Home რუბრიკები პოლიტიკა უილიამ დანკერლი: პოლონიუმის სკანდალი ბრიტანულმა მედიამ შექმნა

უილიამ დანკერლი: პოლონიუმის სკანდალი ბრიტანულმა მედიამ შექმნა

810

მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ამერიკელმა მკვლევარმა უილიამ დანკერლიმ სულ ახლახან გამოსცა წიგნი «ლიტვინენკოს ცრუ მკვლელობა», რომლიდანაც ირკვევა, რომ ხუთი წლის წინ ლონდონში მოწამლული რუსეთის ფსბ-ს ყოფილი თანამშრომელი, შესაძლოა, არც მოწამლულა, თანაც _ არც პოლონიუმით, არც ანდრეი ლუგოვოის მიერ და, მით უფრო, მოსკოვის ბრძანებით. ლიტვინენკოს გარდაცვალების გამო ატეხილი ხმაური, რომლის გამოც რუსეთისა და ბრიტანეთის ურთიერთობა მკვეთრად გაცივდა, კლასიკური შავი პიარია. გაირკვა თუ არა საბოლოოდ სიმართლე, თუ ეს მორიგი კონსპიროლოგიური თეორიაა? «მე არ ჩამიტარებია გამოძიება, თუ ვინ და რატომ მოკლა ლიტვინენკო, მე, უბრალოდ, პრესას ვკითხულობდი და ვიკვლევდი, თუ როგორ აშუქებდა იგი ამ სკანდალს,» _ განაცხადა უილიამ დანკერლიმ. მან დასძინა, რომ ეს ისტორია თანამედროვე საერთაშორისო ჟურნალისტიკის სერიოზული მარცხია. გთავაზობთ დანკერლის წიგნის ამონარიდებს, რომლებიც პირველად ქვეყნდება.

ლიტვინენკომ ყველას აჯობა

ინფორმაციამ, რომლის თანახმად, ლიტვინენკო რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით მოკლეს, მსოფლიო ააფეთქა.2007 წლის მარტში, როცა ეს ისტორია პიკზე იყო, მე ჩავატარე რამდენიმე კვლევა, ერთმანეთს შევადარე რუსულ და ინგლისურენოვანი საძიებო სისტემები. შევისწავლე არა მარტო სტატიები, არამედ ბლოგები, ვებსაიტები, მედიაარქივები.

კითხვაზე «ლიტვინენკო პლუს მკვლელობა» საძიებო სისტემა გოოგლე 585 ათას შედეგს იძლეოდა. პოლიტკოვსკაიაზე, რომელიც ერთი თვით ადრე მოკლეს მოსკოვში, შედეგი იყო 221 ათასი. მაშინ საძიებო სისტემაში ხლებნიკოვი შევიტანე (ჟურნალ «ფორბსის» რუსული ვერსიის გამომცემელი, რომელიც მოსკოვში 2004 წლის ივლისში მოკლეს) და 53 ათას 600 შედეგი მივიღე. ერთი სიტყვით, ლიტვინენკომ ყველას აჯობა! რთული სათქმელია, რამ იქონია ამაზე ზეგავლენა. დავუშვათ, ხლებნიკოვი ორი წლით ადრე მოკლეს და ბევრმა ინტერნეტგვერდმა არსებობა შეწყვიტა, მაგრამ პოლიტკოვსკაია ხომ სულ ცოტა ხნით ადრე მოკლეს! რატომ არის მასა და ლიტვინენკოს შორის ასეთი განსხვავება? იმიტომ, რომ ეს ისტორია ბრიტანულმა პრესამ გაბერა?

წინასწარმეტყველი არსაიდან

2006 წლის 13 ნოემბერს გაზეთმა «კომერსანტმა» გამოაქვეყნა სტატია სათაურით «ლიტვინენკომ განაცხადა, რომ იგი ინფორმატორთან შეხვედრისას მოწამლეს, რომელმაც პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შესახებ დოკუმენტები ჩაუტანა». გაზეთმა «მოსკოუ ნიუსმაც» იგივე დაბეჭდა.

