Home რუბრიკები პოლიტიკა აზიზიეს მეჩეთი – თურქული ოკუპაციის ცოცხალი ძეგლი

აზიზიეს მეჩეთი – თურქული ოკუპაციის ცოცხალი ძეგლი

1540


აზიზიე, რომლის სახელობის მეჩეთის ირგვლივ, უკვე მეორე წელია, არ წყდება კამათი და დაპირისპირება, ოსმალეთის სულთანი იყო. 1863 წელს დედამისმა – ვალიდე ხანუმმა სთხოვა მას ბათუმში მეჩეთის აშენება. 1868 წელს სახელდახელო, ოსმალო სამხედროებისთვის განკუთვნილი ორსართულიანი ხის მეჩეთი მართლაც აშენდა. იგი არც გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობას და არც კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენდა. XX საკუნის 40-იან წლებში ხის მოძველებული შენობა ხანძარმა გაანადგურა. საქართველოს ხელისუფლების დიდი მზრუნველობა საკულტო ნაგებობებსა და რწმენის საკითხებზე, ზოგადად, სასაცილოდაც არ ჰყოფნის მოსახლეობას. ფერიას მთაზე დანგრეული მშენებარე მართლმადიდებლური ტაძრის გარდა, ქობულეთის რაიონის სოფელ მუხაესტატეში მეჩეთი დაანგრიეს და მის ადგილას პოლიციის შენობა წამოჭიმეს! მაშ, რაღა აზიზიეს მეჩეთის მიმართ აეშალათ ტოლერანტობის საღერღელი?

10 თებერვალს კულტურის სამინისტრომ შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა: «როგორც ცნობილია, ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ძეგლი თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მათ შორის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნამდვილი გვირგვინი ოშკი, ასევე იშხანის ტაძარი, ინგრევა და უკვე განადგურების პირას არის მისული. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, გამოდის რა მოსაზრებიდან, რომ ამ ძეგლების საბოლოო განადგურება ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა ქართველი ერისათვის, უკვე რამდენიმე წელია, აწარმოებს მოლაპარაკებას თურქულ მხარესთან ქართული კულტურის საგანძურის გადარჩენისა და მომავალი თაობებისათვის პირვანდელი სახით გადაცემის კუთხით. ამ მოლაპარაკებების დროს თურქულმა მხარემ დააყენა საკითხი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ისლამური კულტურის ძეგლების აღდგენისა და მოვლის თაობაზე. კერძოდ, ოშკსა და იშხანში განხორციელებული სამუშაოების კვალდაკვალ თურქული მხარე აყენებს საკითხს ახალციხეში არსებული მეჩეთის მოვლისა და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენის თაობაზე…აზიზიეს მეჩეთი, რომელიც დღეისათვის მთლიანად განადგურებულია და მუსლიმი ქართველებისათვის მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, აღდგენილი იქნება ისტორიული მასალების მიხედვით და მისი რეკონსტრუქციის ადგილის განსაზღვრა საქართველოს მხარის პრეროგატივას წარმოადგენს. მთავრობებს შორის შეთანხმება გულისხმობს აღდგენილი ძეგლების ფუნქციონირებას კულტურულ ცენტრებად.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საპატრიარქო, ისევე როგორც ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობით დაინტერესებული საზოგადოება, მუდმივად საქმის კურსში იყო მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე. უკანასკნელი შეხვედრა ამ თემაზე კულტურის მინისტრმა საპატრიარქოში ამ ორიოდე დღის წინ გამართა, ვინაიდან საკითხი ეხება ეროვნულ საქმეს, ჩვენი ძეგლების გადარჩენას და შესაბამისად, საპატრიარქოს აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მომავალშიც – სამინისტრო მზად არის ყველა დაინტერესებულ მხარეს სრული ინფორმაცია მიაწოდოს».

