Home რუბრიკები პოლიტიკა ანზორ მაისურაძე: როგორ შეიძლება დემოკრატიის დამყარებაზე ლაპარაკი ისეთ ქვეყნებში, სადაც შეიხს 50...

ანზორ მაისურაძე: როგორ შეიძლება დემოკრატიის დამყარებაზე ლაპარაკი ისეთ ქვეყნებში, სადაც შეიხს 50 ცოლი ჰყავს?!

613


შარშანდელი «არაბული გაზაფხულის» შემდეგ ისე აირია ვითარება ახლო აღმოსავლეთში, ისეთი მეტასტაზებით განვითარდა, რომ ირან-აშშ-ის შესაძლო საომარ დაპირისპირებაში ქათამივით საქართველოს წაკვლის პერსპექტივა არცთუ უსაფუძვლო შეშფოთების საგნად იქცა. სირიის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის წინააღმდეგ რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლების დემონსტრაციულმა გალაშქრებამ კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია. ამ ურთულეს ვითარებაზე თავისი შეხედულების მკითხველებისთვის გასაზიარებლად «საქართველო და მსოფლიომ» მოიწვია უშიშროების გენერალ-მაიორი ანზორ მაისურაძე.

_ ბატონო ანზორ, თქვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იორდანიაში მსახურობდით და კარგად ხართ ჩახედული აღმოსავლეთის ქვეყნების სპეციფიკაში. რას გვეტყვის დაზვერვის ვეტერანი იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს, არცთუ შორეულ სამეზობლოში ხდება?

_ მოდით, ჯერ ისტორიაში ჩავიხედოთ.

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შექმნის გარიჟრაჟზე, 1921 წლის 26 თებერვალს საბჭოთა მთავრობამ და ირანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც დღესაც ძალაშია. ამ ხელშეკრულების საფუძველზე სსრ კავშირს, მისი დაშლის შემდეგ კი რუსეთს, აქვს უფლება ირანის მთავრობასთან შეუთანხმებლად შეიყვანოს თავისი ჯარები ირანის ტერიტორიაზე. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თვითონ ვერ შეძლებს თავიდან აირიდოს საგარეო საშიშროება.ზოგს ავიწყდება ეს, მაგრამ არ ავიწყდება დიპლომატიას და, რა თქმა უნდა, დოკუმენტზე ხელმომწერი სახელმწიფოების ხელმძღვანელობას.

ახლა _ რაც შეეხება სირიას, რომელზეც საბჭოთა კავშირის გავლენა თავის დროზე ძალიან დიდი იყო. ნიშანდობლივია, რომ ამ ქვეყანაში 11 ათასი ჩვენი მოქალაქე _ მრჩევლები, ინჟინრები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მუშაობდნენ ორ ქვეყანას შორის დადებული კონტრაქტების საფუძველზე. სსრ კავშირის დახმარება მრავალმხრივი და ფართომასშტაბიანი იყო _ დაწყებული შეიარაღებით, დამთავრებული კაშხლებისა და ელექტროსადგურების მშენებლობით.

მაგრამ ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მთავარი ის არის, რომ სირიის ტერიტორიაზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ლატაკიასა და ტარტუსში განლაგებულია რუსეთის უზარმაზარი სამხედრო ბაზები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების დასაყრდენია. ამ საზღვაო ბაზებზე თავმოყრილია არა მარტო ატომური წყალქვეშა ნავები, არამედ ყველა სახეობის თანამედროვე იარაღი და ტექნიკა, რაც საჭიროა ზღვასა და ხმელეთზე ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციების საწარმოებლად.

ამიტომ შეუძლებელია, და ეს ასეც იქნება, რომ დღეს რუსეთმა, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, მხარი არ დაუჭიროს სირიის ხელისუფლებას.

_ ლოგიკა თქვენ მხარესაა.

