Home რუბრიკები პოლიტიკა «გეგმა B»: სრული სვლით თურქმენეთისკენ

«გეგმა B»: სრული სვლით თურქმენეთისკენ

637

«ჩვენ ვაშენებთ ყველასთვის, თითოეული თქვენგანისთვის»… «ჩნდება ახალი საცხოვრებელი უბნები, სკოლები, საავადმყოფოები, მუზეუმები და სტადიონები. დღეს მთელი ქვეყანა ხარაჩოებშია და მალე ქალაქად და სოფლად უფრო მეტი ახალშენი გაჩნდება!» _ ვინც იფიქრა, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ბოლო მცდელობაა _ საკუთარი ფანტაზიის ნაყოფი ობიექტურ რეალობად წარმოაჩინოს, ოდნავ შეცდა: სააკაშვილი მხოლოდ პირველი ფრაზის ავტორია, ხოლო მეორე თურქმენეთის პრეზიდენტს, გურბანგული მიალიკგულის ძე ბერდიმუხამედოვს ეკუთვნის, რომლის მორიგი ინაუგურაცია გასულ კვირას გაიმართა. თურქმენეთში, სხვათა შორის, ბევრი სერიოზული პროექტი მართლაც ხორციელდება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იქ დენი, წყალი და გაზი უფასოა, თუმცა ეს დიქტატურის არსებობას, ცხადია, ვერ გაამართლებს. რაღა გაამართლებს სააკაშვილის რეჟიმს, რომელსაც მსგავსი არაფერი შეუძლია? რა იდეას შეიძლება დაეფუძნოს მისი არსებობის გახანგრძლივების გამართლება?

ძალაუფლება ისე არ მოდისარც ერთი ერი არ შეეგუება მმართველებს, რომლებიც იტყვიან, «ხელისუფლებაში იმიტომ ვართ, რომ თქვენს ხარჯზე ჩვენი პარაზიტული ცხოვრება მოვიწყოთო». ისინი ოდითგანვე გაცილებით მოქნილ ფორმულებს იყენებენ, მაგალითად: «იმიტომ, რომ ღვთის რჩეულები ვართ», «იმიტომ, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა მოგვცა», «იმიტომ, რომ ქვეყანას სასიკვდილო საფრთხე ემუქრება», «იმიტომ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეფორმებს ვატარებთ» და ა. შ. საკუთარი ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებას ხელისუფალნი მსგავსი პასუხებისა და მათი მრავალფეროვანი კომბინაციების მეშვეობით იგერიებენ. დღეს საქართველოში ყოველივე ამას პასუხის კიდევ ერთი ვარიანტი ემატება: «იმიტომ, რომ ვაშინგტონს ასე ნებავს»; ცხადია, პოლიტიკოსები ეროვნული თავმოყვარეობისთვის ამ შეურაცხმყოფელ გზავნილს სათანადოდ ფუთავენ, მაგრამ არსებითად ეს არაფერს ცვლის.

სააკაშვილის ხელისუფლების მდგომარეობა ამ მხრივ საკმაოდ მძიმეა. მას არ აქვს პასუხები, რომელთაც საზოგადოების დიდი ნაწილი მიიღებს. მისი გამარჯვება არჩევნებში ნებისმიერ შემთხვევაში ეჭვქვეშ დადგება, თანაც ნეგატიურ რეაქციას, სავარაუდოდ, გაცილებით სერიოზული მასშტაბი ექნება, ვიდრე 2008-ში; დღეს უკვე ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არჩევნების შედეგებს აუცილებლად გააყალბებს. ასე რომ, სერიოზული საუბარი «ნდობის მანდატზე» ამ შემთხვევაში არ გამოვა.

სავარაუდოდ, ეფექტურად ვერ იმუშავებს რეფორმებთან და გარე საფრთხესთან დაკავშირებული რიტორიკაც, რადგან პირველ შემთხვევაში საკმარისზე მეტი კრიტიკოსი იმ სოციალურ-ეკონომიკურ კოშმარზე მიუთითებს, რომელშიც საქართველო ცხოვრობს, ხოლო მეორეში _ ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, ვინც, მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, ჩათვლის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება გადამწყვეტ მომენტში ქვეყნის დაცვას შეძლებს; ეროვნული კონსენსუსის მიღწევა ვერც ამ ნიადაგზე მოხერხდება.