ეს განცხადება, როგორც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს სჩვევიათ, უამრავ სიცრუეს შეიცავს. ხელისუფლება გულდაგულ მალავდა, რომ მოლაპარაკებებს თურქულ მხარესთან მეჩეთების აღდგენა-აშენების საკითხზე 2006 წლიდან მართავდა. პირველად ეს ამბავი მხოლოდ 2010 წლის მიწურულს გახდა ცნობილი. საზოგადოება სწორედ იმას აპროტესტებდა, რომ მოლაპარაკების პროცესი დახურული და გაუმჭვირვალე იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ზუსტად ერთი წლის წინ, როცა სკანდალი უკვე დაწყებული იყო, მის თურქ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელშეკრულებას ჯერ ხელს მოაწერენ და საზოგადოებას მხოლოდ ამის შემდეგ გააცნობენ!

მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ისიც ბრძანა, რომ განზრახულობათა ოქმი საერთაშორისო ხელშეკრულებაა და მისი გასაჯაროება მხოლოდ ხელმოწერის შემდეგ არის დასაშვები(?!).

ვაშაძის კოლეგამ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავუდ-ოღლუმ უფრო საყურადღებო განცხადება გააკეთა: «ჩვენ ერთობლივი ისტორია გვაქვს(?!). ტაძრები თურქეთის ტერიტორიაზე ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობაა(?!). მათ რესტავრაციას ნებისმიერ შემთხვევაში ჩავუტარებთ. საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ძეგლები ასევე ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობაა და საქართველოს ეკუთვნის. განსაკუთრებით ეს აჭარას ეხება. ამ რეგიონში მუსლიმანები ცხოვრობენ».

თუმცა ყველაზე საინტერესო, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრძანა, ის იყო, რომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება ორი ქვეყნის კულტურის სამინისტროებს კი არა, სააკაშვილსა და ერდოღანს მიუღიათ! ამის შესახებ დავუდ-ოღლუმ ბათუმში განაცხადა. ადგილობრივი ტელევიზიის გარდა, არც ერთ ნაციონალურ მაუწყებელს ეს განცხადება არ გაუშუქებია.

კულტურის სამინისტრო ცრუობს, როდესაც აზიზიეს მეჩეთის დანგრევას საბჭოთა ხელისუფლებას მიაწერს და ეს თარიღი მეოცე საუკუნის 30-იან წლებში გადააქვს. სინამდვილეში ხის მეჩეთი 40-იან წლებში დაიწვა. იგი ქართველი მუსლიმანებისთვის იმთავითვე არ იყო განკუთვნილი (თურქი სამხედროებისთვის აშენდა) და მით უფრო, «მუსლიმი ქართველებისათვის მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას» ნამდვილად არ წარმოადგენს. რაც შეეხება იმას, თითქოს «მისი რეკონსტრუქციის ადგილის განსაზღვრა საქართველოს მხარის პრეროგატივას წარმოადგენს», ჯერ კიდევ შარშან გახდა ცნობილი, რომ თურქულმა მხარემ კატეგორიული უარი თქვა მეჩეთისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე რუსთაველის პროსპექტზე, ყოფილი მე-6 სკოლის ადგილზე და მოითხოვა მისი პირვანდელ ადგილზე აშენება, სადაც დღეს საცხოვრებელი კორპუსები დგას.

«საპატრიარქოს აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია», – აცხადებს კულტურის სამინისტრო, თუმცა საპატრიარქოს წინა დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში საწინააღმდეგო იკითხება:

«სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გერმანიაში ყოფნის პერიოდში, მასმედიით გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს, თანხმობა მისცეს ბათუმში ე. წ. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას და ახალციხეში ახმედიეს მეჩეთის რესტავრაციას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები, ორ წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის და ეს ხდება საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) უხეში დარღვევით, რადგან საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში; მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი პრინციპული, მაგრამ, ამავე დროს, კონსტრუქციული პოზიცია ყოველთვის გვქონდა. ეს პოზიცია დაფიქსირდა თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბატონ რეჯებ ტაიპ ერდოღანისადმი 2011 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ მიწერილ წერილშიც, რომლის პასუხიც, სამწუხაროდ, დღემდე არ მიგვიღია. 