_ არა მარტო ლოგიკა, არამედ ისტორიული გამოცდილებაც: თავის დროზე რუსეთმა მხარი არ დაუჭირა ლიბიას და დაკარგა იგი, ასევე, _ მილიარდობით დოლარის კონტრაქტები; არ დაუჭირა მხარი ერაყს, სადაც რუსეთის 12 ათასი მოქალაქე მუშაობდა და დაკარგა ერაყი.

ირანთან ცოტა სხვაგვარადაა საქმე. სხვა ქვეყნებთან შედარებით, მისი შეიარაღება იმდენად ძლიერია, რომ მისი დაბომბვა და ხელში ჩაგდება ადვილი არ იქნება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი.

თავის დროზე, როცა ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა, იოსებ სტალინმა განაცხადა, რომ ეს სახელმწიფო იქნება «ბასრი კბილი ახლო აღმოსავლეთში» («Острый зуб на Ближнем востоке»).

იმ პერიოდში ამ რეგიონში ბატონობდა ინგლისი და საფრანგეთი. როცა ისრაელის სახელმწიფოს აღდგენის საკითხი დაისვა, საბჭოთა კავშირმა მიმართა ყველა არაბულ ქვეყანას, მოდით, მოვილაპარაკოთ ამ ქვეყნის აღდგენასთან დაკავშირებულ პრობლემებზეო. არც ერთმა არ მიიღო ეს მოწვევა. მაშინ საბჭოთა კავშირმა მხარი დაუჭირა გაეროს გადაწყვეტილებას ისრაელის სახელმწიფოს შექმნის თაობაზე.

_ ეს ისტორიული ფაქტი და მასში მონაწილე სუბიექტების დამოკიდებულება მის გარშემო განვითარებულ პროცესებში თავისთავად ძალიან საინტერესოა.

_ დიახ, რა თქმა უნდა. მეც აქეთკენ მიმყავს საუბარი, მაგრამ მხოლოდ ერთი დამახასიათებელი შტრიხის გამოსაყოფად, რომელიც ამ მოვლენას სხვა კუთხით დაგვანახებს.

ვინ იყვნენ ისრაელის სახელმწიფოს პირველი ხელმძღვანელები? ვინ და _ საბჭოთა კავშირიდან წასული მოღვაწეები _ მოშე დაიანი, გოლდა მეიერი თუ სხვები. საბჭოთა კავშირის გავლენა იქ ძალიან დიდი იყო. ახლაც კი ისრაელში ცხოვრობს და საქმიანობს, თუ არ ვცდები, ორ მილიონზე მეტი საბჭოთა კავშირიდან წასული მოქალაქე, რუსულენოვანი ებრაელები და არაებრაელები _ რუსები. კნესეტშიც არიან ისინი და სახელმწიფოს მართვის სხვა სტრუქტურებშიც.

ისრაელი ერთადერთი არამუსლიმანური ქვეყანაა მთელ ახლო აღმოსავლეთში, რომელიც 18 არაბული ქვეყნის რკალშია მოქცეული. არ გინდა გაუძლო, გნებავთ, დიპლომატიურ, გნებავთ, სამხედრო, ეკონომიკურ და ყველანაირ დაპირისპირებას არაბულ სამყაროსთან?

რას აკეთებს ამ დროს ისრაელი?

იგი თავის ძალისხმევას მიმართავს იმისკენ, რომ არაბული სახელმწიფოები ერთ მუშტად არ შეიკრან: მათ დასუსტებაზე, ქვეყნებს შიგნით არსებულ წინააღმდეგობათა გართულებაზე მუშაობს. მაგალითად, როგორც კი ერაყის ჯარი ისრაელის წინააღმდეგ დაიძრებოდა, იმ წუთას თუ არა, მეორე-მესამე დღეს ქურთისტანში, ერაყის ჩრდილოეთში აირეოდა სიტუაცია. აირეოდა იმდენად, რომ ერაყის ხელმძღვანელობა იძულებული ხდებოდა, ჯარი უკან დაებრუნებინა და თავის ქვეყანაში დაემყარებინა წესრიგი. ასე კეთდებოდა რეგულარულად.

