Home ახალი ამბები საქართველო 3 ოქტომბერს სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს და, დიდი ალბათობით,  სალომე ზურაბიშვილის...

3 ოქტომბერს სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს და, დიდი ალბათობით,  სალომე ზურაბიშვილის ქმედებები არაკონსტიტუციურად შეფასდება

ნიკა, ლაზარე კი არა, თუ გინდა, ბოკერია იყავი და კიდევ ლევან რამიშვილი, მე ნამდვილად არ ვარ ლაზარე, არც ჩემი შვილები არიან და, ზოგადად, ყველანი ლაზარეები რომ ვიყოთ, მაშინ მამები დუნდულში დანით დაჭრილნი უნდა დადიოდნენ და პოლიციელები ჩვენგან ნასროლი „მოლოტოვის კოქტეილებით“ იწვოდნენ...

249
სალომე ზურაბიშვილი

გასულ კვირას სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს  მამის  დაჭრის გამო  18 თვით აღუკვეთა თავისუფლება. მეორე საქმეზე სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს  და გრიგორიადისს პოლიციელებისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და საპატრულო პოლიციის ავტომობილის დაწვას ედავებიან. სასამართლოზე ბრალდებულის მამამ იყვირა: მე შვილთან პრეტენზია არ მაქვს, მთვრალი ვიყავი და არაფერი მახსოვსო, მაგრამ სასამართლომ მისი სიტყვები არ გაითვალისწინა.

ჯერ იმ მამის რა ვთქვი, ისეთ შვილს რომ გაზრდი, დანას რომ დაგარტყამს, და მერე ისეთი შვილის, მამაზე, როგორიც  უნდა იყოს ის, დანით რომ გაიწევს. ჰო, სასამართლოს შემდეგ პოლიტიკაში წასასვლელად გამზადებულმა (როდის არ იყო პოლიტიკაში ნეტავ?!) ნიკა გვარამიამ გამოგვიცხადა: დღეს ყველა ლაზარე  ვართ, მეც ლაზარე ვარ, შენც ლაზარე ხარო… ნიკა, ლაზარე კი არა, თუ გინდა, ბოკერია იყავი და კიდევ ლევან რამიშვილი, მე ნამდვილად არ ვარ ლაზარე, არც ჩემი შვილები არიან და, ზოგადად, ყველანი ლაზარეები რომ ვიყოთ, მაშინ მამები დუნდულში დანით დაჭრილნი უნდა დადიოდნენ და პოლიციელები ჩვენგან ნასროლი „მოლოტოვის კოქტეილებით“ იწვოდნენ…

3 ოქტომბერს კიდევ ერთი პროცესია, საინტერესო და უპრეცედენტო. საქართველოს ისტორიაში პირველად, სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს და ძალიან დიდია ალბათობა, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები არაკონსტიტუციურად შეფასდეს. შემდეგ საკითხი უკვე პარლამენტის სხდომაზე გავა და 100  ხმა იქნება საჭირო პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის. დიდი  ალბათობით, სახელისუფლო გუნდს 100 ხმის მოგროვება გაუჭირდება, მაგრამ ამ ვითარებით  ოპოზიცია სარგებლობს და საკუთარი ქმედებების კანონიერებასა თუ უკანონობაში ახლართული ზურაბიშვილი, შესაძლოა, სათავისოდ გამოიყენოს. მთავრობის თანხმობის  გარეშე განხორციელებული ევროპული ვოიაჟები მხოლოდ სახელისუფლო გუნდმა დაიწუნა, ოპოზიციამ მხარი დაუჭირა, მაგრამ,  როცა  ყოფილ  მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს  „საკუთარი მოსაზრებისამებრ“ საქართველოს მოქალაქეობა არ შეუჩერა, უკანონობაში ყველამ ამხილა. ნამდვილმა თუ თვითმარქვია ექსპერტებმა, ოპოზიციამ თუ პოზიციამ –  ყველამ თქვა, რომ ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში კანონს არღვევსო.  ქალბატონი სალომეა ერთადერთი, რომელიც ამბობს, რომ არანაირ კანონს არ არღვევს და საკუთარი მოსაზრებისამებრ მოქმედებს. მოსაზრებები ყველას გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი მოსაზრებები ასი პროცენტით კანონის ფარგლებში ჯდება, მაგრამ პრეზიდენტს ეს არ აინტერესებს, მას მიშას სინდრომი შეეყარა, ანუ სჯერა, რომ,  რადგან პრეზიდენტია, ყველაფრის უფლება აქვს, რომ ყველაფერი ეპატიება.