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მეტად პრობლემატურია ხელისუფლების სურვილი, ბათუმში ახალი მეჩეთ-კომპლექსის მშენებლობის შესახებ, რასაც ძველი მეჩეთის აღდგენად წარმოაჩენენ. არა აქვს გამართლება იმ პოზიციასაც, თითქოს ეს კეთდება ოშკისა და იშხანის გადარჩენის მიზნით, რადგან, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა თურქეთის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.

ამიტომაც ხელისუფლებას ამ მიზნით წლების წინ უნდა მიემართა იუნესკოსთვის (რაც არაერთხელ შევახსენეთ) და ეს თემა დღეს განხილვის საგნად არ უნდა ექცია. მიუხედავად ყოველივე ამისა, ჩვენ წამოვაყენეთ ისეთი წინადადება, რომელიც შესაძლებელს გახდის ამ ქართულ-თურქული მოლაპარაკებების ორმხრივად მისაღები გზით განვითარებას. ამიტომაც იყო, რომ საქართველოში და, პირველ რიგში, აჭარაში გახსნილი ასობით მეჩეთისა და ჯამეს საპირწონედ ტაოსა და ლაზეთში თითო-თითო ეკლესიის აღდგენა-ამოქმედება შევთავაზეთ და ამასთან, _ საპატრიარქოს ჩართვა აღნიშნულ მოლაპარაკებებში.

ჩვენ ვდგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს და ამ ეტაპზე აღარ ვაყენებთ ხახულის ეკლესიის (ტაოს მხარე) ფუნქციონირების საკითხს. ვითხოვთ, მხოლოდ უძველეს ქართულ საეპისკოპოსო ქალაქ არდაშენში (ლაზეთის მხარე), მცირე ზომის ბაზილიკის ჩვენი თანხებით აღდგენა-ამოქმედებას (შევნიშნეთ, რომ ამ რეგიონში ქართული სხვა არაერთი გაცილებით დიდი ძეგლია) და ამის შემდეგ თურქეთსა და საქართველოში მეჩეთებისა და ტაძრების რესტავრაციაზე საუბარს ჩვენი მონაწილეობით. ხოლო თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისთვის მიუღებელია, ჩვენთვისაც ყოვლად მიუღებელია ოშკისა და იშხანის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა. 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ასეთი ქმედებით ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაძაბულობის პროვოცირება; არადა, საქართველოში მუსლიმები, რომელი ერის წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ისევე, როგორც სხვა რელიგიის აღმსარებელნი, არასოდეს იზღუდებოდნენ, პირიქით, ყოველთვის კარგად გრძნობდნენ თავს და ამიტომაც იყო, რომ არაერთმა მათგანმა შესწირა სიცოცხლე საქართველოს დაცვას; ეს დღესაც ასეა და ამას, პირველ რიგში, ქართველი ადამიანის შემწყნარებლური ქრისტიანული ბუნება განაპირობებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ როგორც თურქეთის, ისე საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენს შეთავაზებას და არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით და ქვეყნებს შორის პრობლემების შექმნას შეუწყობს ხელს».

ანალოგიური განცხადება საქართველოს პატრიარქმა გასულ წელს, 18 იანვარსაც გამოაქვეყნა, რომელშიც დაუშვებლად მიჩნია ხელშეკრულების ამ სახით ხელმოწერა იმ პირობებში, როცა საქართველოში 240 ჯამე და მეჩეთი (მათ შორის 140 აჭარაში), 8 მედრესე (თუ არ ჩავთვლით საერო საგანმანათლებლო დაწესებულებებს) მოქმედებს, ხოლო თურქეთში არც ერთი მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი არ არის.