_ როგორ ახერხებდა ისრაელი ამას?

_ იარაღით, ფულით და სხვა საშუალებებით ეხმარებოდა ქურთ სეპარატისტებს იმ მიზნით, რომ, როცა ისრაელს დასჭირდებოდა, აეღმვრიათ წყალი ქვეყნის შიგნით.

_ ქურთების მუშათა პარტიას გულისხმობთ?

_ დიახ, მასაც. ქურთები პირდაპირ გამოდიოდნენ ერაყის ხელისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ ამოწყვიტა მომწამლავი გაზით სადამ ჰუსეინმა მთელი სოფელი, რაც შემდეგ ბრალად წაუყენეს მას და ჩამოახრჩვეს.

ისრაელს უპირისპირდებოდა ერაყი, ირანი, ეგვიპტე და ლიბია. რა ხდება დღეს? ეგვიპტეში ისეთი არეულობაა, რომ ძაღლი პატრონს ვერა ცნობს, კადაფი სადისტურად მოკლეს და ლიბიაშიც არეულობაა. სირიაში, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომია. რა მოხდება ხვალ ირანის წინააღმდეგ, კაცმა არ იცის.

ეს ყველაფერი კი მიმართულია იქით, რომ უზრუნველყოფილ იქნას ისრაელის უსაფრთხოება.

_ და მის უკან მდგომი ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა.

_ დიახ.

_ ესე იგი, მოქმედებს ის «ბასრი კბილი»?

_ ასეა. გაიხსენეთ, რომ ისრაელის გავლენა უდიდესია ევროპაშიც, ამერიკაშიც და, მე ხაზს გავუსვამდი, რუსეთშიც.

_ ასე მოვედით დღემდე… ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ ამჟამად საუბრობენ ირანის იზოლაციაზე, მათ შორის, არაბული ქვეყნების მხრიდანაც. თქვენ, ბატონო ანზორ, დიდხანს მუშაობდით იორდანიაში. როგორ ურთიერთობაზე შეიძლება ლაპარაკი ირანსა და იორდანიას შორის?

_ ძალიან თბილ ურთიერთობაზე. ირანის შაჰი თავის დროზე მეუღლითურთ ხშირად სტუმრობდა იორდანიას, იორდანიის მეფე მეუღლითურთ _ ირანს. არავითარი პრობლემა მათ ურთიერთობაში არ ყოფილა.

_ ასე იყო ირანში ისლამურ რევოლუციამდე, პროამერიკული შაჰის დამხობამდე. შემდეგ?

_ ხელისუფლებაში ისლამური ფუნდამენტალისტების მოსვლის შემდეგ უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა ირანსა და ისრაელს შორის. აიათოლა ჰომეინიმ ისლამის მტრებად გამოაცხადა ყველა, ვინც ისრაელთან კონფრონტაციას მხარი არ დაუჭირა. თავშეკავებული ქვეყნებიც კი, მაგალითად, ისეთი, როგორიც საუდის არაბეთია. სწორედ ამ ქვეყნის წინააღმდეგ დაიწყო ირანმა ფარული ომი. თავის დროზე მოამზადეს ტერორისტები საუდის არაბეთის მეფის მოსაკლავად. მაგრამ ეს ტერაქტი გაიშიფრა, ტერორისტები სიკვდილით დასაჯეს.

იორდანიასთან ურთიერთობა კი ისეთივე თბილი დარჩა, როგორიც იყო. იორდანია ყოველთვის ზომიერი პოლიტიკით გამოირჩეოდა ახლო აღმოსავლეთში.

არ დაგვავიწყდეს, რომ იორდანიის მეფე მუჰამედის პირდაპირი შთამომავალია. იგი ძალიან დიდ დახმარებას იღებს საუდის არაბეთიდან, სხვა ისლამური ქვეყნებიდან, მაგრამ ირანიდან _ არა.

