Home რუბრიკები პოლიტიკა რით განსხვავდება მთავრობის მაღალჩინოსნების მენიუ რიგითი ამომრჩევლების სამომხმარებლო კალათისგან?

რით განსხვავდება მთავრობის მაღალჩინოსნების მენიუ რიგითი ამომრჩევლების სამომხმარებლო კალათისგან?

1079

ქართული საზოგადოების ერთ ნაწილს, ალბათ, ჰგონია, პრესაში ჩვენი მაღალჩინოსნების დეკლარაციები რომ ქვეყნდებოდა და იქ მათი მაღალ-მაღალი ხელფას-პრემიებიც რომ იყო მითითებული, ისინი, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავნი, ოჯახსაც ამ ფულით არჩენენ: ყიდულობენ საკვებს, ბენზინს, შვილებს დაბადების დღეებს უხდიან და ხელფასიდან ხელფასამდე მომჭირნედ ცხოვრობენ. არადა, ასე არ არის. ხელისუფლებაში არის კასტა, რომელსაც დედაწულიანად, წვრილმან-მსხვილმანიანად სახელმწიფო ინახავს. ამგვარი კასტა, სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფი, კომუნისტების დროსაც გვყავდა, დამოუკიდებელი საქართველოს ორივე მმართველის _ გამსახურდიასა და შევარდნაძის პერიოდშიც, მაგრამ მათ დროს რაღაც ზნეობრივი ზღვარი _ ცნება «სახელმწიფო ქონების» მიმართ ოდნავი რიდი და პატივისცემა მაინც იგრძნობოდა, იმდენი მაინც იცოდნენ, რომ, რაც სახელმწიფოს ეკუთვნოდა, მათი არ იყო და, რასაც ვერ შეჭამდნენ, იმდენი სახელმწიფო ფულით არ უნდა ეყიდათ. მაშინაც იყვნენ მფლანგველ-მამაძაღლები, მაგრამ ამათთან ისინი რა სახსენებელია.

«ნაცმოძრაობის» ყველაზე ელიტარულმა კასტამ ზომიერების ყველა გრძნობა დაკარგა. ამათ ისე მოსდით: «უნახავმა რა ნახაო და…» და დაეწაფნენ სახელმწიფო ქონებას. ქალბატონი, რომელიც, ცხადია, ინკოგნიტოდ მოგვატარებს ნაც-ბოსების დიდ ლიდერთა ოჯახებს და იქაურ კულუარებშიც ჩაგვახედებს, წლების მანძილზე სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურში მუშაობდა, კერძოდ, წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე. ამ აგარაკზე ე. წ. კოტეჯებში ცხოვრების უფლება მარტო პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერს, უშიშროების საბჭოს წევრებს, პარლამენტის სპიკერატს აქვთ და, ცხადია, პრეზიდენტს _ #1 კოტეჯი მისია, თუმცა სააკაშვილს ამ აგარაკზე ერთი დღეც არ უცხოვრია. აქა-იქ კი ისეთი თანამდებობის პირები დაპატრონებიან აგარაკებს, თანამდებობრივად რომ არ ეკუთვნით. მოკლედ, კანონი აქაც ფეხზე ჰკიდიათ ძლიერთა ამა ქვეყნისათა და ყველაფერს გავლენა წყვეტს.ჩვენი დიდჩინოსნების ყოფა-ცხოვრება სპეციალური დაცვის სამსახურს ექვემდებარება, კადრების შერჩევაც მათი პრეროგატივაა _ მზარეული, დიასახლისი, ბავშვების მასწავლებელი, მებაღე, ბავშვის მომვლელი და ა. შ. სამთავრობო ზონის უზრუნველყოფას, თავისთავად, სამთავრობო დაცვის სპეცსამსახური ახორციელებს, რომელსაც ექვემდებარება უზრუნველყოფის სამსახური. ზონაში შესვლა, ვთქვათ, სტუმრად, სპეცსაშვების მეშვეობით ხდება, რაც ზონის ყველა ბინადარს აქვს. თუ სტუმარი ეწვევათ, მაშინ საშვს დაუშვებენ და სპეცშემოწმებისა და პიროვნების იდენტიფიკაციის მერე უშვებენ. თუმცა ხშირ სტუმრებს _ ზონის არაბინადარ მინისტრებს, პარლამენტარებს, უმაღლესი კასტის წევრთა ნათესავებსა და მეგობრებს აღარც ამოწმებენ, ისე, პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემდეგ უშვებენ, თუმცა მათი ვიზიტის ზუსტი დრო და მანქანის ნომრები კომპიუტერში ფიქსირდება.