პატრიარქის მიერ თურქული საერო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხსენება სულაც არ იყო შემთხვევითი, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის დედა, თურქოლოგი გიული ალასანია მათ გახსნას ჯერ კიდევ «ვარდების რევოლუციამდე» ლობირებდა. ერთ-ერთ გამოსვლაში სააკაშვილმა თქვა, რომ დედისგან იცის: «თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია». იქვე მან ისიც განმარტა, რომ თურქეთისგან მტრის ხატის შექმნა ყოველთვის იყო რუსეთის ინტერესი.

გასულ წელს, პატრიარქის განცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ, სააკაშვილმა პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით. 26 იანვარს სატელევიზიო პროგრამაში «პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს» თავის ვრცელ პასუხში მან თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ტაძრები, ფაქტობრივად, «თურქულად» გამოაცხადა და საუბარი იმ კალაპოტში წარმართა, თითქოს საქართველოში თავად მუსლიმანთა არსებობას ეწინააღმდგებიან, ხოლო მეჩეთების მშენებლობას ანტიქართულ ქმედებად მიიჩნევენ. სინამდვილეში საქართველოში არც ერთი ამგვარი განცხადება არც მართლმადიდებლებს, არც მუსლიმანებს არ გაუკეთებიათ.

დღეს საქართველოში 197 საკულტო და საგანმანათლებლო დაწესებულება მოქმედებს, მათგან 184 _ აჭარაში. 44 ობიექტს კულტურულ-ისტორიული დანიშნულება აქვს. მხოლოდ ხულოს რაიონში 77 მუსლიმანური სასწავლო ცენტრია. აჭარაში 3 ათასი მოზარდი მედრესეში სწავლობს.

მაღალმთიან სოფლებში სასულიერო პანსიონატები მოქმედებს, რომლებშიც ბავშვები ისლამის საფუძვლებს სწავლობენ, იკვებებიან და ღამეს ათევენ. უმწეო ოჯახების შვილებს სასწავლებლად თურქეთში აგზავნიან, უკან დაბრუნების შემდეგ კი თურქულ კომპანიებში მაღალანაზღაურებად სამუშაოს ჰპირდებიან. ადგილობრივების ინფორმაციით, ყველა ამ დაწესებულებას საქველმოქმედო ფონდი «მადლი» აფინანსებს. მიუთითებენ დაფინანსების არაბულ წარმოშობაზე, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.

უკანასკნელი ინფორმაციით, ბათუმის შემოგარენში 10 რელიგიური პანსიონი მოქმედებს, სადაც, სხვა საგნებთან ერთად, ყურანსაც ასწავლიან. ამ პანსიონებიდან 7 ვაჟთაა, ხოლო 3 – ქალთა. ერთ-ერთი პანსიონი ადლიაშია განთავსებული, სადაც 35 სხვადასხვა ასაკის მოსწავლე სწავლობს და ცხოვრობს. პანსიონის სასწავლო პროგრამაში ჩვეულებრივ საგნებთან ერთად რელიგიური, მუსლიმანური თემატიკაც არის. პანსიონში მოქმედებს ჰაფიზობის კურსიც, სადაც მოსწავლეები ყურანს ზეპირად სწავლობენ.

პანსიონი 2006 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია «მიზანმა» დააფუძნა. სასწავლებელში, ძირითადად, მაღალმთიანი რეგიონებიდან ჩამოსული მოსწავლეები სწავლობენ. პანსიონი უზრუნველყოფს მათ კვებას და ცხოვრების ხარჯებს. «მიზანს», ძირითადად, თურქეთის მორწმუნე მუსლიმანები აფინანსებენ.

აწ გარდაცვლილი პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი, რომელსაც ქსენოფობობაში ბრალს ვერავინ დასდებს, ხაზგასმით ამბობდა, რომ არ შეიძლება ქრისტიანული ტაძრების აღდგენის საკითხი რწმენის თავისუფლებაში ავურიოთ. მისი აზრით, სეკულარული თურქეთი არა იმდენად რელიგიურ, რამდენადაც პოლიტიკურ მიზნებს ისახავს. მეჩეთების მშენებლობა და აჭარის ახალგაზრდობის რელიგიური აღზრდა ერთადერთ მიზანს ემსახურება – აღიდგინოს გავლენა აჭარაში.

