Home რუბრიკები პოლიტიკა გადამწყვეტი ბრძოლა, ანუ «წინ, უნიტაზისკენ!»

გადამწყვეტი ბრძოლა, ანუ «წინ, უნიტაზისკენ!»

870

სააკაშვილის ლატენტური მხარდამჭერების თქმისა არ იყოს, «რაღაც ნამდვილად კეთდება და ამის არდანახვა არ შეიძლება». GHN-ის ცნობით, საქართველოში 50-მდე ახალი საზოგადოებრივი ტუალეტი ამოქმედდება, რაც დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაჯდება. ამის თაობაზე ჟურნალისტებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ ამცნო.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს, პრაქტიკულად, მიხეილ სააკაშვილი ხსნის ყველა ობიექტს, რომელსაც სახურავი აქვს, მათი ზომისა და დანიშნულების მიუხედავად, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თამაშგარე მდგომარეობაში ის არც ამჯერად დარჩება.

რატომაც არა? წითელი ლენტი თეთრი კაფელის ფონზე საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება, მყუდრო სივრცე კი ფილოსოფიური წიაღსვლებისკენ განაწყობს. ასეთ გარემოში ძალიან ბევრი რეზონანსული განცხადების გაკეთება შეიძლება. მაგალითად, იმის თაობაზე, რომ მსგავსი რამ ნიცასა და ბადენ-ბადენში არ აშენებულა, რომ კრემლის ბინადრებს ქართული ვატერკლოზეტების შური გადაიყოლებს, რომ 2025 წლისთვის შესაბამისი ქსელი სრულიად საქართველოს დაფარავს, რის შედეგადაც 50 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. იმის თქმაც შეიძლება, რომ ასეთი აღმშენებლობის ანალოგი დავითისა და თამარის ეპოქაშიც კი არ მოიძებნება.ორივე ხელით მხარს ვუჭერ ამ პროექტის განხორციელებას, თუნდაც იმიტომ, რომ ის რეალისტურად გამოიყურება. ეს არ არის მასშტაბური «50-დღიანი» ან «50-თვიანი» პროგრამა და ხელისუფლებამ, სავარაუდოდ (ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, თუმცა მაინც), დააგროვა საკმარისი გამოცდილება იმისთვის, რომ 50 ტუალეტის აგების ამოცანას შეეჭიდოს და დასახული გეგმა 100%-ით შეასრულოს. მეორე: მმართველ ძალას შესაძლებლობა მიეცემა, ამორფული ფრაზა «გასაკეთებელი კიდევ ბევრია» კონკრეტული ლოზუნგით «წინ, პისუარისკენ!» შეცვალოს, რაც წინასაარჩევნო ბრძოლას ჯერაც არნახულ დრამატიზმს შესძენს. მესამე (და მთავარი): სავარაუდოდ, სამუდამოდ მოიხსნება პრობლემა იმ ადგილთან დაკავშირებით, რომელსაც სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში დაიკავებს.

«Excudent alii spirantia mollius aera…», _ ვერგილიუსის თქმის არ იყოს… იმ მონაკვეთის მოკლე შინაარსი დაახლოებით ასეთია: სხვა შეიძლება ფრიად გაწაფული მოქანდაკე, იურისტი და ასტრონომი იყოს, შენ კი, «რომაელო, დაისწავლე გაძღოლა ხალხის, ეს არის შენი ხელოვნება, ქვეყნის მოწყობა» და ა. შ. ეს ციტატა და რუსთაველის _ «რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს» საკმაოდ ვიწრო დერეფანს ქმნის, რომელსაც ისტორიის კარიბჭესთან მივყავართ. ვერაფერს ვიზამთ, ყველა ვერ გააფართოებს საზღვრებს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, სტარტს ვერ მისცემს აღორძინების ხანას ან თუნდაც მოკრძალებული ეკონომიკური ზრდის ხუთწლედს. ყოველივე ამას შესაბამისი ნიჭი და წინაპირობები სჭირდება, მაგრამ ტუალეტებზეც ხომ უნდა იზრუნოს ვინმემ? თუ გინახავთ სადმე თავმოყვარე ცივილიზაცია რამდენიმე ათეული მონუმენტური საზოგადოებრივი ტუალეტის გარეშე?

