Home რუბრიკები პოლიტიკა ნატო თუ ნეიტრალიტეტი?

ნატო თუ ნეიტრალიტეტი?

1228


რა ურჩია ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილმა საქართველოს რუსეთთან და სტალინთან დაკავშირებით

ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი: «რუსეთი მეტად ანგარიშგასაწევი ძალაა. ჩემი რჩევა იქნება, რომ მარტო ცუდს ნუ გაიხსენებთ! გახსოვდეთ, რომ ბევრი კარგიც იყო თქვენ შორის… ვიცი, თქვენი გულისტკივილი… ვიცი, რომ ხშირად გტკენიათ გული, მაგრამ მოდით ხვალინდელ დღეზე ვიფიქროთ. თქვენ აუცილებლად უნდა მონახოთ გასაღები რუსეთთან, დამერწმუნეთ, სხვა ისე ვერავინ დაგეხმარებათ, როგორც ისინი. თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ დამოუკიდებლად ფეხზე წამოდგომა…»

ჩრდილოეთ ატლანტიკური თავდაცვითი ალიანსი 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა, რომლის ჩამოყალიბების იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ დასავლეთ ევროპის არც ერთ ქვეყანას, ომის შემთხვევაში, არ შეეძლო დამოუკიდებლად დაეცვა თავი საბჭოთა კავშირისგან და ამისთვის საჭირო გახდა, გაერთიანებულიყვნენ კავშირში, რომელსაც შემოკლებით ნატო ეწოდა.შეთანხმება კავშირის შესახებ მოითხოვს, რომ «ბლოკის ყველა წევრმა თანამედროვე ომის მომზადებისა და წარმოებისთვის თავისი ინტერესები უნდა დაუმორჩილოს საერთო ინტერესებს და მაქსიმალური წვლილი უნდა შეიტანოს ერთობლივ სამხედრო მომზადებაში და ამავე დროს უნდა იქონიონ იმედი მოკავშირეების მხრიდან მხარდაჭერაში».

ნატოს მოქმედების არეალი თავდაპირველად ვრცელდებოდა ალიანსის ევროპულ ქვეყნებზე, თურქეთზე, ხმელთაშუაზღვის აკვატორიაზე, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ ატლანტიკაზე.

1955 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნატოში გაწევრიანების შემდეგ ამ ორგანიზაციის საპირისპიროდ ამავე წელს შეიქმნა მეორე სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი ვარშავის ხელშეკრულების სახით.

ორივე ბლოკი ერთმანეთს არ ენდობოდა და გამალებით იარაღდებოდა. ისინი ყველა საშუალებას იყენებდნენ ურთიერთდასასუსტებლად და თავიანთი გავლენის გასაძლიერებლად დედამიწის ნებისმიერ წერტილში და ეს დაპირისპირება გასული საუკუნის 60-იან წლებში კინაღამ არ გადაიზარდა ახალ მსოფლიო ომში.

მხარეებს შორის ომის შემთხვევაში, საბჭოთა სამხედრო დაზვერვის გათვლებით, ამიერკავკასიაზე მოსალოდნელი იყო 180-210 ერთეული 50 კტ-ის საჰაერო ბირთვული დარტყმის განხორციელება: თბილისზე _ 8-9, სხვა ქალაქებზე _ 2-5 და, რა თქმა უნდა, სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზეც _ 1-2.

ეს ვარიანტი ყოველთვის თამაშდებოდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ნებისმიერ საარმიო და საფრონტო საკომანდო-საშტაბო სწავლებებსა და ვარჯიშებზე მათ საწყის ეტაპზე.

მსოფლიოს უკვე აქვს კარგი წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს ბირთვული იარაღის გამოყენება და ატომური რეაქტორების აფეთქება ან დაზიანება, რომლის შედეგადაც დაიღუპა ან დასნეულდა ასი ათასობით ადამიანი.

ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა მოხდებოდა ქვეყანაში, ერთ ან ორ ბირთვულ ქობინს რომ მოეღწია საქართველომდე.

ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ომის შემთხვევაში, თუ ჩვენ გავხდით ალიანსის წევრი ქვეყანა, აგვცდება ბირთვული დარტყმა.

რას ვიგებთ ნატოში შესვლით? შეიძლება თუ არა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებით გადაწყდეს ჩვენი ყველაზე მტკივნეული პრობლემა _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?

ვინ გვპირდება ამას?

ჯერ გავარკვიოთ, სურს თუ არა საქართველოს მოსახლეობას ნატოში გაწევრიანება?

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კითხვას: «გსურთ თუ არა, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა?», ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 77%-მა მხარი არ დაუჭირა (არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 53%-მა, და მათგან 30% წინააღმდეგი იყო. 47%+30%=77%.

ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ გამოკითხვაში არ მონაწილეობდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, ეს ციფრი, ალბათ, უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. ე.ი. გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ ნატოში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა.

მაშ, ვის სჭირდება ეს?

ის პოლიტიკოსები, რომლებიც ძალიან ცდილობენ, ქვეყანა ამ ორგანიზაციაში გააწევრიანონ, არანაირ იმედს არ იძლევიან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, პირიქით, მათი ინტერვიუები, საგაზეთო თუ საჟურნალო სტატიები და სატელევიზიო გამოსვლები შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ისინი შეგუებულნი არიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ არსებობას და მზად არიან, ალიანსში გააწევრიანონ საქართველოს დარჩენილი ნაწილი.

სხვა გზას ბლოკში შესასვლელად ისინი ვერ ხედავენ.

