Home რუბრიკები პოლიტიკა Gurcistan vilayeti*

Gurcistan vilayeti*

1001


საქართველოს ხელისუფლებამ ანტიეროვნული, ლიბერალიზმის ნიღაბს ამოფარებული პოლიტიკით, რომელიც ყოველგვარი ეროვნულის წინააღმდეგაა მიმართული, ქვეყანა დესუვერენიზაციისა და დენაციონალიზაციის გზაზე დააყენა. მმართველი ძალის მიერ დეკლარირებული «დასავლური ორიენტაცია» და «ევროპულ ოჯახში გაწევრიანება» ისეთივე ყალბი გამოდგა, როგორც სააკაშვილის წინასაარჩევნო დაპირება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ.

სამწუხაროდ, სააკაშვილის რეჟიმის მიერ პიარზე აგებული პოლიტიკა და ანტირუსული რიტორიკა არა სუვერენიტეტის განმტკიცების წყარო, არამედ მისი რღვევის საფუძველი გახდა. ხოლო დასავლური ვექტორის, როგორც იდენტურობის შენარჩუნებისა და სამომავლო არსებობის განმსაზღვრელი ფაქტორის, ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება ვერ მოხერხდა. დღეის მდგომარეობით, მართალია, რუსეთი აგრესორია, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, მაგრამ ეს თურქეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის ხელშეწყობის მიზეზად არ გამოდგება, ვინაიდან რუსეთის დერჟავნიკულ მიზნებზე უფრო მეტად საშიში და დამღუპველი თურქეთის გეოპოლიტიკური ინტერესებია, რომლებიც საქართველოს და საერთოდ კავკასიის პანთურქული იმპერიის შემადგენლობაში შეყვანას ითვალისწინებს.მითუმეტეს სახიფათოა თურქეთის გავლენის ზრდა საქართველოზე იმ ვითარებაში, როცა ამერიკისა და ნატოს მიერ თურქეთი რეგიონის ერთპიროვნულ ლიდერად არის აღიარებული და მისი მზარდი ამბიციები გარკვეულწილად წახალისებულია. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ თურქულ-ბერძნული დაპირისპირებისას (ორივე სახელმწიფო ნატოს წევრი იყო) დასავლეთმა მხარი არა ქრისტიანულ საბერძნეთს, არამედ ისლამურ თურქეთს დაუჭირა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი მზადაა, იმსხვერპლოს ნებისმიერი, მათ შორის ნატოს წევრი სახელმწიფოს ინტერესები, ოღონდაც თურქეთის მხარდაჭერა არ დაკარგოს. შესაბამისად, დასავლეთი თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიას არ (ან ვერ) შეეწინააღმდეგება.

საქმე ის არის, რომ სააკაშვილის რეჟიმის წაყრუების პოლიტიკის ფონზე, დღეს აჭარის რეგიონის გამალებული ისლამიზაციისა და საქართველოს თანმიმდევრული ანექსიის ფარული პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ჰუმანიტარულ პროექტებს ამოფარებული თურქეთის ნაციონალისტური წრეები ახორციელებენ თავიანთი უტოპიური იდეის _ პანთურქული იმპერიის შექმნის მიზნით, რომელიც, პანთურქული კონცეფციის მიხედვით, საკმაოდ ვრცელ არეალს მოიცავს: ერთის მხრივ, ბალკანეთიდან ყირიმამდე, ხოლო, მეორე მხრივ, _ აღმოსავლეთ ციმბირიდან დასავლეთ ჩინეთამდე, ანუ ამ თურქულმა სახელმწიფომ ე. წ. თურანის იმპერიამ უნდა მოიცვას მთელი თურქულენოვანი ხალხები მათი განსახლების სივრცეებითურთ. ბუნებრივია, ამ არეალში ექცევა კავკასიის ორივე განედი. ამ მიზნის მიღწევის იარაღად კი იყენებენ ისლამის რელიგიას, როგორც ახალ გეოპოლიტიკურ იარაღს.

უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მაღალმთიანი აჭარიდან, კერძოდ ხულოს, ქედას და შუახევის სოფლებიდან და სასაზღვრო ტერიტორიებიდან ჩამოჰყავთ ბავშვები, ძირითადად, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, და «ჰუმანიტარული» მიზნებით გახსნილ რელიგიურ პანსიონატებში (ასეთი სახის პანსიონატები ბათუმის სიახლოვეს 10 ფუნქციონირებს: 7 _ ვაჟთა, 3 _ ქალთა) უსასყიდლოდ ასწავლიან. ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში აგზავნიან სასწავლებლად. სკოლებიდანვე მიმდინარეობს მათი ფსიქოლოგიური დამუშავება, რითაც ეტაპობრივად იმზადებენ ნიადაგს ჩვენი ტერიტორიის ,,ასათვისებლად», ხოლო ამ ბავშვების სახით თანამედროვე «მამლუქებსა» და «იანიჩარებს» ზრდიან. მაგრამ ყველაზე სავალალო არის ის, რომ მეზობელი ქვეყნის ამ დანაშაულებრივ პოლიტიკას ხელს უწყობს და სასათბურე პირობებს უქმნის საქართველოს ანტიეროვნული ხელისუფლება. 

ამ ფონზე მეტად საჭვოდ გამოიყურება საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტრებს შორის 26 იანვარს ანკარაში მიღწეული შეთანხმება, რომელიც ნაჩქარევად, თითქმის გასაიდუმლოებულ ვითარებაში იქნა ხელმოწერილი. შეთანხმების ძალით, ოშკისა და იშხანის რესტავრაციის სანაცვლოდ, ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აშენდება, ხოლო ახალციხეში, რაბათის კომპლექსში არსებულ აჰმედიეს მეჩეთს რესტავრაცია ჩაუტარდება.