აჭარის მთავარი მუფტის, ჯემალ პაქსაძის განცხადებითაც, აჭარაში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას «უფრო პოლიტიკური დანიშნულება აქვს»: «მრევლის მიზანია, ქალაქ ბათუმში მეჩეთი იყოს. ამას ქართველი მუსულმანები ორი ქვეყნის კულტურის სამინისტროების მოლაპარაკებების დაწყებამდეც ითხოვდნენ, მაგრამ აზიზიეს მეჩეთი უფრო პოლიტიკური დანიშნულებისაა. გვინდა მეჩეთი ქართული ორნამენტებითა და არქიტექტურით აშენდეს. წინამძღვარიც უნდა იყოს ქართველი. ქადაგება და წირვა-ლოცვა კი ქართულ ენაზე უნდა ჩატარდეს».

აჭარის მუფტის ეს განცხადება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მაშინაც კი, როცა აჭარა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, ქადაგება და წირვა-ლოცვა სწორედ ქართულად სრულდებოდა. ქართველი მართლმადიდებლები ქრისტიანობის შემოსვლიდანვე ქართულ ენაზე წირვა-ლოცვით სრულიად სამართლიანად ვამაყობთ. დასავლეთის ქრისტიანობაში რეფორმაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ქადაგება და წირვა-ლოცვა არა მშობლიურ, არამედ ლათინურ ენაზე მიმდინარეობდა. ასე იყო ქართულ სამუსლიმანოშიც და ეს არანაკლებ საამაყოა. სწორედ ამ თავისთავადობას ემუქრება თურქული ექსპანსია რწმენის საკითხებში, რის საგნობრივ გამოხატულებასაც წარმოადგენს აზიზიეს მეჩეთი. სხვაგვარად აუხსნელია, როგორ შეიძლება ის სახელდახელო ნაგებობა, მაგალითად, ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეს ჯამეს გაუთანაბრო, რომელიც სრულიად სამართლიანად არის აღიარებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად.

ნიაზ ბოლქვაძე, აკადემიკოსი: «ძალიან ძვირფასია ჩვენთვის ოშკიც და ზარზმაც, მაგრამ სანაცვლოდ თურქული მეჩეთის აშენება არ გვჭირდება. აჭარაში დღითიდღე ძლიერდება თურქეთის გავლენა. საუკეთესო მიწები თურქებმა შეისყიდეს, საუკეთესო სასტუმროების მფლობელებიც თურქები არიან. ცოტა ხნის წინ გოგებაშვილის ქუჩის ნახევარს, რომელიც ბათუმის ცენტრში მდებარეობს, ბაქოს სახელი უწოდეს. ბათუმში გაჩნდა აზიზიეს მოედანი, ერდოღანის ტბა, მრავლდება თურქული კომპანიები, რომლებშიც აჭარლებს მონურად ამუშავებენ და დაბალ ხელფასებს უხდიან. მე შევამოწმე ქობულეთის ერთ-ერთი ქარხანა, რომელიც თურქის საკუთრებაა. ვნახე შრომითი ხელშეკრულებები, რომლებშიც ქართველი მუშების უფლებები საერთოდ უგულებელყოფილია, ხელფასს კი 120 ლარს უხდიან. აჭარელი მოსახლეობა, მათ შორის მუსლიმანური რელიგიის მიმდევრებიც, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენას ეწინააღმდეგებიან იმიტომ, რომ მას თურქეთის მხარე ოშკის და ზარზმის რესტავრაციის სანაცვლოდ აპირებს. თუ აჭარელი მორწმუნეებისთვის სურთ სალოცავის აშენება, საქართველოს ხელისუფლებამ ააშენოს და არა თურქულმა».

