Home რუბრიკები პოლიტიკა მალე «მთავარ ფსიქიატრს» გამოგვიცვლიან

მალე «მთავარ ფსიქიატრს» გამოგვიცვლიან

634

აშშ ახალ ელჩს გვიგზავნის

შეერთებული შტატები საქართველოში ელჩს ცვლის. ბარაკ ობამამ სენატს დასამტკიცებლად რიჩარდ ნორლანდის კანდიდატურა წარუდგინა. ჯონ ბასი მალე საქართველოს დატოვებს.

რიჩარდ ნორლანდს, წინამორბედთან შედარებით, გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს. ის 1955 წელს დაიბადა და ძია სემის ინტერესებს საზღვარგარეთ 1980 წლიდან იცავს. 2007 წლის სექტემბრიდან 2010 წლის აგვისტომდე ის უზბეკეთში აშშ-ის ელჩი გახლდათ. როდესაც ნორლანდი ტაშკენტში ჩავიდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა, ორი ქვეყნის ურთიერთობა უღრუბლო ნამდვილად არ იყო.

კრიზისი 2005-ში დაიწყო, როდესაც ვაშინგტონმა ანდიჯანის სისხლიანი მოვლენების დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვა. ამის შემდეგ უზბეკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროების შემდგომ ყოფნას აღარ დაუშვებს. იმავე წლის ნოემბერში აშშ-ის ძალებმა დატოვეს ხანაბადის ბაზა, სადაც 2001 წლიდან ანტიტერორისტული კოალიციის ეგიდით იმყოფებოდნენ და ავღანეთში განხორციელებული ოპერაციების საჰაერო მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ. ამავე დროს უზბეკეთიდან მთელი რიგი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედიის წარმომადგენლები გააძევეს. დონალდ რამსფელდმა, რომელიც იმ დროს თავდაცვის მდივანი იყო, თავის მემუარებში აშშ-ის რეაქციას ანდიჯანის მოვლენებზე ბუშის ადმინისტრაციის ნაკლებად შესამჩნევი, თუმცა «ერთ-ერთი ყველაზე დასანანი შეცდომა» უწოდა. უზბეკეთის საგარეო კურსი მაშინ მკვეთრად შეიცვალა, ის რუსეთის მოკავშირე გახდა და პეკინს დაუახლოვდა.2006-2007 წლებში აშშ-უზბეკეთის ურთიერთობა ნაკლებად კონფრონტაციული გახდა, თუმცა მაინც საკმაოდ გართულებული იყო და ნორლანდი მოვალეობის შესრულებას მძიმე სასტარტო პირობებში შეუდგა. ცხადია, «ანდიჯანის გარდატეხის» შემდეგ, საუბარი იმაზე, რომ უზბეკეთი მყისიერად ისევ აშშ-ის გამორჩეული პარტნიორი გახდებოდა, როგორც ეს 2001-2005 წლებში იყო, არ შეიძლებოდა. საქმე, სავარაუდოდ, უზბეკეთის ხელისუფლებაზე ფრთხილი, თანმიმდევრული ზემოქმედების მოხდენას ეხებოდა, რომელიც ნელ-ნელა დააშორებდა მას ევრაზიულ ვექტორს და თანდათან («ბალანსის პოლიტიკის» გავლით) ისევ აშშ-ის გავლენის ქვეშ დააბრუნებდა.

განაწყენებული აზიელი დესპოტები მშიერ ვეფხვებს ემსგავსებიან და ის ფაქტი, რომ კრიტიკულ მომენტში ვაშინგტონმა ისლამ ქარიმოვის კარზე სწორედ ნორლანდი მიავლინა, მის პროფესიულ და პიროვნულ თვისებებზე საკმაოდ ნათლად მიუთითებს. მისი ელჩობის პერიოდში აშშ-უზბეკეთის ურთიერთობა ნამდვილად გაუმჯობესდა, თუმცა სასურველი შედეგის მისაღწევად ვაშინგტონს მომავალშიც საკმაო შრომა მოუწევს.