რას ვირჩევთ: მასშტაბურ ნეგატივს თუ მოკრძალებულ პოზიტივს? წარმოუდგენლად მწარეა, _ საქართველოს ისტორიაში შეხვიდე როგორც მმართველი, რომელმაც ტერიტორიები დათმო, ბრძოლის ველიდან გაიქცა (თუ გახოხდა), უმწეოებს ჩაგრავდა, ბიუჯეტს ფლანგავდა და ა. შ. და უცებ, ჩნდება შესაძლებლობა 50 ტუალეტის მშენებლის სახელი დაიმკვიდრო. ეს, ერთი შეხედვით, ძალიან მცირე, ღიმილისმომგვრელი საქმეა, თუმცა ის უდავოდ დადებითია. ადრე თუ გვიან ყველაფერი ჩაივლის, წყენა და ტკივილი წარსულს ჩაბარდება, ხოლო ეს პატარა, თუმცა ამავე დროს საოცრად ამაყი ნაგებობები დარჩება. ვისღა ახსოვს დღეს მარკუს ვიფსანიუს აგრიპას მოღვაწეობა სამხედრო და პოლიტიკურ ასპარეზზე? თუმცა, ვინაიდან მან აკვედუკები ააგო და რომის «დიდი კლოაკა» კანალიზაციის თითქმის თანამედროვე სისტემად გადააქცია, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს, მისი სახელი მადლიერ რომაელებს ორი ათასწლეულის შემდეგაც არ დავიწყებიათ. კანალიზაციის მილით ისტორიაში წარმატებული შეღწევის ამ მაგალითმა, ალბათ, უნდა უბიძგოს სააკაშვილს «50 ტუალეტის პროგრამას» ყურადღება მიქციოს. სავარაუდო ალტერნატივა («მიხეილ დამაქცევარი», «მიხეილ გაქცეული», «უსამართლო», «ცრუ» და ა. შ.) მისთვის მეტად არასახარბიელო ჩანს.

თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს არა ჩვენი, არამედ სააკაშვილის პრობლემაა და, ალბათ, უფრო საინტერესო იქნება ყურადღება ამ ისტორიის სხვა ასპექტს მივაქციოთ. ათეულობით ირონიულ კომენტარში, რომლებიც წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის სავსებით ნეიტრალურ განცხადებას მოჰყვა სოციალურ ქსელებში, სააკაშვილის მიერ ტუალეტის საზეიმო გახსნის აბსურდული სცენა ფიგურირებდა. თუ ამდენ ადამიანს, ერთდროულად, უმეტესად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, წარმოსახვით თვალწინ ერთი და იგივე სურათი ეშლება, ეს, უხეშად რომ ვთქვათ, «რაღაცას ნიშნავს». ვინ იცის, იქნებ ეს ლოგიკური შედეგია იმ ტელემარათონისა, რომელიც სააკაშვილმა ვაშინგტონში გამგზავრებამდე შემოგვთავაზა? დეკემბერ-იანვარში მან ხომ ეთერში ყოფნის ყველა რეკორდი მოხსნა.

