Home რუბრიკები პოლიტიკა ბურიდანის ვირები

ბურიდანის ვირები

1424


სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები მუდმივად ამტკიცებენ, რომ «ნაციონალური» მოძრაობა ერთიანი, მონოლითური გუნდია და მისი დაშლის ალბათობა არ არსებობს, თუმცა გასულ კვირას ხელისუფლებას ორი დეპუტატი გამოაკლდა: უმრავლესობიდან გარიცხეს ბეჟან ხურციძე (ვანის მაჟორიტარი), ხოლო კობა კურდღელაშვილი (კასპის მაჟორიტარი) თავად გადაბარგდა «ქრისტიან-დემოკრატებთან». მიუხედავად ამისა, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების პასიური წევრები, მაჟორიტართა კორპუსი, რომლებიც არ არიან «ნაციონალური მოძრაობის» პარტიული აქტივისტები, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის მთავარ ფინანსურ საყრდენს წარმოადგენენ, დღეს ბურიდანის ვირის მდგომარეობაში არიან, რომლებსაც ბოლომდე ვერ გადაუწყვეტიათ: დარჩნენ სააკაშვილის გვერდით და ჩაჰყვნენ მას პოლიტიკურ საფლავში თუ გადავიდნენ ახალი პოლიტიკური ძალის _ ივანიშვილის კოალიციაში. ეს ერთგვარი პარადოქსული სიტუაციაა და, თუ ისინი დროზე არ გააკეთებენ არჩევანს, შეიძლება ბევრი რამ დაკარგონ.

დღეს განსაკუთრებით სახიფათოდ არიან გაჩუმებულნი მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებისთვისაც მთავარი არა პოლიტიკური ამბიციები, არამედ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობა და პირადი ბიზნესის უსაფრთხოებაა. მითუმეტეს, რომ ისინი არ წარმოადგენენ და არც არასოდეს ყოფილან აქტიურ პოლიტიკაში მოდრეიფე ფიგურები. შეიძლება ითქვას, რომ მაჟორიტართა უდიდესი უმრავლესობა «შეცდომით» მოხვდა პარლამენტში. უბრალოდ, მათ ერთ ნაწილს სააკაშვილის რეჟიმმა ბიზნესის წართმევის მუქარით, იძულებით მიაღებინა მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, მეორე ნაწილმა კი საკანონმდებლო ორგანოდან საკუთარი ბიზნესის «დაკრიშვა» თავად გადაწყვიტა. არადა, წესით, ყველა მაჟორიტარისთვის ცხოვრების დევიზი უნდა იყოს გენიალური კოლუმბიელი მწერლის, მარკესის სიტყვები: «მე ვემსახურები ჩემს ხალხს და არა ჩემი ხალხის მთავრობას», ვინაიდან ისინი კონკრეტული რაიონის მოსახლეობის ხმას წარმოადგენენ პარლამენტში, შესაბამისად, უნდა ზრუნავდნენ საკუთარი ამომრჩევლების ყოფისა და მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს საქართველოს მაჟორიტართა კორპუსი არანაირ პროდუქტს არ ქმნის ქვეყანაში. უფრო მეტიც, ისინი ქართულ რეალობაში პარაზიტის როლს ასრულებს.ერთი შეხედვით, «ნაციონალური» ხელისუფლება დღემდე მართლაც ინარჩუნებს მონოლითურობას. თითქოს გაცილებით უფრო მეტად შეიკრა «საერთო მტრის» _ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ და მის წინააღმდეგ დაირაზმა, რაც გარკვეულწილად გვაფიქრებინებს იმას, რომ მისი გახლეჩა არჩევნებამდე წარმოუდგენელია. თუმცა პოლიტიკურ პროცესებში ივანიშვილის კოალიციის აქტიურად ჩართვის, ახალი ოპოზიციური ტელეკომპანიის _ «მე-9 არხის» ამოქმედებისა და რეგიონებში მოსახლეობის გააქტიურების შემდეგ აუცილებლად მოხდება ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ჩამოშლა, მაგრამ მთავარი ახლა ის არის, ექნება თუ არა ამ პროცესს სტიქიური ხასიათი. ალბათ _ არა, რადგან ბევრ სახელმწიფო მოხელეს თუ დეპუტატს არც თუ ისე სუფთა წარსული აქვს, რის გამოც ისინი ხელისუფლებას გამოჭერილი ჰყავს და ოპოზიციის სასარგებლოდ თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ აძლევს. მაგრამ, ვინც შეძლებს სააკაშვილის რეჟიმისგან თავის დაღწევას და ოპოზიციურ ბანაკში გადაბარგებას, მას კიდევ ექნება რეაბილიტაციისა და პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობა.