რაც შეეხება ამერიკულ ფაქტორს: საკუთარი ლეგიტიმურობის საგარეო მხარდაჭერაზე დაფუძნება მეტად სარისკო რამ არის, თანაც ვაშინგტონს ჯერჯერობით არ გაუჟღერებია არაფერი ისეთი, რაც შეიძლება რეჟიმის უპირობო მხარდაჭერად წარმოჩინდეს, მეტიც ამერიკელი მაღალჩინოსნების (და მედიის) ბოლო განცხადებები უფრო საპირისპიროზე მიუთითებს.

მართალია, მიხეილ სააკაშვილი თავის ფსიქოლოგიურ ევოლუციაში, სავარაუდოდ, უკვე მივიდა იმ კონდიციამდე, როდესაც შეიძლება თავი ერის ღვთივკურთხეულ მამად გამოაცხადოს, რომელსაც საქართველოს მართვის ექსკლუზიური უფლება ეკუთვნის, თუმცა ამ ვარიანტზე სერიოზული მსჯელობით, ალბათ, უმჯობესია, შესაბამისი დარგის სპეციალისტები დაკავდნენ, რომელთაც თეთრი ხალათები აცვიათ და კეთილი თვალები აქვთ.

«ნაციონალურმა მოძრაობამ» არჩევნებში რომც გაიმარჯვოს (რა გზით, სხვა საკითხია), ხოლო პოლიციამ პოსტსაარჩევნო საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა შეძლოს, სააკაშვილის ხელისუფლების ლეგიტიმურობა (ამ ტერმინის ფართო და არა ვიწრო იურიდიული გაგებით), ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან სერიოზული ეჭვის ქვეშ დადგება. რეჟიმს თავის გადასარჩენად, სავარაუდოდ, ერთადერთი გზა _ საქართველოს სწრაფი და საბოლოო თურქმენიზაცია დარჩება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვეღარ გაუმკლავდება პროტესტს, რომელსაც საზოგადოების უკიდურესი გაღიზიანება და საერთაშორისო სტრუქტურების უკმაყოფილება გამოკვებავს. ამ ახალ რეალობაში ხელისუფლება, სავარაუდოდ, ვეღარ შეეგუება ძლიერი, მისი გავლენისგან თავისუფალი ოპოზიციის ან მედია-საშუალებების არსებობას, მიტინგებსა და მანიფესტაციებს, მოკლედ, ყოველივე იმას, რაც, თუნდაც შეზღუდული სახით, ჯერჯერობით გვაქვს. სააკაშვილის ჯგუფის ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი გამამართლებელი არგუმენტი ამ შემთხვევაში გახდება ქვის ხანის დროინდელი «გმართავთ იმიტომ, რომ შეგვიძლია თავში ჩაგარტყათ».

ნიაზოვისა და ბერდიმუხამედოვის ხელისუფლებისგან ამ რეჟიმს, სავარაუდოდ, მხოლოდ ის განასხვავებს, რომ თურქმენეთის ლიდერს ენერგომატარებლების გაყიდვიდან მიღებული ამონაგები შესაძლებლობას აძლევს მოსახლებას მნიშვნელოვანი სოციალური შეღავათები შესთავაზოს და ამით უკმაყოფილება გაანეიტრალოს. საქართველოს ეკონომიკურ კრახს კი ხუთიოდე წუთი აკლია. ასე რომ, სააკაშვილის სახეცვლილ რეჟიმს, ტერორის გარდა, საზოგადოებაზე ზემოქმედების სხვა, რამდენადმე წონადი ბერკეტი არ ექნება.

ახალი ღვინო, ძველი ტიკი

ძალადობაზე დაფუძნებული მიდგომა დომინანტური გახდა. ხელისუფლებაში, როგორც ჩანს, ფეხი მოიკიდა სახიფათო მოსაზრებამ იმის თაობაზე, რომ შექმნილი სიტუაციიდან «ლამაზად» გამოსვლა უკვე აღარ გამოვა და ნებისმიერ შემთხვევაში ოპონენტებთან ძალისმიერი ანგარიშსწორება მოუწევს. რეჟიმი «სახის შენარჩუნებაზე» თითქმის აღარ ზრუნავს; ის, რასაც «ნაციონალური მოძრაობა» ბოლო თვეებში კანონმდებლობას უშვებოდა, ტრადიციულ შენიღბვას მოკლებული იყო, პრაქტიკულად აღარავინ უარყოფდა იმას, რომ ახალი დრაკონული ნორმების შემოღება მმართველი ჯგუფის ტაქტიკური ინტერესების უზრუნველყოფას ემსახურება. ალბათ, ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი იმაში, რომ საკუთარი მიზნების მიღწევისთვის მან ყველა კანონი, კონსტიტუციის ჩათვლით, შეიძლება კიდევ რამდენიმეჯერ შეცვალოს. ამასთანავე, გასულ კვირას გაჩნდა მყარი ეჭვი, რომ მანიპულაციის ობიექტად შეიძლება არჩევნების გამართვის თარიღიც იქცეს.

