Home რუბრიკები საზოგადოება ხელისუფლებამ დევნილი თამაზ ჯღამაძე შიმშილითა და სიცივით სიკვდილისთვის გაწირა

ხელისუფლებამ დევნილი თამაზ ჯღამაძე შიმშილითა და სიცივით სიკვდილისთვის გაწირა

1332

GEWORLD.GE:
“ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ამ რეგიონში, რომელიც ამ მძიმე ეკონომიკურ წელს ვზრდით ეკონომიკურ პროგნოზს და ექვს პროცენტზე აგვყავს”; “რეალურად საქართველო უკვე ჩამოყალიბდა გარკვეულწილად ტურისტულ ცენტრად… საქართველო უკვე ჩამოყალიბდა გარკვეულწილად ლოგისტიკურ ცენტრად, საქართველო უკვე ჩამოყალიბდა გარკვეულწილად საინვესტიციო ცენტრად, _ კომპანიები ჩამოდიან საქართველოში, აქ აკეთებენ ბაზას და შემდეგ აქედან იწყება ვაჭრობა აზერბაიჯანთან, სომხეთთან და მიმდებარე ქვეყნებთან”.
ეს სიტყვები, რომელთა მოსმენის შემდეგ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს (იმედია, მცირეს), ვეჭვობ, დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ საქართველომ უკვე შორს ჩამოიტოვა სინგაპურიც, დუბაიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჰონგ-კონგიც კი, არც მეტი, არც ნაკლები, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ეკუთვნის. 26 ოქტომბერს ბათუმში “ნაცმოძრაობის” თავკაცთა სრული შემადგენლობა შეიკრიბა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების იმ ათპუნქტიან გეგმაზე იმსჯელა, რომელიც, ყველა “სიკეთესთან” ერთად, ირიბად იმაზეც მიგვანიშნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მინიმუმ 2015 წლამდე არსად წასვლას არ აპირებს (დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ იგი 2011-15 წლებზეა გაწერილი).

