Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან ვეფხვაძე: მე და გიორგი თარგამაძე ვანო მერაბიშვილის აგენტები არ ვართ!

ლევან ვეფხვაძე: მე და გიორგი თარგამაძე ვანო მერაბიშვილის აგენტები არ ვართ!

გაზეთ «საქართველო და მსოფლიოში» წერილის «იმედის» დარბევა ამერიკაში გადაწყდა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გეგმით განახორციელა გიგა ბოკერიამ» გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა «ქრისტიან-დემოკრატების» ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე და მასალაში მოხმობილი რიგი ვერსიების გამო პრეტენზიები გამოთქვა. ჩვენ მას საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება და ზემოხსებულ პუბლიკაციაში გამოთქმულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა შევთავაზეთ.

_ ბატონო ლევან, რა პრეტენზიები გაქვთ იმ მასალასთან დაკავშირებით, რომელიც «იმედის» დარბევასთან ამერიკელი მაღალჩინოსნებისა და გიგა ბოკერიას უშუალო კავშირს შეეხებოდა?

_ ინფორმაცია, რომელიც წყარომ მოგაწოდათ, შეიცავდა რიგ უზუსტობებს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ უშუალოდ თქვენ შეიყვანეთ მკითხველი შეცდომაში, მაგრამ თქვენი წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კითხვები გამიჩნდა. ვფიქრობ, რომ წყარო ცდილობს, შეამსუბუქოს ვანო მერაბიშვილის ბრალეულობა «იმედის», აგრეთვე, 7 ნოემბრის დარბევებთან დაკავშირებით და აქცენტი გიგა ბოკერიაზე გადაიტანოს!_ ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენი წყარო «იმედის» დარბევასთან დაკავშირებით მერაბიშვილის «გათეთრებასა» და გიგა ბოკერიას «გაშავებას» ცდილობს?

_ კი, ასე ვფიქრობ, რადგან სტატიაში არის ასეთი პათოსი, რომ თითქოს გიგა ბოკერიამ აიღო პასუხისმგებლობა «იმედის» დარბევაზე, ბოკერიამ გადაწყვიტა ყველაფერი, მერაბიშვილი კი იყო წინააღმდეგი «იმედის» დარბევისა… სინამდვილეში კულუარებში რა ხდებოდა, არავინ იცის. რამდენიმე კაცში ვინ რისი მომხრე და მოწინააღმდეგე იყო, შეუძლია თქვას მხოლოდ ერთ-ერთმა იმ რამდენიმე ადამიანიდან, ვინც იმ შეხვედრას ესწრებოდა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა… ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილს სურს, რომ მოიცილოს პასუხისმგებლობა «იმედის» დარბევაზე, რაც განპირობებულია მმართველ გუნდში მოსალოდნელი ცვლილებებით. ვანო მერაბიშვილი, ეტყობა, გარკვეული პოზიციების დაკავებას აპირებს ახალ რეალობაში და «იმედის» დარბევის დამღის ჩამორეცხვა სჭირდება. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ იმ «სპეცრაზმელებს», «იმედი» რომ დაარბიეს, განკარგულებას ვერც გიგა ბოკერია მისცემდა, ვერც მიხეილ სააკაშვილი. ბრძანება «იმედის» დარბევისა მერაბიშვილმა გასცა, ამიტომ მისი ბრალეულობის საკითხი ჩემთვის არის ცალსახა.

_ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: წყარო, რომელმაც მომაწოდა ინფორმაცია, რომ «იმედის» დარბევის სანქცია გიგა ბოკერიამ ამერიკელი მაღალჩინოსანი რესპუბლიკელების ნებართვით გასცა, ამჟამადაც გიგა ბოკერიას პოლიტიკური გუნდის აქტიური, თვალსაჩინო წევრია. ვფიქრობ, მან, უბრალოდ, მითხრა სიმართლე და მას არანაირად არ უნდა აინტერესებდეს ვანო მერაბიშვილის უამისოდაც მძიმე იმიჯის გათეთრება.

_ მაინც ვფიქრობ, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება მერაბიშვილისთვის ამ დანაშაულის ჩამოწერისა და ბოკერიასთვის მისი «შეტენვის» მცდელობას. ახლა თქვენს სტატიაში დაფიქსირებულ იმ მომენტზეც უნდა გავამახვილო ყურადღება, სადაც წერია, რომ ვანო მერაბიშვილს «იმედში» ჰყავდა აგენტები, მაგრამ მთავარი აგენტები ლევან ვეფხვაძე და გიორგი თარგამაძე იყვნენო. ვეფხვაძე, როცა პოლიტიკაში გამოჩნდა, მერე წამოტივტივდა, თორემ მე ვიყავი არა არხის მთავარი პროდიუსერი, არამედ ყოველკვირეული გადაცემა «დროების» მთავარი პროდიუსერი.