სააკაშვილს ხანდახან უგო ჩავესს ადარებენ, რომელიც ტელეეთერში ასევე უამრავ დროს ატარებს, თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაც არის _ ორივე მიმავალი «ტელევიზიის ეპოქის» პოლიტიკოსია და ორივეს ინტერნეტის მნიშვნელობა და ძალა ცუდად ესმის, რაც სხვა თუ არაფერი, ადრე თუ გვიან, ორივეს გადაიყოლებს. თუმცა ჩავესს, სააკაშვილისგან განსხვავებით, ტელესივრცის ტოტალური გაკონტროლება არასოდეს უცდია, ვენესუელაში ასე თუ ისე თავისუფლად მაუწყებლობენ არა მხოლოდ ნეიტრალური, არამედ აშკარად ოპოზიციური არხები, რომლებმაც 2002 წლის გადატრიალების მცდელობის, 2003 წლის მასშტაბური გაფიცვებისა და სხვა, ჩავესისთვის მეტად საშიში აქციების ორგანიზებაში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულეს. ზოგიერთი ასეთი ტელევიზიის ეთერში (წამყვანები და არა რესპონდენტები!) ჩავესს გიჟს უწოდებენ, ლამის ფიდელ კასტროსთან ინტიმურ კავშირს აბრალებენ და მის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე მსჯელობენ (რამდენიმე ასეთი ეპიზოდი ასახულია ცნობილ დოკუმენტურ ფილმში «რევოლუციას ტელევიზიით არ აჩვენებენ»). მიუხედავად ამისა, ჩავესი მათზე პირდაპირი იერიშის მიტანას ერიდება. ის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში ზის და, მარტივად რომ ვთქვათ, საათობით თავისას უბერავს, მისი ოპონენტები კი, სხვა არხებზე _ თავისას; ის, რა თქმა უნდა, ძნელად ასატანი მმართველია და გამოკვეთილი ლტოლვა დიქტატურისკენ მას ნამდვილად ახასიათებს, თუმცა, ტელევიზიებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ჩავესი, სააკაშვილთან შედარებით, მამა აბრამის ბატკანია.

იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, თუ რას აკეთებს სააკაშვილი, ურიგო არ იქნება, ცნობილი უკრაინელი მკვლევარის, გიორგი პოჩეპცოვის ერთი ციტატა მოვიშველიოთ: «საინფორმაციო სივრცის დახურვა სუსტი მოთამაშის პრეროგატივაა, რომელიც საკუთარი თავისთვის განსაკუთრებულ შეღავათებს ქმნის. სხვა ვარიანტი რეზონანსული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში არა მთელი სისტემის მართვა, არამედ ამა თუ იმ თემებისა და შეტყობინებების მრავალსვლიანი ჩანერგვა ხდება, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს იზიდავს. ეს უფრო ძლიერი მოთამაშის სტრატეგიაა, რომელიც შედარებით იშვიათად, თუმცა ფრიად შედეგიანად საუბრობს. მრავალსიტყვაობა, როგორც მართვის ერთ-ერთი ვარიანტი, მხოლოდ სუსტისთვისაა დამახასითებელი, რომელსაც სურს სხვა საკუთარი აზრით დააინტერესოს და ამიტომ მიდრეკილია ზედმეტი ინფორმაციის გაცემისკენ. მრავალსიტყვაობა ამ ასპექტში საბჭოთა დროის პროპაგანდას ახასიათებდა, თუმცა მოსახლეობამ ზურგი შეაქცია ამ ვერბალურ ნიაღვარს, რომელსაც თავს ახვევდნენ».

გამორიცხული არაა, რომ ფართოდ გავრცელებული კომენტარები «ტუალეტის გახსნაზე» და სხვა მსგავსი წიაღსვლები, სწორედ «ზურგის შექცევაზე» მიანიშნებს. ეს, ალბათ, ბუნებრივი, ალერგიული რეაქციაა იმ ვერბალურ და ვიზუალურ «ნიაღვარზე», რომელიც დეკემბერ-იანვარში ტელეკრანებიდან მოედინებოდა. სააკაშვილი იდეალური მმართველი რომც ყოფილიყო, მის მიერ სატელევიზიო ეთერის საკუთარი თავით შევსების მცდელობა, ნებისმიერ შემთხვევაში გაღიზიანებას გამოიწვევდა. ვერაფერს ვიზამთ, «სუსტ მოთამაშეს» სხვაგვარი მოქმედება, ალბათ, არც ეხერხება.