არის კიდევ ერთი ნიუანსი: იმ მომენტში ტაშკენტში არ შეიძლებოდა ისეთი ელჩის გაგზავნა, რომელიც (თუნდაც ტალეირანის გამჭრიახობა ახასიათებდეს) ადგილობრივ სპეციფიკაში არ ერკვეოდა და, ამასთანავე, არ ესმოდა რუსების, რომლებმაც 2005 წლის მოვლენების შემდეგ უზბეკეთში პოზიციების სწრაფი გაფართოება დაიწყეს. ნორლანდი აშშ-ის საელჩოში მოსკოვში 1988-90 წლებში მუშაობდა, იმ მშფოთვარე პერიოდში სსრკ-ში მყოფ ამერიკელ დიპლომატებს უნიკალური გამოცდილების მიღება შეეძლოთ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის, პენტაგონის ეგიდის ქვეშ, პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობდა. სრული ჩამონათვალი, რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან და შესაბამის პრობლემატიკასთან ნორლანდის შეხებას ასახავს, ძალზე ვრცელია, ამიტომ მოვიყვანოთ ერთი ფრაზა მისი ბიოგრაფიიდან სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე: «ელჩმა ნორლანდმა კარიერის დიდი ნაწილი აშშ-ის რუსეთთან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან ურთიერთობებს დაუთმო».

საქართველოში მუშაობა რიჩარდ ნორლანდს საკმაოდ რთულ პერიოდში, 1993-ში მოუწია, როდესაც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიაში აშშ-ს წარმოადგენდა; ვერ გამოვრიცხავთ, რომ აქ ძველი კონტაქტები დარჩა. მოგვიანებით, ანალოგიური სტატუსით ის ჩეჩნეთში ჩავიდა. თუ ამას დავუმატებთ იმ ფაქტს, რომ 2002 წლის მიწურულს და 2005-07 წლებში ის ავღანეთში (მაზარი-შარიფსა და ქაბულში) მოღვაწეობდა, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ნორლანდი «დედიკოს ბიჭი» ნამდვილად არ არის და კრიტიკულ სიტუაციებში წარმატებული მუშაობა შეუძლია.

პოსტსაბჭოთა სივრცით რიჩარდ ნორლნდის შრომითი ბიოგრაფია ნამდვილად არ შემოიფარგლება. იყო მისიები ბაჰრეინსა და ირლანდიაში, მუშაობა არქტიკის პრობლემებზე; კარიერის დასაწყისში ის ნორვეგიულ ტრომსეში მიავლინეს, ჩრდილოეთ პოლუსთან უფრო ახლოს განლაგებული აშშ-ის წარმომადგენლობა ბუნებაში, უბრალოდ, არ არსებობს.

ყურადღებას ნორლანდის ბიოგრაფიაში ორი რამ იქცევს: მან არაერთგზის იმუშავა იქ, სადაც საჭირო იყო ამერიკელი დიპლომატებისა და სამხედროების ეფექტური თანამშრომლობის მიღწევა; ზოგიერთი დეტალი გვაფიქრებს, რომ ის თავდაცვის საკითხებში კარგად ერკვევა. როდესაც ნორლანდი ლატვიაში (2003-05წწ.) მოღვაწეობდა, ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ის «შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის» დააჯილდოვა. ლატვიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, «ნორლანდმა მისიის დაწყებისთანავე გამოავლინა დიდი ინტერესი ლატვიის თავდაცვის სისტემის მიმართ და თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტები დაამყარა». ამასთანავე, მან აშშ-ის მიერ ლატვიის არმიის მოდერნიზებისთვის აუცილებელი დახმარების გამოყოფაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