ორივე სტატიაში ყურადღებას იქცევს ერთი გარემოება: მტკიცება იმისა, რომ, ლიტვინენკოს რწმენით, იგი სწორედ იმ ადამიანმა მოწამლა. აღწერილობით იგი ძალიან ჰგავს იტალიელ მარიო სკარამელას. მოკლედ, თვითონ ლიტვინენკო პუტინს არაფერში სდებდა ბრალს.

იური ფელშტინსკიმ (რომელთანაც თანაავტორობით დაწერილ წიგნში ლიტვინენკომ ბრალი დასდო პუტინს მოსკოვში სახლების აფეთქებაში), ამერიკის საზოგადოებრივი რადიოს ეთერში დაადასტურა: «8 ნოემბერს ჩვენ 15 თუ 20 წუთი ვისაუბრეთ ტელეფონით და ლიტვინენკო დარწმუნებული იყო, რომ იგი სკარამელამ მოწამლა».

თუმცა სიკვდილამდე ლიტვინენკო სხვა დასკვნამდე მივიდა, – იგი პუტინის ბრძანებით მოწამლეს. რა შეიცვალა ამ ორ განცხადებას შორის გასულ პერიოდში? შესაძლოა, ბორის ბერეზოვსკიმ მას ფული გადაუხადა, როცა 2006 წლის 17 ნოემბერს საავადმყოფოში ინახულა. ამის შემდეგ ლიტვინენკოს ბერეზოვსკისთვის თითქოს უთქვამს: «ეჭვგარეშეა, რომ პუტინის ბრძანებით მომწამლეს».

ლოგიკურია, რომ ჟურნალისტები დაინტერესებულიყვნენ, თუ რატომ შეცვალა მან ვერსია, თავად მივიდა ამ დასკვნამდე, თუ ვინმემ მიიყვანა.

რისთვის მოიშორეს იგი?

ბევრი პუბლიკაცია ლიტვინენკოს მოწამლვას პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მიმართ მის ინტერესთან აკავშირებს. კი მაგრამ, რატომ იძიებდა იგი პოლიტკოვსკაიას მკვლელობას? იგი პრესის მუშაკად არ ითვლებოდა, არ მუშაობდა კლიენტებთან როგორც კერძო დეტექტივი. მაინც რატომ იყო ამ საკითხით დაკავებული? არც ერთ ჟურნალისტს ეს შეკითხვა არ გასჩენია.

მეორე პოპულარული მოტივია «ჯაშუში, რომელმაც მეტისმეტად ბევრი იცოდა». იგულისხმება, რომ იგი მოწამლეს, რათა აღარ ელაპარაკა. თუმცა სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე ლიტვინენკომ უამრავი ინტერვიუ მისცა, მაგრამ არავითარი საიდუმლოებანი არ გამჟღავნებულა.

კიდევ ერთი ვერსია: ლიტვინენკო პუტინისა და ფსბ-ს წინააღმდეგ განცხადებების გამო გააჩუმეს (ეს ერთგვარი წინაპირობაა დასკვნისთვის: «ამ სცენარის ავტორი პუტინია»). ამ ხაზს მიჰყვებოდა ბრიტანული «გარდიანი». როგორც წინა შემთხვევებში, არც ერთი ფაქტი მოტანილი არ ყოფილა.