გეგმაში საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში, მომდევნო წლების განმავლობაში, სოციალური ფონი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, გაიზრდება შიდაპროდუქტის წარმოება, “კიდევ უფრო” მიმზიდველი გახდება ბიზნესგარემო, დაიხვეწება ჯანდაცვისა და განათლების სისტემები და ა. შ. ერთი სიტყვით, ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენით ამტყდარი სკანდალით დაშოკილმა “ვარდოსნებმა” ის საქართველო წარმოგვიდგინეს, რომელსაც ჩვენ, “რიგითი მოკვდავები” ჯერჯერობით ვერ ვხედავთ და რომელმაც მთელი ცივილიზებული სამყარო უკვე “გააოცა” თავისი ეკონომიკური მიღწევებით.
“საქართველო და მსოფლიოს” აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი თამაზ ჯღამაძე შეხვდა და იმ პრობლემებზე ესაუბრა, რომლებიც დღესდღეობით ქვეყანაში მცხოვრებ მილიონ-ნახევარ სოციალურად დაუცველ ადამიანს აქვს.
_ ბატონო თამაზ, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს თუ დავუჯერებთ, ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. თქვენ, როგორც სოციალურად დაუცველი, რამდენად გრძნობთ ამას?
_ მარტივად გეტყვით, შარშან ვიყავი სოციალურად დაუცველთა სიაში და ვღებულობდი ოცდაათლარიან დახმარებას. ეს დახმარება, მართალია, დიდს არაფერს ნიშნავდა და ძირითადად ჩემი და მინახავდა, მაგრამ წლეულს, მარტში ეს დახმარებაც გამიუქმეს და დღეს, ფაქტობრივად, არანაირი საარსებო წყარო არ გამაჩნია. ახლა თქვენ თვითონ განსაჯეთ, უმჯობესდება თუ არა ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის, სოციალური მდგომარეობა…
_ დახმარების გაუქმების მიზეზად რა დაგისახელეს?
_ ხელახალი რეგისტრაციის დროს თქვენ არ იმყოფებოდით სახლშიო, _ ასეთი პასუხი გამცეს სოციალურად დაუცველთა სააგენტოში, ანუ მიმტკიცებენ, რომ ისინი თურმე მოსულან ჩემთან სახლში, დახვედრიათ ჩემი და და მას უთქვამს, რომ მე იქ არ ვცხოვრობ, რაც აბსურდია, ვინაიდან, არავინ ჩვენთან აღწერაზე არ მოსულა. გარდა ამისა, სოციალურად დაუცველის  სტატუსთან ერთად გამიუქმეს სამედიცინო დაზღვევის პოლისიც, არადა, ვარ მძიმე ავადმყოფი, მაქვს ეპილეფსია ურთულეს ფორმაში და კვირა ისე არ გავა, რომ ორჯერ-სამჯერ სასწრაფო დახმარების გამოძახება არ დამჭირდეს. ერთი სიტყვით, უმძიმეს მდგომარეობაში ვარ და ვითხოვ, ყურადღება მომაქციონ, მაგრამ არანაირი რეაგირება სოციალურად დაუცველთა სააგენტოდან ჯერჯერობით არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ერთხელ გამოგზავნეს აგენტი, რომელმაც, სხვათა შორის, ისეთი ქულები დამიწერა, გაოგნებული დავრჩი. არადა, არაფერი გამაჩნია _ არც თავშესაფარი და არც რამე ღირებული ნივთი. ერთადერთი, რაც მაქვს, ტანსაცმელია, რომელიც მაცვია…
_ თქვენ თქვით, რომ მძიმე ავადმყოფი ხართ. დაახლოებით რამდენი გიჯდებათ მკურნალობა ყოველთვიურად?
_ ექიმის რეკომენდაციით, ყოველ სამ თვეში ერთხელ უნდა ჩავიტარო პროფილაქტიკური მკურნალობა და ჯამში ამას დაახლოებით 260-280 ლარამდე სჭირდება. თვეში ეს დაახლოებით ასი ლარი გამოდის, მაგრამ როგორც გითხარით, არანაირი სახსრები და საარსებო წყარო არ გამაჩნია, მთლიანად ჩემი დის კისერზე ვარ. ასე რომ, რა ვქნა, არ ვიცი, ავადმყოფობა მაქვს ისეთი, ერთი დღეც რომ წამალი მომაკლდეს, შეიძლება, ვერც გადავრჩე…
_ სამედიცინო პოლისის უქონლობის გამო დღესდღეობით რა გაკლდებათ?
_ ბოლოს ცუდად რომ გავხდი და სასწრაფო გამოიძახეს, ექიმმა გამსინჯა და მითხრა, საავადმყოფოში უნდა გადაგიყვანოთ, პოლისი თუ გაქვსო, არ მაქვს-მეთქი და დამტოვეს სახლში. ამასთან, კარდიოლოგის დასკვნაშიც მიწერია, რომ მჭირდება სასწრაფო გამოკვლევა და მკურნალობა, მაგრამ იმის გამო, რომ პოლისი არ მაქვს, ვერაფერს ვახერხებ. ის კი არა, ხვალ და ზეგ წამალი მექნება თუ არა, ეგეც არ ვიცი. რის იმედი უნდა მქონდეს ამ უსახსრობაში…
_ სოციალურად დაუცველთა სააგენტოს გარდა, რომელიმე სხვა ორგანიზაციას, თუნდაც მერიას, თუ მიმართეთ დახმარებისთვის?
_ იცით რა, დევნილთა, სულ ცოტა, სამოცდაათი პროცენტი ჩემნაირ დღეშია და მერია სავსეა მათი განცხადებებით, მაგრამ დღემდე ამ ადამიანების მოთხოვნებზე ყურიც არავის შეუბერტყავს; რა აზრი აქვს განცხადებას?! კვირაობით ვშიმშილობდით დევნილთა სამინისტროსთან და რა მივიღეთ შედეგად? – ქალი იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. იცით, ეს რატომ გააკეთა? _ დახმარებას რომ ითხოვდა, ასე უთხრეს, წადი და ბალახი მოძოვეო; მერე კიდევ საავადმყოფოში ყურადღება არ მიაქციეს და ადამიანი ძალით დაღუპეს. ახლა როგორ გინდა, ასეთ ხალხთან რამეს მიაღწიო?!
_ როგორც ვიცი, თქვენ დღემდე დევნილებისთვის განკუთვნილი კომპენსაციაც არ მიგიღიათ.
_ არანაირი კომპენსაცია ჩემთვის არ შემოუთავაზებიათ. სანამ სოციალურად დაუცველის სტატუსს გამიუქმებდნენ, 30 ლარად ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი, დღეს კი უკვე იმ ოცდაათი ლარის საშუალებაც აღარ მაქვს და დის კისერზე ვარ, ის მინახავს, მასმევს და მაჭმევს. როგორც გითხარით, სხვა არანაირი სახსარი არ გამაჩნია…
_ ხშირად არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ დევნილებს ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა აკლიათ, რომ ისინი თავიანთი უფლებების დასაცავად ბოლომდე არ იბრძვიან და ა. შ. თქვენ რას აპირებთ მომავალში, რა ფორმით შეეცდებით იმის მიღებას, რაც რეალურად კანონოთ გეკუთვნით?
_ მე ერთი რიგითი მოქალაქე ვარ და ჩემი აქტიურობა, სულ რომ ტყავიდან გამოვძვრე, ბუნებრივია, არაფერს ნიშნავს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გაჩერებას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. დასაკარგი არაფერი მაქვს. ასე რომ, ცხადია, ყველანაირად და ყველა ფორმით ვიბრძოლებ იმისთვის, რაც მეკუთვნის; ასევე მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ყველა დევნილს, განსაკუთრებით მათ, ვისაც სოციალურად დაუცველის სტატუსი მოუხსნეს, რომ გავერთიანდეთ და იქნებ სწორედ ერთიანობით მივაღწიოთ იმას, რასაც ამდენი ხანია, ამდენი ბრძოლისა და ძალისხმევის მიუხედავად, დღემდე ვერაფრით ვერ მივაღწიეთ…