_ ერთია თანამდებობა და მეორე _ გავლენა. თავად «იმედის» ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ გიორგი თარგამაძესთან მეგობრობის გამო არხზე იმაზე მეტი გავლენა გქონდათ, ვიდრე თანამდებობა.

_ ამას ერთი ნაწილი ამბობს, მაგრამ რეალურად ასე არ ყოფილა. გავლენით ვერ შევედრებოდი საინფორმაციო სამსახურის უფროს მაია თაბაგარს, ტექნიკური ჯგუფის უფროსს, გენერალურ დირექტორს და კიდევ მრავალ სხვას.

_ ჩემი წყარო ამტკიცებს, რომ გიორგი თარგამაძეს ჰქონდა ბერკეტი _ ტექნიკური ჯგუფის მეშვეობით გაეთიშა «იმედი», თუ ამას ვანო მერაბიშვილი უბრძანებდა.

_ ამ ბრძანების გაცემა შეეძლო ორ ადამიანს _ ერთი იყო გენერალური დირექტორი და მეორე ტექნიკური დირექტორი. გიორგი თარგამაძეს ამის გაკეთება არ შეეძლო, რას იზამდა, «შტეკერს» გამოაძრობდა და არხი გაითიშებოდა?

_ ღიად, შესაძლოა, ეს არც გაკეთებინა. თარგამაძეს დიდი გავლენა ჰქონდა არხზე, ამას მაინც ნუ უარყოფთ. ფორსირებულად არ შეიძლებოდა ტექნიკური ჯგუფის ერთ ან რამდენიმე თანამშრომელზე იმხელა გავლენა ჰქონოდა, რომ არხი გაეთიშა? თეორიულად მაინც ნუ უარყოფთ ამის შესაძლებლობას.

_ გიორგი თარგამაძე განსაზღვრავდა არხზე საინფორმაციო პოლიტიკურ მიმართულებას _ საინფორმაციო გამოშვებას, «დროებას» და, პოლიტიკურ თოქ-შოუებს. დამიჯერეთ, არანაირი შეხება არ ჰქონდა ტექნიკურ ჯგუფთან, ცხადია, იცნობდა ამ ხალხს, მაგრამ მათზე რაიმე გავლენაზე ლაპარაკი ზედმეტია. ტექნიკური ჯგუფი გენერალურ დირექტორს ემორჩილებოდა. ვერც ერთ თანამშრომელს ტექნიკური ჯგუფიდან ვერაფერს დაავალებდა, თუნდაც იმიტომ, რომ ტექნიკური ჯგუფი წარმოადგენდა კომპანია «ტექნო-მედიას», რომელიც კონტრაქტით მუშაობდა «იმედზე» და მხოლოდ გენერალური დირექტორის წინაშე იყო ვალდებული.

ახლა ამ ბრალდების მორალურ მხარეზე მინდა ვთქვა. ცოტა უცნაურია, როცა მე და გიორგი თარგამაძეს მერაბიშვილის აგენტებს გვეძახის ვინმე. ალოგიკურია, ყველაფერს თავი დავანებოთ. სწორედ ჩემი და გიორგი თარგამაძის წყალობით მიიღო ყველაზე დიდი დარტყმა ვანო მერაბიშვილმა _ ვგულისხმობ, «დროებაში» გაშვებულ სიუჟეტებს სანდრო გირგვლიანის, რობაქიძის მკვლელობების შესახებ. ეს ყველაფერი დღემდე ვერ ჩამოურეცხავს მერაბიშვილს. კიდევ ათამდე სიუჟეტი შემიძლია გავიხსენო, როცა «დროების» სიუჟეტებით მერაბიშვილსა და მისი უწყების სხვა მაღალჩინოსნებს დავარტყით, სწორედ იმ ხალხს, მინისტრის უახლოეს გარემოცვას რომ უწოდებენ. რა გამოდის, ვანო მერაბიშვილის აგენტურა ახდენდა თავად მერაბიშვილის დისკრედიტაციას? 7 ნოემბერი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებამ და შემდგომმა პროცესებმა მოიტანა? ვინ გაახმაურა ეს ამბავი? «დროებამ»! აი, ამიტომ ვლაპარაკობ, რომ აქ ლოგიკა არ არსებობს. თუ მერაბიშვილის აგენტები ვიყავით, რატომღა ვურტყამდით გამუდმებით მერაბიშვილს? მე რომ მერაბიშვილის აგენტი ვყოფილიყავი ან თარგამაძე, გირგვლიანის და სხვა მსგავსი სიუჟეტები «დროების» ეთერში არ გავიდოდა. ამდენად, თქვენი წყარო არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. არც მე, არც გიორგი თარგამაძე ვანო მერაბიშვილის აგენტები არ ვართ და «იმედის» გათიშვა არანაირად არ შეგვეძლო!

