Home რუბრიკები სამართალი ლალი აფციაური: ძალიან ხშირია პატიმრების გაუპატიურების შემთხვევები, ბევრი მათგანი დაინვალიდებული ტოვებს...

ლალი აფციაური: ძალიან ხშირია პატიმრების გაუპატიურების შემთხვევები, ბევრი მათგანი დაინვალიდებული ტოვებს ციხეს

849

სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე „საქართველო და მსოფლიო“ ადვოკატ ლალი აფციაურს ესაუბრა:
– ბოლო დროს მედიასაშუალებებით ხშირად ვრცელდება ინფორმაციები პატიმართა სიკვდილიანობასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე. სახალხო დამცველმაც თავის ერთ-ერთ დასკვნაში აღნიშნა, რომ პატიმართა სიკვდილიანობა კატასროფულად გაიზარდა.
– ასეთი შეფასება ზუსტად შეესაბამება არსებულ მდგომარეობას. სასჯელაღსრულების სამინისტრო ოფიციალურ საიტზე განახევრებულ ან უფრო ნაკლებ ციფრს გვაწვდის. ეს არაა პირველი შემთვევა, როდესა პატიმართა სიკვდილიანობას მალავენ. ფაქტობრივად, არ არსებობს მკურნალობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ხელისუფლება გაიძახის საავადმყოფოები ავაშენეთო, თუმცა ეს ყველაფერი სიცრუეა. ელემენტარული მკურნალობის საშალების არქონის გამო, უამრავი ადამიანი დაავადda. აქედან გამომდინარე, სიკვდილიანობაც მეტია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, შეუძლიათ ამის გამო მიჩივლონ კიდეც, თუ რაიმე გადამეტებულს ვამბობ. უფრო მეტს გეტყვით: როდესაც ესა თუ ის ადამიანი მკურნალობას და ექიმს ითხოვს, კარგად ვიცით, როგორც უმასპინძლდებიან, ანუ ცემა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა და ა.შ. აქედან გამომდიანრე, სულაც არ მიკვირს, როდესაც სახალხო დამცველი აცხადებს, რომ კატასტროფულად დიდია პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
 
– ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა პატიმართა რაოდენობაც. შესაძლოა, ეს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტურობით აიხსნას?
– მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ 45 000 პატიმარი გვყავს, თუ მეტი არა; უკვე აღარ ვლაპარაკობ პრობაციონერებზე. ესაა არა სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტური მუშობის „დამსახურება“, არამედ მიშას ნულოვანი ტოლერანტობის შედეგი. ხელიუფლება ამ ყველაფრით რამდენიმე კურდღელს იჭერს. დავიწყოთ იქიდან, რომ ციხეების მშენებლობას მიშა თავისი ჯიბიდან არ აფინანსებს, განსხვავებით ივანიშვილისგან. შემოდის გრანტები, შენდება ახალი ციხეები, ათეთრებენ ფულს, უამრავი ასეთი ფაქტი ვიცით. ესეც არ შენდება ხარისხიანად, ერთ კვირაში ნგრევას იწყებს. გუშინ, მაგალითად, მერვე საპყრობილეში კარი კინაღამ თავზე დამეცა, ძლივს გადავრჩი. და ესაა ევროსტანდარტებით აშენებული ციხე?! ფული კეთდება ასევე საპროცესო გარიგებებშიც, პატიმრის განცხადებებში, მინდობილობების გამოტანაში, პატიმრებთან სატელეფონო საუბრებში  და ა.შ. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ ეს დაწესებულებები ფულის საჭრელ დაზგად აქცია. გუშინ ქალთა კოლონიიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ქალებს საკვები პროდუქტების მიწოდება შეუზღუდეს. ქალები განსაკუთრებით არ ღებულობენ ციხეებში გაკეთებულ საკვებს, რადგან იმის ჭამა შეუძლებელია. არ შეიძლება იმ საკვების მიღების შემდეგ ჯანმრთელი გამოხვიდე ციხიდან. ამიერიდან ქალებს გარედან თვეში მხოლოდ 30 კილოგრამი საკვები პროდექტების მიღება შეეძლებათ. ამაში შედის წყალიც. წყალსაც ხომ ყიდულობენ. რუსთავის კოლონიაში სასმელი წყალი უვარგისია. უსაშინელეს პირობებში მყოფ ადამიანებს კიდევ უფრო გაურთულეს ცხოვრება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც, ალბათ, შიმშილობას დაიწყებს. „აზრი არ აქვს იმას, რომ ამათი მომზადებული საკვები მივიღო, რადგან მოვკვდები და, თუ არ შევჭამ, მაინც მოვკვდებიო. ჯობია, არ ვჭამო და ისე მოვკვდე,“ – მითხრა მან.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეტაპირების დროს ცემაში მოკლეს ზუგდიდელი პატიმარი კალანდია.  ეტაპირების დროს რომ პატიმრების არაადამიანური წამება მიმდინარეობს, ახალი ამბავი არაა.
– ხშირია  ღირსების შემლახველი მოპყრობაც…
– ღირსების შემლახველი არაა, როდესაც გეუბნებიან – გაიხადე, ჩაიხადე; გაგაშიშვლებენ, გადაიკუზე, გადმოიკუზე; გისინჯავენ უკანა ტანს და გაფურთხებენ, დედას გაგინებენ?! ელემენტარულ გაცინებაზე შეიძლება ცემით მოგკლან. ხშირია პატიმრების გაუპატიურების შემთხვევებიც, ბევრი მათგანი სასჯელის მოხდის შემდეგ დაინვალიდებული ტოვებს ციხეს. ენით აუწერელიაო, რომ ამბობენ, ზუსტად ასეთ კონტექსტში ჯდება სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა მიმართ მოპყრობა.
– დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ციხეში „ავერსის“ აფთიაქი გახსნეს.
– კიდევ ერთი შემოსავლის წყარო გაუჩნდა ხელისუფლებას. მე მას კალმახელიძის კერძო ბიზნესი ვუწოდე. ამ დრომდე, სანამ აფთიაქები გაიხსნებოდა, ოჯახის წევრები პატიმრებს გარედან აწოდებდნენ მედიკამენტებს. შეიძლება ვიღაცას საშალება არ ჰქოდნა და სხვა აჩუქებდა ან ჰუმანიტარული იყო. დღეს  როგორც კვების პროდუქტებზეა აქცენტი გაკეთებული, რომ ყველა პროდუქტი შიგნით უნდა იყიდოს პატიმარმა, ამ მიზნით გაიხსნა აფთიაქებიც. პატიმრები ვალდებულები იქნებიან, მედიკამენტები ადგილზევე იყიდონ. რა ფასებში იქნება, ეს კიდევ სხვა თემაა. ხელისუფლება ხომ ციხეებიდან, პატიმართა ოჯახის წევრების ჯიბეებიდან ავსებს ბიუჯეტს.
– რამდენად გამართლებულია ხელისუფლების მხრიდან იმ ადამიანების არასამართლიან სიტუაციაში ჩაყენება?
– მე თუ მკითხავთ, დღეს ყველა პატიმარი პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული. გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ სახელმწიფოს ნებაა ასეთი. მათივე ფრაზებს თუ მოვიშველიებთ, გამოდის, რომ ხელისუფლებას, ბოდიშით და, სულ ფეხებზე ჰკიდია პატიმრების მდგომარეობა. ის ადამიანები, ვინც პატიმრები არ არიან და სოციალურად დაბალ ფენას წარმოადგენენ, ვერ უზრუნველყოფენ მკურნალობას და მსჯავრდებულებს ექნებათ მკურნალობა? ზღაპარია. სრული აბსურდია, როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ პატიმრებს მკურნალობენ. იმას სამკურნალო დაწესებულება არ ჰქვია, რაც საპატიმროებში არსებობს. ესაა საწამებელი დაწესებულება. ყველა პატიმარი თანასწორია კანონის წინაშე, არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული თუ სხვა.
– ხშირად იწერება და იდება უარყოფითი დასკვნები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ, რასაც ხელისუფლება დიდ ყურადღებას არ უთმობს. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი – თომას ჰამერბერგი საქართველოშიც იმყოფებოდა და პირდად გაეცნო სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას.  საერთაშორისო ორგანიზაციები თუ რეაგირებენ დარღვევებზე?
– საერთაშორისო ორგანიზაციები სასჯელღსრულების დაწესებულებებზე რეალურ ინფორმაციას ფლობს. მე მაქვს პატიმარ უჩა გოდელაძის წამების ფოტომასალა, რომელიც პირადად გადავეცი საქართველოში ვიზიტისას ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს – თომას ჰამერბერგს. ყველა ნაწამები და ნაცემი პატიმრის ექსპერტიზის დასკვნა მაქვს, რითაც დასტურდება, რა ვითარებაა დღეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. მიუხედავად იმისა, რომ ამდენს ვსაუბრობთ უფლებადამცველები, კონკრეტულ ფაქტებს ვასახელებთ, საჩივრები შეგვაქვს პროკურატურაში, რათა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და გამოძიება დაიწყოს, ამ დრომდე ერთი ადამიანიც კი არ დასჯილა. შევშფოთდებით, შევიცხადებთ, რაიმე ფაქტი თუ მოხდება, და აქ დამთავრდება ყველაფერი. ხელისუფლებას არც აინტერესებს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები. სასაცილოდაც არ ჰყოფნის.
ლილი მიროტაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here