16 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციამ «ახალი თაობა _ ახალი ინიციატივა» გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის საკონსიტუციო სასამართლოს მიმართავს; თუ სარჩელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების კონსტიტუციით დადგენილი ვადების დარღვევის თაობაზე დაკმაყოფილდებოდა, საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, არა ოქტომბერში, არამედ მაისში ან ივნისში გაიმართებოდა. 17 თებერვალს ხსენებულმა ორგანიზაციამ თავის განზრახვაზე უარი თქვა, რადგან (მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად) «კონსულტაციებმა აჩვენა, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, ისევე, როგორც ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფი, ამ პროცესის თუნდაც წარმოების დაწყების წინააღმდეგია».

ამ უცნაურ ეპიზოდზე ყურადღების გამახვილება, ალბათ, არ დაგვჭირდებოდა, რომ არა ერთი გარემოება: კომენტატორების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ «ახალი თაობა _ ახალი ინიციატივა» ამ შემთხვევაში ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდა (ეჭვი ამასთან დაკავშირებით პირველად არ გაჩენილა). ეს მოსაზრება საკმაოდ ფართოდ გავრცელდა. ასე რომ, ამ ვერსიის განხილვა, ისევე როგორც ხელისუფლების სავარაუდო მოტივების დადგენა, ალბათ, მაინც ღირს.

ვარაუდი იმის თაობაზე, რომ სააკაშვილმა არჩევნები შეიძლება არა ოქტომბერში, არამედ უფრო ადრე დანიშნოს, რათა ივანიშვილის კოალიციას «ფრთების გაშლის» საშუალება არ მისცეს, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოითქვა. მართალია, ეს ვარიანტი არ განიხილებოდა როგორც ძირითადი, მაგრამ მოვლენების განვითარება ამ სცენარით სავსებით შესაძლებელი იყო (და დღესაც არის). აქედან გამომდინარე, ალბათ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ შემთხვევისთვის ადაპტირებული სათადარიგო გეგმა შეიმუშავა; ამას მსგავს სიტუაციაში არა მხოლოდ გამოცდილი ბიზნესმენი, არამედ ნებისმიერი, თუნდაც საშუალო კლასის პოლიტიკოსი, გააკეთებდა.

თეორიულად, საკითხის «ჰაერში გამოკიდება» ხელისუფლებას გარკვეულ ბონუსს აძლევს იმ პერიოდში, როდესაც ოპონენტი ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რომელი გეგმა აამოქმედოს. არჩევნების გადმოტანით სააკაშვილი, ერთი შეხედვით, ოპონენტს ცაიტნოტში აგდებს და, ამასთანავე, არჩევნების წინარე პერიოდში «ნაცმოძრაობის» რღვევის დაწყების ალბათობას ამცირებს. თუმცა ეს აქსიომა არ არის, რადგან ივანიშვილის «გეგმა ბ» შეიძლება არასტანდარტულ სვლებს შეიცავდეს, რომელიც ამ გათვლებს თავდაყირა დააყენებს.

ამავე დროს, 16-17 თებერვლის კაზუსი შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთგვარი ტესტი, რომლის მეშვეობით ხელისუფლებამ იმის დადგენა სცადა, თუ რა რეაქცია ექნებათ შესწორებული კონსტიტუციით განსაზღვრული ვადების «გადათამაშებაზე» ოპონენტებს და უცხოელ პარტნიორებს. ასევე, არსებობს მეტ-ნაკლებად კონსპიროლოგიური ვერსია იმის თაობაზე, რომ უთანხმოებამ წინასაარჩევნო სტრატეგიაზე მმართველი ძალის შიგნით პიკს მიაღწია და ერთ-ერთმა სახელისუფლო ჯგუფმა საკუთარი სცენარის ხორცშესხმა მეორესთან შეთანხმების გარეშე დაიწყო, რის შემდეგაც ის მყისიერად და, სავარაუდოდ, უხეშად გააჩერეს. აქ ჩვენ საინტერესო კითხვას ვუახლოვდებით: რამდენად მომგებიანი იქნებოდა ეს სცენარი «ნაციონალური მოძრაობისთვის»?