წყაროს ინფორმაციით, ამ სამთავრობო კოტეჯების ბინადარნი სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე არიან. კვირაში ერთხელ მოდის სპეცსამსახურის წარმომადგენელი, რომელსაც მოაქვს საკვები, თითქმის ყველა ოჯახისთვის ერთნაირი პროდუქტი. ამ პროდუქტს «გუდვილში» ყიდულობს შესაბამისი სამსახური, მაგრამ ზოგჯერ გამონაკლისიც ხდება _ ვთქვათ, ვიღაცას «იოლის» კარაქი უყვარს და არა «ეკო-ფუდის» ან «კოდას» კვერცხს არ ჭამს და «სამგორისა» ურჩევნია, ესეც გათვალისწინებულია. რა და რა სახის პროდუქტები უნდა მოუტანონ ვიაიპი-ოჯახებს, ამას სპეციალურ ბლანკებზე ავსებენ ოჯახებზე სამთავრობო ზონაზე მიმაგრებული ე. წ. მამასახლისები და ხელსაც აწერენ; ვის რა რაოდენობის, რომელი კომპანიის ნაწარმი სურს, იმასაც აფიქსირებენ. ინფორმაციას ისინი ოჯახის დიასახლისებისგანაც იღებენ, _ იშვიათად, თუ ვინმეს რაიმე ნუგბარი მოუნდა (სტანდარტული მენიუ მათთვის ცნობილია ისედაც, რადგან ზოგს, წლებია, ემსახურებიან, ნიკა გილაურს, მაგალითად).

უფრო მალფუჭებად პროდუქტებს, მაგალითად, ხილსა და რძის პროდუქტებს კვირაში ორჯერ ეზიდებიან. თუმცა არის შემთხვევები, როცა, ვთქვათ, მზარეულს რომელიმე მინისტრის მეუღლე ისეთ კერძს შეუკვეთავს, რომლის ინგრედიენტებიც არა აქვს ან გამოელია. მაშინ, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი მის შესაძენად აუცილებლად «გუდვილში» მიდის. სხვა, ნებისმიერ სუპერმარკეტში მისი ყიდვის უფლება არა აქვს, თუმცა მაინც ვერც იყიდის, რადგან «გუდვილის» ჩეკი დიასახლისს უნდა ჩააბაროს, რომელსაც ის მამასახლისს, ანუ სახლის უფროსს გადასცემს.

აბაზანისა და ჯაკუზისთვის საჭირო ყველა კომპონენტი _ ქაფი, სითხე, საპონი, აეროზოლი და სხვა წვრილმანიც, ასეთი წესით მარაგდება. კონკრეტულ ოჯახს გამოეყოფა იმდენი და იმ რაოდენობის, რამდენსაც მოიხმარს. ზოგი ოჯახი 3-სულიანია, ზოგი _ 5-6. ცხადია, გათვალისწინებულია, რომელი ფირმის აეროზოლი ან შამპუნი უნდა მოუტანონ. ბოლო 4 წელია, «გუდვილი» და სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური პარტნიორები არიან, მხოლოდ ეს ჰიპერმარკეტი ამარაგებს უმაღლესი კლანის ოჯახებს, მაგრამ ჩვენთვის უცნობია, «გუდვილი» რაიმე ტენდერის წესით იგებს ამ უფლებას თუ ექსკლუზიური უფლება აქვს. არის შემთხვევები, როცა რომელიმე გაზულუქებული ოჯახის ბავშვი აიხირებს და ისეთ ნუგბარს მოინდომებს, ვთქვათ, ისეთ ნაყინს, რომელიც «გუდვილში», ანუ სახელმწიფო მომსახურების ნუსხაში არ არის. ასეთ შემთხვევაში ეს სამსახური პასუხისმგებელობას იხსნის და მშობლები იძულებულნი არიან, ჯიბეზე გაიკრან ხელი და სხვაგან უყიდონ თავიანთ პატარას ნაყინი.