მსჯავრდებულია და მეტად სახიფათო

აი, რას წერდა 2006 წლის 23 ნოემბერს «ლონდონ ტაიმსი»: «კრემლი იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ მზად არის, საზღვარგარეთ საკუთარი მტრების წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს». იმ წელს რუსეთის სახელმწიფო სათათბირო მსჯელობდა კანონზე, რომელიც სახელმწიფოს მეთაურს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიში პირების ლიკვიდაციის უფლებას მისცემდა. მაგრამ არც «ტაიმსს» არც სხვა გაზეთებს არ წარმოუდგენიათ თუნდაც ერთი ფაქტი, რომ ეს უფლება გამოიყენეს. გასაგებია, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს აწუხებს, თუ უცხოელი აგენტები მათ სუვერენულ ტერიტორიაზე მოქმედების უფლებას იღებენ, მაგრამ 2004 წლის თებერვალში კატარში ჩეჩნეთის ყოფილი ლიდერის, ზელიმხან იანდარბიევის ლიკვიდაცია მოხდა. დოჰას სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი რუსი მოქალაქე, ხოლო მოსამართლემ განაცხადა: «ეს ადამიანები რუსეთის ლიდერის მითითებით მოქმედებდნენ,» – ასეთი იყო BBC-ის ციტატა.

არის თუ არა ეს ის თემა, რომლის გამოც ასეთი ხმაური უნდა ატეხილიყო? შეგახსენებთ, რომ საძიებო სისტემა გოოგლე ლიტვინენკოზე 585 ათას შედეგს იძლევა, ხოლო იანდარბიევზე – მხოლოდ 886-ს!

შეკვეთილი სტატია. როგორ კეთდება ეს

როგორც ვრწმუნდებით, ლიტვინენკოს ირგვლივ დიდი ხმაური იყო, ხოლო რეპორტაჟები – აშკარად ცალმხრივი. რით აიხსნება ეს?

აი, იმის ამოხსნა, როგორ აშუქებდა ამ ყოველივეს პრესა: «ფაინენშენლ ტაიმსმა» დაწერა, რომ ლიტვინენკოს თვით ლორდი ბელი მფარველობდა, რომელიც 1979 წელს მარგარეტ ტეტჩერს დაეხმარა არჩევნების მოგებაში. «ინდეპენდენტი» იტყობინებოდა, რომ მისი პიარ-კამპანიის («ბელ პოტინგერ კომუნიკეიშნ») წარმომადგენლები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უკავშირდებოდნენ და ფოტოგრაფებს ეძებდნენ, რომლებიც ჰოსპიტალში მივიდოდნენ. ეს ძალიან ჰგავს იმ ფენომენს, რომელსაც შეკვეთილი სტატია ჰქვია რაიმეს გასაპიარებლად. იწერება პრესრელიზი, თან ერთვის ფოტო და ვიდეო. ხომ მიგიქცევიათ ყურადღება სტატიებისთვის, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე გაზეთში იბეჭდება?

პოლიტიკოსებიც ანალოგიურად იქცევიან. თუ ხედავთ, რომ პოლიტიკოსი ერთდროულად სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე ჩნდება თავისი კომენტარებით, იცოდეთ: ეს შეკვეთაა! პუტინის «გაშავებაც» სწორედ ამგვარი შეკვეთილი სტატიების დახმარებით ხდებოდა.

პოლონიუმი და რუსეთი

როგორც კი გაირკვა, რომ ლიტვინენკო პოლონიუმით იყო მოწამლული, ჟურნალისტებმა მისი რუსეთთან კავშირის ძებნა დაიწყეს. 2006 წლის 24 ნოემბერს «ტელეგრაფი» ამტკიცებდა, რომ «პოლონიუმი-210» მხოლოდ სამხედრო და სამეცნიერო სფეროებში მოიპოვება. რუსეთის ატომური ენერგიის ყოფილი მინისტრი ევგენი ადამოვი, პირიქით, ინტერვიუში ამბობდა, რომ პოლონიუმის მიღება დილეტანტსაც კი შეუძლია. ზოგიერთმა მკითხველმა, შესაძლოა, მიიჩნიოს, რომ ეს წმინდა რუსული ვერსიაა, მაგრამ 2006 წლის 3 დეკემბერს «ნიუ იორკ ტაიმსმა» გამოაქვეყნა სტატია სათაურით: «პოლონიუმი: 22,5 დოლარი + გადასახადები». სტატიაში მოტანილი იყო ატომური ექსპერტიზის დარგში აშშ-ის მთავრობის მრჩევლის, უილიამ ჰაპერის სიტყვები: «ინტერნეტში პოლონიუმ-210-ის საფუძველზე შექმნილი უამრავი პროდუქტი იყიდება. ლეტალური დოზა ღირს 22,5 დოლარი + გადასახადები».

