Home რუბრიკები საზოგადოება კახა კახიშვილი: რევოლუცია რომ მოჰყვეს გაყალბებას, ამის შანსი ნაკლებია

კახა კახიშვილი: რევოლუცია რომ მოჰყვეს გაყალბებას, ამის შანსი ნაკლებია

716

GEWORLD.GE:
არჩევნები საქართველოში ყოველთვის მღელვარების საბაბია. არსებული ვითარების გათვალისწინებით, რამდენად შესაძლებელია სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა და როგორ უნდა მიაღწიოს ოპოზიციამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა კახიშვილი გვესაუბრება.
_ მოგეხსენებათ, ოპოზიციის ნაწილი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნითა და იმედით მოლაპარაკებას აწარმოებდა. არსებული ვითარებისა თუ საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, რამდენად შესაძლებელია ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება?

_ სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, რომ ყოველწლიურად, ხელისუფლება საარჩევნო კანონს საკუთარ თავზე ირგებს. იხვეწება არჩევნების გაყალბების მექანიზმებიც. ის დრო წავიდა, როცა საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ტენიდნენ და “კარუსელებს” ატრიალებდნენ. ასეთი შემთხვევები დღეს ნაკლებად ხდება. აღსანიშნავია, რომ 2003 წლის შემდეგ ბევრი ცვლილება განხორციელდა საარჩევნო კოდექსში, რათა საარჩევნო პროცედურები გამარტივებულიყო. თუნდაც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, 2003 წლამდე ბევრად მკაცრი იყო კანონმდებლობა.
პირველ რიგში, სამართლიან არჩევნებს სჭირდება ხელისუფლების პოლიტიკური ნება. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ასეც იქნება. სამართლიანი არჩევნების ჩატარება შემდეგ ძირითად ფაქტორებზეა დამოკიდებული: ქვეყანაში უნდა იყოს მიუკერძოებელი სასამართლო, დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიები და დამოუკიდებელი მედია. სპეცსამსახურები და პოლიცია უკანონოდ არ უნდა ერეოდეს არჩევნების მიმდინარეობის პროცესში… კიდევ ბევრი კომპონენტია, მაგრამ, ძირითადად, ამ ფაქტორებზეა დამოკიდებული სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
_ თუმცა ყველა ის პრობლემა, რაც ჩამოთვალეთ, დღეს ქვეყანაში არსებობს. ამ ფონზე როგორ უნდა მოახერხონ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა?
_ რა თქმა უნდა, უამრავი პრობლემა არსებობს, ამიტომ, დღევანდელი არჩევნების შეჯამების წესიდან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციის მთავარი ამოცანა ის უნდა იყოს, რომ თავისი ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან მიიყვანოს, ვინაიდან ხელისუფლების ამოცანა, დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსით, ის არის, რომ არჩევნებზე მხოლოდ მისი ამომრჩეველი მივიდეს და არა ოპოზიციის. ამ მიზნით, კარგად ვხედავთ, არჩევნების წინა პერიოდში როგორ ამკვიდრებს ხელისუფლება ხალხში უნდობლობასა და ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ოპოზიციისადმი. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, როგორც წესი, იწყება ხოლმე სახელისუფლო მანქანის რეპრესიული ამოქმედება. მაგალითად, საგადასახადო პოლიცია აქტიურდება. როდესაც ოპოზიციის ამომრჩეველი მიდის და სთხოვს დახმარებას ოპოზიციის ლიდერს, რომ, მაგალითად, მას მაღაზია უსამართლოდ დაულუქეს და ოპოზიციის ლიდერი ვერ ეხმარება, ის ადამიანი აღარც ხელისუფლების ხმის მისაცემად წავა და აღარც _ ოპოზიციის, სახლში დარჩება, რაც აწყობს ხელისუფლებას.
შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩევლის აქტივობა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ხელისუფლების ამოცანაა, დაშალოს ოპოზიციური ხმები. ამისთვის რაც შეიძლება მეტ პარტიას უნდა მიაღებინოს არჩევნებში მონაწილეობა, რათა მათ ერთმანეთს წაართვან ხმები.
_ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ყოველი ჩატარებული არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს საუბარი, რომ არჩევნები გაყალბდა, უცხოელი დამკვირვებლები დასკვნაში, ერთი-ორი უწყინარი შენიშვნის გარდა, წერენ, რომ ჩატარებული არჩევნები ყველა ნორმას შეესაბამებოდა. რატომ ხდება ასე?
_ მოდი ასე ვთქვათ: ნებისმიერი დამკვირვებელი, საელჩოს წევრი თუ უცხოური მისიის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს, პირველ რიგში, თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. შორს ვარ იმ ილუზიისგან, დავიჯერო, თითქოს საქართველოში არსებული რომელიმე უცხოური მისია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. თუ არჩევნების შედეგებზე ჩვენი ოპოზიცია და ქართველი ხალხი ხმას არ იღებს, უცხოელები რატომ დაიწყებენ არჩევნების შედეგების გაპროტესტებას?
_ გამოდის, რომ ისინი, უბრალოდ, თვალს ხუჭავენ დარღვევებზე?
_ თვალსაც ხუჭავენ და ზერელედაც აკვირდებიან საარჩევნო პროცესებს, ვინაიდან ის ფაქტი, რომ საარჩევნო ყუთთან დარღვევები არ მოხდა, არ ნიშნავს, რომ არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდა. როგორც მოგახსენეთ, არჩევნები სხვადასხვა ნიუანსისგან შედგება და, თითოეული თუ არ შეისწავლე, მხოლოდ კენჭისყრის დღეს როგორ ჩატარდა არჩევნები, არჩევნების შეფასების საბოლოო კრიტერიუმი არ არის. თან, როგორც აღვნიშნე, ყოველ წელს ბევრად უფრო დახვეწილი მეთოდებით მოქმედებს ხელისუფლება და გარეშე თვალისთვის არჩევნების მიმდინარეობის დროს მომხდარი დარღვევები არ ჩანს.
_ საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრს ხელმძღვანელობთ, თქვენ რა წვლილის შეტანა შეგიძლიათ სააჩევნო სისტემის უზრუნველყოფასა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში?
_ მე, როგორც ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ვარ არჩევნების დამკვირვებელი და, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პარტიას არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაცია დააინტერესებს, ვალდებული ვარ, სამართლებრივ ფარგლებში ეს კონსულტაცია გავუწიო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის სურვილი ბევრს არ აქვს და ჰგონია, რომ არჩევნების შესახებ ყველაფერი იცის და სხვისი აზრი ნაკლებად აინტერსებს. სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები სამოქალაქო სექტორთან მჭიდროდ არ თანამშრომლობენ.
ჩვენი ორგანიზაციის ამოცანაა, ასევე, დარღვევების დაფიქსირება და უსამართლო გადაწყვეტილებების კანონის მიხედვით გასაჩივრება. თუ ვერ მოხერხდა რომელიმე ადმინისტრაციულ რგოლში საჩივრის დაკმაყოფილება, შემდეგ უკვე საჩივრდება სასამართლოში და, თუ იქაც არ მიიღეს სათანადო ზომები, ყველაფერი ჩვენს მოხსენებაში აისახება, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებს ვუგზავნით.
როდესაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩვნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მოლაპარაკება დაიწყო, მე მომხრე ვიყავი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრები საჯარო ყოფილიყო და ამ მოლაპარაკების ტელევიზიით ტრანსლირება მომხდარიყო, თუმცა პოლიტიკოსების ნაწილმა უარი განაცხადა, მათი არგუმენტი ის იყო, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი პოზირებას და პოლიტიკური ქულების დაგროვებას დაიწყებსო. მთელი პოლიტიკა პიარზე და პოზიორობაზეა აგებული და ამჯერად რა დაშავდებოდა, არ მესმის.
როცა ხელისუფლება აცხადებს, დეპუტატების რაოდენობა უნდა გავზარდოთო, რაც 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგს ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს არ აინტერესებთ და იმით მანიპულირებს, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლეოსობა ჰყავს, აქ საარჩევნო კოდექსში ნორმალური ცვლილებების განხორციელებაზე საუბარი ზედმეტია.
_ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების პროცესში, საარჩევნო სუბიექტის შემოწირულობათა ზღვარის გაორმაგებაზე იყო საუბარი, ეს თუ შეცვლის რამეს?
_  მე ვიცი ოპოზიციის არგუმენტი, რომ ისედაც რთულია ისეთი ბიზნესმენის მოძებნა, რომელიც შემოწირულობას გაიღებს და, თუ ასეთი გამოჩნდება, იმან მაინც შეძლოს და ორმაგად გაიღოს თანხაო. მაგრამ,  თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ხელისუფლებასთან შედარებით, ოპოზიციური პარტიების დაფინანსება ბიზნესმენების მხრიდან, ფაქტობრივად, ნული პროცენტია. ასე რომ, საბოლოო ჯამში, შემოწირულობის თანხის გაორმაგება, ჩემი აზრით, ისევ ხელისუფლებას აწყობს.
_ ოპოზიციას ჰქონდა იდეა ბიომეტრიული სიების შედგენასთან დაკავშირებით, რასაც ხელისუფლება არცთუ ხალისით თანხმდება.
_ ბიომეტრიული სიებით არჩევნების ჩატარება ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ ჩატარებული არჩევნები იდეალურად ჩატარდება, მაშინ, როდესაც ყველანაირი ბერკეტი, მათ შორის ელექტრონულიც ხელისუფლების ხელშია. როგორც დღეს არ გვაქვს ინფორმაცია, ვის უსმენენ და ვის კომპიუტერს ამოწმებენ, ასე არ გვეცოდინება, შემდეგში “ჩიპში” ვის რა ინფორმაციას დაუმონტაჟებენ, რადგან ამის წამკითხველი აპარატურა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. ბიომეტრიული სიების გარდა, სხვა საშუალებებიც არსებობს, თუნდაც ფოტოსურათიანი საარჩევნო სიები, სიების შედგენა მისამართის მიხედვით და ასე შემდეგ.
_ არჩევნების გაყალბება თავის დროზე “ვარდების რევოლუციის” დაწყების საბაბად იქცა. მომავალი არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, არის თუ არა ახალი რევოლუცია მოსალოდნელი?
_ 2003 წელს მე გახლდით ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსი და ვერ დაგეთანხმებით, რომ ის არჩევნები გაყალბდა. ნამდვილად იყო პრობლემები, რაც ყველა არჩევნებს ახლავს, მაგრამ მაშინდელმა ოპოზიციამ კარგად გამოიყენა ეს ყველაფერი, რადგან, პირდაპირ ვთქვათ: მაშინ ოპოზიცია ბევრად ძლიერი იყო, ვიდრე დღესაა და, ამჟამინდელი ოპოზიციისგან განსხვავებით, საერთაშორისო მხარდაჭერაც ჰქონდა. მაგრამ, როცა ამბობენ, რომ მაშინ გაყალბდა არჩევნებიო, მინდა გითხრათ, რომ, თუ არჩევნების გაყალბებას იმას ეძახიან, რომ 6 პოლიტიკური სუბიექტი შევიდა საქართველოს პარლამენტში, მაშინ სჯობს, კიდევ გაყალბდეს და მრავალპარტიული გახდეს საქართველოს პარლამენტი, ვიდრე არ გაყალბდეს და სულ ორი პარტია იყოს წარმოდგენილი.
მომავალი არჩევნების გაყალბების შანსი, არ ვიცი, რამხელაა, მაგრამ რეალურად რევოლუცია რომ მოყვეს გაყალბებას, ამის შანსი ნაკლებია.
თუ არ იქნება სამოქალაქო სექტორის, ხალხის აქტიურობა, თუ არ გაძლიერდა ხელისუფლებაზე ზეწოლა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2012 და 2013 წლების არჩევნების შედეგად ისევ “ნაციონალური მოძრაობა” გაიმარჯვებს.
ესაუბრა
შორენა ცივქარაშვილი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here