სამთავრობო ზონის ყოფილი თანამშრომელი, ლენინისა არ იყოს, სახელმწიფო დოვლათის არასწორად გადანაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი ინფორმაციით, იმის გამო, რომ ამ სახლის მობინადრეთა უმეტესობას საკუთარი ფულით ოჯახები არ ურჩენიათ და არც ოჯახის ბიუჯეტისა გაეგებათ რამე, ხშირია შემთხვევები, როცა ერთ ოჯახს იმდენ პროდუქტს მიუტანენ, რომ მეორე-მესამე დღეს გადასაყრელი ხდება ხოლმე. იქ მომსახურე პერსონალთა ნაწილიც ნაკლებკვალიფიციურია, ამიტომაცაა, რომ ხშირად ძვირადღირებული პროდუქტი ფუჭდება და იყრება. ზაფხულობით კი ამ ჩვენს მინისტრებსა და პარლამენტარებს იმდენი ხილი ულპებათ, ათობით ოჯახს რომ ეყოფოდა. თან დიასახლისს ან მებაღეს არა აქვს უფლება, მათ უკითხავად ზედმეტი პროდუქტი სახლში წაიღოს და შვილებს აჭამოს.

ერთ ზაფხულს გელა ბეჟუაშვილის შვილებმა აიტეხეს: _ მამა, ლეღვი გვინდაო. სასწრაფოდ დარეკეს სპეცნომერზე, ბავშვებს ლეღვი უნდათო. 10-12 კილოგრამი ლეღვი მოიტანეს. ბავშვებმა მხოლოდ რამდენიმე ცალი შეჭამეს, დიდი კალათით იდგა სამზარეულოში, ერთი ცალიც არ აუღია აღარავის. მერე აივანზე გაიტანეს. ამჟავებული ლეღვის სუნმა შეაწუხდა ბეჟუაშვილი და ბრძანა: _ მოაშორეთ აქედანო. წაიღეს და გადაყარეს, არც სხვას აჭამეს და არც თვითონ ჭამეს. არადა, იმ ზაფხულს რამდენმა ბავშვმა ვერ დააგემოვნა ლეღვი! თანაც ბეჟუაშვილი სოფელში გაზრდილი ბიჭია, მანგლისელია. იცის მიწისა და გაჭირვების ფასიც და ეგ რომ მაგას იზამს, რუსთაველზე გაზრდილ მიშა მაჭავარიანს რაღა უნდა მოსთხოვო?!

ნიკა გილაური რატომღაც ყველას მოსწონს _ სამთავრობო დაცვის ბიჭებსაც და იქაური ოჯახების მომსახურე პერსონალსაც. ეს ბიჭი სულ იცინის, მაგრამ რა აცინებს ამ დაქცეული ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მართლაც გასაკვირია. გილაური ფინანსთა მინისტრი რომ გახდა, წყნეთის ზონაში აგარაკი გამოუყვეს (ენერგეტიკის მინისტრიც იყო, მაგრამ მაშინ არ დააფასეს). მივიდა, აგარაკი დაათვალიერა და სამთავრობო სამსახურის «მთავარი მომმარაგებელი» ეახლა: აი, ბატონო ნიკა, ყოველთვიურად ესა და ეს გერგებათ სახელმწიფო ხარჯზე და თუ რაიმეს დამატებით მოისურვეთ, რამდენიმე საათით ადრე გვითხარითო. თან გრძელი, რამდენიმე ფურცლიანი სია მიუწოდებია მინისტრისთვის. გილაურს სია წაუკითხავს, შუბლში ხელი შემოურტყავს; ეს რა ამბავია, ამდენს მთელი წელი არ ვჭამ, ერთ თვეში ამდენ რამეს რა მაჭმევსო?! ხალხო, ძლივს ისეთ ასაკს მივაღწიე, დედაჩემი კოვზით აღარ დამდევს და ახლა, კვება თქვენ უნდა მიკონტროლოთო?