რაც მალე, მით უარესი

ერთი შეხედვით, ეს ცინიკური, პირდაპირ რომ ვთქვათ, ბინძური ვარიანტი არჩევნების გადმოტანით ხელისუფლებას, საზოგადოების განრისხების, უცხოელი პარტნიორების ზიზღნარევი შეშფოთებისა და სამოქალაქო დაპირისპირების გარდა, არაფერს მოუტანდა. მაგრამ პარადოქსულად ეს სცენარი მისცემდა ხელისუფლებას (საეჭვო) გამართლებას იმ ფანტასტიკური ციფრებისთვის, რომელსაც მის მიერ კონტროლირებადი ცესკო გამოაქვეყნებდა. «ივანიშვილმა ვერ მოასწრო კამპანიის ჩატარება და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება», _ მორცხვი ღიმილით იტყოდნენ ამ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს, ერთი შეხედვით, თითიდან გამოწოვილი არგუმენტია, თუმცა ოქტომბერში ის სააკაშვილს აღარ ექნება.

მმართველი ჯგუფისთვის არჩევნების «მოგება», თანმდევი პროტესტის ჩახშობა და სასტიკი დიქტატურის დამყარება (რის გარეშეც ის ხელისუფლების შენარჩუნებას, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს) შედარებით მარტივია დღეს და ახლო პერსპექტივაში, შემოდგომაზე კი ეს გაცილებით რთული იქნება. ამ დროისთვის ივანიშვილი თავის პოზიციებს (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ) მნიშვნელოვნად გააფართოებს და მისი სავარაუდო განცხადება არჩევნების გაყალბების თაობაზე უფრო წონადი გახდება. ამასთანავე, შემოდგომამდე რღვევის პროცესმა მმართველი ძალის შიგნით შეიძლება შეუქცევადი ხასიათი მიიღოს. ასე რომ, გარკვეული ცინიკური (დანაშაულებრივის ზღვარზე) ლოგიკა განხილული გეგმის ავტორების გათვლებში ნამდვილად იყო, მითუმეტეს, რომ ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდება, გამოწვევა მიიღოს და არჩევნებზე ნებისმიერ შემთხვევაში წავიდეს _ ივნისში იქნება ეს თუ აგვისტოში; შესაბამისი სულისკვეთების განცხადება _ «როცა უნდა იყოს, მაინც მოვიგებთ» _ კოალიციაში უკვე გაკეთდა.

გამორიცხული არაა, რომ «ნაცმოძრობის» ზოგიერთ წარმომადგენელს გაუჩნდა შეგრძნება, რომ ივანიშვილი არა მხოლოდ ძლიერდება, არამედ ნელ-ნელა ეუფლება ინიციატივას. ასეთ დაძაბულ ატმოსფეროში თამაშის წესების რადიკალურ შეცვლაზე ორიენტირებული, ერთობ ავანტიურისტული გეგმის დაბადება, ალბათ, სავსებით ბუნებრივი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მის განხორციელებას მთელი რიგი რისკებისა უკავშირდება. ძალიან შორს თუ წავალთ და პარალელების მოძებნას სამხედრო ისტორიაში შევეცდებით, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ მსგავს კრიტიკულ სიტუაციაში შლიფენი და იამამოტო გარისკავდნენ, მოლტკე-უმცროსი და ნაგუმო კი _ ვერა (ან ერთი სად ჰყავთ, ან მეორე).

«ნაცმოძრაობის» თავკაცთა ვნებებს ნუღარ ჩავუღრმავდებით, უბრალოდ, აღვნიშნოთ, რომ მათი დიდი ნაწილი მიმდინარე პროცესებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლად აღიქვამს და გადარჩენისთვის იბრძვის. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი რეალობას ერთობ განსხვავებულად აღიქვამს. ისინი, შესაძლოა, ფიქრობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის ფაქტორის განეიტრალებას მოახერხებენ, კიდევ ერთი ასეთი მასშტაბის ფიგურა საქართველოს პოლიტიკურ არენაზე მინიმუმ 10-15 წლის განმავლობაში არ გამოჩნდება და სერიოზულ საფრთხეს აღარავინ შეუქმნის. ამიტომ ისინი, როგორც ჩანს, შინაგანად მზად არიან, ნებისმიერ ხერხს მიმართონ და ისეთი გეგმა აამოქმედონ (ვერ გამოვრიცხავთ, რომ სხვა, განხილულთან შედარებით გაცილებით ბრუტალურ ვარიანტებზე არ მუშაობენ), რომელიც ჩვეულებრივი ლოგიკის გადასახედიდან შეიძლება აბსოლუტურად არანორმალური ჩანდეს. თუ ოპოზიციურ საზოგადოებას გაისად ახალ თურქმენეთში გაღვიძება არ სურს, ალბათ, ამ თემაზეც უნდა დაფიქრდეს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here