ვინ და როგორ გათიშა არხი 7 ნოემბრის საღამოს, ვინ შეიჭრა «იმედში» და ვინ დალეწა იქაურობა, ყველამ კარგად იცის. ჩემი ვარაუდით, ამ ინფორმაციის ახლა გავრცელება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას უკავშირდება. «ნაციონალურ მოძრაობაში» მიდის ბრძოლა მემკვიდრეობისთვის და ამ ბრძოლაში უთუოდ ჩაბმულია მერაბიშვილი. მას, ცხადია, დასჭირდა ძველი ცოდვების ჩამორეცხვა, რომ უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი.

_ გინდათ, თქვათ, რომ ბოკერია და მერაბიშვილი სხვადასხვა დაჯგუფებას ეკუთვნიან და ბოკერიას ჯგუფმა დაარტყა მერაბიშვილს? არადა, საერთო ღირებულებებიდან გამომდინარე, მერაბიშვილი და ბოკერია ერთ დაჯგუფებაში მოიაზრებოდნენ და ხელისუფლება ამის ხაზგასმას გამუდმებით ცდილობდა. «თავისუფლების ინსტიტუტის» ლიდერები ღიად საუბრობენ, რომ ვანო მათი კაცია, მათი წიაღიდან წარმოშობილი…

_ მერაბიშვილი და ბოკერია განეკუთვნებიან სხვადასხვა სახელისუფლო დაჯგუფებას. ბოკერია არის ლიდერი ხელისუფლების ულტრალიბერალური ფრთისა, ე. წ. ლიბერტანიალური ჯგუფისა, რომელსაც გარკვეული ღირებულებები აქვს და ამ ღირებულებათა ერთგულია. რაც შეეხება მერაბიშვილს, მას მკაფიოდ ჩამოყალიბებული რაღაც ღირებულებები არ გააჩნია, ის არის პრაგმატიკოსი პოლიტიკოსი და ხელისუფლებაში დიდი გავლენა აქვს. თქვენი წერილიდან მე ასეთი დასკვნა გავაკეთე: არ გამიკვირდება, «იმედისა» და 7 ნოემბრის დარბევების ბოკერიასა და ამერიკელებისთვის გადაბრალება მერაბიშვილს იმისთვისაც რომ სჭირდებოდეს, რომ ხელი შეაწმინდოს ბოკერიას, ამერიკას და გამოვიდეს და თქვას, რომ, აი, ახლა მე ვიწყებ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, ანუ საბოლოოდ გაემიჯნოს ბოკერიას პროამერიკულ გუნდს და ახლებური პოლიტიკის თამაში დაიწყოს. მაგრამ ვისთან ერთად განახორციელებს ამას, ძნელი სათქმელია.

_ რატომ არ უშვებთ იმ შესაძლებლობას, რომ მართლა ამერიკელთა ნებართვით დაარბიეს «იმედი»? ჩემს სტატიაში წერია, რომ დიკ ჩეინი, რიჩარდ ჰოლბრუკი და ჯონ მაკკეინი ყაბულს იყვნენ «იმედში» სპეცრაზმით შეჭრასა და ამგვარად არხის გათიშვაზე, ოღონდ ეს ყველაფერი ცივილიზებურად მომხდარიყო. მაგრამ «ცივილიზებული დარბევა» ვანო მერაბიშვილმა ვერ უზრუნველყო _ სპეცრაზმმა დაამტვრია ტექნიკა, შეურაცხყო ჟურნალისტები, ზოგს სცემა კიდეც…

_ არც მე, არც გიორგი თარგამაძეს არ გვეგონა, სპეცრაზმი თუ შემოვარდებოდა. ყველაზე უარესი, რაც წარმოგვედგინა, ეს იყო არხის ჩვენ მიერ გათიშვა ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რომლის დროსაც, მოგეხსენებათ, კანონის ჩარჩოებში იზღუდება სიტყვის თავისუფლება, გაჩერდებოდა საინფორმაციო გამოშვება და არხზე დაწესდებოდა კონტროლი, ცენზურა.

«იმედის» მმართველი კომპანიის _ «ნიუსკორპის» წარმომადგენელი ლუის რობერტსონი სწორედ ამ შესაძლებლობებს იხილავდა არხის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად, რადგან სიტუაცია უკვე დაძაბული იყო. ის ამერიკის საელჩოსაც დაუკავშირდა, მათი მეშვეობით _ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსაც და ცდილობდა, გაერკვია, რას ფიქრობდა და რას აპირებდა ხელისუფლება. ამერიკელებმა რობერტსონს უთხრეს და ეს იყო სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციაც, რომ ჩვენ 7 ნოემბრის აქციის დარბევას განვიხილავთ ცალკე თემად, ხოლო დამოუკიდებელ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე შეტევას, «იმედში» უკანონოდ შეჭრას _ ცალკე საკითხად. ამერიკის ზეწოლის გამო გადადგა მაშინ სააკაშვილი და დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. გაიხსენეთ, რა დღეში იყო მაშინ ხელისუფლება, რა პანიკაში იყვნენ. 8 ნოემბერს ნატო-ს გენერალური მდივანი სხეფერი გამოვიდა და დაგმო «იმედის» დარბევა. ყველა დემოკრატიული ევროპული ქვეყნის ლიდერმა, ამერიკელთა პარტნიორებმა მათ შორის, იგივე გაიმეორეს. ამის მერე როგორ დავიჯერო, რომ ამერიკელებმა გასცეს სანქცია არხის დარბევისა?