პოლონიუმის რუსეთთან კავშირი აორთქლდა

2008 წლის აპრილში ნიუ ორლეანის სენატორის, როზ-ლეხტინენის ინიციატივით, აშშ-ის კონგრესმა მიიღო განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთის ხელისუფლება ლიტვინენკოს მკვლელობასთან არის დაკავშირებული და რომ პოლონიუმის 97% რუსეთში იწარმოება. როზ-ლეხტინენმა ბირთვული თანამშრომლობის შესახებ ამერიკულ-რუსული ხელშეკრულების დარღვევისკენ მოუწოდა. მისი სახელით გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამი იყო: «ეს იშვიათი, უაღრესად რადიოაქტიური ნივთიერება, რომელიც მოწამვლისთვის იყო გამოყენებული, რუსეთის მთავრობის მკვლელობაში მონაწილეობაზე კითხვებს აღძრავს».

ეს ციტატა მხოლოდ უვიცობის დემონსტრირებისთვის როდი მოვიტანე, არამედ _ უხარისხო ჟურნალისტიკის სახიფათო შედეგების საჩვენებლად.

ალექსი საოცრებათა ქვეყანაში

ასეთი დარტყმა ბრიტანულ მედიას არასოდეს მიუღია და თანაც _ ამერიკელი კოლეგისგან!

უილიამ დანკერლი ბიზნეს-ანალიტიკოსია, რომლის სპეციალიზაციის საგანი პოსტკომუნისტური ქვეყნებია. იგი კონეკტიკუტის შტატში ცხოვრობს, ყურადღებით ეცნობა მედიას და დიაგნოზებს უსვამს. ლიტვინენკოს საქმის გაშუქებაზე მისი ვერდიქტი ასეთია: «ფანტასტიკური ისტორია, რომელსაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო».

კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა ამ საკითხზე წიგნის დაწერა, დანკერლიმ უპასუხა: «მედიის უმეტესი ნაწილი ლიტვინენკოს ჯეიმს ბონდს ადარებდა, მე კი მას ვუწოდებდი «ალექსს საოცრებათა ქვეყანაში». ის, რაც დასავლურ პრესაში იბეჭდებოდა, ფაქტებს არ ეყრდნობოდა. ყველა საგაზეთო სათაური ამტკიცებდა, რომ ლიტვინენკო მოკლეს. ამ საკითხის შესწავლისას გავარკვიე, რომ მისი სიკვდილის მიზეზის შესახებ ოფიციალური დასკვნაც კი არ არსებობს!

მაშინ კორონერს (გამომძიებელი მოსამართლე) ლონდონში მივწერე: «თუ სწორად მესმის, თქვენ ვერ ჩამოყალიბდით, იყო თუ არა ლიტვინენკოს სიკვდილის მიზეზი მკვლელობა. თუ ეს ჩემი მოსაზრება უზუსტობას შეიცავს, გთხოვთ, შემისწოროთ». აი, რა პასუხი მივიღე: «ყველაფერი სწორია. დასკვნა მისი გარდაცვალების მიზეზების შესახებ არ არსებობს».

მაშ, როგორღა დასდო ბრალი ბრიტანეთის პოლიციამ ანდრეი ლუგოვოის ლიტვინენკოს მკვლელობაში, თუკი ისიც არ იყო გარკვეული, მკვლელობა იყო ეს თუ არა? კორონერს არავითარი კვალიფიკაცია არ მიუცია, გარდა იმისა, რომ ლიტვინენკო გარდაიცვალა, მედია კი ამტკიცებს, რომ ლიტვინენკოს სიკვდილის უკან პუტინი და რუსეთის სახელმწიფო დგას!