მურმან დუმბაძე, «ემსახურე საქართველოს» ლიდერი: «თურქეთ-საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმება ღალატია. არ აპირებენ არც იმ ასლის აგებას, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში აშენდა. ისინი აპირებენ კაპიტალური შენობის აშენებას, მაგრამ ბათუმი ამას არ აიტანს. ესაა თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გეოგრაფიის გაფართოება. თურქეთის მოქალაქეებით ისედაც სავსეა ბათუმი. ასე რომ, 15-20 წელში მოგვიგებენ როგორც რაოდენობრივად, ასევე რელიგიურადაც. ეს უნდა გაითვალისწინოს ჩვენმა გამყიდველმა ხელისუფლებამ და ამ ხელშეკრულებაზე უარი თქვას. თურქეთის კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ ჩამოვა და თვითონ შეარჩევს ტაძრის ასაშენებელ ადგილს. ეს თავხედობაა. ბათუმელები ამას არ დავუშვებთ. ყველანაირად ვეცდებით, ხელი შევუშალოთ, თუ დაგვჭირდება, ბულდოზერებითაც გადავუვლით მშენებლობას».

როგორც ცნობილია, მურმან დუმბაძე 2011 წლის მარტშიც პირველი იყო, რომელმაც ბათუმში მეჩეთის მშენებლობა მრევლთან ერთად გააპროტესტა, რის გამოც «რესპუბლიკელებმა» პარტიიდან გარიცხეს.

სანდრო ბრეგაძე, «კავკასიის ჰელსინკის ჯგუფის» ერთ-ერთი ლიდერი: «აჭარაში მეჩეთის აშენება გაუგონარი სიმუხთლეა ქართველი ერის მიმართ. არ უნდა დავუშვათ მსგავსი რამ. პატივს ვცემ მუსლიმანებს, კათოლიკეებს და სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, მაგრამ, პირველ რიგში, მართლმდადიდებელი ვარ და მართლმადიდებლობას ვცემ პატივს. მეჩეთის აშენება უკუშედეგებს გამოიწვევს, რომელიც ათწლეულები გასტანს. იცით, რა მაინტერესებს? რატომ არ აშენებენ მართლმადიდებლურ ეკლესიებს იმავე ბაქოში, სტამბოლში ან სხვაგან? ჩვენთან რატომღა უნდა აშენდეს? ვინც ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას მხარს უჭერს, ქართველი ერის მოღალატეა».

მამა დავით შარაშენიძე, საპატრიარქოს პრეს-ცენტრის უფროსი: «მეჩეთის მშენებლობასთან ჩემი დამოკიდებულება საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც დავაფიქსირე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მეტად პრობლემატურია ხელისუფლების სურვილი, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის შესახებ, რასაც ძველი მეჩეთის აღდგენად წარმოაჩენენ».

ამ გაუაზრებელი გადაწყვეტილების რაციონალურად ახსნა შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირისპირ შეხვედრისას თურქეთის პრემიერთან, სააკაშვილმა მის მიერ აზიზიეს მეჩეთის «აღდგენაზე» ისე მისცა თანხმობა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომელ ძეგლზე იყო საუბარი (ეს ილორისა და სულორის თემის გაგრძელებაა!). ამის შემდეგ კი მთელი ხელისუფლება ცდილობს, სააკაშვილის მიერ ერდოღანისთვის მიცემული სიტყვა არ «გაცუდდეს» და ფეხს არ უცვლის აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის გადაწყვეტილებას.