მეორე მომენტი, რომელიც ამ დიპლომატის ბიოგრაფიაში ყურადღებას იზიდავს, ისაა, რომ მისი კარიერული წინსვლა შედარებით ნელია და მას უცნაური ნახტომები არ ახასიათებს. ნორლანდს, შესაძლოა, არ ჰყავს მოკავშირე აშშ-ის ხელისუფლების ზედა ეშელონებში, რომელიც მის სწრაფ აღმასვლას უზრუნველყოფდა (ნუ წარმოვიდგენთ, რომ შტატებში ამ პრაქტიკას ადგილი არ აქვს), ან კიდევ, ის ინტრიგებით ვაშინგტონის დერეფნებში თავს დიდად არ იწუხებს. როგორც ჩანს, ის სანდო პროფესიონალია, რომელსაც ზღვარგადასული ამბიციები არ ახასითებს; «არასანდო არაპროფესიონალს» კრიტიკულ მომენტში უზბეკეთში ელჩად არ დანიშნავდნენ.

დიპლომატის ოჯახში დაბადებული რიჩარდ ნორლანდი ფრანგულ, რუსულ, ნორვეგიულ და ლატვიურ ენებს ფლობს. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.

სააგენტო «პირველის» ცნობით, მას «ამერიკის საელჩოში განუცხადეს, რომ ჯონ ბასს ამ თანამდებობაზე მუშაობის ვადა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწურება. «ახალი ელჩის დანიშვნა გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს და რიჩარდ ნორლანდი საქართველოში ელჩად, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბერში ან ოქტომბერში დაინიშნება», _ აღნიშნეს საელჩოში». ამ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ახალი ელჩი საქართველოში გადამწყვეტ მომენტში _ საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩამოვა. ეს თითქოსდა არ არის საუკეთესო მომენტი ელჩის შეცვლისთვის. ერთი შეხედვით, უფრო ლოგიკური იქნებოდა, ბასისთვის შესაძლებლობა მიეცათ, იმ ციკლის დასრულებას დალოდებოდა, რომელშიც დღევანდელი ეტაპი, საკუთრივ არჩევნები და შემდგომი მოვლენები შედის ან პირიქით, ნორლანდი უფრო ადრე დაენიშნათ (პლუს-მინუს 2-3 თვე ამ შემთხვევაში არაფერს წყვეტდა). თუმცა ელჩის შეცვლა, როგოც ჩანს, ყველაზე დაძაბულ მომენტში მოხდება, როდესაც ქართული შიდაპოლიტიკური კრიზისი პიკს მიაღწევს. საინტერესოა, ხომ არ ვარაუდობენ ვაშინგტონში, რომ საქართველოში ისეთი პროცესები დაიწყება, რომელზეც ჯონ ბასი, მისი მწირი გამოცდილებიდან გამომდინარე, სათანადო რეაგირებას, უბრალოდ, ვერ მოახდენს?

საელჩოს კომენტარში აღნიშნული იყო, რომ ჯონ ბასს ვადა ეწურება. ეს შეიძლება განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავდეს, თუმცა გამორიცხული არაა, რომ ეს იყო ერთგვარი რეაქცია იმ მრავალრიცხოვან კომენტარებზე სოციალურ ქსელებში, რაც ნორლანდის წარდგენას მოჰყვა. ბევრი ინტერნეტ-მომხმარებელი ამტკიცებდა, რომ ბასს ვადის გასლაზე ადრე ცვლიან. იმის გარკვევის ნაცვლად, თუ როდის ხდება აშშ-ის ელჩების როტაცია, 3 თუ 4 წლის გასვლის შემდეგ (ბასი თბილისში 2009 წლის ოქტომბრიდან მოღვაწეობს, მისმა წინამორბედმა ჯონ ტეფტმა საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე ოთხი წელიწადი იმუშავა), უფრო საინტერესო, ალბათ, იმის დადგენა იქნება, თუ რამ გამოიწვია ინტერნეტ-კომენტატორებში ამ გარემოების ხაზგასმის სურვილი.