ერთი სიტყვით, ბრიტანულმა და ამერიკულმა მედიამ ეს სკანდალი ისე ატეხა, რომ არაფერი გადაუმოწმებია. ამ თავბრუდამხვევ დეტექტივში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია: ლონდონელი ტოქსიკოლოგი ჯონ ჰენრი ძალიან ხშირად იყო ციტირებული მედიაში. მე წავიკითხე გერმანელი მეცნიერის, ფელიცია მაკგილკრესტის გამოძიება. მან გააანალიზა BBჩ-ის ინფორმაცია: «კლინიკურმა ტოქსიკოლოგმა ჯონ ჰენრიმ, რომელმაც ლიტვინენკო 18 ნოემბერს გასინჯა, განაცხადა, რომ მას ტალიუმის ლეტალური დოზა აქვს მიღებული». ჰენრი წარმოდგენილი იყო როგორც მთავარი ექიმი, რომელიც პრესის წინაშე მომაკვდავი ლიტვინენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აკეთებდა კომენტარებს. მას «მსოფლიო დონის ექსპერტს და მოწამვლის დარგში წამყვან ბრიტანელ სპეციალისტს» უწოდებდნენ, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ იგი არც ლიტვინენკოს მკურნალობდა და პრესასთან საკუთარი თეორიების გაზიარებისას ლაბორატორიული ანალიზების პასუხებიც კი არ ჰქონდა ნანახი! ჰოსპიტალმა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებაც კი გაავრცელა. როგორც გაირკვა, ჰენრის აქტიურობა თავად ლიტვინენკოს მეგობრების მიერ იყო ინსპირირებული.

კითხვაზე, რატომღა აიტაცა ბრიტანულმა მედიამ ეს ანტირუსული ვერსია, უილიამ დანკერლიმ უპასუხა: «კარგი კითხვაა… ვინმეს რომ ეთქვა, ლიტვინენკოს მკვლელობის უკან ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი დგას, ამას არავინ დაიჯერებდა. პუტინის შემთხვევაში დაიჯერეს, რადგან მას ასეთი იმიჯი აქვს. ელცინის მიმართ დასავლეთი სულ სხვაგვარად იყო განწყობილი. მას დემოკრატად აღიქვამდნენ, მიუხედავად იმისა, რომ «თეთრი სახლი» დახვრიტა.

მე შევისწავლე ეს საკითხი, როცა კონგრესის ერთ ძველ რეზოლუციას გავეცანი. ეს იყო შეტევა ელცინის მედიაპოლიტიკაზე, თანაც სტალინის დროინდელი სტილით შესრულებული. მე ვესაუბრე დონ ბონკერს, რომელმაც ეს რეზოლუცია მოამზადა. იგი ვაშინგტონის შტატის ყოფილი კონგრესმენია, ამჟამად კი მსხვილ პიარკომპანიაში მუშაობს. როდესაც ვკითხე, ვინ იყო ამ რეზოლუციის მზადებისას მისი კლიენტი, მან მიპასუხა: _ ვლადიმირ გუსინსკი. 1999-2001 წლებში რუსეთში მიმდინარე მედიამოვლენების ანალიზის შედეგად დავრწმუნდი, რომ პუტინის უარყოფითი იმიჯის შექმნაში ყველაზე აქტიურად გუსინსკის მედია იმპერია იყო ჩართული.

შესაძლოა, ის ამგვარად უხდიდა სამაგიეროს НТВ-ს დაკარგვის გამო».

მაინც ვისი ნამუშევარია ის «მტკიცებულება», რომ ლიტვინენკო სწორედ რუსეთში წარმოებული პოლონიუმით მოწამლეს?

