Home რუბრიკები პოლიტიკა ცხვართა დუმილი

ცხვართა დუმილი

635


ყველაზე მდგრადი მინისტრის განცხადებით, საქართველოში ტურისტებს განსაკუთრებით ფულის დახარჯვა უჭირთ. «როდესაც ჩვენ ვაკეთებთ გამოკითხვებს, რომ დავადგინოთ, რა შენიშვნები ჰქონდათ, რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ ტურისტებს და ა.შ., იმისთვის, რომ შემდეგ გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ ჩვენი სერვისები, პირველ ადგილზე არის ის, რომ ვერ შეძლეს ფული დაეხარჯათ საქართველოში. ასე რომ, კერძო სექტორმა ამაზე უნდა იმსჯელოს», _ განაცხადა ვერა ქობალიამ კახეთის ტურისტული რეგიონის განვითარების პროექტის პრეზენტაციაზე.

ჩვენმა მაღალმა მთავრობამ 2012 წელი კახეთის ტურისტული განვითარების წლად გამოაცხადა. ზოგი სამყაროს აღსასრულს ელის, ზოგიც _ არჩევნებს (მაგალითად, _ ობამა და სარკოზი, პუტინზე რომ არაფერი ვთქვათ), კახეთის გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილის თქმით კი, წელს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. თელავის, ყვარლისა და დართლოს რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.

მსოფლიო ბანკს არც ჩვენი მთავრობა ჩამორჩა. «ჩვენი შეპირებისამებრ, ვზრდით მუნიციპალიტეტების რწმუნებულების ხელფასებს», _ გამოუცხადეს სხვადასხვა დონის საკრებულოების თავმჯდომარეებმა საკრებულოს წევრებს ერთი და იმავე სიტყვებით. 2012 წლის 30 იანვრის პრეზიდენტის #70-ე ბრძანების თანახმად, ცვლილებები შევიდა საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების შესახებ 2005 წლის #726-ე ბრძანებაში. ცვლილების თანახმად, თბილისისა და ბათუმის გარდა, ყველა თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი იზრდება. ზრდა კი განსაკუთრებულად მუნიციპალიტეტებისა და სოფლების რწმუნებულების ხელფასებს შეეხო. მუნიციპალიტეტების რწმუნებულებს დაახლოებით 400 ლარი ჰქონდათ ხელფასი. ამ თვის ჩათვლით კი 800 ლარი ექნებათ. სოფლის რწმუნებულების სახელფასო სარგოს ზედა ზღვარი კი 700 ლარით განისაზღვრა.

ინტერნეტ გაზეთ «ქიზიყის» ინფორმაციით, რწმუნებულებისთვის ხელფასების გაზრდის გარდა სხვა სიახლეებიცაა, კონკრეტულად კი, თუ თებერვლამდე საკრებულოს წევრები საწვავისა და კომუნიკაციისთვის სპეციალურ ტალონებს იღებდნენ, ამიერიდან ისინი მსგავსი სახის ხარჯებისთვის არა ტალონებს, არამედ შესაბამისი ოდენობის თანხას მიიღებენ.ვერონიკა ქობალიას, ეტყობა, მოსაზრება არ ჰკითხეს, თორემ ეტყოდა, ამდენი ფული რაში უნდა დახარჯოთო და კერძო სექტორს მოუწოდებდა, იმაზე იფიქრეთ, ამ ხელფასტალონმომატებულ ხალხს როგორმე ფული დაახარჯვინეთო. ვერონიკას არც სააკაშვილმა ჰკითხა ჭკუა და აჭარაში სტუმრობისას სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დამატებითი ენერგოვაუჩერების დარიგების ინიციატივით გამოვიდა. სააკაშვილმა მთავრობას დაავალა, თანხები გამოყონ ბიუჯეტიდან, რომ მკაცრი ზამთრის გამო დენის გაუთვალისწინებელი, 20-30%-ით გაზრდილი ხარჯების გამო სოციალურად დაუცველი მოსახლეობა შესაბამისი ვაუჩერებით უზრუნველყონ. ესენი, ვაუჩერებს თუ მიიღებენ, ქობალიას პროგნოზის მიუხედავად, მის დახარჯვას ნამდვილად მოახერხებენ, მაგრამ სააკაშვილმა ბერიძეების ოჯახში კიდევ ერთი «აღმოჩენა» გააკეთა:

ბერიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაში იყო და არსებული 42 ქულიდან მათი ქულები 61-მდე გაიზარდა, რის გამოც ოჯახს ყველანაირი სოციალური დახმარება მოეხსნა და ბავშვი, რომელსაც ძვლის ტვინი გადაუნერგეს, ჯანდაცვის ვერც ერთ პროგრამაში ვერ მოხვდა. პრეზიდენტის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა: «ოჯახი დაბალშემოსავლიანია, ბავშვი, რომელიც მკურნალობდა იტალიაში, ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდებოდა და ბოლო ერთი წელია, იქ არის, დაზღვევიდან მოხსნეს მაშინ, როცა ასეთი რთული დიაგნოზით იყო იტალიაში წასული. ოჯახმა ბინა დააგირავა, ამ დროს ჩვენი სოციალური სააგენტო ოჯახს უხსნის სოციალურად დაუცველის სტატუსს. რა კრიტერიუმებით ვსარგებლობთ, მაინტერესებს? ეს ნიშნავს, რომ ვიღაც ზის თბილისში და წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს».

არჩევნებთან არავითარ კავშირში არ არის, მაგრამ ჩვენმა პარლამენტმაც არ დაუდო ტოლი სააკაშვილს და მსოფლიო ბანკს; მომავალი კვირიდან ახალი საპენსიო პაკეტის განხილვას იწყებს. საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რა დახმარება ეკუთვნის სახელმწიფოსგან და ამ დახმარების მისაღებად მას სხვადასხვა უწყებებში «სირბილი» არ უნდა უწევდეს. ხუროშვილს ჰგონია, რომ ხალხის გაჭირვების ძირითადი მიზეზი იმის არცოდნაა, თუ რას იმეტებს მისთვის სახელმწიფო. რომ იციან და არ ჰყოფნით, ეს ხუროშვილს აინუნშიც არ მოსდის და აგრძელებს: «ცვლილებებით იქნება ორი სახის პაკეტი _ საპენსიო და სოციალური, რომლებშიც თავმოყრილი იქნება როგორც ფულადი, ისე არაფულადი დახმარებები. ამ დახმარებების მისაღებად «ერთი ფანჯრის» პრინციპი იმოქმედებს. გარდა ამისა, ცვლილებებით იქმნება ბენეფიციართა რეესტრში, საიდანაც ნებისმიერ პირს, ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება».

რის ფანჯარა, რა სარკმელი! მართალი უთქვამს სააკაშვილს იმის შესახებ, რომ «თბილისში ვიღაც ზის და წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს», თუმცა ამის შესახებ საქართველოს მოსახლეობამაც ძალიან კარგად იცის. ეგ კი არა, სახელები და გვარებიც ვიცით, მაგრამ ისინი არც ნებით და არც არჩევნებით წასვლას არ აპირებენ. ვიდრე ივანიშვილის მეგობრები ქართულად ოცნებობენ, შორეულ ამერიკაში «ძირითადი ინსტინქტის» გმირი _ შერონ სტოუნიც კი მიხვდა, რომ საქართველოში ხალხს ძალიან უჭირს. იტალიურ ტელეკომპანიას მან გულისწუხილი გაუზიარა: «ჩემი მოგზაურობებიდან დამამახსოვრდა აფრიკა და საქართველო, სადაც ძალიან გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს»…

ამას ქართული ფორუმების აფეთქება მოჰყვა: «სად ნახა გაჭირვებული ხალხი, ნეტავ! ქუჩებში მაგას არ გაუვლია, მანქანიდან პირდაპირ ნომერ 1 სასტუმროში ამოყოფდა ხოლმე თავს, ხალიჩები დავუგეთ, «გამოჩისტულ» ელიტაში ეგ დადიოდა და სად მოჰკრა თვალი გაჭირვებულ ხალხს, ნეტავ?.. ეცი ახლა პატივი». «მაგის დედა ვატირე, 3 ლიმონი დაჯდა მაგის ჩამოყვანა. კიდო ჩვენ ვართ ზანგები, ტო?», «შერონა ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალურ და ჭკვიან მსახიობად ითვლება. ჰოდა, არ შეეშლებოდა და არ დაბოლდებოდა «მი–შანელ ნომერ ხუთის» სურნელითა და «მდიდრულ» შარდენზე გასეირნებით. იმ წყეულ შარდენზე… როგორ მეზიზღება».

