცების სურვილი იყო, არამედ, შესაძლოა, არსებობდა მესამე (და მთავარი) ფაქტორი, რომლის შესახებ «საქართველო და მსოფლიო» ჯერ კიდევ გასული წლის მარტში წერდა, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ერთ-ერთი გამოსვლის დროს ავღანეთის თემაზე ვრცლად ისაუბრა. ერთი ციტატა «საქართველო და მსოფლიოს» 2011 წლის 9-15 მარტის პუბლიკაციიდან «რატომ უწოდა ლუკაშენკომ სააკაშვილს ძაღლიშვილი?!»:

«ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, რომ ავღანურ ოპერაციებში მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბარი სააკაშვილს ამერიკელმა პარტნიორებმა ურჩიეს, რადგან გააცნობიერეს, რომ საქართველოში ეს ომი ძალიან არაპოპულარული ხდება. სხვა ქვეყნის მეთაური, რომელსაც შიშთან პრობლემები არ აქვს, ალბათ, ავღანეთშიც ჩავიდოდა (კოალიციის წევრი სახელმწიფოების ლიდერები სწორედ ასე იქცევიან) და ჯარისკაცებს (ირიბად კი მთელ საზოგადოებას) ადგილზევე გაამხნევებდა, თუმცა სააკაშვილს ამის გაკეთება დღემდე აზრად არ მოსვლია და ამის მიზეზი, ალბათ, არც ისე რთული ამოსაცნობია. გამორიცხული არაა, რომ ამერიკელები ავღანეთში ჩასვლას მალე ისეთი დაჟინებით ურჩევენ, რომ სააკაშვილი უარს ვერ ეტყვის. იმედია, ამ შესაძლო ვიზიტის დროს სააკაშვილს არ მოეჩვენება, რომ მას ყოველი მხრიდან გამძვინვარებული თალიბების მასა უტევს, ისე, როგორც ეს გორში, ჰიპოტეტურ რუსულ თვითმფრინავთან დაკავშირებით (სავარაუდოდ) მოხდა და ყველაფერი ზედმეტი ექსცესების გარეშე ჩაივლის. თუმცა კითხვა ,,რას ვაკეთებთ ავღანეთში?» ნებისმიერ შემთხვევაში აქტუალური დარჩება».

ძნელი სათქმელია, რა არგუმენტების მოყვანა დასჭირდათ ამერიკელ პარტნიორებს იმისთვის, რომ სააკაშვილი ამ ვიზიტის აუცილებლობაში დაერწმუნებინათ, თუმცა ფაქტი სახეზეა, «საქართველო და მსოფლიოს» პროგნოზი გამართლდა: სააკაშვილი, როგორც იქნა, ავღანეთში ჩავიდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here