რაც შეეხება მმართველ პარტიაში შიდა განხეთქილების ალბათობას და ფრაქციებად დაშლის შესაძლებლობას. «ნაციონალური მოძრაობის» არსებობა დღესდღეობით დამოკიდებულია სააკაშვილის ავტორიტეტზე, მისი წასვლა პოლიტიკიდან კი პარტიის რღვევას გამოიწვევს, რომელიც, შესაძლოა, გაქრეს კიდეც, როგორც პოლიტიკური სუბიექტი. ამის მიზეზი კი არის ის, რომ დღემდე არ გამოკვეთილა ისეთი ლიდერი რომელსაც პარტიის ძირითადი ნაწილი უპრობლემოდ გაჰყვებოდა. ხოლო ხელისუფლებაში არსებულ «მიკრო» ლიდერებს _ ბაქრაძეს, უგულავას, ბოკერიას _ შეუძლებელია, ეყოთ იმის გამბედაობა და რესურსი, რომ გაემიჯნონ სააკაშვილს და «ნაციონალური მოძრაობის» ნანგრევებზე ახალი სახელისუფლო პარტიის შექმნა სცადონ. ბაქრაძე-უგულავას შემთხვევაში, მთავარი პრობლემა პარტიის შიგნით ავტორიტეტის არარსებობაა, რომელიც ძლიერი გუნდის შექმნის საშუალებას არ იძლევა. რაც შეეხება «რუხ კარდინალად» წოდებულ გიგა ბოკერიას, რომელიც უდიდესი გავლენით სარგებლობს საკუთარი პარტიის წევრებს შორის, მისი შანსები _ გახდეს სააკაშვილის მემკვიდრე და «ნაციონალური მოძრაობის» ახალი ლიდერი _ პრაქტიკულად ნულის ტოლია, ვინაიდან საზოგადოებაში მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა.

ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის პოლიტიკური მომავლის გადარჩენისა და პირადი უსაფრთხოების ერთადერთი გზა არის ოპოზიციის მხარეს გადასვლა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სააკაშვილის რეჟიმს განდგომილი ყოფილი «ნაციონალებისთვის» ივანიშვილის კოალიციაში ადგილი ყველასთვის არ იქნება და ამიტომ ისინი უპირატესობას არა თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენას, არამედ ისევ სააკაშვილის გვერდით, თუნდაც პასიურ მდგომარეობაში ყოფნას მიანიჭებენ და დაელოდებიან, ბედი როდის გაუღიმებთ.

უფრო რთული ვითარებაა ძალოვან სტრუქტურებთან დაკავშირებით. დღევანდელი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არ არსებობს ძალოვანი სტრუქტურების გახლეჩისა და ოპოზიციის მხარეს გადასვლის შესაძლებლობა, ვინაიდან ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღო, რომ ეს არ დაუშვას. განსაკუთრებით ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანოებს.

ამ სიტუაციის გამოსწორება ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ სცადა, როდესაც პოლიციასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს საზოგადოების თვალში მისთვის არამომგებიანი მესიჯი გაუგზავნა: «მე ვფიქრობ, რომ სულ რაღაც 50 თანამშრომელი ჰყავს დღეს პოლიციას, რომლებიც ნებისმიერ ბრძანებას ასრულებენ. მაგრამ არ მინდა, რომ ეს საზოგადოებამ გაავრცელოს მთლიანად ჩვენს პოლიციაზე, იქ ძალიან ბევრი ღირსეული მოქალაქე მუშაობს და მათ დიდი სურვილი აქვთ, დაიცვან ჩვენი უფლებები. ერთადერთი კაცი, ეს გახლავთ სააკაშვილი, ეს არის მისი პოლიტიკა – ძალადობის პოლიტიკა და ამას უსრულებს მას რამდენიმე შემსრულებელი».