_ თქვენ რა ვერსია გაქვთ, რატომ დაარბიეს «იმედი»? სააკაშვილი დამჯერეა ამერიკის ადმინისტრაციისა და, თუ წინასწარ იცოდა, რომ ამის გამო დასჯიდნენ, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი? ვიტოვებ უფლებას, მივემხრო აზრს, რომ მას ჰქონდა ფორსირებული თანხმობა ამერიკელებისა, ხოლო დაუსჯელობის გარანტია გიგა ბოკერიამ მისცა. თუმცა ამერიკელებმა სააკაშვილი «გადააგდეს», თანაც მერაბიშვილმა ოპერაცია «ხარვეზებით» ჩაატარა _ «სპეცნაზმა» ფეხმძიმე ჟურნალისტებს ქუჩაში დაუწყო დევნა და დალეწა ტექნიკა.

_ ჩემი ვერსია ასეთია: ჩვენმა იმპულსურმა პრეზიდენტმა ნახა ნათია მიქიაშვილის პირდაპირი ჩართვა სამების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან, მოეჩვენა, რომ არიქა, ესენი რაღაც უბედურებას აწყობენო და მიიღო გადაწყვეტილება, რომ სპეცრაზმი გამოეგზავნა ტელევიზიაში. რამდენიმე დღის მერე ჩვენ _ არხის თანამშრომლები ნინო ბურჯანაძეს შევხვდით. მეგონა, ბურჯანაძე იტყოდა, _ აი, ეს საზიზღრები, ეს რა გააკეთეს და ა.შ. მაგრამ საკმაოდ დინჯად გვესაუბრა, ერთი არ დაუგმია «იმედის» დარბევა. ეს კი თქვა: როცა ჩვენ, ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები, ვისხედით და ვმსჯელობდით, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა, მაშინ ვიკითხე _ არ შეიძლება ისე გავაკეთოთ, რომ სადმე მავთული გადავჭრათ და «იმედი» ისე გამოვრთოთო?

_ ანუ ბურჯანაძემ აღიარა, რომ არხის გათიშვის მომხრე იყო, ოღონდ «ცივილიზებურად».

_ კი, გათიშვის მომხრე ვიყავი, მაგრამ ამ ფორმით, ანუ დარბევით _ არაო. ისიც თქვა, აუცილებლად უნდა გათიშულიყო «იმედი», რადგან უკვე მიდიოდა პირდაპირ ეთერში ხელისუფლების დამხობის მოწოდებებიო. არადა, არანაირი ამგვარი მოწოდება არ ყოფილა, ამოიღონ კადრები და ნახონ… 20 საათი და 45 წუთია, გიორგი თარგამაძის კაბინეტში ვისხედით მე, გიორგი, პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე პაატა ჩახნაშვილი და 3 დეპუტატი: ვალერი გელბახიანი, კახა კუკავა და ზვიად ძიძიგური. ამ დროს ჩაიქროლა სპეცრაზმმა. დაცვა ისე განაიარაღეს, კაციშვილმა ვერ გაიგო. ავიშალეთ, გავედით გარეთ. გიორგი მეორე სართულზე ჩავიდა, სპეცრაზმელმა დაინახა, დაიბნა, გაჩერდა. ამით ისარგებლა გიორგიმ, შევარდა სტუდიაში და ჩაიკეტა შიგნით.

_ ნუ მიწყენთ და ისევ იმ ვერსიას უნდა დავუბრუნდე, რომ გიორგი თარგამაძე და ლევან ვეფხვაძე ვანო მერაბიშვილის აგენტები არიან. როცა სპეცრაზმი ნებისმიერ ობიექტში შეიჭრება, პირველი, ვისაც ანეიტრალებს, ეს არის ხელმძღვანელობა, გავლენიანი ფიგურები. მაშინ, როცა ჟურნალისტები სცემეს, ოპერატორებს კამერები დაუმტვრიეს, საინფორმაციო სამსახურის კურატორს, ზედამხედველს, გიორგი თარგამაძეს ბეწვიც არ ჩამოვარდნია, ხელებიც არ გადაუგრიხეს, სხვებს კი ლამის დაუმტვრიეს ხელები. არადა, ყველაფერი სწორედ საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტის პირდაპირ ჩართვას მოჰყვა. რატომ დაინდეს თარგამაძე? რატომ დაგინდეს თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ გავლენა ნამდვილად არ გაკლდათ და არაერთხელ გითქვამთ პრესით, რომ თარგამაძესთან ერთად ბადრი პატარკაციშვილს სკაიპით ხშირად ეკონტაქტებოდით, ანუ პატარკაციშვილი თქვენც გენდობოდათ, თარგამაძეს _ თავისთავად.