ჯონ ბასის 25 მაისის განცხადების შემდეგ, მასა და ქართულ საზოგადოებას შორის ნაპრალი გაჩნდა. მაშინ საკმარისზე მეტმა ქართველმა, მათაც კი, ვინც პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეების იდეებს არ იზიარებდა, ჩათვალეს, რომ ბასმა თავისი განცხადებით სააკაშვილს სადისტურ დარბევაზე «მწვანე აუნთო»; ამას ანტიამერიკული განწყობის სწრაფი ზრდა მოჰყვა. მართალია, ელჩი უარყოფდა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს მის განცხადებასა და დარბევას შორის, მომდევნო თვეებში მაქსიმალურად ცდილობდა, ქართული საზოგადოების გული მოეგო და გარკვეულ წარმატებას ამ მიმართულებით მიაღწია კიდეც, მაგრამ განაწყენება მაინც დარჩა და ბასის გამოჩენა ეკრანზე ბევრ მოქალაქეს მაინც ნეგატიურად განაწყობდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს დამოკიდებულება აისახა კომენტარებში «ბასის მოხსნის» თაობაზე, რომელიც გასულ კვირას სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

სხვათა შორის, ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ჯონ ბასს «ახლო პერსპექტივაში სხვა დიპლომატით ჩაანაცვლებენ», «საქართველო და მსოფლიომ» 8 ივნისს გამოთქვა, თუმცა დავუშვათ, რომ ვაშინგტონში არავინ დაფიქრებულა იმაზე, რომ ბასის მოქმედებამ საქართველოში ანტიამერიკული განწყობის ზრდა გამოიწვია, რომ მას სახელმწიფო დეპარტამენტში სააკაშვილის ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალ, ძლიერ დიპლომატად თვლიან, რომ მისი შეცვლის სხვა მიზეზი, ვადის ბანალური ამოწურვის გარდა, უბრალოდ, არ არსებობს. მოკლედ, თეთრ სახლამდე გზა ჰქონია, კეთილი მგზავრობა ვუსურვოთ. გაცილებით აქტუალური ისაა, რა სიტუაციაში აღმოჩნდება რიჩარდ ნორლანდი ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ.

საქართველო ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოა, თუმცა ქართული ელიტის უდიდესი ნაწილი აშშ-ის ელჩს საქართველოში ერთგვარ ზედამხედველად და არბიტრად, ძველად რომ იტყოდნენ, «მაყურებლად» აღიქვამს; სამედიცინო მეტაფორას თუ მოვიშველიებთ, მას შეიძლება «მთავარი ფსიქიატრი» ვუწოდოთ. ეს საამაყო ვითარება ნამდვილად არ არის, თუმცა ის რეალურად არსებობს და ამას ვერსად გავექცევით. რიჩარდ ნორლანდს არ უნდა გაუკვირდეს, რომ მისგან გაცილებით მეტი პრობლემის გადაწყვეტას მოითხოვენ, ვიდრე წარმოუდგენია. რაოდენ დეტალური ინსტრუქციებიც უნდა მიიღოს მან ვაშინგტონიდან (და რაც არ უნდა უთხრან სააკაშვილის ამერიკელმა მეგობრებმა), მთელ რიგ სიტუაციებში იმპროვიზება მაინც მოუწევს, თანაც იმ დროს, როდესაც ქუჩაში, ძალიან დიდი ალბათობით, ერთმანეთის პირისპირ გაგიჟებამდე მისული მომიტინგეები და პოლიციელები იდგებიან, ხოლო მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, გაწყვეტს უკანასკნელ ძაფს, რომელიც კეთილგონიერებასთან აკავშირებს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში და მის პოლიტიკურ საგიჟეთში, ბატონო რიჩარდ; ძნელი წარმოსადგენია, რომ რომელიმე კოლეგას თქვენი ახალი დანიშვნის შეშურდეს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here