ეს მიმართვა შეიძლება ითქვას, რომ «წყლის ნაყვაა», რადგან საქართველოში ძალოვანი სტრუქტურები სრულიად პოლიტიზებულია და გადაქცეულია ავტორიტარიზმის ბრმა იარაღად, ვინაიდან დღეს ამ უწყების ძირითადი «ფუნქცია» არა ადამიანის უფლებებისა და კანონის, არამედ სააკაშვილის რეჟიმის უსაფრთხოების დაცვაა. შესაბამისად, მათი ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობის შანსი პრაქტიკულად მინიმალურია.

მართალია, ივანიშვილი და მისი კოალიციის წარმომადგენლები ლამის ბიბლიაზე დაფიცებით ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სააკაშვილის გუნდის წევრებს არ დაიჭერენ და არ მისცემენ ამ პროცესს რეპრესიულ ხასიათს, მაგრამ იქვე დასძენენ, რომ მათ დანაშაულს თუ უდანაშაულობას სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური მოძრაობა «ქართული ოცნების» საინიციატივო ჯგუფის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა გაანაცხადა: «ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სააკაშვილისა და მისი გუნდის წევრების დაჭერას არ ვაპირებთ. აუცილებელია, შევქმნათ სახელმწიფო სისტემა, რომლითაც დამოუკიდებელი სასამართლოს გარანტორები ვიქნებით. თავად სასამართლო გადაწყვეტს, ვინ არის დამნაშავე. მკაცრი სადამსჯელო გარემოს პოლიტიკის გატარებას არ ვაპირებთ». მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, სააკაშვილმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ, რომლებსაც საქართველოში დღეს არსებულ უკანონობასა და ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებაში მიუძღვით წვლილი, სამართლიან სასამართლოს თავი უპრობლემოდ აარიდონ, თუ, რა თქმა უნდა, მათ მიმართ არ იქნა დაშვებული განსაკუთრებული «კომპრომისი», რაც თავისთავად სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა და კანონის შერჩევით გამოყენება იქნება. ეს კი კატეგორიულად დაუშვებელია.

დაბოლოს, ერთი რამ ნათელია: «ნაციონალური მოძრაობა» დღეს მხოლოდ ვირტუალურად არის მონოლითური, რომელიც სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლამდე თუ არა, წასვლის შემდეგ მაინც აუცილებლად დაიშლება ისევე, როგორც თავის დროზე დაიშალა «მოქალაქეთა კავშირი», ხოლო ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, პირადი და პოლიტიკური მომავლის უსაფრთხოება ხელშეუხებელი დარჩეს, დროზე უნდა გააკეთონ არჩევანი ნარიყალასა და ავლაბრის სასახლეებს შორის, ვინაიდან ბურიდანის ვირის მდგომარეობაში ყოფნა მათ კარგს არაფერს უქადის.

ზურაბ ჯამბურია

P.S. ბურიდანის ვირი ეწოდა ფილოსოფიურ პარადოქსს ფრანგი ფილოსოფოსის _ ჟან ბურიდანის სახელის მიხედვით, თუმცა ის ჯერ კიდევ ცნობილი იყო არისტოტელეს ნაშრომებიდან. ამ პარადოქსის მიხედვით, ვირს ორ თივის ზვინს შორის ვერ აურჩევია, რომელი შეჭამოს და ამის გამო შიმშილით სიკვდილი ელის.

დღეს ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი სწორედ ამ მდგომარეობაშია.

თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებს ვინ ჩივის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯონ ბასი ბიძინა ივანიშვილს, მთელ დიპკორპუსთან ერთად, შინ ეწვია და ამის შემდეგ მათ შორის კიდევ ერთი შეხვედრაც შედგა, ხოლო «ქართულმა ოცნებამ» არაერთი რევერანსი გააკეთა დასავლეთის მიმართულებით _ ჩვენ არა ვართ ისეთი ანტიდასავლური, როგორადაც სააკაშვილი ცდილობს, წარმოგვაჩინოსო, ცხადია, რომ თეთრი სახლიც ერთგვარი ყოყმანით ცდილობს მარტივი და ფორმალური არჩევანის გაკეთებას ივანიშვილისა და სააკაშვილის პროდასავლურ ბანაკებს შორის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here