_ არაბული რევოლუციების შემდეგ რა შეიცვალა ახლო აღმოსავლეთში?

_ ასეთ რევოლუციებს ხელისუფლებაში მუსლიმანური ფუნდამენტალისტები მოჰყავს, რომლებიც პრაქტიკულად უარყოფენ მშვიდობიან ურთიერთობას ისრაელთან. სწორედ «ძმები მუსლიმების» მოძალება გახდა აშკარა ეგვიპტეშიც, ლიბიაშიც. არაბული რევოლუციები ხელს აძლევდა აშშ-ს, კოალიციის ქვეყნებს ევროპაში, რათა ეგვიპტე, ლიბია და ა. შ. უფრო მეტად დაემორჩილებინათ.

_ მიიღეს ასეთი შედეგი?

_ მეეჭვება, რადგან «ძმები მუსულმანების» გაძლიერება ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ეს თავიდანვე მოსალოდნელი იყო, ხოსნი მუბარაქისა და მუამარ კადაფის ასპარეზიდან წასვლამ (ისინი «ძმების» დაუძინებელი მტრები იყვნენ), ფუნდამენტალისტები წინა პლანზე გამოიყვანა. მათი ხელისუფლებაში მოსვლა ახლა აღარც ამერიკელებს უნდათ, არც ისრაელს, არც ევროპას, არც რუსეთს _ არავის.

მაგრამ არის მეორე მხარეც.

ნახეთ როგორი სიუტაციაა: 200 მილიარდი დოლარი ჰქონდა კადაფის. სადაა ეს ფული? _ ევროპის და ამერიკის ბანკებში. აძლევენ ამ დოლარებს იმ ძალებს, რომლებმაც რევოლუცია მოახდინა? _ არა. იგივე მდგომარეობაა ეგვიპტეში, ერაყში.

ერაყშიც ნამუშევარი ვარ… ერაყის უდიდესი ნავთობსარეწები ვისია ახლა? _ კაცმა არ იცის, მაგრამ ამჟამად მათ აკონტროლებს ის, ვისაც უნდა გაეკონტროლებინა _ «ბრიტიშ პეტროლეუმი» და სხვა ტრანსნაციონალური კომპანიები, მაგრამ არა ერაყის სახელმწიფო სტრუქტურები.

ამდენად, პარალელის გავლება ირანთან, რომელიც უმდიდრესი ენერგორესურსების მქონე ქვეყანაა, იოლია.

ცნობილი დებულებაა: ვის ხელშიცაა ენერგორესურსები, ის ბატონობს მსოფლიოში. ის სახელმწიფოები, რომლებიც მსოფლიო ბატონობისკენ ისწრაფიან, ამ რესურსების ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ეს ხომ უმარტივესია.

_ ეს გასაგებია. მაგრამ, ვთქვათ, იგივე ხოსნი მუბარაქის მოცილებამ, რომელიც პროამერიკელი იყო, ხომ უკიდურესად გაურთულა სიცოცხლე რეგიონში ამერიკასაც და ისრაელსაც?

_ ნურას უკაცრავად! ხოსნი მუბარაქს დამთავრებული აქვს მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. როგორ გგონიათ, ვისი კაცი იყო?

_ რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის.

_ მაგრამ არა ისეთი, როგორიც ამ გამოთქმაში იგულისხმება, არამედ უფრო პირდაპირი და კონკრეტული.

_ გადაბირებას და აგენტობას გულისხმობთ?

_ დიახ. მუბარაქმა თავისი პრეზიდენტობის პერიოდში განახორციელა ის პოლიტიკა, რომელიც საბჭოთა კავშირს სჭირდებოდა. ეს ზოგადად. მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს კავშირი დაიშალა, გაჟონა ინფორმაციამ, რომ ეგვიპტის ლიდერის ლოიალობა ამერიკისადმი, ისრაელთან ნორმალური დამოკიდებულება «მეორე პლანის მოქმედება» იყო, რითაც ნიღბავდა ურთიერთობას საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებთან. ინტერესთა-ინტერესიც აქ იდო.