ისმის კითხვა: მიგვიღებენ კი ამ ორგანიზაციაში მეზობელ ქვეყნებთან მოუგვარებელი საზღვრებისა და რეგიონში შექმნილი მძიმე ვითარების გამო?

არავითარ შემთხვევაში, რადგანაც ამ პირობებში საქართველოს ნატოში გაწევრიანება პრობლემებს შეუქმნის თვით ამ ორგანიზაციას.

ან ჩვენ რა, არ გვაინტერესებს, თუ როგორ შეხედავენ მეზობელი ქვეყნები საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანებას მათი ინტერესების გაუთვალისწინებლად? როგორ მოიქცევა ჩვენთან მცხოვრები ასიათასობით აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების მოქალაქე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის შემთხვევაში?

ასეთი სიტუაციების მოდელირება ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების სასარგებლოდ არ მეტყველებს.

საქართველოს ალიანსში მიღება გამოიწვევს ამ ორგანიზაციის მიმართ კიდევ უფრო მეტი უნდობლობის გაღვივებას რუსეთის მხრიდან, რაც ამ ბლოკისთვის არახელსაყრელია. მათთვის რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დალაგება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს ნატოში გაწევრიანება.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ენერგორესურსების უწყვეტი მიწოდება ევროპისთვის მშვიდობიანობის და ომის დროსაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მაშინ ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ ნეიტრალური საქართველო უფრო მისაღებია ევროპისთვის, ჩვენი უშუალო მეზობლების, სპარსეთისა და შუა აზიის ქვეყნებისთვის, ვიდრე სამხედრო ბლოკში მყოფი ქვეყანა. და რაც მთავარია: ნეიტრალიტეტის სტატუსი ყველაზე მისაღებია საქართველოსათვის. სწორედ მაშინ ხდება ის მიმზიდველი და სწორედ მაშინ ხდება რეალური ქვეყნის გაერთიანების შესაძლებლობა.

სავსებით შესაძლებელია, რომ ქართველი, აფხაზი და სამხრეთ ოსეთის დარბაისელი ინტელიგენციისა და გონიერი პოლიტიკოსების მეშვეობით მოხერხდეს ახალი რეფერენდუმების ჩატარება გაერთიანების საკითხზე, რომლის შედეგებსაც აუცილებლად სცნობს რუსეთიც.

ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ მუდმივი არაფერი არაა და ცხოვრება ცვალებადია.

თავის დროზე (1975 წ.) ევროპის ქვეყნებმა (ალბანეთის გარდა), აშშ-მა და კანადამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ქ. ჰელსინკში, რომლის თანახმადაც დასტურდებოდა ევროპაში ჩამოყალიბებული საზღვრების ხელშეუხებლობა. მაშინ მსოფლიო სცნობდა ორ გერმანიას და დამოუკიდებელ დასავლეთ ბერლინს. დღეს გერმანია ერთიანია და მისი დედაქალაქია ბერლინი.

და თუ გავიხსენებთ ისტორიასაც, რუსეთის შემოსვლამ ამიერკავკასიაში გააერთიანა დაქსაქსული სამეფო-სამთავროები და დაუბრუნა დედასამშობლოს სამცხე-ჯავახეთი და აჭარა. ერმა შეინარჩუნა ენა, მამული, სარწმუნოება, ტრადიციები და ადათ-წესები, მოსახლეობა დამშვიდდა, გამრავლდა; გაძლიერდა სოფელი, განვითარდა ქალაქი.

სტატიის დასასრულს მკითხველს მინდა შევახსენო აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის (უმაღლესი სამხედრო პირი შეიარაღებულ ძალებში), გენერალ ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის რჩევა რუსეთთან ურთიერთობებში.

ცნობილი ჟურნალისტის _ მერაბ ბერაძის კითხვაზე: «საქართველოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობები რუსეთთან?», გენერალმა ასე უპასუხა:

«რა თქმა უნდა. ეს რამდენიმეჯერ აღვნიშნე და არა მარტო აქ, საქართველოში… რუსეთი მეტად ანგარიშგასაწევი ძალაა. ჩემი რჩევა იქნება, რომ მარტო ცუდს ნუ გაიხსენებთ! გახსოვდეთ, რომ ბევრი კარგიც იყო თქვენ შორის… ვიცი, თქვენი გულისტკივილი… ვიცი, რომ ხშირად გტკენიათ გული, მაგრამ მოდით ხვალინდელ დღეზე ვიფიქროთ. თქვენ აუცილებლად უნდა მონახოთ გასაღები რუსეთთან, დამერწმუნეთ, სხვა ისე ვერავინ დაგეხმარებათ, როგორც ისინი. თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ დამოუკიდებლად ფეხზე წამოდგომა…»

და კიდევ მეორე რჩევა:

«კორექტულად არ მიმაჩნია ჩემგან სტალინის როლის შეფასება და მისი ღვაწლის აღნიშვნა. ერთი რამ კი უდავოა: გვინდა თუ არა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, სტალინი მთელ მსოფლიოში რაღაც განსაკუთრებულ, ამაღლებულ პიროვნებას წარმოადგენდა. ისე კი ჩემი რჩევა იქნება, რომ როგორმე თვით ქართველებმა იზრუნონ იმაზე, თუ როგორ მოიგონონ იგი და არ მისცენ დავიწყებას».

მერაბ ბერაძე, «ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი». ქ. თბილისი, 1998 წ.

დასანანია, რომ დღეს მისი ეს რჩევები არ არის «მოდაში».

ალექსანდრე ტოლსტოი

P.S. მინდა მადლობა გადავუხადო სტატიის მომზადებაში: მერაბ ბექარაძეს, ვალერიან გომელაურს, ლევან დოლიძეს, გივი ლეფონავას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here