_ სპეცრაზმელებს ჰქონდათ დავალება, რომ ჟურნალისტებს არ შეხებოდნენ. კი, ტექნიკა დაამსხვრიეს, მილეწ-მოლეწეს ყველაფერი, მაგრამ პირველ სართულზე ჩაიყვანეს ყველა და იქ დასვეს, ზოგი დააწვინეს. მერე მე ჩამიყვანეს დეპუტატებთან ერთად. ამ დროს ამოვიღე პრესკარტა და ვუთხარი სპეცრაზმელს _ მე ჟურნალისტი ვარ-მეთქი. ნახა საბუთი, ჩამიყვანა პირველ სართულზე და მითხრა, ახლავე, სასწრაფოდ დატოვე ტერიტორიაო. ჩემთან ერთად იყო რამდენიმე ჟურნალისტი, დაჩი გრძელიშვილი ნამდვილად მახსოვს, გამოგვიყვანეს გარეთ და მანქანით მოგვაშორეს «იმედის» ტერიტორიას. სხვა ჟურნალისტებიც პირველი სართულიდან გაუშვეს და უთხრეს, დაეტოვებინათ ტელევიზიის ტერიტორია.

_ იქ მყოფი ჟურნალისტების ერთი ნაწილი შემდგომში ირწმუნებოდა, რომ გიორგი თარგამაძე და მისი მეუღლე, თათია თოფურია, ერეკლე კოდუამ საკუთარი ჯიპით გაიყვანა «იმედის» ეზოდან.

_ გიორგიც და თათიაც გაიყვანეს, მაგრამ არა კოდუას მანქანით. შესაძლოა, გაიყვანეს სპეცსამსახურების მანქანით, მაგრამ მიზანი ის იყო, გიორგი მოეცილებინათ იქიდან, ასევე _ მე და ყველა ჟურნალისტი, ვინც პროტესტს არ შეუშინდებოდა. მათი მიზანი იყო, არ გვქონოდა კოორდინირების საშუალება, მობილურებიც ჩამოგვართვეს ყველას, ერთმანეთს რომ არ დავკავშირებოდით. 3 დღის მერე დაგვიბრუნეს მობილურები. გიორგი რომ გაიყვანეს, დაიწყო ჩვენი დარბევა უკვე ტელეკომპანიის გარეთ, ასე ვთქვათ, მიმდებარე ტერიტორიაზე.

_ საგულისხმო და საეჭვო დეტალია _ ჟურნალისტებზე შეტევა, ცემა-ტყეპა სწორედ მაშინ დაიწყო, როცა გიორგი თარგამაძე და მისი მეუღლე სპეცსამსახურებმა სამშვიდობოს გაიყვანეს.

_ მე უკვე გითხარით, რომ გიორგი თარგამაძე მოაცილეს ტელეკომპანიას იმის გამო, რომ მას არ მოეწყო რაიმე ორგანიზებული სახის პროტესტი, არ გჯერათ და რა ვქნა? ამ დროს ხალხიც მოგროვდა იქ და დაიწყო მართლა ცემა-ტყეპა. კი, იცოდნენ, ვინ იყო ჟურნალისტი და ვინ მათ მხარდასაჭერად მოსული, მაგრამ ყველას ერთნაირად უსწორდებოდნენ. ნაწილი ჟურნალისტებისა გავიქეცით მოპირდაპირე მხარეს, ნაწილი ე. წ. დიღმის ტყეში შევარდა და აი, იქ დაუწყეს დევნა ინგა გრიგოლიას, თეა ადეიშვილს, მაია ასათიანს, ირაკლი მოსეშვილს… მოკლედ, ვადასტურებ, რომ ბრძანება იყო _ გიორგი თარგამაძე უნდა გაეყვანათ სპეცრაზმელებს უსაფრთხოდ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმეს აგენტი იყო, არამედ იმიტომ, რომ «იმედთან» უკვე დაწყებულიყო ხალხის შეკრება, ყველა ჟურნალისტი იქ იყო და არ უნდოდათ, ვინმეს ამ პროტესტის კოორდინაცია მოეხდინა და ახალი ტალღა აგორებულიყო.

_ ანუ ხელისუფლებას შეეშინდა გიორგი თარგამაძის?