როგორც კულუარებში საუბრობენ, ოპოზიცია პრეზიდენტს ულტიმატუმს უყენებს და სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ იმპიჩმენტის პროცედურის ჩაგდებას გეგმავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქალბატონ სალომეს პირდაპირ ეუბნებიან, რომ შესაძლოა, უმრავლესობას მხარი დაუჭირონ და ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იყოს. მეტიც, ოპოზიცია იმასაც ცდილობს, რომ პრეზიდენტმა არა მხოლოდ სააკაშვილი, არამედ ლაზარე გრიოგრიადისიც შეიწყალოს, რადგან ეს იქნება პირდაპირი მინიშნება იმისა, ორმ პოლიციელებზე თავდასხმა, სამართალდამცველთა მკვლელობის მცდელობა საქართველოში დაუსჯელი რჩება, თუ ამას ოპოზიციის სახელით გააკეთებ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგად იცის პრეზიდენტმა, ისიც კარგად იცის, რომ დასავლეთისგან დაფინანსებული არასამთავრობოები ყველაფერს აკეთებენ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“  დასაბრუნებლად, მაგრამ ამის მიუხედავად, სწორედ მათ ესაუბრება, სწორედ იქ ეძებს მოკავშირეებს და, საერთოდ, აღარ სურს იმის ხსენება, ვინ მიიყვანა და დადო ორბელიანების სასახლეში. ჰო, სწორედ რომ დადო, რადგან, საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბიშვილი მართლა დამოუკიდებელი კანდიდატი რომ ყოფილიყო, იმაზე მეტ მხარდამჭერს ვერ მოაგროვებდა, რამდენიც კელი დეგნანს ჰყავდა „გარაჟის“ ფართობის განაწილების საკითხზე კორპუსის ამხანაგობის კრების მიმდინარეობისას. დეგნანი ტყუილად არ გვიხსენებია. საქართველოდან წასვლამდე ამერიკის აწ უკვე ყოფილმა ელჩმა ზურაბიშვილთან ვიზიტებს მოუხშირა, აქაოდა, ჩაის ვსვამთ და ვსაუბრობთო, მაგრამ, როცა ამერიკის ელჩი ქვეყნის პრეზიდენტთან ლამის ყოველ საღამოს მიდის, მხოლოდ ჩაის სმით რომ არ დამთავრდებოდა ეს შეხვედრები,  ცხადია. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ „დაავერბოვკეს“ საბოლოოდ ზურაბიშვილი და მანამდე ოპოზიციაში გუგულის კვერცხივით ჩადებული სალომე მთელი სიდიადით წარდგა ჩვენ წინაშე.

ლაზარე გრიგორიადისი და ნიკა გვარამია

იმპიჩმენტის რა გითხრათ და სრული სერიოზულობით ვსვამ კითხვას:  ბოლოს როდის შეამოწმეს პრეზიდენტი, შერაცხადია თუ არა და შეუძლია თუ არა პასუხისმგებლობის აღება თავის ქმედებებზე? მთელი ქვეყანა, ერი და ბერი ეუბნება, კანონს არღვევო, და ის კიდევ გაიძახის, – არაფერსაც არ ვარღვევ, თქვენ არ იცით, მე ვიციო. კარგი, ოპოზიცია მის მხარეს რომ იყოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვიტყოდით, რომ ხელისუფლება რაღაცას აბუქებს, მაგრამ აგერ, ოგბუნუჯუს მიერ ძლეული და ახლა „გამარჯვების პლატფორმის“ შეფი გიორგი ვაშაძეც კი აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნება ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი კრიმინალია. ვაშაძე  „ოცნების“ წისქვილზე რომ  არ დაასხამს წყალს, ადვილი მისახვედრია და, ამის მიუხედავად, ზურაბიშვილს არ სჯერა, ამიტომ ვამბობთ, რომ ქალბატონი სალომე შესამოწმებელია,  არის თუ არა  შერაცხადი. ხომ არსებობს სასამართლო პრაქტიკაში ისეთი შემთხვევა, როცა   დანაშაულის ჩადენისას პირი შეიძლება შეურაცხადია? ჰოდა, იქნებ ამ დღეშია ჩვენი პრეზიდენტი და ვუმკურნალოთ… ჩავსვათ „ვივამედში“, მიშას გვერდით პალატაში, დავუყაროთ ერთი ტომარა ნაცარი და ქექონ პრეზიდენტებმა, ეგებ ქვეყანას თუ არა, მათ მაინც ეშველოთ.