გაჟონა ამ ინფორმაციამ და კიდეც მოხდა სახელმწიფო გადატრიალება ეგვიპტეში. ვისი ხელით, ამას თქვენი მკითხველი თავად მიხვდება.

_ გაეროს რეზოლუციას რუსეთმა მხარი არ დაუჭირა…

_ ვერც დაუჭერდა მიზეზების მთელი იმ კომპლექსის გამო, რომელთაც პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვს რუსეთის ინტერესებთან ახლო აღმოსავლეთში. სხვა თუ არაფერი, როგორ ფიქრობთ, იმ უზარმაზარ სამხედრო ბაზებს, რომლებიც, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ლატაკიასა და ტარტუსში აქვს, მიატოვებს და აიყრება იქიდან?

_ არა, მაგრამ საქართველოდან ხომ გავიდა?

_ და ისევ დაბრუნდა ცხინვალსა და აფხაზეთში. ვინც გინდა იყოს რუსეთის ხელისუფლების სათავეში, არ დათმობს ხმელთაშუა ზღვაზე კონტროლის შესაძლებლობას.

_ ირანის თემას დავუბრუნდეთ. ვთქვათ, ამერიკამ დაიწყო სამხედრო ინტერვენცია ირანის წინააღმდეგ…

_ რას მოიმოქმედებს რუსეთი?

_ დიახ.

_ გადაწყვეტით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იმ ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ ლენინის დროს დაიდო საბჭოთა რუსეთსა და ირანს შორის და რომელიც არ გაუქმებულა, გამორიცხული არ არის, რომ რუსეთმა იმ ხელშეკრულების ვალდებულებათა მიხედვით იმოქმედოს. გაიხსენეთ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირმა აქტიურად გამოიყენა ირანის ტერიტორია. ბევრის მთქმელია ისიც, რომ დიდი სამეულის შეხვედრა 1943 წელს სწორედ თეირანში გაიმართა და არსად სხვაგან.

_ ხვალ რომ დაიწყოს ომი, საქართველო შეეწირება?

_ ღმერთმა არ ქნას, რომ ომი დაიწყოს! არა მგონია, რომ ამერიკა გადავიდეს კრიტიკულ ზღვარს და დაიწყოს ირანის დაბომბვა.

_ მაგრამ ეს ხომ «დემოკრატიის დამყარების» მიღებულ საშუალებად ითვლება დღეს?

_ როგორ შეიძლება დემოკრატიის დამყარებაზე ლაპარაკი ისეთ ქვეყნებში, სადაც შეიხს 50 ცოლი ჰყავს?! დარწმუნებული ვარ, რომ, მაგალითად, ავღანეთი არასოდეს გახდება ევროპის ქვეყნების მსგავსი დემოკრატიული სახელმწიფო.

_ ირანს თუ შეუტევს ამერიკა, თუნდაც დემოკრატიული დროშით, ანალიტიკოსების აზრით, ხალხი მუჰამედ ახმადი ნეჟადის ხელისუფლების მხარეს დადგება…

_ ასე იქნება. ნებისმიერ დემოკრატიას აქ ეროვნული გრძნობები, სამშობლოს დაცვის მოტივი გადაფარავს.

_ ესე იგი, სამხედრო ოპერაცია კრახით დამთავრდება?

_ არ ვიცი. თუ აშშ მთელ თავის სამხედრო პოტენციალს, მათ შორის, ბირთვულ იარაღსაც გამოიყენებს, შეიძლება წარმატებასაც მიაღწიოს, მაგრამ მაშინ მთელი მსოფლიო დაზარალდება. ასეთ ვითარებაში საქართველოს «დაცულ ტერიტორიად» ვერ წარმოვიდგენთ.