ამ ხალხს წარმოდგენა არ აქვს, რომ საქართველოში ყველაზე დიდი გაჭირვება ფულის დახარჯვაა, თორემ ამდენს არ ინერვიულებდნენ შერონის სიტყვებზე. სამაგიეროდ, ფორუმელებს სულაც არ ანერვიულებთ მეცხვარეთა პრობლემები. ალბათ, იმიტომ, რომ სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციის მინის გუმბათზე მეცხვარეებს არ პატიჟებს. მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილმა კი «საქსტატის» «ერთი ფანჯრის» მიერ ცხვრის ექსპორტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია გააპროტესტა. მან ინტერნეტ გამოცემა «ქიზიყს» განუცხადა, რომ ოფიციალური მონაცემები ხელოვნურად არის შემცირებული და, სავარაუდოდ, ეს გარკვეული ძალების მხრიდან გადასახადებისთვის თავის არიდებას ემსახურება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ცოცხალი ცხვრის ექსპორტი 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, 90 პროცენტით გაიზარდა და 15 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მათივე ცნობით, 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, 65 ათასით მეტი ცოცხალი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა და მთლიანობაში 165 ათასი სული შეადგინა. ბექა გონაშვილი ამტკიცებს, რომ საზღვრებს გარეთ გასული ცხვრის ოდენობა გაცილებით მეტია. ის ვარაუდობს, საქართველოდან გასულ წელს 177 ათასზე მეტი ცხვარი უნდა გასულიყო. «2010 წელს საქართველოდან გავიდა 177 ათასი სული. ოფიციალურ მონაცემებში დაწერეს 100 ათასი გავიდა, 2011 წელს კი 165 ათასი და ამხელა ზრდა დაფიქსირდაო. შარშანდელი თანხა სულზე საშუალოდ დაახლოებით 95-100 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, წელს ცხვარი უკვე გაძვირდა და 110 დოლარს მიაღწია. ჩემს ხელთარსებული მონაცემებით, გასულ წელს ექსპორტზე გაყვანილი ცხვრიდან შემოსულმა თანხამ 17 მილიონს გადააჭარბებდა,» _ ამბობს გონაშვილი.

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ წელს არათუ ექსპორტის ზრდა, არამედ კლება ფიქსირდება, ამის მიზეზი კი მრავალია. ბექა გონაშვილი ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად საძოვარ ტერიტორიებზე გადასახადის ზრდას ასახელებს და მიიჩნევს, რომ ფერმერს ცხვრის გამრავლება გაცილებით ძვირი უჯდებათ, რაც თვითღირებულებას ზრდის.

«წელს ექსპორტმა იკლო, რადგან ლოჯისტიკაში ცუდი ვითარება გვაქვს, ასევე იმიტომაც იკლო, რომ ცხვრის ფასმა მოიმატა. თავად გლეხს წვრილფეხა პირუტყვის შენახვა გაუძვირდა. როგორც ცნობილია, საძოვრის გადასახადი დედოფლისწყაროში 3 ლარიდან 17 ლარამდე გაიზარდა და ეს ხომ შესაბამისად აისახება ცხოველის ღირებულებაზე? საძოვრის გადასახადი რამდენიმე თვის წინ გაზარდეს. სახელმწიფომ 15 ლარით განსაზღვრა და ადგილობრივმა საკრებულოებმა კი დამატებით კიდევ 2 ლარით გაზარდეს. თვითმმართველობის ორგანოს მხოლოდ გადასახადის მომატება შეეძლო. ამას ისიც ემატება, რომ საქართველოში არის უამრავი ბროკერი, რომელთა არაპროფესიონალიზმისა და თაღლითური ფაქტების გახშირების გამო ინვესტორი საქართველოში აღარ ჩამოდის,» – განაცხადა ბექა გონაშვილმა. მეცხვარეთა ასოციაციის ინფორმაციით, 2012 წლისთვის ექსპორტზე არაუმეტეს 5-6 ათასი სული ცხვარია გასული, მათ შორის 1 ათასი – ყატარში.

ჯერ ერთი, ინვესტორი იმიტომ აღარ ჩამოდის, რომ საქართველოში ფულის დახარჯვას ვერ ახერხებს (იხ. ვ. ქობალიას დასკვნა), მეორეც, შე კაი კაცო, ამომრჩეველი თუ 3 მილიონ 700 ათასი გახდა, ცხვარი ვეღარ გამრავლდებოდა? და მესამეც: ამ მთავრობამ ექსპორტზე გაყვანილი ცხვრის რაოდენობა თუ გააყალბა, არჩევნებში მიღებულ ხმებს ვეღარ გააყალბებს? თუ ლოჯისტიკაში აქვს ცუდი ვითარება და საკუთარ ამომრჩეველს კინწისკვრით ვერ მიიყვანს საარჩევნო უბნებზე?

ნანა დევდარიანი

P.S. ნიკუშა შენგელაიამ ახლახან განაცხადა, რომ «ერთი ადამიანის ცრემლადაც არ ღირს მთელი პოლიტიკა». დოსტოევსკიც ასე ფიქრობდა, ოღონდ აქცენტს ბავშვის ცრემლზე აკეთებდა. საქართველოში ბავშვებიც ტირიან და ექსპორტზე გასაყვანი ცხვრებიც, ამდენი ფულის დახარჯვა კი მაინც ვერ ხერხდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here