ამ შეთანხმების წინააღმდეგი გამოვიდა საპატრიარქო, რომელიც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში უკმაყოფილებას გამოთქვამს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და სენსიტიური საკითხის გადაწყეტის პროცესში დედაეკლესიის ჩაურთველობის გამო. თუმცა მაინც კომპრომისზე მიდის და აზიზიეს მეჩეთის სანაცვლოდ თურქეთის ტერიტორიაზე ქრისტიანული ბაზილიკის აღდგენას მოითხოვს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: «ვითხოვთ მხოლოდ უძველეს ქართულ საეპისკოპოსო ქალაქ არდაშენში (ლაზეთის მხარე) მცირე ზომის ბაზილიკის ჩვენი თანხებით აღდგენა-ამოქმედებას (შევნიშნეთ, რომ ამ რეგიონში ქართული სხვა არაერთი გაცილებით დიდი ძეგლია) და ამის შემდეგ თურქეთსა და საქართველოში მეჩეთებისა და ტაძრების რესტავრაციაზე საუბარს ჩვენი მონაწილეობით. ხოლო თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისთვის მიუღებელია, ჩვენთვისაც ყოვლად მიუღებელია ოშკისა და იშხანის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა».

საპატრიარქოს შეთავაზება არ არის ულტიმატუმი, არამედ სამართლიანი მოთხოვნაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს განცხადება დაგვიანებულ რეაქციად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან საპატრიარქოს იმთავითვე უფრო პრინციპულად უნდა მოეთხოვა, თავიდანვე ყოფილიყო ჩართული თურქეთისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის გამართულ მოლაპარაკებათა პროცესში, რომელიც, უკვე ორი წელია, მიმდინარეობს, რადგან იმის ილუზია არავის არ ჰქონია, რომ შეთანხმება საქართველოს სასარგებლოდ იქნებოდა მიღწეული. ამიტომ სულაც არ არის მოულოდნელი ის გარემოება, რომ სააკაშვილის ანტიეროვნულმა რეჟიმმა ისარგებლა პატრიარქის საქართველოში არყოფნით და ხელი დაუყოვნებლივ მოაწერა ისეთ შეთანხმებას, რომელიც ქართულ მხარეს აშკარად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს.

ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, აზიზიეს მეჩეთი იქნება ხის ორსართულიანი კონსტრუქცია, თუმცა მისი აღდგენა იმავე ადგილზე, სადაც თავის დროზე ის არსებობდა, ვერ მოხერხდება. შესაბამისად, ქართული მხარე მეჩეთის ასაშენებლად ადგილს თავად შეარჩევს.

შეთანხმების ეს ნაწილი აშკარად დისკრიმინაციულია, რადგან, თუ ნაცვალგების პრინციპსა და ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზეა საუბარი, მაშინ გაუგებარია, რატომ დათანხმდა ქართული მხარე თურქეთის ხელისუფლებას, ააშენოს ის, რაც უკვე არ არსებობს, მითუმეტეს იმ ქალაქში, რომელზეც ლამის დე ფაქტო სუვერენიტეტსა და სახელმწიფო იურისდიქციას, ეკონომიკურ და რელიგიურ ექსპანსიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, თურქეთი ახორციელებს. ასევე, გაუგებარია, «დასავლური ღირებულებების ერთგული» ხელისუფლება რატომ უწყობს ხელს თურქეთს, მოახდინოს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი რეგიონის ისლამიზაცია და საქართველოს ინტერესების ხარჯზე გაიმყაროს პოზიციები კავკასიაში?! მაგრამ «ნაციონალური» ხელისუფლება თურქეთთან მიმართებაში მარტივი პრინციპით ხელმძღვანელობს: ჩადე ინვესტიცია, დიქტატურა ფინანსურად უზრუნველყავი და გრძელვადიან პერსპექტივაში ამ გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს, სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს საერთოდ არ აინტერესებთ.

ხელისუფლების ეს არაგონივრული გადაწყვეტილება, არცთუ ისე შორეულ პერსპექტივაში, დიდი პრობლემის გამომწვევი შეიძლება გახდეს, ვინაიდან, როგორც კი ბათუმში თურქეთის სახელმწიფო მეჩეთს ააშენებს, თანაც ოსმალეთის იმპერიის სიმბოლოს, არ არის გამორიცხული, აჭარაში აქტიურად დაიწყოს აგიტაცია-პროპაგანდა აღნიშნული რეგიონის თურქეთთან შეერთების მოთხოვნით, რადგან ქართველი მუსლიმების თითქმის 80% სწორედ ამ რეგიონში ცხოვრობს, რითაც კიდევ ერთი თავსატეხი დაემატება საქართველოს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თურქეთი დღემდე ამ რეგიონს «თავის ტერიტორიად» მიიჩნევს.

ამიტომ სააკაშვილის რეჟიმი, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ვალდებულია, შეაჩეროს თურქეთის მზარდი ექსპანსია და ისლამიზაციის პროცესი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავრჩებით არა საქართველოდ რესპუბლიკად, არამედ შუა საუკუნეების ავადსახსენებელი პერიოდის მსგავსად გურჯისტანის ვილაიეთად ვიქცევით.

ზურაბ ჯამბურია

* მსხვილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული თურქეთში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here