უპრიანია, გავიხსენოთ, რომ გასულ წლებში საერთაშორისო ზეწოლით თურქეთმა არაერთი ტაძარი გადასცა ბერძნებსა და სომხებს, დაუბრუნა ჩამორთმეული ქონება ისე, რომ არავითარი მეჩეთების აშენების საკითხი არც კი დამდგარა. ახლა ვნახოთ, როგორ დააფასა ეს, ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, კილიკიის კათალიკოსმა არამ პირველმა (კილიკიის საკათალიკოსო ადმინისტრაციულად კი დამოუკიდებელია, მაგრამ სომხეთის ეკლესიის ღირსებას აღიარებს). მან გასული წლის სექტემბერში წერილობით მიმართა თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოღანს თურქეთის მთავრობის იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც ეროვნულ უმცირესობებს ჩამორთმეული ქონება უნდა დაუბრუნდეთ:

«ეს გადაწყვეტილება თქვენ მიერ უდავოდ იმისთვის არის მიღებული, რომ მოვლენებს დაასწროთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, აგრეთვე, აშშ კონგრესის შეკითხვებისა და მიმდინარე სასამართლო პროცესების გამო, რაც თურქეთის მიერ ქრისტიანული უმცირესობების დევნას ეხება. კილიკიის წმინდა საყდარი კანონიერი მფლობელია იმ ტაძრების, საავადმყოფოების, ბავშვთა სახლების, სასაფლაოებისა და სხვა ქონებისა, რომლებიც სომეხ ხალხსა და სომხურ ეკლესიას ეკუთვნოდა და რომლებიც თურქეთის სახელმწიფომ მიიტაცა 1915 წელს, სომეხთა გენოციდის შემდეგ. სომხები ძველებურად იმ სახლების, საწარმოებისა და მამულების მესაკუთრეებად რჩებიან, რომლებიც მათ წინაპრებს ეკუთვნოდა და რომლებიც ოსმალთა სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული გენოციდის მსხვერპლად იქცნენ.

თქვენმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ევროკავშირის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, მაგრამ იგი ვერასოდეს ჩაითვლება სამართლიანად. ბატონო პრემიერ მინისტრო, თქვენი განცხადება იმის შესახებ, რომ თურქეთის მთავრობა სამართლიანობასა და ადამიანის უფლებებს უჭერს მხარს, სიმართლედ მხოლოდ მაშინ იქცევა, როცა სომეხთა გენოციდს აღიარებთ», _ წერს არამ პირველი.

ერთი სიტყვით, თურქეთიდან 1914 წელს დევნილმა კილიკიის საკათალიკოსომ ერდოღანს მიცემული «არ ჩაუთვალა», – ეგ ხომ ისედაც ჩვენიაო, ხოლო საქართველოს ხელგაშლილი ხელისუფლება თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრების რესტავრაციის სანაცვლოდ მეჩეთების აშენებას არა მარტო დაყაბულდა, არამედ ქართველებს ამუნათებს კიდეც, _ ოშკის და იშხანის აღდგენა არ გინდათო!

2011 წლის 23 მარტს, თავსხმა წვიმაში 2 ათასი ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე ბათუმში. მართლმადიდებლები და მუსლიმანები ერთად იდგნენ. ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ერთად აპროტესტებდნენ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის გადაწყვეტილებას. ხელისუფლების ვარაუდი, რომ აქციაზე ქსენოფობიური გამოხდომები და რელიგიური დაპირისპირება მოხდებოდა, არ გამართლდა. არც აქციის გამართვის ადგილი იყო შერჩეული შემთხვევით: ისინი 90 წლის წინ დაღუპული ქართველი მეომრების საფლავებთან იდგნენ, რომლებმაც ბათუმის გათავისუფლებას შესწირეს თავი.

თბილისში სააკაშვილის მიერ გახსნილი «ოკუპაციის მუზეუმის» მთელი ექსპოზიცია რუსეთს ეძღვნება, თითქოს სხვა ოკუპანტი საქართველოს არ ენახოს! აჭარა, რომელიც სწორედ რუსული სამხედრო კამპანიის შედეგად დაუბრუნდა დედასამშობლოს, აზიზიეს მეჩეთის აღდგენის შემთხვევაში თურქული ოკუპაციის ცოცხალ ძეგლს მიიღებს.

ნანა დევდარიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here