_ კი, ნამდვილად შეეშინდა, რადგან მას შეეძლო ჟურნალისტთა საპროტესტო აქციის ორგანიზება…

_ ბიძინა ბარათაშვილს ჯერ შენობაში მიადო სპეცრაზმელმა იარაღი შუბლზე, თანაც ბიძინა არ წაიყვანა სპეცრაზმმა, არ გაარიდა იქაურობას. არადა, ეს კაცი «იმედის» დირექტორი იყო. განა მას არ შეეძლო ჟურნალისტთა კოორდინაცია და პროტესტის ორგანიზება, მით უფრო, რომ არა მარტო ჟურნალისტების, «იმედის» ყველა თანამშრომლის უფროსი იყო?

_ არა, არა. ბიძინა არ იყო, ასე ვთქვათ, პოლიტიკასთან გაიგივებული, არც ისეთი ცნობადი სახე იყო, როგორც, ვთქვათ, გიორგი თარგამაძე ან ინგა გრიგოლია. დამიჯერეთ, რა, იმ მომენტში თარგამაძისა და იმავე გრიგოლიას ერთი მოწოდება ბევრად უფრო სახიფათო იყო ხელისუფლებისთვის, ვიდრე ბიძინა ბარათაშვილისა. გიორგი თარგამაძე სახლში მიიყვანეს და დილამდე შიდაპატიმრობაში იყო. ეგრე იყო და ახლა გინდ დამიჯერეთ, გინდ არა!

_ ლევან, ხელისუფლებასთან თქვენი თანამშრომლობის ეჭვს ორი ფაქტორიც აძლიერებს: 1. თქვენი მეუღლე _ ნათია ჩიქოვანი გიორგი ბარამიძის პრესმდივანი იყო თავდაცვის, შს მინისტრობისას და ახლაც _ ვიცე-პრემიერობისას; 2. თქვენი ცოლის ძმა, მირიან ჩიქოვანი კუდ-ის თანამშრომელია, თანამდებობის პირი. რაღაც დაუჯერებელი ამბავია _ ქმარი ოპოზიციონერია, ცოლი _ ვიცე-პრემიერის პრესმდივანი, ცოლისძმა _ უშიშროების მაღალჩინოსანი. ასეთი რამ, ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებშიც არ ხდება, მე მგონი.

_ მე და ჩემი მეუღლე ჩვენი საქმიანობით ხელს არ ვუშლით ერთმანეთს. ნათია 1998 წლიდან მუშაობს ბარამიძესთან, როცა გიორგი «მოქკავშირის» ერთ-ერთი ლიდერი იყო. ეს არის ჩემი ცოლის სამსახური, ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული პოლიტიკური თანამდებობა. მე ჩემს მეუღლეს მის საქმიანობაზე არაფერს ვეკითხები. ასეა ნათიაც, პოლიტიკა ჩვენს ურთიერთობაში გამიჯნულია. მირიანს რაც შეეხება, მეტსაც გეტყვით _ ის კუდ-ში ჯერ კიდევ მაშინ მუშაობდა, როცა სანდრო გირგვლიანზე სიუჟეტი გავუშვით «დროებაში» და ვის დავარტყით?

_ ვანო მერაბიშვილსა და მის მეუღლეს _ თაკო სალაყაიას.

_ არა, კიდევ დავარტყით დათა ახალაიას _ კუდ-ის, ანუ მირიანის უშუალო უფროსს, მის მოადგილეს _ ვასილ სანოძეს, ასევე მირიანის უფროსს. არც ნათიამ და არც მირიანმა არ იცოდნენ, ეს სიუჟეტი რომ მზადდებოდა.

გირგვლიანზე სიუჟეტი რომ გავიდა, დათა ახალაია ღამ-ღამობით იპარებოდა სამსახურში, დღისით ვერ მიდიოდა. რა, ეს შეთანხმებულად გავაკეთე? და ვისი აგენტიც ვარ, იმას დავარტყი და იმხელა პრობლემა შევუქმენი, კაცმა არ იცოდა, დაიჭერდნენ თუ არა ახალაიას. ეს მართლა არავინ არ იცოდა, ან მე საიდან მეცოდინებოდა, გამოძიება რას დაადგენდა და სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებდა? და მე ვარ ვანო მერაბიშვილის აგენტი, გიორგი თარგამაძეა აგენტი, როცა იმავე გირგვლიანის ამბავი პირველებმა გავახმაურეთ და ამ ამბის გამო ხალხი დღემდე მერაბიშვილის დაჭერას ითხოვს?

_ მირიანი როგორ გადარჩა და არ გამოუშვეს სამსახურიდან თუნდაც გირგვლიანის სიუჟეტის მერე? ანდა, ნათია რატომ არ გაათავისუფლეს? ლევან, ვიღაცამ რომ მიტინგზე წამოიძახოს «მიშა გადადექი» და «ვანო კრიმინალია», მთელ ოჯახს ათავისუფლებენ სამსახურიდან და ეს კითხვები არ არის ლოგიკური?