P.S. იმედია, მკითხველს თავს არ შევაწყენ და დასასრულს ისევ ნიკა გილაურის ციტატა მინდა მოვიყვანო 26 ოქტომბერს ბათუმში გამართული მთავრობის სხდომიდან: “სამ-ოთხ წელიწადში, ხუთ წელიწადში საქართველოს ექნება ისეთი რაოდენობის ელექტროენერგია, ისეთი რაოდენობის გაზი და ისეთი რაოდენობის გამტარუნარიანობა, რომ ეს შეიძლება მართლა ჩამოყალიბდეს მულტიმოდალურ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ კვანძად, რომელიც მთელ რეგიონს მოემსახურება…”
ძვირფასო მკითხველო, მსგავსი აბსურდული სიტყვები რომელიმე ოპოზიციონერ ლიდერს, რადიკალს, თუნდაც ფსევდოს, რომ ეთქვა, დარწმუნებული ვარ, “ნაცმოძრაობის ბელადი” ასე უპასუხებდა: “ვაი შენს პატრონს!”; მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ სიტყვებს მილიონ-ნახევარი სოციალურად დაუცველით დახუნძული ქვეყნის მესამე პირის, ანუ პრემიერ-მინისტრისგან ვისმენთ, ისღა დაგვრჩენია, ფრაზაში ნაცვალსახელი შევცვალოთ და ყველამ ერთად მთელი ხმით დავჭექოთ: მართლა ვაი ჩვენს პატრონს!..
ჯაბა ჟვანია 
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here