სააკაშვილმა ორჯერ უარყო ის, რომ საგანგებოდ მომზადებული სტატისტები მასთან შესახვედრად იძულებით მოჰყავთ და დეკორაციები (სამედიცინო აპარატურა და ა. შ.) მის მიერ გახსნილი ერთი კლინიკიდან, სასწრაფო წესით, მეორეში გადააქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი აჭრელებულია მამხილებელი ვიდეორგოლებითა და წერილებით, რომლებიც ერთსაც და მეორესაც საკმაოდ დამაჯერებლად ამტკიცებს; უარყოფა და თავის მართლება ასეთ სიტუაციაში არ შეიძლება. ეს საინფორმაციო თვითმკვლელობის ტოლფასია. სააკაშვილის ეს განცხადებები, შესაძლოა, ირიბად მიანიშნებს იმაზე, რომ ის უკმაყოფილოა მიღწეული შედეგით და წარუმატებლობის ახსნას ოპონენტების მიერ ჭორების გავრცელებით ცდილობს ან, როგორც მინიმუმი, იმას გრძნობს, რომ საზოგადოების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი მას და მის ტელემარათონს სერიოზულად არ აღიქვამს. იქნებ მთავარი პრობლემა იმ უფერულ «ნიაღვარშია», რომელზეც პოჩეპცოვი საუბრობს? რა თქვა ან გააკეთა სააკაშვილმა ბოლო თვეებში ისეთი, რაც «დაილექა» და საზოგადოებრივ აზრზე არსებითი ზეგავლენა მოახდინა?

სინამდვილეში, ეს პიროვნული თუ არა, პოლიტიკური ტრაგედიაა; კაცმა ტელესივრცის თითქმის სრულ «ოკუპაციას» ამდენი წელი მოანდომა, აუდიტორიის დიდმა ნაწილმა კი მას, როგორც უნიჭო მსახიობს, ზურგი შეაქცია და ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროებს მიეძალა. წარმოიდგინეთ, რომ მაყურებლები მასობრივად ტოვებენ თეატრის პომპეზურ, კეთილმოწყობილ შენობას და მოედნის მეორე მხარეს, ქუჩის მსახიობებთან მიდიან. რა შეიძლება იგრძნოს ამ დროს სცენაზე მარტოდ-მარტო დარჩენილმა მსახიობმა, გაოგნებულმა რეჟისორმა და გაგიჟებულმა დირექტორმა? რა უნდა გააკეთონ მათ? ყველაზე სულელური გამოსავალი, ალბათ, დარბაზის სტატისტებით შევსება იქნებოდა, თუმცა ხელისუფლება, როგორც ჩანს, სწორედ ამ გზით წავიდა. არადა, სიტუაცია აშკარად სხვა სტრატეგიის გამოყენებას მოითხოვს. თუ სააკაშვილს აღარ ყოფნის ნიჭი იმისთვის, რომ რეზონანსული ახალი ამბები შექმნას, შეუძლია არასტანდარტულ გარემოში მოქმედება დაიწყოს და, გამორიცხული არაა, ამან მასში მიძინებული კრეატიულობა გააღვიძოს.

იქნებ გამოსავალი «50 ტუალეტის პროგრამაშია»? იქნებ დროული გამოჩენა თეთრი კაფელის (ის შეიძლება წითელი ხუთიანებით მოიხატოს) და ქათქათა უნიტაზების ფონზე სიახლის, ორიგინალურობის განცდას გააჩენს და ფიგურანტს, შესაბამისი გზავნილების გაჟღერების შემთხვევაში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში დაბრუნების თუნდაც მცირე შანსს მისცემს; სხვა ხელშესახები და რეალისტური ვარიანტი ამ დროისთვის, უბრალოდ, არ ჩანს. ამ თემაზე დაფიქრება ნამდვილად უღირს, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, ახლო პერსპექტივაში, რაიმე უფრო ღირსშესანიშნავი შედეგის მიღწევა შეძლოს. ასე რომ, «წინ, უნიტაზისკენ!», გასაკეთებელი ხომ ჯერ კიდევ ბევრია.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here