უილიამ დანკერლი: «ეს საკითხი 2009 წლის მარტში «ნიუ იორკ ტაიმსის» ჟურნალისტმა ედვარდ ჯეი ეპშტეინმა გამოიძია. მან დაადგინა, რომ ამ ინფორმაციის წყარო ბორის ბერეზოვსკის თანამებრძოლი _ ალექს გოლდფარბი იყო. თავის წიგნში «დისიდენტის სიკვდილი» გოლდფარბი ამტკიცებდა, რომ პოლონიუმის 97% რუსეთში იწარმოება. ეს ინფორმაცია ფართოდ იყო გავრცელებული. ეპშტეინი დაასკვნის, რომ ეს სრული სისულელეა, რადგან არავინ იცის ზუსტად, რამდენი პოლონიუმი იწარმოება რუსეთში ან მთელ მსოფლიოში. ეს სრულიად საიდუმლო ინფორმაციაა. მეტიც: ეპშტეინმა გაარკვია, რომ 2006 წელს პოლონიუმი არც რუსეთს, არც რომელიმე სხვა სახელმწიფოს საერთოდ არ უწარმოებია!

ალექსანდრე ლიტვინენკოს საქმის მთელი მედიაგაშუქება მხოლოდ ფანტაზიას ეყრდნობოდა. მოკლედ, ერთადერთი, რაც დანამდვილებით არის ცნობილი, ის არის, რომ ლიტვინენკო გარდაიცვალა».

ეპილოგის მაგიერ

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც საკუთარ ბლოგში ბერეზოვსკის მეგობარმა და სამოქალაქო თავისუფლებათა ფონდის ხელმძღვანელმა ალექს გოლდფარბმა გაავრცელა: «კორონერმა ენდრიუ რიდმა გადაწყვეტილება მიიღო, 2012 წელს მასშტაბური მოსმენა ჩაატაროს, განასაიდუმლოოს საქმის მასალები. ბატონები ლუგოვოი და კოვტუნი მოსკოვიდან ვიდეოჩვენებებს მისცემენ. დაინტერესებულ პირებად ლიტვინენკოს ქვრივი, მისი ვაჟი ანატოლი და პირველი ქორწინებიდან შვილები არიან აღიარებული, აგრეთვე, სკოტლანდ-იარდის მიერ ეჭვმიტანილი ლუგოვოი და კოვტუნი (რუსეთში ისინი დაზარალებულებად არიან ცნობილი, რადგან რადიოაქტიური დასხივება მათაც მიიღეს), ლონდონის პოლიციის უფროსი და ბორის ბერეზოვსკი, რომელიც ლიტვინენკოს სიკვდილს მისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას უკავშირებს».

ამასობაში რუსეთში მიტინგები დაიწყო და გოლდფარბის რევოლუციური ყურები ყველა მისი კომენტარიდან გამოჩნდა: «რუსეთში რევოლუცია მოდის ან, პირველი პირის ცვლილება მაინც. სწორედ იმის, ვის გარეშეც პოლონიუმ-210 ინგლისში ვერ მოხვდებოდა. როგორც ყოველთვის, რუსეთში ხელისუფლების ცვლილებისას, მომავალი პირველი პირი (გამარჯვებული რევოლუციის ლიდერებზე რომ აღარაფერი ვთქვათ) «ჩარეცხავს» წინამორბედს. რადიოაქტიური ტერაქტი ლონდონში კი მისი ყველაზე მტკივნეული ადგილია! ისეც შეიძლება მოხდეს, რომ გამოძიება აღარ იქნეს საჭირო, რადგან ნამდვილი სისხლის სამართლის სასამართლო მოსკოვში შედგება».

როგორც ჩანს, პოლონიუმის სკანდალური სერიალი გაგრძელდება და ისიც ცნობილია, ვინ დაწერს მომავალი სერიების სცენარს.

http://chel.kp.ru/daily/25824.3/2800942/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here