გილაურს «მთავარი მომმარაგებლისთვის უთხოვია, რაც აქ არის ჩამოწერილი, სააბაზანო სერვისის გარდა, ყველაფერი ოთხად გაყავით, ეს მეოთხედი კი მთელ თვეზე გამინაწილეთ, პურპროდუქტები კი საერთოდ ამოიღეთ სიიდანო. შეჰკადრეს გილაურს, ეგრე არ გამოვა _ «გუდვილთან» ექსკლუზიური კონტრაქტები კი არა გვაქვს გაფორმებული, მთელ სამთავრობო ზონას აქვს გაფორმებული და წესს ვერ დავარღვევთ, რაოდენობას ვერ შევამცირებთო. გილაური გადარეულა _ ფინანსთა მინისტრი მე ვარ და რას მასწავლისო!

ბოლოს უთქვამს, კი, ბატონო, მთელი ზონისთვის იყიდეთ ისევ ისე, როგორც ყიდულობთ; მე დამაწერეთ, რასაც აქამდე ჩემს წინამორბედს აწერდით, ხელსაც მოგიწერთ, მაგრამ, რაც გითხარით, იმაზე მეტი სახლში არაფერი მომიტანოთო. რაც დარჩება, ის სამი მეოთხედი სხვებზე გადაანაწილეთო. ასეც მოქცეულან. იქაური მომსახურე პერსონალი დღემდე ეჭვობს _ იმ დროს იქ კახა ბენდუქიძე ცხოვრობდა და, რაც გილაურს დააკლეს, ის პირდაპირ ბენდუქიძეს დააწერეს, რადგან მუდამ დამატებით საკვებს მოითხოვდა და ეს გაძლიერებული ვიაიპი მენიუც არ ჰყოფნიდაო.

გარდა საჭმელ-სასმელისა და ყოველდღიურად მოსახმარი საშუალებებისა, სამთავრობო ზონაში უფასოა ქვეყნის მესაჭეთა ბავშვებისთვის დაბადების დღეებისა და სხვა, რელიგიური თუ საერო დღესასწაულების გამართვა. მთავარია, მოინდომონ და მთავრობა მზადაა, ნებისმიერი ხარჯი გაისტუმროს. მაგალითად, შარშან გიგა ბოკერიას ცოლმა თავის დაქალ-ძმაკაცებთან ერთად «ჰელოუნი-ფართი» მოაწყო და გვარიანად მოულხინეს. ფრანგული შამპანურისა და კონიაკის ხარჯები («ჩერეზ» «გუდვილით») სახელმწიფომ გადაიხადა. უცნობია, სად და ვინ შეუკერა «ზეიმის» მონაწილეებს სამოსი და ნიღბები და ვინ გადაიხადა მათი საფასური.

შარშანვე ორი დიდი დღეობა გამართულა წყნეთის სამთავრობო აგარაკზე გიგა ბოკერიას ვაჟისა და გიორგი ბარამიძის ქალიშვილის, მაგრამ ვანო მერაბიშვილის შვილის დაბადების დღე განსაკუთრებულად გამორჩეული ყოფილა. ყოველი მეორე სტუმარი იარაღით იყო მისული და აკაკანეს და აკაკანეს თურმე პისტოლეტები. მერე, დიდი ფოიერვერკიც მიაყოლეს ამას. ტყვიების არა, მაგრამ 100-კაციანი პურმარილისა და ფოიერვერკის ხარჯი სახელმწიფომ გაიღო.

საწყალი ბიუჯეტი უძლებს ამ ყველაფერს. სხვა რა გზაა, მილიონჯერ გვითქვამს და დაგვიწერია, ეს ბიუჯეტი მათ ხასიათსა და გუნება-განწყობაზეა «შეკერილი».

ხალხი შიმშილით იხოცება, ნაგვის ურნებთან რიგია, წყნეთშიც მრავლადაა ისეთი ოჯახი, იმ მორჩენილ სანოვაგეს მთელ დღეს რომ გამოიზოგებდა, მაგრამ ეს გაქსუებული დიდჩინოსანნი და მათი ცოლ-ქალიშვილები, რაც მორჩებათ, ყრიან, ასე ურჩევნიათ, ვიდრე გაჭირვებულებს დაურიგონ. მხოლოდ რამდენიმე დიდმოხელის ოჯახსა და დიასახლისს ემადლიერებიან იქ მომუშავე ადამიანები. თბილად იხსენებენ ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ჟვანიას, რომელიც მომსახურე პერსონალს უყურადღებოდ არასდროს ტოვებდა.