_ მირიანის შესახებ მართლა ვერაფერს გეტყვით, არც ამ თემაზე არ გვისაუბრია და, საერთოდ, პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობთ _ ათასში ერთხელ ვხვდებით ერთმანეთს. თან ახლა რატომ გაახსენდათ, რომ მე და ნათია ცოლ-ქმარი ვართ და მირიანი კუდ-ის თანამშრომელი? როცა გირგვლიანზე სიუჟეტი გავუშვით, მაშინ რატომ არავის გახსენებია ეს და რატომ არ თქვეს _ რას აკეთებს ლევან ვეფხვაძე, ცოლს და ცოლისძმას პრობლემებს რატომ უქმნისო?!

ახლა პირველად გეტყვი ერთ რამეს: 7 ნოემბრის ამბების მერე მივედი გია ბარამიძესთან და ვუთხარი _ გია, შენ უეჭველად გეტყვიან, რომ ნათია გაუშვი სამსახურიდან ან მე მეტყვიან, თუ არ გაჩერდები, შენს ცოლს გავუშვებთო. ვუთხარი, მე ჩემი დარდი არ მაქვს, არც ვალი მმართებს ვინმესი, არც საბანკო კრედიტები მაქვს, _ ერთი სახლი მაქვს, რომლის აშენებასაც 10 წელი მოვუნდი, იმ სახლს გავყიდი, პატარას ვიყიდი, იქ ვიცხოვრებ და, რაც ფული დამრჩება, საარსებოდ რამდენიმე წელი მეყოფა-მეთქი. თუ შენ გითხრეს _ ნათია გაუშვი სამსახურიდან, გაუშვი, არანაირი პრობლემა არ იქნება, ადამიანურად გავიგებ ამას და შენგან არ მეწყინება-მეთქი. მაშინ არ ვიყავი პოლიტიკაში, თითქმის 10 წელი ვმეგობრობდი გიასთან და ეს უნდა მეთქვა. გიამ მიპასუხა _ არა, მე ვერ გამიბედავენ, რომ მითხრან, ნათია გაუშვიო, და რომც მითხრას ვინმემ, მაინც არ გავუშვებო. შეიძლება უხერხულობაში ვაგდებ გიას, ამას რომ ვამბობ, მაგრამ მე უნდა მეთქვა. ვაჟკაცი კაცია და, რაც თქვა, შეასრულა.

_ კრედიტები რატომ უხსენეთ ბარამიძეს?

_ ყველამ იცის, რომ «იმედის» ჟურნალისტების ერთ ნაწილს კრედიტები ჰქონდა აღებული, სახლები ჰქონდა ხალხს ჩადებული, ეს კრედიტები დაუფარეს, სამსახურები უშოვეს, რაღაც ბონუსებიც მისცეს და ისე გადაიყვანეს სხვა არხებზე. მე ის დავუფიქსირე, რომ არანაირი ვალდებულება არ მაქვს, თავისუფალი კაცი ვარ და, თუ გაუშვებდი ნათიას სამსახურიდან, სხვებივით ბანკი სახლს არ წაართმევს-მეთქი. გიორგი ახვლედიანსაც სთავაზობდნენ 150 000 ევროს, მაგრამ არ აიღო, არ იკისრა ის, რაც ბევრმა იკისრა. «დროებაში» ბოლოს 4 კაციღა დავრჩით _ მე, გიორგი ახვლედიანი, ალეკო გაბუნია და სოფო ოჩხიკიძე. ამ სამმა ადამიანმა მიერთგულა ბოლომდე.

_ თქვენ არ გთავაზობდნენ რამეს?

_ კი, მეც მითხრეს, წამოდი «იმედიდან», სტუდიას გაგიკეთებთ და ჟურნალისტურ გამოძიებაზე იმუშავეო. უარი ვუთხარი, ვინც ფულს მაძლევდა, იმათზე ჟურნალისტური გამოძიება როგორ უნდა გამეკეთებინა? სტუდია რომ დაეფინანსებინათ, მერე თვითონ მიკარნახებდნენ, რა და როგორ უნდა მექნა.

_ ვიცი, რომ ჟურნალისტთა უმრავლესობა გივი თარგამაძემ გადაიბირა. თქვენც გივიმ შემოგთავაზათ სტუდია?

_ არა, თარგამაძემ შემომითვალა, თავად თარგამაძეს არ შევხვედრივარ, მაგრამ მისი წარმომადგენლები იყვნენ მოსული.

_ გიორგი თარგამაძეს იმაშიც სდებენ ბრალს, რომ პატარკაციშვილისა და კოდუას შეხვედრის აუდიოჩანაწერი ფარულად ვანო მერაბიშვილს გადასცა, ანუ პატარკაციშვილის მიერ მისთვის გამოგზავნილი ჩანაწერი.