აშშ და ისრაელი ირანში #1 მტრებად არიან გამოცხადებულნი. დიდი აგრესია მოდის ირანის მხრიდან. ამიტომაა, რომ აშშ და ისრაელიც მოწადინებულები არიან, დააცხრონ ეს აგრესია, მათ შორის, სამხედრო ძალითაც. დღეს ვერავინ იტყვის, რით დამთავრდება ეს დაპირისპირება.

პატური სიტუაციაა, საიდანაც გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს.

მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

თუ გახსოვთ, ერთხელ ჩვენ ვილაპარაკეთ, თუ როგორ ჩაითრია ამერიკამ რუსეთი ავღანეთთან ომში.

იცით, რა როლი ითამაშა რუსეთმა ერაყის წინააღმდეგ ამერიკის ინტერვენციაში?

_ არა.

_ ყველას ახსოვს, რომ ერაყის წინააღმდეგ ომის მიზეზთა-მიზეზი იყო ვარაუდი, რომ იქ მასობრივი განადგურების იარაღს ამზადებდნენ. მაშინ აშშ-მა რუსეთს ჰკითხა, აქვს თუ არა ინფორმაცია, რომელიც ამას დაადასტურებდა? რუსეთმა დადებითი პასუხი გასცა. მე ცოტა ვაუბრალოებ ამ მომენტს, მაგრამ პრინციპულად ასე იყო.

_ და ასე, ერაყთან ომში ჩათრევით, გადაუხადა რუსეთმა სამაგიერო ამერიკას.

_ თუმცა, ამ პასუხის მიუხედავადაც, აშშ მაინც განახორციელებდა აგრესიას, რომელიც არა მარტო ჩაფიქრებული, არამედ დაგეგმილი და დამუშავებული ჰქონდა. ხელი წაჰკრა, მიდი, ძმაოო…

ირანთან ომის საბაბად კვლავ ბირთვული იარაღის დამზადების საშიშროება არის წამოყენებული. მართლა ამზადებს თუ არა ირანი ატომურ ბომბს, არავინ იცის.

რუსეთი რატომ არ აცხადებს იმავეს, რაც ერაყთან დაკავშირებით დაადასტურა?

იმიტომ, რომ მეზობელი ქვეყანაა, ხელშეკრულება აქვს დადებული და არეულობა, რომელშიც თვითონაც შეიძლება აღმოჩნდეს ჩათრეული, ხელს არ აძლევს.

ამერიკელებმა, თუ ჭკუა აქვთ, ირანთან ომი არ უნდა დაიწყონ, თუნდაც იმიტომ, რომ შეიძლება დაუპირისპირდნენ ორ უზარმაზარ ქვეყანას _ რუსეთსა და ჩინეთს, ინდოეთსაც, სხვათა შორის, რომელიც ირანის ენერგოშემცველების უდიდესი მომხმარებელია.

_ ესე იგი, რუსეთი და ჩინეთი ირანთან საომარი დაპირისპირების წინააღმდეგია.

_ კი, ასეა. ოფიციალურად ასეცაა განცხადებული, მაგრამ ეგებ სამხედრო დაპირისპირება ხელს აძლევს რუსეთს?

_ რა შემთხვევაში?

_ ვთქვათ, ირანმა ჩაკეტა ორმუზის სრუტე (ამას მეორედ იმუქრება), ვის ნავთობზე გაიზრდება მოთხოვნილება?

_ რუსეთის ნავთობს გულისხმობთ?

_ დიახ. ეს ყველაფერი ქვეტექსტია.

_ ჩვენ რა ვქნათ, ამ პატარა საქართველომ, ვიტრიალოთ ქვეტექსტების ლაბირინთში?

_ მე რატომ მეკითხებით? დაუსვით ეს შეკითხვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ვაშაძეს. ის გიპასუხებთ.

ესაუბრა
არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here