სერიოზულად კი, მართლაც გადამწყვეტ ეტაპზე ვართ. კარს ის დღე მოგვადგა, როცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოცემა-არმოცემა უნდა გვამცნონ და ოპოზიცია სწორედ ამ დღისთვის ემზადება განსაკუთრებულად.  სურთ, ქუჩაში ისევ ე.წ. „ჯენ-ზი“ თაობა გამოიყვანონ და იმიტომაც გაჰკიოდა გვარამია, ყველანი ლაზარეები ვართო, რათა სწორედ ეს ბავშვები აიძულონ, ერთის ნაცვლად, ათი, ასი ,,მოლოტოვის კოქტეილი’’  გაისროლონ და მერე უკვე, პირველი სისხლი თუ დაიღვრება, მტყუან-მართლის გარჩევა შეუძლებელი იქნება. გახსოვთ, როგორ დაიწყო თბილისში სამოქალაქო ომი? ვიღაცამ კინოს სახლთან გაისროლა და, ვინ იყო ის ვიღაც, დღემდე არავინ იცის. იმ ომმა კი საქართველოში თაობები გააქრო, დააზიანა  ყველა და ყველაფერი და ახლა იმავეს განმეორება დასავლეთისთვის იდეალური ვარიანტი  იქნება – საქართველო, რომელიც წამოდგა და წელში გასწორებას ცდილობს, ისევ დაიჩოქებს და ნახევარ საუკუნეს მაინც მოუნდება, ცალ მუხლზე რომ წამოდგეს.

და ეს ყველაფერი ზურაბიშვილმა იცის… იცის იმაზე კარგად, ვიდრე წარმოგვიდგენია, რადგან ბოლო ვოიაჟებისას მას, ყველა გეგმა თუ არა, ბევრი რამ გაუმხილეს, ბევრი რამ უთხრეს და, ამის მიუხედავად, უკან აღარ (ან ვეღარ) იხევს, ბოლომდე მიდის და პოლარიზაციის დასრულების სახელით, შესაძლოა, ციხის (უფრო ზუსტად, საავადმყოფოს) კარი მართლაც გაუღოს სააკაშვილს; გაუღოს იმის მიუხედავად, რომ მიშას გათავისუფლება, სავარაუდოდ, უმართავ პროცესებს გამოიწვევს, ადამიანები, რომლებიც ახლა  ჩუმად არიან და მხოლოდ  იმაზე ბრაზობენ, რომ ექსპრეზიდენტი სასჯელს კომფორტულად იხდის, ქუჩაში გამოვლენ და არავის აღარ დაინდობენ, ყველას გაიმეტებენ. როგორ გგონიათ, ნაციონალებმა არ იციან, რამდენი აგრესიაა მათ მიმართ დაგროვილი? არ იციან, რომ  გამწარებულმა ხალხმა, შესაძლოა, ნაკუწ-კუწ აქნან? იციან, მაგრამ მზად არიან, გავეშებულ მოსახლეობას საკუთარი აქტივი შეაწყვიტონ, თავად  კი მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდებიან, რაც დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის შექმნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა დადგება. ზურაბიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ის ისტორიაში შევა, როგორც ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული საქართველოს უკანასკნელი პრეზიდენტი. ჯერ ერთი, არავინ იცის, მომავალში პრეზიდენტის არჩევა ისევ დაბრუნდება თუ არა (კონსტიტუციის ჭრა-კერვა არც ერთი ხელისუფლებისთვის არ იყო უცხო) და მეორეც, სავარაუდოდ, სწორედ ისტორიის ლაბირინთებში დაიკარგა ქალბატონი სალომე და ახლა სურს, ისტორიის ფურცლებზე მხოლოდ ამით არ მოხვდეს, კიდევ რაღაც მოიმოქმედოს და ეს რაღაც, შესაძლოა, ქვეყნისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს.

3 ოქტომბრის პროცესზე,  ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ გაირკვევა. თუ დადასტურდება, რომ პრეზიდენტი ანტიკონსტიტუციურად მოქმედებდა, მაშინ  მისი ყველა ქმედება არასამართლებრივად უნდა შეფასდეს და არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ოპოზიცია მის იმპიჩმენტს დაუჭერს თუ არა მხარს. არაკანონიერად უნდა შეფასდეს ყველა მომდევნო ქმედება და ამით ხელისუფლება თავს დაიზღვევს იმისგან, რომ ერთ მშვენიერ დღეს ზურაბიშვილმა, შესაძლოა, ციხის კარი გახსნას და ის ადამიანები გამოუშვას გარეთ, რომელთა გამოც „ვიღაც“ კინოს სახლთან კიდევ ერთხელ გაისვრის.

ლევან გაბაშვილი                                                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here