_ ამასაც აბრალებენ გიორგის, ვიცი, ერთ-ერთი ვერსიით, ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა ჩაიწერეს კოდუასა და პატარკაციშვილის შეხვედრის აუდიოვერსია. მეორე ვარიანტიცაა, რომ თავად კოდუამ გააკეთა ეს ჩანაწერი და შსს-მ გაავრცელა. ახლა იმას გეტყვით, რა მოხდა რეალურად. პირველად, ჩვენ მივიღეთ ფარული კამერით გადაღებული ჩანაწერი, რომელიც 1-წუთიანი იყო დაახლოებით _ კოდუა რომ შედის ბადრის სახლში ლონდონში, რომ ჩხრეკენ და თან ბოდიშს უხდიან. ლონდონიდან თუ რაიმე ამგვარ ინფორმაციას ვღებულობდით, უკრაინულ ან ბელარუსულ სერვერებზე იდებოდა და იქიდან ვქაჩავდით. ასე მივიღეთ «მასტერასა» და ჩეჩენი «ბოევიკის» შეხვედრის აუდიოჩანაწერი, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, უშიშროების თანამშრომელი «მასტერა» ამ ჩეჩენს პატარკაციშვილის მკვლელობას უკვეთავს. შემდეგ, ასევე უკრაინული სერვერის მეშვეობით, მივიღეთ პატარკაციშვილისა და კოდუას აუდიოჩანაწერის პირველი ნაწილი, მცირე ნაწილი იყო ეს, ტიტრები ედო ზედ და უხარისხო იყო ძალიან. ველოდებით მეორე ნაწილს, სადღაც, 5-ის ნახევარია, მირეკავს მათე კირვალიძე და მეუბნება _ სასწრაფოდ ამოდი, პროკურატურიდან «პერეგონი» მოდისო. კაფეში ვსვამდი ყავას, ავვარდი სასწრაფოდ და რას ვხედავ _ მონიტორზე ბადრის სურათია, ტექსტები _ ტიტრები იცვლება, მათეს «ნაუშნიკი» უკეთია და თვალები აქვს გაფართოებული. თურმე ეს იყო ის მეორე ნაწილი პატარკაციშვილი-კოდუას ჩანაწერისა, რომელსაც ჩვენ ველოდებოდით.

_ ანუ პროკურატურამ მიიღო უკრაინული სერვერიდან? დაგასწროთ? იცოდნენ პროკურატურაში, როგორ უნდა მიეღოთ ის მასალა, რომელიც «იმედისთვის» იყო განკუთვნილი?

_ კი, საბოლოოდ ეგრე აღმოჩნდა. მე მაშინვე გიორგი თარგამაძესთან ავვარდი, ვუთხარი, შიდა ეთერი ჩართე-მეთქი, რაღაცას უყურებდა. გადართო და კაცს ყბა ჩამოუვარდა. ეს მართლა ის მასალა იყო, ლონდონიდან ჩვენთვის რომ უნდა გამოეგზავნათ. ახლა _ როგორ მოხვდა პროკურატურის ხელში: მართალია, დახურული კავშირით, მაგრამ, ეტყობა, არც თუ საიმედო და არც თუ სათანადოდ დახურულით, ლონდონიდან მოგვაწოდეს პარამეტრები, რომელთა მეშვეობითაც უკრაინული სერვერიდან უნდა მიგვეღო ჩანაწერი. აი, ეს პარამეტრები ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას. «გადმოქაჩა» მასალა და პროკურატურამ ყველა არხს გაუგზავნა.

_ და არ შეეძლო ეს პარამეტრები გორგი თარგამაძეს გაემხილა ვანო მერაბიშვილისთვის?

_ ისევ იქა ხართ, კაცო? არ შეეძლო, არ იზამდა მაგას გიორგი თარგამაძე, ვიცი მე, ვენდობი მაგ კაცს და, თუ ვინმეს საპირისპირო სურს, დაამტკიცოს, თარგამაძის გარდა, სხვებმაც იცოდნენ ეგ პარამეტრები.

_ პატარკაციშვილის პრესმდივანმა გუგა კვიტაშვილმა, მაგალითად?

_ თუნდაც!.. სხვამაც იცოდა, მაგრამ მე ხელს ვერავის დავადებ, ფაქტია ან ხელისუფლებამ აქტიურად იმუშავა «იმედში» და გაჟონა ამ ინფორმაციამ. ეს სხვა ჩანაწერი იყო. ამ აზრს მიძლიერებს ისიც, რომ პირველი ჩანაწერი იყო უხარისხო, მეორე _ ხარისხიანი, უნაკლო. ეს შეიძლება მართლა ბრიტანეთის სპეცსამსახურების ჩანაწერი იყო ან კოდუამ ჩაწერა ბადრი პატარკაციშვილი. მოკლედ, შესაძლოა, ორივემ ერთმანეთი ჩაწერეს, დიდი შანსია ამისა.


ლევან ჯავახიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here