სიმართლე უნდა ითქვას: დღესასწაული არ ჩაივლის, სამთავრობო ოჯახის დაცვის ბიჭებს რაიმე ნუგბარი რომ არ უწილადოს პრეზიდენტის მეუღლემ სანდრა რულოვსმა. შარშან, შობას დიდი ტორტი გამოუტანია და თვითონვე დაუჭრია დაცვის ბიჭებისთვის; წლეულს, ახალ წელს მათთვის ჩურჩხელები ჩამოურიგებია; ყოფილა შემთხვევა, პირველ ლედის შინაც შეუპატიჟებია თურმე გაყინული ბიჭები და ყავა და ჩაი შეუთავაზებია (თუმცა ამ დროს, კანონის თანახმად, «შინშეპატიჟებულებს» სხვები ცვლიან).

რაც მთავარია, ამ ოჯახებში საჭმელი არ ფუჭდება _ რასაც ვერ ერევიან, იმას მომსახურე პერსონალს აძლევენ. ობიექტურობისთვის ამ კატეგორიაში უნდა მოვიხსენიოთ ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიაც. არ ვიცი, იქნებ ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ეს ქალი ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ სიხარბესა და «მეშჩანობას» ვერ დავწამებთ.

დიდი ხანი არ არის, რაც ერთ-ერთ კოტეჯში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია ჩასახლდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ სამსახურის უფროსი სამთავრობო ზონაში ცხოვრობს. ამბობენ, ეს სიტუაციის უკეთ კონტროლის მიზნით გაკეთდა; მეორეც, ჯანაშია სააკაშვილს მოუვიდა თვალში, ბოლო ხანს დამეგობრდნენ კიდეც, რაც მის კლანში გავლენის გაზრდაზეც აისახაო.

ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ოჯახის შვილები, ცხადია, საუკეთესო სკოლებში დადიან, თუმცა თითქმის ყველა ოჯახს, სადაც სასკოლო ასაკის ბავშვია, რეპეტიტორები დაუდით. რეპეტიტორებიც, როგორც ყველა პერსონალი, საგანგებოდ არიან შერჩეულნი, განათლების სამინისტროს რეკომენდაციებითა და მერაბიშვილის უწყების მიერ, მათი და მათი ოჯახის წევრების ძირის-ძირობამდე შესწავლით. მასწავლებლები საღამოობით ამოდიან თბილისიდან, მათ მანქანა არ ემსახურებათ. ხელფასს სახელმწიფო უხდის, 500-700 ლარის ფარგლებში, გააჩნია საგანს. ცალკე თემაა უცხო ენების მასწავლებლები. ისინი ჩვეულებრივი სკოლებიდან არ მოჰყავთ (ანუ განათლების სამინისტროს ქვემდებარე უწყებიდან), მათ საგანგებოდ არჩევენ უცხო ენათა შემსწავლელი ცნობილ და პოპულარულ ცენტრებში, ძირითადად ახალგაზრდა გოგონები არიან (სხვა საგნების მასწავლებელთაგან განსხვავებით) და ისინიც, სპეცწესებით არიან შერჩეულნი. უცხო ენების მასწავლებლებს კონტრაქტს უფორმებენ, სადაც ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ ისინი ოჯახის წევრებსაც კი არ გაუმხელენ, თუ დამატებით სად მუშაობენ.

ბიუჯეტი იხდის «ნაციონალთა» კლანის ელიტის ავტომანქანების შეკეთება-შენახვის ფულს. ოჯახის ყველა წევრს, ვისაც მართვის მოწმობა და სურვილი აქვს, ცხადია, სახელმწიფო მანქანა ემსახურება. არის შემთხვევები, ოჯახში 5-6 წევრია და ყველას სამთავრობო მანქანა ემსახურება. მოკლედ, ჩაასხი და იგრიალე, ხალხი იხდის!

ეს არის მცირე ნაწილი იმ სიკეთისა, რომელსაც უმაღლესი ხელისუფლების ჩინოვნიკები ბიუჯეტიდან იღებენ. რაც შეეხება ძვირადღირებულ მასაჟებს, სამედიცინო მომსახურებას, სახელმწიფოს ხარჯზე ცპა-ცენტრებში, აუზებზე, ჩოგბურთის კორტებზე ვიზიტებს, ცხადია, ხალხის ხარჯზე, ამაზე სხვა დროს მოგითხრობთ.

ჯაბა ლეონიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here